Facebook Twitter

საქმე Nბს-616-612(კ-17) 3 ოქტომბერი, 2017 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავჯდომარე, მომხსენებელი)

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - ვ. ქ-ის უფლბამონაცვლე ა. ქ-ი (მოსარჩელე)

მესამე პირები - ვ. კ-ი, რ. კ-ი, ა. კ-ი, ა. კ-ი

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 22 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ვ. ქ-მა 2014 წლის 7 ივლისს სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, - მოპასუხე ქ. ბათუმის მერიისა მიმართ და მოითხოვა ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის 2008 წლის 15 სექტემბრის უნებართვოდ აშენებული ობიექტის ლეგალიზების შესახებ N01-09/182 ბრძანების ბათილად ცნობა.

მოსარჩელემ განმარტა, რომ ცხოვრობს ქ. ბათუმში, ... ქ. N5-ში (იტალიური ეზო), სადაც რამოდენიმე ოჯახთან ერთად თანასაკუთრებაში გააჩნიათ 756 კვ.მ მიწის ნაკვეთი. აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე განთავსებულია კადაბარიანების კუთვნილი 43.62 კვ. მ ფართი. ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის 2008 წლის 15 სექტემბრის N01-09/182 ბრძანებით განხორციელდა ვ., რ., არ. და ა. კ-ების მიერ უნებართვოდ აშენებული ობიექტის ლეგალიზაცია, და კ-ების სახელზე საკუთრების უფლებით აღირიცხა 121.27 კვ.მ ფართი, რის გამოც მოსარჩელეს მიადგა ზიანი, რადგან გაზრდილი ფართის საჯარო რეესტრში რეგისტრაციით შემცირდა თანასაკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის წილობრივი ოდენობა. მოსარჩელემ მიუთითება, რომ მას ვ., რ., არ. და ა. კ-ებისათვის სადავო ფართის ლეგალიზაციისათვის თანხმობა არ მიუცია, შესაბამისად მიაჩნია რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მიღებულია კანონის მოთხოვნათა დარღვევით.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 25 აგვისტოს განჩინებით განსახილველ საქმეზე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ჩაბმულ იქნენ ვ. კ-ი, არ. კ-ი, რ. კ-ი და ა. კ-ი.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 8 თებერვლის განჩინებით, ვ. ქ-ის გარდაცვალების გამო, შეჩერდა საქმის წარმოება ვ. ქ-ი უფლებამონაცვლის დადგენამდე, მაგრამ არაუმეტეს ერთი წლისა.

2016 წლის 22 ივნისს ბათუმის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მიმართა ვ. ქ-ის წარმომადგენელმა და მოითხოვა საქმის წარმოების განახლება, იმ საფუძვლით, რომ დადგენილი იქნა მოსარჩელე ვ. ქ-ის უფლებამონაცვლე და მას წარმოადგენდა შვილი - ა. ქ-ი, რომელმაც მიიღო გარდაცვლილი დედის მემკვიდრეობა სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 27 ივნისის განჩინები განახლდა საქმის წარმოება.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 სექტემბრის გადაწვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის 2008 წლის 15 სექტემბრის N01-09/182 ბრძანება ,,უნებართვოდ აშენებული ობიექტის ლეგალიზების შესახებ“ და დაევალა მოპასუხე ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სადავო საკითხთან დაკავშირებით.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ;

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 22 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 22 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ, კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მეორე პრიმა მუხლზე მითითებით განმარტავს, რომ განსახილველ საქმეზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება დაუშვებლობის მოტივით, ვინაიდან ვ. ქ-მა 2015 წლის 15 ნოემბერს დადებული ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე მის საკუთრებაში არსებული ქ. ბათუმში, ... ქ. N5-ში მდებარე 158.1 კვ.მ ფართი გადასცა მის შვილს, ხოლო ა. ქ-ს ვეღარ ექნება იურიდიული ინტერესი გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობის თაობაზე, რადგან ვ. ქ-ს არანაირი სამართლებრივი კავშირი აღარ გააჩნდა კონკრეტულ ქონებაზე და მისი სამკვიდრო მასა არ მოიცავდა ამ უფლებას.

კასატორის არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ სადავოდ გამხდარი აქტის გამოცემისას სავალდებულო იყო ვ. ქ-ის, როგორც, თანამესაკუთრის თანხმობა და აღნიშნავს, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 24 ნოემბრის N660 ბრძანებით დამტკიცებული „პროექტის შემთანხმებელი და მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების მიღების წესის“ მიზნიდან გამომდინარე ხდება უნებართვოდ აშენებული შენობა - ნაგებობების ლეგალიზება, რაც არ მოიცავს თანამესაკუთრის მიერ თანხმობის გაცემის საჭიროებას.

კასატორის განმარტებით, გასაჩივრებული 2008 წლის 15 სექტემბრის ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტი, არის აღმჭურველი ხასიათის და იმის გათვალისწინებით რომ აქტის გამოცემიდან გასულია რვა წელზე მეტი, მისი ბათილად ცნობით დაინტერესებული პირებისთვის მიყენებული ზიანი იქნება უფრო დიდი, ვიდრე ის სიკეთე რასაც მიიღებს მოსარჩელე მხარე. ამასთან, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 60 პრიმა მუხლის მე-4 და მე- 5 ნაწილების თანახმად, დაუშვებელია კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველი ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის მიმართ, კ-ებს გააჩნიათ კანონიერი ნდობა და ეს ნდობა იზრდება, რაც უფრო მეტი დროა გასული ამ აქტის გამოცემიდან.

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 7 ივლისის განჩინებით ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად(იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 24 ნოემბრის №660 ბრძანებულებით დამტკიცებული „პროექტის შემთანხმებელი და მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესის“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ობიექტის ან მისი ნაწილის მესაკუთრე ან სხვა უფლებამოსილი პირი (ხოლო ამ წესის პირველი მუხლის 21-ე პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მრავალბინიანი სახლის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა) აღნიშნული ობიექტის ლეგალიზების მოთხოვნის შესახებ განცხადებით მიმართავს შესაბამის ორგანოს, რომელიც მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით განიხილავს საკითხს და იღებს გადაწყვეტილებას ობიექტის ან მისი ნაწილის ლეგალიზების ან ლეგალიზებაზე უარის თქმის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, განცხადებას თან უნდა ერთვოდეს: ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, საკადასტრო რუკა, ხოლო თუ მიწის ნაკვეთი სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირის (სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის) საკუთრებაშია, აგრეთვე განმცხადებელსა და მესაკუთრეს შორის დადებული შესაბამისი ხელშეკრულება ან თანხმობა, გარდა მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებზე მიშენება-დაშენებისა.

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ თანასაკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული არის შენობა-ნაგებობა, რომლის ნაწილის მესაკუთრე არის ა. ქ-ი (ვ. ქ-ის უფლებამონაცვლე), ნაწილისა კი - არ., რ., ალ. და ვ. კ-ები, ასევე - ლ. ც-ე. უდავოდ დადგენილია ის გარემოება, რომ ვ. ქ-ის თანხმობა ფართის ლეგალიზების დროს წარდგენილი არ ყოფილა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მოსაზრებებს თანხმობის წარდგენია საჭიროების არარსებობასთან დაკავშირებით და მიაჩნია, რომ საქმის გარემოებების ხელახალი შესწავლისა და გამოკვლევის დროს, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახური ვალდებულია გამოიკვლიოს აცხადებს, თუ არა თანასაკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ყველა თანამესაკუთრე თანხმობას ლეგალიზებასთან დაკავშირებით.

მოცემულ შემთხვევაში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენება შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს, შესაბამისად, სახეზეა სადავო საკითხის გადაუწყვეტლად აქტის ბათილად ცნობისა და ადმინისტრაციული ორგანოსათვის საქმის გარემოებების შესწავლის შემდეგ, ახალი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი.

კონკრეტულ შემთხვევაში, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 22 თებერვლის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე