Facebook Twitter

საქმე Nბს-703-699(2კ-17) 17 ოქტომბერი, 2017 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაიულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადაგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავჯდომარე, მომხსენებელი)

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები - სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობა; ნ. კ-ი (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე - ე. ნ-ი (მოსარჩელე)

მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სიღნაღის სარეგისტრაციო სამსახური

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 2 მარტის განჩინება

კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღების სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2014 წლის 16 ოქტომერს ე. ნ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა სიღნაღის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის - სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, ამავე სააგენტოს სიღნაღის სარეგისტრაციო სამსახურისა და ნ. კ-ის მიმართ და მოითხოვა სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2007 წლის 15 ოქტომბრის N733 ბრძანების, 2007 წლის 17 ოქტომბრის N76 საკუთრების მოწმობის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სიღნაღის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის ...გადაწყვეტილების და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 11 სექტემბრის N187831 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

2015 წლის 12 იანვარს გამართულ სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ წარადგინა დაზუსტებული სარჩელი და მოითხოვა ბათილად იქნეს ცნობილი სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2007 წლის 15 ოქტომბრის ბრძანება N733; ბათილად იქნეს ცნობილი სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2007 წლის 17 ოქტომბერს გაცემული საკუთრების მოწმობა N76, რომლითაც ქ. წნორში ... ქ. N32-სი მცხოვრებ ნ. კ-ს საკუთრებაში გადაეცა 94.3კვ.მ ფართობი; ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სიღნაღის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ ქ. წნორში … ქ. N32-ში პირველ სართულზე მდებარე 94.30 კვმ უძრავი ნივთზე ნ. კ-ის სახელზე განხორციელებული რეგისტრაცია და ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 11 სექტემბრის გადაწყვეტილება N187831 გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ; ბათილად იქნეს ცნობილი 2007 წლის 29 ოქტომბერს საცხოვრებელი სახლის ტექნიკური პასპორტი ქ. წნორი ... N32-ში ნ. კ-ის სახელზე.

სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 21 სექტემბრის და 2016 წლის 5 მაისის საოქმო განჩინებებით არ დაკმაყოფილდა მოპასუხეთა შუამდგომლობა საქმისწარმოების შეწყვეტის თაობაზე. აღნიშნულ განჩინებებზე სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობამ 2016 წლის 18 ივლისს წარადგინა კერძო საჩივარი, რომელიც სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 2 მარტის განჩინებით არ დაკმაყოფილდა.

სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 5 მაისის გადაწყვეტილებით ე. ნ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა.

სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 5 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობამ და ნ. კ-მა, რომელთაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 2 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 5 მაისის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 2 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობამ და ნ. კ-მა. კასატორებმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილბის მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

კასატორი სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობა საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ 2017 წლის 2 მარტის განჩინება არის უკანონო, რადგან სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ სარჩელი იყო ხანდაზმული, ე. ნ-ისთვის ადმინისტრაციული ორგანოდან გაგზავნილი მასალები, მართალია ჩაიბარა მისმა განქორწინებულმა მეუღლემ ს. ბ-ემ, თუმცა ჩაბარება მოხდა ე. ნ-ის მიერ მითითებულ მისამართზე და გასაჩივრება მოხდა ერთთვიანი ვადის გასვლის შემდეგ, შესაბამისად ე. ნ-ს გაშვებული ჰქონდა გასაჩივრებისათვის დადგენილი ერთთვიანი ვადა, რაც ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მეორე პრიმა მუხლის შესაბამისად ექვემდებარებოდა საქმის წარმოების შეწყვეტას.

კასატორი ასევე აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატამ არ გამოიკვლია ე. ნ-ის მიერ ნ. კ-ის სასარგებლოდ ბინის გასხვისების გარემოებები, კერძოდ ე. ნ-მა მისი შვილის თ. ბ-ის მეშვეობით 2004 წლის 10 ოქტომბერს გაასხვისა მისი კუთვნილი ბინა, ხოლო ნ. კ-მა ბინის სანაცვლოდ თანხა გადასცა თ. ბ-ეს, რაც საფუძლვლად დაედო 2007 წელს გამგეობის მიერ ნ. კ-ის სახელზე საკუთრების უფლების მოწმობის გაცემას.

კასატორი ნ. კ-ი საკასაციო საჩივარში მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-19 მუხლით მინიჭებული უფლება რომ გამოეყენებინა მოსამართლეს, მივიდოდა იმ დასკვნამდე, რომ სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ 2007 წლის 15 ოქტომბერს კანონიერად გამოიცა ბრძანება N733 და ამ ბრძანების საფუძველზე ასევე კანონიერად გაიცა საკუთრების უფლების მოწმობა N76.

კასატორი არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, იმასთან დაკავშირებით რომ ე. ნ-ს საკუთრება არასოდეს დაუთმია, რის გამოც არ არსებობს აქტის გასაჩივრების ერთთვიანი ვადის გამოყენების წინაპირობები და ამასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ ე. ნ-ის მიერ გაშვებულია აქტის გასაჩივრების ერთთვიანი ვადა, ამასთან სასამართლოს უნდა გამოეკვლია თ. ბ-ის მიერ ნ. კ-ის სასარგებლოდ ქონების გადაცემასთან დაკავშირებული გარემოებები.

კასატორის მოსაზრებით, ე. ნ-ი ცდილობს უსაფუძვლოდ გამდიდრდეს, კერძოდ მისი დავალებით მისმა შვილმა თ. ბ-ემ 2004 წლის 10 ოქტომბერს გაასხვისა ბინა ნ. კ-ზე და ბინის ღირებულება სრულად მიიღო, ხოლო 11 წლის შემდეგ ე. ნ-ი ცდილობს დაიბრუნოს გასსხვისებული ქონება. აღნიშნულ პერიოდში უძრავი ქონების რეგისტრაცია ხდებოდა რაიონულ ტექბიუროში, თუმცა იმის გამო რომ სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2004-2007 წლების საარქივო დოკუმენტაცია თითქმის მთლიანად განადგურებულია, არ მოიძებნა ჩანაწერი ნ. კ-ის მესაკუთრედ აღრიცხვასთან დაკავშირებით, რაც სასამართლომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-19 მუხლის საფუძველზე შინაგანი რწმენით უნდა განსაზღვროს.

კასატორებს მიაჩნიათ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 2 მარტის განჩინება არის დაუსაბუთებელი, სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა საქმის ფაქტობრივ გარემოებებს და სახეზეა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე 394-ე მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 20 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის და ნ. კ-ის საკასაციო საჩივრები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის და ნ. კ-ის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

საკასაციო პალატა განმარტავს, საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ რომ 1997 წლის 18 ნოემბერს ე. ნ-მა მ. ბ-ისაგან ნოტარიული წესით შეიძინა ბინა ქ. წნორში ... ქ. 32-ში, შეძენილი ქონება აღირიცხა ტექ. ბიუროში და მესაკუთრემ აიღო ინდივიდუალური ბინის ტექნიკური პასპორტი, შესაბამისად ის არის მესაკუთრე, რომლის ქონების განკარგვაც მოხდა სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ ნ. კ-ის სასარგებლოდ.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვარის N 73 ბრძანებულებით ,,კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ დებულებაზე, და განმარტავს, რომ გამგეობის უფლებამოსილბის ფარგლებს სცდება ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვა, რაც მოცემულ შემთხვევაში ჰქონდა ადგილი კერძოდ სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2007 წლის 15 ოქტომბრის ბრძანებით და 2007 წლის 17 ოქტომბრის საკუთრების მოწმობის N76 გამოცემით შეილახა ე. ნ-ის ინტერესები და დაირღვა მისი საკუთრების უფლება, ვინაიდან დადგინდა, რომ სანამ სიღნაღის მუნიციპალიტეტი განკარგავდა ქ.წნორში, ... ქ. N32-ში მდებარე უძრავ ქონებას, აღნიშნულ ქონებას უკვე ჰყავდა მესაკუთრე - ე. ნ-ის სახით და მას საკუთრება არ დაუთმია.

საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამარლოს სხჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ სადავო აქტების, გამოცემამდე ადმინისტრაციულ ორგანოებს მხედველობაში უნდა მიეღოთ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე და 96-ე მუხლების მოთხოვნები და ამ უკანასკნელთა შესაბამისად გამოეკვლია საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები, რის შედეგადაც დაასკვნიდა, რომ სახეზე იყო სხვისი საკუთრების უფლების განკარგვა, ამასთან საჯარო რეესტრის მიერ უნდა დადგენილიყო, რომ სახეზე იყო ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის ,,ბ’’ პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა, კერძოდ, მარეგისტრირებელ ორგანოს უნდა დაედგინა, რომ ე. ნ-ის უფლება, რომელიც ჯერ კიდევ 1997 წელს იყო დარეგისტრირებული გამორიცხავდა, იმავე უძრავ ქონებაზე ნ. კ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესაძლებლობას.

რაც შეეხება კასატორების მითითებას ხანდაზმულობის ერთთვიანი ვადის და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მეორე პრიმა მუხლის დარღვევასთანა დაკავშირებით გამოთქმულ პრეტენზიაზე, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ აღნიშნულ საკითხზე დასაბუთებულ მსჯელობას შეიცავს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 2 მარტის განჩინება, კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის და ნ. კ-ის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. კასატორს - ნ. კ-ს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს 30.06.2017 წ. №1 საკრედიტო საგადახდო დავალებით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 (სამასი) ლარის, 70% - 210 (ორას ათი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22 მიმღების ანგარიშის №200122900 სახაზინო კოდი №300773150;

3. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 2 მარტის განჩინება;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე