Facebook Twitter

საქმე # 020310516001563560

ბს-794-790(კ-17) 18 იანვარი, 2018წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.04.2017წ. გადაწყვეტილებაზე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ჯ. ი-ამ 19.10.2016წ. სარჩელით მიმართა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე - წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ და სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების შემდეგ მოითხოვა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის 01.09.2016წ. N3 საოქმო გადაწყვეტილებისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებლის 16.09.2016წ. N2-1/552 ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ჯ. ი-ას ... ადმინისტრაციულ ერთეულში წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ ახალი აქტის გამოცემის დავალება.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 28.10.2016წ. განჩინებით საქმეში სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე მესამე პირად ჩაბმულ იქნა ს. ჭ-ა.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 30.12.2016წ. გადაწყვეტილებით ჯ. ი-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრცაიულ საქმეთა პალატის 05.04.2017წ. გადაწყვეტილებით ჯ. ი-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 30.12.2016წ. გადაწყვეტილება, ჯ. ი-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის 01.09.2016წ. N3 საოქმო გადაწყვეტილება და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებლის 16.09.2016წ. N2-1/552 ბრძანება, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებელს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად ... ადმინისტრაციულ ერთეულში წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის დანიშვნის თაობაზე ახალი აქტს გამოცემა, რაც წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობამ საკასაციო წესით გაასაჩივრა.

კასატორმა აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება არ არის საკმარისად დასაბუთებული. ქუთაისის საპელაციო სასამართლოს 04.02.2014წ. გადაწყვეტილებისა და 29.10.2015წ. განჩინების სარეზოლუციო ნაწილების მიხედვით გამგეობას დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გადაწყვეტილების მიღება და არა გასაუბრების ხელახლა ჩატარება. ზემოხსენებული კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებისა და განჩინების აღსრულების მიზნით გამგეობაში შეიქმნა დროებითი კომისია და ჩატარდა სათანადო ადმინისტრაციული წარმოება, ზეპირ მოსმენაზე დაბარებულ იქნენ ჯ. ი-ა და 2013 წლის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის წევრები. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის 01.09.2016წ. N3 საოქმო გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ კომისიის წევრებმა გაიხსენეს კითხვები, რომლებსაც ჯ. ი-ამ არასწორად უპასუხა ან საერთოდ ვერ გასცა პასუხი. კომისიის ყველა წევრმა უარყოფითად შეაფასა გასაუბრება. ამასთანავე, ჯ. ი-ამ გამოავლინა არაკომუნიკაბელურობა, რაც ასევე დასტურდება კომისიის წევრების გამოკითხვით. გამგეობამ ყველა ზემოაღნიშნული გარემოების გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, მიიღო ჯ. ი-ას დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წალენჯიხის მუნციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ 31.10.2009წ. კანონის 98.1 მუხლის შესაბამისად მოხელე შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან დაკავებულ თანამდებობასთან შეუსაბამობის გამო ატესტაციის შედეგების საფუძველზე. ატესტაცია არის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოხელის სამსახურებრივი საქმიანობის, პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობებისა და პირადული თვისებების შესაბამისობის შეფასება დაკავებული ან დასაკავებელი თანამდებობის მოთხოვნებთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოხელის შეფასებისას კომისიამ სათანადოდ უნდა გამოიკვლიოს მოხელის პროფესიონალიზმი, შრომითი უნარ-ჩვევები, კომპეტენტურობა, პირადი თვისებები, კოლეგიალურობა, კრეატიულობა, თანამშრომლობის უნარი, რეპუტაცია და სხვა გარემოებები. ჯ. ი-ასთან 2013 წელს ჩატარებული გასაუბრების მიმდინარეობის ამსახველი რაიმე მტკიცებულების არარსებობის გათვალისწინებით, ქუთაისის საპელაციო სასამართლოს 04.02.2014წ. გადაწყვეტილებითა და 29.10.2015წ. განჩინებით წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობას საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის შემდეგ, ახალი აქტის გამოცემა დაევალა. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ აღნიშნული, თავისმხრივ, გასაუბრების ეტაპის ხელახლა ჩატარებას გულისხმობდა, რაც არ განხორციელებულა. შესაბამისად, ზემოხსენებული კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებები გამგეობას არ აღუსრულებია.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოხელის სამსახურიდან დათხოვნა უკავშირდება მოხელეთა პროფესიული უნარ-ჩვევების სხვადასხვა კრიტერიუმებით შეფასებას. მნიშვნელოვანია, რომ პირის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე ადმინისტრაციულმა ორგანომ გაითვალისწინოს თითოეული მოხელის პროფესიონალიზმი, შრომითი უნარ-ჩვევები, კომპეტენტურობა, პირადი თვისებები, კოლეგიალურობა, კრეატიულობა, თანამშრომლობის უნარი, რეპუტაცია და სხვა გარემოებები და აღნიშნულის შედეგად მიიღოს სათანადო გადაწყვეტილება, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.04.2017წ. გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ.ვაჩაძე

ვ. როინიშვილი