Facebook Twitter

622აპ-10 ქ. თბილისი

15 სექტემბერი, 2010 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),

დ. სულაქველიძე, პ. სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ი. კ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. კ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 13 მაისის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 24 თებერვლის განაჩენით ი. კ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის მე-19,108-ე მუხლით იმაში, რომ ჩაიდინა მკვლელობის მცდელობა, რაც გამოიხატა შემდეგში:

2009 წლის 23 ივლისს ი. კ-ი სტუმრად იმყოფებოდა ამბროლაურის რაიონის სოფელ --- მცხოვრებ ბიძასთან _ მ. კ-თან, რომლის ოჯახში იმ დღეს ი. კ-მა და ამავე ოჯახში მცხოვრებმა ი. ჯ-მა დალიეს კონიაკი და დათვრნენ. ამის შემდეგ სასმელის დასალევად ისინი ერთად მივიდნენ სოფელ --- ცენტრში მდებარე მაღაზიასთან, სადაც შეიძინეს ერთი ლიტრი არაყი და ორი ლიტრი ლუდი, რომელიც ადგილზევე დალიეს და ფეხით გაემართნენ ამავე სოფელში მდებარე საფეხბურთო მოედნისაკენ. გზაში მსვლელობისას ი. კ-სა და ი. ჯ-ს, ამ უკანასკნელის მხრიდან ი. კ-ის საცოლის არაკორექტულად მოხსენიების გამო, მოუვიდათ ურთიერთშელაპარაკება, რაც გადაიზარდა ჩხუბში. განაწყენებულმა ი. კ-მა განიზრახა ი. ჯ-ის მოკვლა, რისთვისაც მან შარვლის ჯიბიდან ამოიღო დიდი ზომის გასაშლელი, ყავისფერტარიანი დანა და ი. ჯ-ს მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო, მძიმე ხარისხის, ორმხრივი, მრავლობითი ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობები ზურგის არეში, შემავალი მარცხენა პლევრის ღრუში, მსუბუქი ხარისხის ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობები მუცლის წინა, გვერდით კედელსა და თეძოს წინა, ზედა წვეტის არეში. ი. კ-მა ი. ჯ-ის მოკვლის განზრახვა ბოლომდე სისრულში ვერ მიიყვანა მისგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო, კერძოდ, აღნიშნულ ფაქტს შეესწრო დაზარალებულის ძმა _ ლ. ჯ-ი, რომელიც შეეცადა ი. კ-ის დანაშაულებრივი ქმედების აღკვეთასა და მისთვის დანის წართმევას, რა დროსაც მანაც დანით მიიღო მსუბუქი დაზიანება მარცხენა მტევნის პირველი თითის ნაკვეთი ჭრილობის სახით, რის შემდეგაც ი. კ-ი დანაშაულის ჩადენის იარაღთან ერთად მიიმალა შემთხვევის ადგილიდან.

დაჭრილი ი. ჯ-ი ავტომანქანით გადაიყვანეს ამბროლაურის რაიონულ საავადმოფოში, სადაც დროული სამედიცინო დახმარების შედეგად გადაურჩა სიკვდილს.

აღნიშნული ქმედებისათვის ი. კ-ს მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც მთლიანად დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელი _ 4 წელი და საბოლოოდ განესაზღვრა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2009 წლის 13 აგვისტოდან.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულის ადვოკატმა მ. კ-ემ და ითხოვა ი. კ-ის ქმედების დაკვალიფიცირება საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც 2010 წლის 13 მაისის განაჩენით არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული განაჩენი დარჩა უცვლელად; ამასთან, ი. კ-ს საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 წლის, 6 თვისა და 4 დღის ვადით, რომლის მოხდა დაეწყო 2010 წლის 24 თებერვლიდან.

კასატორი _ მსჯავრდებულ ი. კ-ის ადვოკატი მ. კ-ე საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულს ი. ჯ-ის მოკვლის განზრახვა არ ჰქონია, რადგან ისინი მეგობრობენ, მათ შორის მტრული დამოკიდებულება არ ყოფილა და ყველაფერი მოხდა სპონტანურად, უზომო სიმთვრალის გამო; დაზარალებული მხოლოდ ორი დღე იწვა საავადმყოფოში, არის აბსოლუტურად ჯანმრთელი და მან წარადგინა ნოტარიულად დამოწმებული განცხადება იმის თაობაზე, რომ მას ი. კ-ის მიმართ რაიმე სახის პრეტენზია არ გააჩნია; აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს საპატრიარქომ მას გაუწია შუამდგომლობა საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვს ი. კ-ის ქმედების საქართველოს სსკ-ის მე-19,108-ე მუხლიდან 117-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე გადაკვალიფიცირებას.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეში არსებული მასალებით უდავოდ დადგენილია, რომ მსჯავრდებულმა ჩაიდინა მკვლელობის მცდელობა. აღნიშნული დასკვნის საფუძველს წარმოადგენს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად მოპოვებული და გამოკვლეული უტყუარი მტკიცებულებები, კერძოდ:

თავად მსჯავრდებული სასამართლოში განმარტავს, რომ ი. ჯ-ს სამჯერ «უნებურად მოუქნია» დანა. იქვე მივიდა დაზარალებულის ძმა, რომელიც ცდილობდა მსჯავრდებულისათვის დანის წართმევას. კითხვაზე _ აფიქირებდა თუ არა, სად ხვდებოდა დანა დაზარალებულს, მსჯავრდებული პასუხობს: «ალბათ ბეჭში, ზუსტად არ მახსოვს» (ს.ფ 180).

დაზარალებულის ძმის _ ლ. ჯ-ის ჩვენებებით დადგენილია, რომ მიუხედავად მცდელობისა, ი. კ-ს დანა ვერ წაართვა და ეს უკანასკნელი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ი. ჯ-ს აღენიშნებოდა არაერთი ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა, მათ შორის _ ორმხრივი, მრავლობითი ჭრილობები ზურგის არეში, შემავალი პლევრის ღრუში, რაც სახიფათოა სიცოცხლისათვის (ს.ფ. 60-62).

პალატა აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული განაჩენი დასაბუთებულია და მსჯავრდებულის ქმედება სამართლებრივად სწორად შეფასდა.

ამასთან, წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთის მოხდა ი. კ-ს დაეწყო 2009 წლის 13 აგვისტოდან და 2010 წლის 24 თებერვლისათვის _ ბოლო განაჩენის გამოტანის დღისათვის, აღნიშნული სასჯელიდან მსჯავრდებულს მოხდილი ჰქონდა 6 თვე და 11 დღე. შესაბამისად, წინა სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილი სასჯელის მოუხდელი ნაწილი შეადგენს 3 წელს, 5 თვეს და 19 დღეს, ნაცვლად სააპელაციო პალატის განაჩენში მითითებული 3 წლის, 6 თვის და 4 დღისა.

გარდა აღნიშნულისა, სხვა ნაწილში გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, რადგან კანონიერია, ხოლო დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის «დ” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ი. კ-ის ადვოკატ მ. კ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 13 მაისის განაჩენი შეიცვალოს: მსჯავრდებულისათვის სსკ-ის მე-19,108-ე მუხლის დანიშნულ სასჯელს _ 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთას მთლიანად დაემატოს წინა განაჩენით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 3 (სამი) წელი, 5 (ხუთი) თვე, 19 (ცხრამეტი) დღე და ი. კ-ს საბოლოოდ მიესაჯოს 11 (თერთმეტი) წლით, 5 (ხუთი) თვით და 19 (ცხრამეტი) დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყოს 2010 წლის 24 თებერვლიდან.

გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.