საქმე ბს-1068-1062(გ-17) 9 იანვარი, 2018 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე განიხილა შპს „...“ სარჩელთან დაკავშირებით წარმოშობილი დავა განსჯადობის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიასა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს შორის.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
შპს „...“ 2017 წლის 18 სექტემბერს სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ამავე სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული მართვის სამსახურის ქვემო ქართლის რეგიონული ოფისის მიმართ. მოსარჩელემ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის ქვემო ქართლის რეგიონული ოფისის 2017 წლის 7 ივლისის №… გადაწყვეტილების „სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ“, 2017 წლის 10 ივლისის №… გადაწყვეტილების „სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ“, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 23 აგვისტოს №347150 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ქ. რუსთავში, … მიმდებარედ არსებულ 12904.74 კვ.მ. უძრავ ნივთზე შპს „...“ საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის ქვემო ქართლის რეგიონული ოფისისთვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 25 სექტემბრის განჩინებით შპს „…“ სარჩელი - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ, განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა რუსთავის საქალაქო სასამართლოს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ მიუთითა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ №ბს-721-707(გ-14) საქმეზე 2015 წლის 16 აპრილის განჩინებით დადგენილ პრაქტიკაზე, რომლის თანახმად, „საჯარო რეესტრის შიდა ორგანიზაცია ხასიათდება მის სტრუქტურებს შორის მყარი ურთიერთკავშირით, რომელიც ქმნის სტრუქტურის ერთიანობას. საჯარო რეესტრის ორგანიზაციული სტრუქტურის ცალკეულ ერთეულებზე დაყოფა, დიფერენციაცია ტერიტორიულ ორგანოებზე განპირობებულია მომსახურების ხელმისაწვდომობის, რაციონალური დატვირთვის, საქმიანობის ეფექტურობისა და სხვა მოსაზრებებით. სტრუქტურის რეგიონალური ერთეული, სააგენტოსადმი ხაზობრივი დაქვემდებარების, მისი გადაწყვეტილების ზემდგომი რგოლის მიერ გადამოწმების შესაძლებლობის, სტრუქტურის ვერტიკალური იერარქიულობის მიუხედავად არ კარგავს დამოუკიდებელ მნიშვნელობას. ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად დადასტურდა ტერიტორიული ორგანოს აქტის კანონიერება, შესაბამისად, ტერიტორიული ორგანოს აქტი ინარჩუნებს თავის მნიშვნელობას, ზემდგომი ორგანოს აქტს არ აქვს მოცემულ შემთხვევაში დამოუკიდებელი მნიშვნელობა, საჩივრის განხილვის შედეგად მიღებული აქტი განიხილება არსებით აქტთან ერთად, ამასთანავე, მოსარჩელე სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლად არ უთითებს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის პროცედურის დარღვევის საკითხებს. ამდენად, უწყების იერარქიული სტრუქტურა, ტერიტორიული ორგანოების დაქვემდებარება ზემდგომისადმი, უკანასკნელის მიერ ქვემდგომის გადამოწმების შესაძლებლობა არ იწვევს მექანიკურად ადმინისტრაციული კატეგორიის საქმის სასამართლო განსჯადობის საკითხის გადაწყვეტას ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს ადგილმდებარეობის მიხედვით. სასამართლოებს შორის განსჯადობის საკითხის ამგვარი გადაწყვეტა ხელს უწყობს მართლმსაჯულების ადგილზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას, პროცესის ეკონომიურობას და ოპერატიულობას, ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეთა დივერსიფიკაციას, სასამართლოებს შორის დატვირთვის თანაბარ განაწილებას“.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით მოსარჩელე შპს „...“ სარჩელი მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობისა და ახალი აქტის გამოცემის თაობაზე, განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
რუსთავის საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ ვინაიდან მოსარჩელის მიერ გასაჩივრებულია სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ტერიტორიული განსჯადობის გათვალისწინებით განსჯად სასამართლოს წარმოადგენს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ადგილსამყოფლის მიხედვით (ქ. თბილისი, წმ. ნიკოლოზის/ნ. ჩხეიძის ქ. №2), თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის შედეგად, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26.3. მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, წყვეტს რა დავას სასამართლოთა შორის განსჯადობის თაობაზე, მიიჩნევს, რომ შპს „...“ სარჩელი განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს რუსთავის საქალაქო სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ არსებითად სწორად განსაზღვრა მოცემული დავის განსჯადობის საკითხი და მართებულად მიიჩნია საქმე რუსთავის საქალაქო სასამართლოს განსჯად ადმინისტრაციულ დავად.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლი ცალსახად ადგენს სარჩელის წარდგენის ვალდებულებას განსჯად სასამართლოში. მითითებული ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია, განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. ამასთან, აღნიშნულ მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არაგანსჯად სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, სასამართლო სარჩელს გადაუგზავნის განსჯად სასამართლოს და ამის შესახებ აცნობებს მოსარჩელეს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ თუ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის III თავით (განსჯადობა) გათვალისწინებული განსჯადობის წესები. აღნიშნულ თავში შემავალი მე-15 მუხლის (საერთო განსჯადობა) პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ხსენებული მუხლი მოიცავს ტერიტორიული განსჯადობის განმსაზღვრელ საპროცესო ნორმას და პირდაპირ მიუთითებს, რომ სარჩელი იურიდიული პირის მიმართ წარედგინება სასამართლოს მისი ადგილსამყოფლის მიხედვით. ამდენად, აღნიშნული მუხლი საერთო განსჯადობას განსაზღვრავს და ერთნაირად ვრცელდება ნებისმიერ დავაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამავე კოდექსით განსხვავებული წესია დადგენილი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-18 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სარჩელი საკუთრების უფლების, ქონების უფლებრივი დატვირთვის ან ასეთი დატვირთვისაგან განთავისუფლების შესახებ, აგრეთვე ქონების გაყოფასთან, განაწილებასა და ფლობასთან დაკავშირებული სარჩელი, თუ დავა ეხება უძრავ ნივთზე, მათ შორის, მიწის ნაკვეთზე უფლებას, შეიძლება შეტანილ იქნეს სასამართლოში ნივთების ადგილსამყოფლის მიხედვით.
მოცემულ შემთხვევაში დავის საგანია:
1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის ქვემო ქართლის რეგიონული ოფისის „სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ“ 2017 წლის 7 ივლისის №… გადაწყვეტილების ბათილად ცნობა;
2. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის ქვემო ქართლის რეგიონული ოფისის „სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ“ 2017 წლის 10 ივლისის №… გადაწყვეტილების ბათილად ცნობა;
3. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 23 აგვისტოს №347150 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა;
4. მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის ქვემო ქართლის რეგიონული ოფისისთვის ქ. რუსთავში, … მიმდებარედ არსებულ - 12904.74 კვ.მ. უძრავ ნივთზე შპს „...“ საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავა ითვალისწინებს სასამართლოებს შორის დავას საგნობრივი, ან/და ტერიტორიული განსჯადობის საკითხზე. იმის გათვალისწინებით, სადავო აქტები - კერძოდ, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის ქვემო ქართლის რეგიონული ოფისის „სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ“ 2017 წლის 7 ივლისის №… გადაწყვეტილება, 2017 წლის 10 ივლისის №… „სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ“ გადაწყვეტილება და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 23 აგვისტოს №347150 გადაწყვეტილება ერთი და იმავე სამართალურთიერთობას ეხება, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოები - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის ქვემო ქართლის რეგიონული ოფისი არიან ერთიანი სისტემის ქვედა და ზედა რგოლის ორგანოები. ამდენად, ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეთა საქალაქო სასამართლოებში თავმოყრის ტენდენციის შესუსტების მიზნით, სასამართლო პროცესის ეკონომიურობის, მართლმსაჯულების ადგილზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით საქმის განხილვა უნდა მოხდეს ძირითადი აქტის გამომტანი ადგილობრივი ადმინისტრაციული ორგანოს ადგილსამყოფლის მიხედვით.
საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსაზრებას, რომ ტერიტორიული განსჯადობის გათვალისწინებით განსჯადი სასამართლო განისაზღვრება სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ადგილსამყოფლის მიხედვით (ქ. თბილისი, წმ. ნიკოლოზის/ნ. ჩხეიძის ქ. №2) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია, რამდენადაც განსახილველ შემთხვევაში დავის საგანი მოიცავს არა მხოლოდ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებას, არამედ სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის ქვემო ქართლის რეგიონული ოფისის გადაწყვეტილებას, მოსარჩელე მოითხოვს სააგენტოსა და ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის ქვემო ქართლის რეგიონული ოფისის აქტების ბათილად ცნობას. ამასთან, მოსარჩელე ითხოვს მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის ქვემო ქართლის რეგიონული ოფისისთვის ქ. რუსთავში, … მიმდებარედ არსებულ - 12904.74 კვ.მ. უძრავ ნივთზე შპს „...“ საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალებას.
ამდენად, საკასაციო პალატა ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მითითებას საქართველოს უზენაესი სასამართლოს №ბს-721-707(გ-14) საქმეზე გამოტანილ 2015 წლის 16 აპრილის განჩინებაზე მითითებას და დამატებით განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავოა ადმინისტრაციული ორგანოს ინდივიდუალური-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის კანონიერება სადავო ქონებაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ, სარჩელი აღძრულია ქონების ფლობასთან დაკავშირებით დავაზე. ამდენად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ აღძრულ სარჩელებზე გამოყენებული უნდა იქნეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-18 მუხლით გათვალისწინებული ნივთობრივი განსჯადობის წესები (იხ. სუს. 17.10.17წ. საქმე №ბს-219-217(გ-17); 14.09.17წ. საქმე №ბს-715-711(გ-17) განჩინებები).
იმისათვის, რომ არ დაირღვეს სასამართლოთა შორის საქმის თანაბარი განაწილების პრინციპი სარჩელის განსჯადი სასამართლოს განსაზღვრა უნდა მოხდეს სადავო ქონების ადგილმდებარეობის მიხედვით. მოცემულ შემთხვევაში სადავო აქტით გათვალისწინებული უძრავი ქონება მდებარეობს ქ. რუსთავში, … მიმდებარედ და საკასაციო პალატა იზიარებს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსაზრებას, რომ შპს „...“ სარჩელი უნდა განიხილოს სწორედ რუსთავის საქალაქო სასამართლომ, რადგან ადმინისტრაციული ორგანოს ერთიანმა, ცენტრალიზებულმა სისტემამ, შედეგად არ უნდა გამოიწვიოს ის, რომ დავათა არსებობისას, ნებისმიერ შემთხვევაში, განსჯად სასამართლოდ განისაზღვროს უშუალოდ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმღები ადმინისტრაციული ორგანოს ადგილსამყოფელი, რამეთუ აღნიშნულს შედეგად მოჰყვება ადმინისტრაციული საქმეების კონცენტრაცია მხოლოდ ქ. თბილისში.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „რაიონული (საქალაქო), თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 9 აგვისტოს №1/150-2007 გადაწყვეტილებით განისაზღვრა რაიონული (საქალაქო) სასამართლოების, თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების სამოქმედო ტერიტორიები, აღნიშნულ სასამართლოებსა და სასამართლო კოლეგიებში (პალატებში) მოსამართლეთა რაოდენობა. ამავე გადაწყვეტილების 33-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განსაზღვრულია თვითმმართველი ქალაქის – რუსთავისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრებით.
საკასაციო პალატა ხაზგასმით მიუთითებს, რომ ზემოაღნიშნული საქმის განხილვის წესი ვრცელდება, მხოლოდ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და მის სისტემაში შემავალი რეგიონული ოფისებისა და ფილიალების მიმართ აღძრულ სარჩელებზე. რამდენადაც, როგორც ზემოთ აღინიშნა ერთიანმა ცენტრალიზებულმა სისტემამ, შედეგად არ უნდა გამოიწვიოს სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმღები ადმინისტრაციული ორგანოს ადგილსამყოფლის მიხედვით განსაზღვრულ სასამართლოში დავების კონცენტრაცია. აღნიშნულით განხორციელდება ერთგვაროვან საქმეთა თბილისის საქალაქო სასამართლოში თავმოყრა და რაიონული სასამართლოებისათვის ნორმატიული აქტით გათვალისწინებული ფუნქციის შემცირება, რითაც დაირღვევა სასამართლოებს შორის დატვირთვის თანაბარი განაწილებისა და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელების პრინციპები.
სასამართლოებს შორის განსჯადობის საკითხის ამგვარი გადაწყვეტა ხელს უწყობს მართლმსაჯულების ადგილზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას, პროცესის ეკონომიურობასა და ოპერატიულობას, ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეთა დივერსიფიკაციას, სასამართლოებს შორის დატვირთვის თანაბარ განაწილებას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ დავებზე, სადავო ქონების ადგილსამყოფლის გათვალისწინებით, ეფექტიაქტიანი მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით შპს „...“ სარჩელი განსჯადობით განსახილველად უნდა გადაეგზავნოს რუსთავის საქალაქო სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 26-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „...“ სარჩელი განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს რუსთავის საქალაქო სასამართლოს;
2. საქმე გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე