Facebook Twitter

ბს-16-16(კ-14) 8 მაისი, 2014 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, ნუგზარ სხირტლაძე

განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები (მოპასუხეები) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო; მცხეთის სარეგისტრაციო სამსახური

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – ჯ. მ-ი

მესამე პირები - მ. კ-ი; ნ. ლ-ი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2012 წლის 2 ნოემბერს ჯ. მ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა მცხეთის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ, ხოლო მესამე პირად მიუთითა მ. კ-ი.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მცხეთის გამგეობის 1999 წლის 31 აგვისტოს №84 დადგენილებით მას გამოეყო მცხეთაში, ... ქუჩაზე მდებარე 0,06 ჰა მიწის ნაკვეთი, რაზეც იმავე წლის 10 ოქტომბერს გაიცა მიღება-ჩაბარების აქტი. 2000 წლის 8 აგვისტოს მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ნაკვეთების სისტემური რუქების შედგენის შედეგად, ნაკვეთს მიენიჭა ნომერი - … და საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ჯ. მ-ს გადაეცა მიწის (უძრავი ქონების) საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობა.

2012 წლის 19 სექტემბერს ჯ. მ-მა განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურს მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის მოთხოვნით.

მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 25 სექტემბრის №… გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა იმ საფუძვლით, რომ ჯ. მ-ის მიერ წარდგენილი აზომვითი ნახაზი იწვევდა მესამე პირის - მ. კ-ის სახელზე დარეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ზედდებას.

მოსარჩელის განმარტებით, მან სწორად შედგენილი აზომვითი ნახაზი წარუდგინა სარეგისტრაციო სამსახურს, რამდენადაც ზუსტად იცოდა მისი ნაკვეთის მდებარეობა, თავად მონაწილეობდა ნაკვეთების განაწილების პროცესში, სისტემური დანომვრის რუკიდან გაკეთებული ჰქონდა ამონაწერი ნახაზის სახით, რომელიც ზუსტად ასახავდა როგორც მისი, ასევე მეზობელი მიწის ნაკვეთების მდებარეობას.

მოსარჩელის მითითებით, მ. კ-ის მამკვიდრებელს - ო. კ-ს გამოყოფილი ჰქონდა საავადმყოფოს მხრიდან მდებარე პირველივე მიწის ნაკვეთი, ხოლო ჯ. მ-ისათვის გამოყოფილი ნაკვეთი მდებარეობდა მოშორებით, ერთი ნაკვეთის გამოტოვებით. აღნიშნულის შესახებ ცნობილი იყო მ. კ-ისთვისაც, რამდენადაც ამ უკანაკსნელმა 2011 წლის 1 ივლისს განცხადებით მიმართა რა სარეგისტრაციო სამსახურს რეგისტრაციისათვის, თავდაპირველად წარადგინა სწორად შედგენილი აზომვითი ნახაზი, რამაც ზედდება გამოიწვია №...ნაკვეთთან, რომელიც არაერთხელ იყო გასხვისებული. მ. კ-ის განცხადებაზე სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შემდეგ, მან სარეგისტრაციო სამსახურს წარუდგინა მოსარჩელის ნაკვეთზე შედგენილი აზომვითი ნახაზი, ვინაიდან ჯ. მ-ისა და მ. კ-ის კუთვნილ ნაკვეთებს შორის არსებული ნაკვეთი უკვე რეგისტრირებული იყო საჯარო რეესტრში. რეგისტრაციის განხორციელებიდან ოთხ დღეში მ. კ-მა მიწა გაასხვისა მისი ძმის ცოლზე - ნ. ლ-ზე.

ამდენად, მოსარჩელის მითითებით, დაირღვა მისი კანონიერი უფლება, რის გამოც ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, მაგრამ სააგენტოს 2012 წლის 11 ოქტომბრის №… გადაწყვეტილებით ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა მ. კ-ის სახელზე მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის შესახებ მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 15 ივლისის №… გადაწყვეტილების, ასევე ჯ. მ-ის განცხადებაზე სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 29 ოქტომბრის №… გადაწყვეტილების, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 11 ოქტომბრის №… გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოსარჩელის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის შესახებ ახალი აქტის გამოცემის მოპასუხისათვის დავალება.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილებით ჯ. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

რაიონულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 15 ივლისის №… გადაწყვეტილებით ქ. მცხეთაში, ... ქუჩაზე არსებული 600 კვ.მ. მიწის ნაკვეთი დარეგისტრირდა მ. კ-ის სახელზე საკუთრების უფლებით. სასამართლოს განმარტებით, სარეგისტრაციოდ მ. კ-ის მიერ წარდგენილი დოკუმენტები - მცხეთის საკრებულოს გამგეობის 1994 წლის 10 მაისის №36 გადაწყვეტილება და სამკვიდრო მოწმობა ქმნიდა მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრციის საფუძველს, ვინაიდან წარმოადგენდა უფლების დამდგენ დოკუმენტებს. 1999 წლის 20 ნოემბერს ო. კ-ის სახელზე გაცემული მიღება-ჩაბარების აქტზე დაყრდნობით სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ მ. კ-ის სახელზე მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია შეესაბამებოდა უფლების დამდგენ დოკუმენტს, რამდენადაც მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით ო. კ-ისთვის გამოყოფილი მიწის ნაკვეთის საზღვრები შეესაბამებოდა მ. კ-ის სახელზე რეგისტრირებული ნაკვეთის მონაცემებს.

რაიონული სასამართლოს განმარტებით, ო. კ-ისა და ჯ. მ-ის მიმართ გამოცემული აქტები - მცხეთის საკრებულოს გამგეობის 1994 წლის 10 მაისის №36 გადაწყვეტილება, მცხეთის რაიონის გამგეობის 1999 წლის 31 აგვისტოს №84 დადგენილება, 1999 წლის 10 ოქტომბრისა და 20 ნოემბრის მიღება-ჩაბარების აქტები თუ მიწის სარეგისტრაციო მოწმობები არ შეიცავდა მიწის ნაკვეთის ზუსტ საიდენტიფიკაციო მონაცემებს. ორივე ნაკვეთის მიმართ მითითებული იყო, რომ მდებარეობდა ... ქუჩაზე, შეადგენდა 0,06 ჰა-ს, ჩრდილოეთით, აღმოსავლეთით და დასავლეთით ესაზღვრებოდა ქალაქის ფონდის მიწა, ხოლო სამხრეთით – გზა. მიწის ნაკვეთის სარეგისტრაციო კოდები არსებითად განსხვავდებოდა ერთმანეთისაგან.

აღნიშნულიდან გამომდინარე, რაიონულმა სასამართლომ დადასტურებულად არ მიიჩნია მიწის ნაკვეთების იგივეობის ფაქტი. სასამართლომ მიიჩნია, რომ სარეგისტრაციო სამსახურს ვერ დაევალებოდა ჯ. მ-ის სახელზე სადავო მიწის რეგისტრაცია, მით უფრო, რომ ამჟამად მიწა ნასყიდობის საფუძველზე დარეგისტრირებული იყო ნ. ლ-ის სახელზე და ყველა გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გაბათილების შემთხვევაშიც ვერ მოხდებოდა ნაკვეთის მოსარჩელის სახელზე რეგისტრაცია.

გარდა აღნიშნულისა, რაიონულმა სასამართლომ მიუთითა, რომ ო. კ-ს მიწა გამოეყო მცხეთის საკრებულოს გამგეობის 1994 წლის 10 მაისის №36 გადაწყვეტილებით, ხოლო ჯ. მ-ს – მცხეთის რაიონის გამგეობის 1999 წლის 31 აგვისტოს №84 დადგენილებით, ანუ მოსარჩელისათვის მიწის გამოყოფის დროისათვის ო. კ-ს უკვე მოპოვებული ჰქონდა მიწაზე სარგებლობის უფლება. შესაბამისად, იმ შემთხვევაშიც, თუ დადასტურდებოდა ნაკვეთების იდენტურობა, ო. კ-ის მემკვიდრეს ვერ წაერთმევა საკუთრების უფლება ჯ. მ-ის უფლების დამდგენი დოკუმენტის საფუძველზე.

რაიონულმა სასამართლომ იხელმძღვანელა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებით, ამავე კოდექსის მე-9 მუხლით და აღნიშნა, რომ მ. კ-ს კანონიერი ნდობა გააჩნია მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 15 ივლისის №… გადაწყვეტილების მიმართ, რის გამოც დაუშვებელია მისი ბათილად ცნობა.

ამდენად, რაიონულმა სასამართლომ კანონიერად მიიჩნია მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 15 ივლისის №… გადაწყვეტილება, ხოლო სასარჩელო მოთხოვნა სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 29 ოქტომბრის №… გადაწყვეტილებისა და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 11 ოქტომბრის №… გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ მიიჩნია უსაფუძვლოდ.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ჯ. მ-მა, რომელმაც მოითხოვა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება.

სააპელაციო სასამართლოში საქმის წარმოების ეტაპზე ჯ. მ-მა შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა ქმედების განხორციელების, კერძოდ, მიწის ნაკვეთის მოსარჩელის სახელზე რეგისტრაციის თაობაზე ახალი აქტის გამოცემის მოპასუხისათვის დავალების ნაწილში (იხ. სხდომის ოქმი).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ჯ. მ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მცხეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ჯ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 15 ივლისის №… გადაწყვეტილება, რომლითაც განხორციელდა მ. კ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე - ქ. მცხეთაში ... მდებარე 600 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე და მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა; რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 29 ოქტომბრის №… გადაწყვეტილებისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 11 ოქტომბრის №… გადაწყვეტილების ბათილად ცნობაზე უარის თქმის ნაწილში დარჩა უცვლელად.

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით, რომლის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, ასევე „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „თ“ ქვეპუნქტით და დაუსაბუთებლად მიიჩნია რაიონული სასამართლოს მსჯელობა, რომ მ. კ-ის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 15 ივლისის №… გადაწყვეტილება მიღებულ იქნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის საფუძველზე.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, არც ადმინისტრაციულ ორგანოს და არც რაიონულ სასამართლოს არ შეუფასებიათ ის დოკუმენტაცია, რომელიც არსებობდა ნაკვეთთან დაკავშირებით სარეგისტრაციო სამსახურის მიერ სადავო აქტის გამოცემამდე. სადავო რეგისტრაციის განხორციელებისას ადმინისტრაციულ ორგანოს არ შეუმოწმებია ურთიერთსაწინააღმდეგო შემდეგი დოკუმენტაცია: მცხეთის საკრებულოს გამგეობის 1994 წლის 10 მაისის №36 გადაწყვეტილებით ო. კ-ს საკარმიდამო დანიშნულებისათვის ქ. მცხეთაში, ... ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე გამოეყო 600 კვ.მ. მიწა. აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე 1999 წლის 20 ნოემბერს ო. კ-ზე გაიცა №88 მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის თანახმად, მას გადაეცა მცხეთაში, ... ქუჩაზე მდებარე 0,06 ჰა მიწის ნაკვეთი. ნაკვეთს ჩრდილოეთით, აღმოსავლეთით და დასავლეთით ესაზღვრებოდა ქალაქის ფონდის ტერიტორია, ხოლო სამხრეთით - გზა. 2000 წლის 26 აპრილს, ო. კ-ზე საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გაიცა მიწის საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობა მცხეთაში, ... მდებარე 0,06 ჰა მიწის ნაკვეთზე. ო. კ-ის სახელზე საკუთრების უფლებით დარეგისტრირდა მცხეთაში, ... მდებარე მიწის ნაკვეთი; 2011 წლის 1 ივლისს გაცემული კანონისმიერი სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, 2010 წლის 12 ივნისს გარდაცვლილი ო. კ-ის პირველი რიგის მემკვიდრემ - მ. კ-მა მემკვიდრეობით მიიღო მცხეთაში, ... მდებარე 600 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, ხოლო მარეგისტრირებელმა ორგანომ კანონისმიერი სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, მ. კ-ის სახელზე დაარეგისტრირა ... ქუჩაზე მდებარე 0,06 ჰა მიწის ნაკვეთი.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოსაზრება იმის შესახებ, რომ მ. კ-ის სახელზე სადავო ნაკვეთის რეგისტრაციის საფუძველი კანონისმიერი სამკვიდრო მოწმობასთან ერთად იყო ო. კ-ის სახელზე გაცემული №88 მიღება-ჩაბარების აქტი, რომლითაც მას გადაეცა მცხეთაში ... ქუჩაზე მდებარე, 0,06 ჰა მიწის ნაკვეთი.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მართალია, მიღება-ჩაბარების აქტი წარმოშობს ნაკვეთზე რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას, რამდენადაც საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 28 ივნისის №503 დადგენილების მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი არის მიწათსარგებლობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო აქტის გაცემის ძირითადი საფუძველი, მაგრამ ამავდროულად ადმინისტრაციული წარმოების მასალებში დაცულ მიღება-ჩაბარების აქტზე დართული მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, რომლის კონფიგურაცია და ო. კ-ის სახელზე გაცემული სარეგისტრაციო მოწმობაში ასახული საკადასტრო აზომვითი ნახაზის კონფიგურაცია იდენტურია, მაგრამ განსხვავებულია რეგისტრირებული სადავო მიწის ნაკვეთის კონფიგურაციისაგან. ამასთან, მიღება-ჩაბარების აქტზე დართული მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის თანახმად, ო. კ-ის ნაკვეთს ორი მხრიდან ესაზღვრება გზა, ასევე ქალაქის ფონდის ტერიტორია და კეთილაძის მიწის ნაკვეთი, რის თაობაზეც არც მარეგისტრირებელ ორგანოს და არც სასამართლოს არ უმსჯელიათ. ანუ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, შესაფასებელია რამდენად არსებობდა მ. კ-ის სახელზე სადავო მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის საფუძველი.

სააპელაციო სასამართლომ ასევე არ გაიზიარა რაიონული სასამართლოს დასკვნა, რომ არ დასტურდებოდა ო. კ-ისა და მოსარჩელისათვის გამოყოფილი მიწის ნაკვეთების იდენტურობა. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, რაიონულ სასამართლოს არ შეუფასებია ჯ. მ-ის სახელზე გაცემული მიწის სარეგისტრაციო მოწმობაში ასახული საკადასტრო აზომვითი ნახაზი, რომლის კონფიგურაცია ემთხვევა სადავო მიწის ნაკვეთის კონფიგურაციას, ასევე აღნიშნული ფაქტი დაადასტურეს მოწმის სახით დაკითხულმა მეზობელი მიწის ნაკვეთების მესაკუთრეებმა. ასევე არ იქნა გამოკვლეული მარეგისტრირებელ ორგანოებში დაცული ინფორმაცია მეზობელი და მოსაზღვრე მიწის ნაკვეთების თაობაზე.

ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მითითებული გარემოებების გამოკვლევას არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა საქმეზე კანონიერი გადაწყვეტილების მიღებისათვის.

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით და მიიჩნია, რომ მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 15 ივლისის №… გადაწყვეტილება მ. კ-ის სახელზე რეგისტრაციის განხორციელების თაობაზე გამოცემული იყო საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემეობების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა რაიონული სასამართლოს დასკვნა იმის თაობაზე, რომ მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 29 ოქტომბრის №… გადაწყვეტილება ჯ. მ-ის განცხადებაზე სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტისა და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 11 ოქტომბრის №… გადაწყვეტილება გამოცემული იყო „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის მოთხოვნათა დაცვით, რის გამოც არ არსებობდა მათი ბათილად ცნობის საფუძველი.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ და მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურმა, რომლებმაც მოითხოვეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმება ნაწილობრივ, მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 15 ივლისის №… გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

კასატორის განმარტებით, 2000 წლის 26 აპრილის მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია ო. კ-ის სახელზე განხორციელდა რეგისტრაციის პერიოდისათვის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის გადაუდებელ ღონისძიებათა და საქართველოს მოქალაქეთათვის სარეგისტრაციო მოწმობების გაცემის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 16 მაისის №327 ბრძანებულების თანახმად, რეგისტრაციის შემდგომ გაიცემოდა საკუთრების მოწმობა, რომელზე დართული ნახაზიც იყო მიახლოებითი, რაც იმას ნიშნავდა, რომ საკუთრების მოწმობით ცნობილი იყო მხოლოდ ნაკვეთის ფართობი, კონფიგურაცია და არა ადგილმდებარეობა. შესაბამისად, კასატორმა უსაფუძვლოდ მიიჩნია სასამართლოს მსჯელობა ადმინისტრაციული წარმოების მასალებში დაცული მიღება-ჩაბარების აქტზე დართული მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის შეფასების შესახებ, რომლის კონფიგურაცია და ო. კ-ის სახელზე გაცემული სარეგისტრაციო მოწმობაში ასახული საკადასტრო აზომვითი ნახაზის კონფიგურაცია იდენტურია. სარეგისტრაციო წარმოების მასალებით დასტურდება, რომ უფლების დამდგენ დოკუმენტში მიწის ნაკვეთის ამსახველი აზომვითი ნახაზის კონფიგურაცია საჯარო რეესტრში წარდგენილ აზომვით ნახაზზე ასახული და რეგისტრირებული უძრავი ნივთის იდენტურია.

კასატორის მითითებით, უსაფუძვლოდ არ გაიზიარა სააპელაციო სასამართლომ ის არგუმენტი, რომ მ. კ-ის სახელზე სადავო ნაკვეთის რეგისტრაციის საფუძველი კანონისმიერი სამკვიდრო მოწმობასთან ერთად იყო ო. კ-ის სახელზე გაცემული №88 მიღება-ჩაბარების აქტი, რომლითაც მას გადაეცა მცხეთაში, ... ქუჩაზე მდებარე 0,06 ჰა მიწის ნაკვეთი. კასატორის განმარტებით, სამკვიდრო მოწმობა წარმოადგენდა სამართლებრივ აქტს, რომლითაც განმცხადებელი მ. კ-ი ადასტურებდა, რომ წარმოადგენდა დაინტერესებულ პირს რეგისტრაციის მოთხოვნისათვის, ხოლო უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს, რომლითაც განხორციელდა მამკვიდრებლის საკუთრების უფლების რეგისტრაცია - წარმოადგენდა მიღება-ჩაბარებისა და მიწის გამოყოფის აქტი, რომლითაც ცალსახად დასტურდებოდა, რომ ო. კ-ს მიწის ნაკვეთი გამოეყო ... ქუჩაზე. სამკვიდრო მოწმობა წარმოადგენდა არა საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს, არამედ ადასტურებდა უფლების გადასვლის ფაქტს.

კასატორის განმარტებით, 2011 წლის 1 ივლისს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურს განცხადებით მიმართა მ. კ-მა მემკვიდრეობის საფუძველზე მიწის ნაკვეთზე (მდებარე: ქ. მცხეთა, ...) საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით. სარეგისტრაციო სამსახურმა „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის შესაბამისად, მიიღო გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ და დამატებით განმცხადებლისაგან მოითხოვა კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი, ვინაიდან არსებობდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება სარეგისტრაციოდ წარდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებთან. სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის მიზნით, მ. კ-მა წარადგინა მიღება-ჩაბარების აქტის დედანი, რომლითაც დაზუსტდა, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილი უძრავი ნივთის მისამართი იყო ... ქუჩა ნაცვლად ფიქროს გორისა. შესაბამისად, განმცხადებლის განცხადება აკმაყოფილებდა „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და სარეგისტრაციო სამსახურმა 2012 წლის 15 ივლისს მიიღო გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 21 თებერვლის განჩინებით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 27 მარტის განჩინებით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის საკასაციო საჩივარი დაშვებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: ქ. მცხეთის გამგეობის 1999 წლის 31 აგვისტოს №84 დადგენილებით მოსარჩელე ჯ. მ-ს გამოეყო ქ. მცხეთაში, ... მიმდებარედ არსებული 600 კვ.მ. საკარმიდამო მიწის ნაკვეთი. დადგენილების საფუძველზე 1999 წლის 10 ოქტომბერს მიწის რეფორმის კომისიის მიერ გაიცა მიღება-ჩაბარების აქტი, ხოლო 2000 წლის 8 აგვისტოს მცხეთის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს მიერ ჯ. მ-ს გადაეცა მიწის (უძრავი ქონების) საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობა.

მცხეთის საკრებულოს გამგეობის 1994 წლის 10 მაისის №36 გადაწყვეტილებით ო. კ-ს გამოეყო ქ. მცხეთაში, ... ქუჩის მიმდებარედ არსებული, 600 კვ.მ. საკარმიდამო მიწის ნაკვეთი. 1999 წლის 20 ნოემბერს გაიცა №88 მიღება-ჩაბარების აქტი, ხოლო 2000 წლის 26 აპრილს მცხეთის რაიონის მიწის მართვის სამმართველომ გასცა მიწის (უძრავი ქონების) საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობა.

საქმის მასალებით ასევე დგინდება, რომ 2011 წლის 1 ივლისს ო. კ-ის მემკვიდრემ - მ. კ-მა განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა მემკვიდრეობის საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია ქ. მცხეთაში, ... მდებარე 600 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე. სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა და განმცხადებელს დაევალა მიწის ნაკვეთის კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზის წარდგენა, რამდენადაც სარეგისტრაციოდ წარდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობდა ზედდება. წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით, მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის მონაცემები არ შეესაბამებოდა მომიჯნავე უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს და მიწის ნაკვეთის საზღვრები იჭრებოდა მომიჯნავე ნაკვეთის საზღვრებში. მ. კ-მა სარეგისტრაციო სამსახურს წარუდგინა ახალი აზომვითი ნახაზი, რის შესაბამისად მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 15 ივლისის №… გადაწყვეტილებით მ. კ-ის სახელზე განხორციელდა საკუთრების უფლების რეგისტრაცია სადავო, კერძოდ, ქ. მცხეთაში, ... ქუჩაზე მდებარე 600 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე. მარეგისტრირებელმა ორგანომ მიიჩნია, რომ ნაკვეთის მისამართად - ქ. მცხეთა, ..., შეცდომით იყო მითითებული ო. კ-ის სახელზე გაცემულ სარეგისტრაციო მოწმობაში, ხოლო შემდგომ მ. კ-ის სახელზე გაცემულ სამკვიდრო მოწმობაში, რამდენადაც ო. კ-ის უფლების დამდგენ დოკუმენტებში - მიღება-ჩაბარების აქტსა და მიწის გამოყოფის შესახებ მცხეთის საკრებულოს გამგეობის 1994 წლის 10 მაისის №36 გადაწყვეტილებაში მითითებული იყო, რომ ო. კ-ს მიწა გამოეყო ... ქუჩაზე. შესაბამისად, სარეგისტრაციო სამსახურმა მ. კ-ის საკუთრების უფლება დაარეგისტრირა ქ. მცხეთაში, ... ქუჩაზე მდებარე მიწის ნაკვეთზე.

2012 წლის 19 სექტემბერს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურს განცხადებით მიმართა მოსარჩელე ჯ. მ-მა, რომელმაც მოითხოვა მიწის ნაკვეთის დაზუსტებული რეგისტრაცია. სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 25 სექტემბრის №… გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა მ. კ-ის სახელზე დარეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან ზედდების გამო, ხოლო სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 29 ოქტომბრის №… გადაწყვეტილებით ჯ. მ-ის მიერ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოუფხვრელობისა და კორექტირებული აზომვითი ნახაზის წარუდგენლობის გამო, მის განცხადებაზე სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა.

ჯ. მ-ი წარმოდგენილი სარჩელით ითხოვდა მ. კ-ის სახელზე მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის შესახებ მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 15 ივლისის №… გადაწყვეტილების, ასევე ჯ. მ-ის განცხადებაზე სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 29 ოქტომბრის №… გადაწყვეტილების, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 11 ოქტომბრის №… გადაწყვეტილების ბათილად ცნობას და მის სახელზე მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის შესახებ ახალი აქტის გამოცემის მოპასუხისათვის დავალებას. ქმედების განხორციელების დავალების ნაწილში სასარჩელო მოთხოვნაზე მოსარჩელემ უარი თქვა რაიონულ სასამართლოში საქმის წარმოების ეტაპზე. მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 29 ოქტომბრის №… და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 11 ოქტომბრის №… გადაწყვეტილებების ბათილად ცნობაზე უარის თქმის ნაწილში მცხეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, რაც საკასაციო წესით ჯ. მ-ს არ გაუსაჩივრებია. შესაბამისად, ამ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, შესულია კანონიერ ძალაში.

ამდენად, მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანს წარმოადგენს მ. კ-ის სახელზე რეგისტრაციის განხორციელების შესახებ მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 15 ივლისის №… გადაწყვეტილების კანონიერება.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 15 ივლისის №… გადაწყვეტილება გამოცემულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების მოთხოვნათა დარღვევით, მარეგისტრირებელ ორგანოს მ. კ-ის განცხადებაზე ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოებისას სრულყოფილად არ გამოუკვლევია საქმის ფაქტობრივი გარემოებები, არ დაუდგენია შეესაბამებოდა თუ არა ო. კ-ის სახელზე განხროციელებულ პირველადი რეგისტრაციის მონაცემებს მ. კ-ის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი მოთხოვნა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, იმისათვის, რომ შესრულდეს კანონის მოთხოვნა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, იმისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს დაუსაბუთებელი დასკვნის გაკეთება.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ სწორად იქნა გამოყენებული საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილი, რომლის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში მარეგისტრირებელმა ორგანომ რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე მთელი რიგი გარემოებების გამოკვლევის, დადგენისა და ურთიერთშეჯერების გარეშე.

საქმის მასალების მიხედვით, მ. კ-ის სახელზე რეგისტრაციის განხორციელების საფუძველი იყო მამის დანაშთ ქონებაზე 2011 წლის 1 ივლისს გაცემული კანონისმიერი სამკვიდრო მოწმობა, რომლის მიხედვით, სამკვიდრო ქონებას წარმოადგენდა ქ. მცხეთაში, ... მდებარე 600 კვ.მ. მიწის ნაკვეთი (უძრავი ქონების მახასიათებლები: სარეგისტრაციო ზონა - მცხეთა, კოდი-..., სექტორი - ..., კოდი - ..., კვარტალი - ..., ნავეთის ნომერი - ...; ნაკვეთის ფუნქცია - სასოფლო-სამეურნეო; დაუზსუტებელი ფართობი - 600 კვ.მ.). სამოქალაქო კოდექსის 1306-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, მემკვიდრეობა გულისხმობს გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლას მემკვიდრეებზე. ანუ მემკვიდრეობის გზით ქონების დაუფლებისათვის განმსაზღვრელია ამ ქონებაზე მამკვიდრებლის უფლების არსებობის ფაქტის დადასტურება. შესაბამისად, რეგისტრაციას ვერ დაექვემდებარებოდა მ. კ-ის საკუთრების უფლება იმ უძრავ ქონებაზე, რომელზეც არ იარსებებდა მისი მამკვიდრებლის - ო. კ-ის უფლება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მარეგისტრირებელ ორგანოს სადავო რეგისტრაციის განხორციელებისას უნდა შეემოწმებინა მ. კ-ის სახელზე დარეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე ო. კ-ის უფლების არსებობის ფაქტი.

საქმის მასალების მიხედვით, მცხეთის საკრებულოს გამგეობის 1994 წლის 16 მაისის №36 გადაწყვეტილებით ო. კ-ს გამოეყო ქ. მცხეთაში, ... ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული 600 კვ.მ. მიწის ნაკვეთი. აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე 1999 წლის 20 ნოემბერს გაცემული №88 მიღება-ჩაბარების აქტი შეიცავდა მონაცემებს სადავო მიწის ნაკვეთის საზღვრების შესახებ. კერძოდ, ნაკვეთს ჩრდილოეთით, აღმოსავლეთითა და დასავლეთით ესაზღვრებოდა ქალაქის ფონდის მიწები, ხოლო სამხრეთით - გზა. უფლების დამდგენი აღნიშნული დოკუმენტებით დგინდებოდა მხოლოდ გამოყოფილი ნაკვეთის ფართობი და საზღვრები, თუმცა იმის გამო, რომ მოსაზღვრე მიწის ნაკვეთები იმ პერიოდისათვის არ იყო სახელმწიფოს მიერ განკარგული, მიღება-ჩაბარების აქტი არ იძლეოდა ნაკვეთის იდენტიფიცირების საშუალებას და ადასტურებდა მხოლოდ უფლების წარმოშობის ფაქტს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოების შეფასებას, რომ მიწის მიღება-ჩაბარების აქტი წარმოადგენდა უფლების დამდგენ დოკუმენტს, რამდენადაც „საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეთათვის სარგებლობაში გადაცემულ მიწის ნაკვეთებზე დოკუმენტაციის გაფორმების რეგულირების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 28 ივნისის №503 დადგენილების მე-2 პუნქტის თანახმად, მიწის მიღება-ჩაბარების აქტი წარმოადგენდა მიწათსარგებლობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო აქტის გაცემისა და საცხოვრებელი სახლის დაპროექტება-მშენებლობის ერთადერთ საფუძველს. „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის გადაუდებელ ღონისძიებათა და საქართველოს მოქალაქეთათვის სარეგისტრაციო მოწმობების გაცემის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 16 მაისის №327 ბრძანებულების მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-5 პუნქტის შესაბამისად, მიწის მიღება-ჩაბარების აქტი წარმოადგენდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციისათვის, საკუთრების უფლების დამადასტურებელი სარეგისტრაციო მოწმობის მომზადებისა და გაცემისათვის საკმარის დოკუმენტს.

თუმცა იმ პირობებში, როდესაც ო. კ-ის სახელზე გაცემული მიღება-ჩაბარების აქტი არ იძლეოდა ნაკვეთის იდენტიფიცირების საშუალებას, რამდენადაც როგორც აღინიშნა, მოსაზღვრე ნაკვეთები აქტის გაცემის დროისათვის არ იყო განკარგული და ქალაქის ფონდის მიწებს წარმოადგენდა, მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტზე დაყრდნობით ვერ დადგინდებოდა ო. კ-ისათვის გამოყოფილი ნაკვეთის ზუსტი ადგილმდებარეობა.

საქმის მასალებით დასტურდება, რომ 2000 წლის 26 აპრილს ო. კ-ის სახელზე მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე განხორციელდა მიწის ნაკვეთზე უფლების პირველადი რეგისტრაცია და გაიცა მიწის სარეგისტრაციო მოწმობა (ნაკვეთის მახასიათებლები: ქ. მცხეთა, ...; დაუზუსტებელი ფართობი - 600 კვ.მ.; საკადასტრო კოდი ...).

„მიწის რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს 1996 წლის 14 ნოემბრის კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მიწის რეგისტრაციის მიზანს წარმოადგენს მიწის ნაკვეთისა და მასთან უძრავად დაკავშირებული ქონების მიმართ უფლებათა წარმოშობის, გადაცემის, შეზღუდვის ან შეწყვეტის აღიარება და დადასტურება სახელმწიფოს მიერ. ამავე კანონის 1-ლი მუხლის შესაბამისად, მიწის სარეგისტრაციო მოწმობაში მოცემულია მიწისა და მასთან დაკავშირებული სხვა უძრავი ქონების დახასიათება და უფლებრივი დატვირთვა. მითითებული კანონის მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მიწის სარეგისტრაციო მოწმობა შეიცავს სააღრიცხვო ბარათზე რეგისტრირებულ მონაცემებს, ხოლო მე-19 მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, უძრავი ქონების საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობა წარმოადგენს ოფიციალურ სახელმწიფო საბუთს, რომელიც ასახავს ამ ქონების საკუთრების უფლებაზე გავლენის მქონე ყველა ინფორმაციას, რომელიც აღნიშნულია სააღრიცხვო ბარათზე მისი გაცემის მომენტისათვის. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორთა მითითებას, რომ მიწის სარეგისტრაციო მოწმობით ცნობილია მხოლოდ ნაკვეთის ფართობი, კონფიგურაცია და არა ადგილმდებარეობა, რამდენადაც მასზე დართული ნახაზი არის მიახლოებითი. მიწის სარეგისტრაციო მოწმობაში მიეთითება ნაკვეთის მაიდენტიფიცირებელი საკადასტრო კოდი, რომელიც შეიცავს სწორედ ადგილმდებარეობის განმსაზღვრელ ელემენტებს - მითითებას სარეგისტრაციო ზონის, სექტორის, კვარტლისა და ნაკვეთის ნომრის შესახებ.

საკასაციო სასამართლო იზაირებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ სარეგისტრაციო სამსახურს რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას არ გამოუკვლევია და არ შეუფასებია ურთიერთსაწინააღმდეგო მონაცემების შემცველი დოკუმენტები.

როგორც აღინიშნა მცხეთის საკრებულოს გამგეობის 1994 წლის 16 მაისის №36 გადაწყვეტილებით ო. კ-ს გამოეყო ქ. მცხეთაში, ... ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული 600 კვ.მ. მიწის ნაკვეთი. 1999 წლის 20 ნოემბერს გაცემული №88 მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით, ნაკვეთს ჩრდილოეთით, აღმოსავლეთითა და დასავლეთით ესაზღვრებოდა ქალაქის ფონდის მიწები, ხოლო სამხრეთით - გზა. 2000 წლის 26 აპრილს გაცემული მიწის სარეგისტრაციო მოწმობაში კი ნაკვეთის მისამართი მითითებული იყო ქ. მცხეთა, ..., სარეგისტრაციო ზონა - მცხეთა, კოდი - ..., სექტორი - ..., კოდი - ..., კვარტლის ნომერი - ..., ნაკვეთის ნომერი - ... . სარეგისტრაციო წარმოების მასალებში დაცულ, ო. კ-ის სახელზე გაცემულ მიღება-ჩაბარების აქტზე შესრულებულია ნახაზი, რომლის მიხედვით, ნაკვეთს ორი მხრიდან ესაზღვრება გზა, ჩრდილოეთით - ქალაქის ფონდის მიწა, ხოლო დასავლეთით - კეთილაძის მიწა. ამდენად, ო. კ-ის მიწის მიღება-ჩაბარების აქტსა და მასზე შესრულებული ნახაზის მონაცემები არ შეესაბამება ერთმანეთს, რის გამოც მით უფრო მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტზე დაყრდნობით არ უნდა გამოეტანა დასკვნა მარეგისტრირებელ ორგანოს ნაკვეთის ადგილმდებარეობის შესახებ.

გარდა აღნიშნულისა, საქმეში წარმოდგენილი 2001 წლის 14 მარტს გაცემული მოქალაქე გ. ე-ის კუთვნილი მიწის სარეგისტრაციო მოწმობაზე შესრულებული ნახაზის მიხედვით, გ. ე-ის მიწის ნაკვეთს (მდებარე ქ. მცხეთა, ... ქუჩა, საკადასტრო კოდი: ...) აღმოსავლეთით ესაზღვრებოდა ო. კ-ის მიწის ნაკვეთი. გ. ე-ის კუთვნილი მიწის ნაკვეთი კი რეგისტრირებული მონაცემების შესაბამისად, მდებარეობს იმ მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ (საკადასტრო კოდი - ...), რომლის აზომვითი ნახაზიც წარუდგინა სარეგისტრაციო სამსახურს მ. კ-მა თავდაპირველად და რომელზეც დაფიქსირდა ზედდება რეგისტრირებულ მონაცემებთან.

ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები საჭიროებს გამოკვლევას ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან, რომელმაც უკვე რეგისტრირებული მონაცემებისა და უფლების დამდგენი დოკუმენტების ურთიერთშეჯერების შედეგად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება არსებობს თუ არა მ. კ-ის სახელზე სადავო მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის სამართლებრივი საფუძველი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „მიწის რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, რეგისტრატურაში აუცილებლად უნდა ინახებოდეს რუკა ან რუკების ერთობლიობა, რომლებიც აღრიცხული, მიწისა და სხვა უძრავი ქონების რეგისტრაციის ზონის კადასტრული (ინდექსირებული) რუკები. ამ, რუკების არსებობაზე პასუხისმგებელია რეგისტრატორი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, კადასტრულ რუკაზე მოცემული უნდა იყო მიწის და სხვა უძრავი ქონების სარეგისტრაციო ნომერი, საზღვრები, გეოგრაფიული ადგილმდებარეობა, სიტუაციური და ყველა ის გეოდეზიურ-ტოპოგრაფიული მაჩვენებელი, რაც აუცილებელია საზღვრების დადგენისათვის.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მარეგისტრირებელ ორგანოს უნდა გამოეკვლია და დაედგინა ო. კ-ისათვის გამოყოფილი მიწის ნაკვეთის ზუსტი ადგილმდებარეობა, რისი საშუალებასაც მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტი და მ. კ-ის მიერ წარდგენილი აზომვითი ნახაზი არ იძლეოდა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ კანონის სწორად გამოყენებისა და განმარტების შედეგად საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილება მიიღო, საკასაციო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას გასაჩივრებული გადაწყვეტილების უკანონობის თაობაზე, რის გამოც წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ლ. მურუსიძე

ნ. სხირტლაძე