Facebook Twitter

საქმე Nბს-591-588(კ-17) 3 ოქტომბერი, 2017 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავჯდომარე, მომხსენებელი)

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - სსიპ შემოსავლების სამსახური (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს ,,...”, შპს ,,კ...”, გ. კ-ე (მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 25 იანვრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ცრუმაგიერ პირებად აღიარება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სსიპ შემოსავლების სამსახურმა 2014 წლის 30 დეკემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინიტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების შპს ,,...“, შპს ,,კ...-ის“ და გ. კ-ის მიმართ მოპასუხეების ერთმანეთის ცრუმაგიერ პირად აღიარების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 31 დეკემბრის განჩინებით საქმე განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ახალციხის რაიონულ სასამართლოს.

ახალციხის რაიონული 2015 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილებით სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 25 იანვრის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცლელად დარჩა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 25 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორმა სსიპ შემოსავლების სამსახურმა საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლზე მითითებით აღნიშნა, რომ ცრუმაგიერობის დადგენისათვის აუცილებელია ორი კუმულატიური პირობის არსებობა: ერთი მხრივ შეუძლებელი უნდა იყოს გადასახადის გადამხდელის სხვა პირისაგან განსხვავება და მეორე მხრივ, სხვა პირი გამოყენებულ უნდა იქნეს გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიების თავის არიდების მიზნით.

კასატორი აღნიშნავს, რომ კონკრეტულ საქმეზე არსებობს მტკიცებულებათა ის ერთობლიობა, რომელიც ქმნის პირთა ცრუმაგიერად აღიარების სამართლებრივ საფუძველს, კერძოდ: გარდა იმისა, რომ კომპანიები საქმიანობის საქმიანობის/რეგისტრაციის ადგილი არის ერთიდაიგივე, კომპანიას ყავს ერთი მმართველი პიროვნება და ერთი კომპანიის საქმიანობა ეფუძნება მეორე საწარმოდან მიღებულ აქტივს, იმ პირობებში, როდესაც ამ გარიგებას აქვს მხოლოდ გარიდების მიზანი, ასევე მტკიცებადია გამიჯვნის შეუძლებლობა იმ თვალსაზრისითაც, რომ კონკრეტულ პირებს ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით ყავთ ერთიდაიგივე კონტრაქტორები.

კასატორის მოსაზრებით, სასამართლოს მიერ არ შეფასდა ის ფაქტი, რომ მოწინააღმდეგე მხარების და მათი წარმომადგენლის (გ. კ-ის) მიერ განხორციელდა ცრუმაგიერობის დადგენისთვის აუცილებელი სამართლებრივი წინაპირობების აღიარება, კერძოდ იმ გარემოების, რომ კონკრეტული პირებს შორის დადებულ გარიგებას არ ქონდა ნამდვილი ხასიათი, კომპანიები იმართებოდა ერთი პირის მიერ, ერთი მიზნით და აღნიშნულ მიზანს წარმოადგენდა უზრუნველყოფის ღონისძიებებისაგან თავის არიდება. შესაბამისად, კომპანიების ერთი პირის მიერ მართვა და ერთ მისამართზე რეგისტრაციის ფაქტი ადასტურებს, რომ შპს ,,...”, შპს ,,კ...”, გ. კ-ე არიან საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლით განსაზღვრული ურთიერთდამოკიდებული პირები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 26 ივნისის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

კასატორის მითითება ცრუმაგიერობის დადგენის ზოგად წინაპირობებსა და საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლზე, არ ასაბუთებს სარჩელის საფუძვლიანობას, რადგან კასატორი ვერ ადასტურებს რომელიმე მის მიერვე აღნიშნული კრიტერიუმის არსებობას. ამასთანავე, კომპანიები საქმიანობის საქმიანობის/რეგისტრაციის ადგილის და კომპანიების მმართველი პიროვნების იდენტურობა იმთავითვე არ გულისხმობს მათ ცრუმაგიერობას, რადგან საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის მიხედვით ცრუმაგიერობის დადგენის აუცილებელი კუმულატიური წინაპირობებია გადასახადის გადამხდელის სხვა პირისაგან განსხვავების შეუძლებლობა და გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზანი. ორგანო ვერ ასაბუთებს აღნიშნული გარემოებების არსებობას.

სააპელაციო პალატამ მართებულად მიუთითა, იმასთან დაკავშირებით, რომ შპს ,,...” პარტნიორებს წარმოადგენენ: შპს ,,ლ...”; ვ. ნ-ი, ვ. კ-ი და ი. დ-ი, ხოლო რაც შეეხება შპს ,,კ...”, მისი დამფუძნებლები არიან ფიზიკური პირები: გ. კ-ე და უ. კ-ე, ასევე, დადგენილია, რომ მოპასუხეებად მითითებული პირები შპს ,,...” შპს ,,კ...” საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრირებული არიან შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებად, მინიჭებული აქვთ საიდენტიფიკაციო კოდები და თავისივე სახელით ახდენენ ანგარიშსწორებას სახელმწიფო ბიუჯეტთან და სხვა სამართლებრივ ურთიერთობებში, რაც, გამორიცხავს საწარმოთა შორის პარალელიზმის დადასტურების შესაძლებლობას.

კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 25 იანვრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე