საქმე # 330310016001279961
საქმე Nბს-1047-1041(კს-17) 9 იანვარი, 2018 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - შპს „...“
მოწინააღმდეგე მხარეები - სსიპ შემოსავლების სამსახური; საქართველოს ფინანსთა
სამინისტრო
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 13 სექტემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, საქმის არსებითად განსახილველად დაბრუნება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს „...“ წარმომადგენელმა - გ. ჟ-მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ და მოითხოვა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2015 წლის 26 მარტის გადაწყვეტილების, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 20 ნოემბრის №48011 ბრძანებისა და სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 7 ოქტომბრის დასკვნის ბათილად ცნობა. აღნიშნული დასკვნით შპს „...“ მიმართ საგადასახადო შემოწმების აქტით დამატებით დარიცხული თანხები (892 366,67 ლარი) კორექტირებას (შემცირებას) არ ექვემდებარება. მოსარჩელემ წარდგენილი სარჩელით მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება, იმ საფუძვლით, რომ შპს „...“ შეწყვეტილი აქვს ფუნქციონირება და კომპანიის ანგარიშებს ადევს ყადაღა, თუმცა აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება არ იქნა წარდგენილი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 8 მაისის განჩინებით შპს „...“ დაუდგინდა ხარვეზი და მიეცა 10 - დღიანი ვადა ხარვეზის შესავსებად.
2015 წლის 18 ივნისს შპს „...“ განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ხარვეზის შევსების მიზნით და წარადგინა გასაჩივრებული სადავო ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტები, ამავე განცხადებით იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 23 ივნისის განჩინებით მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები არ იქნა მიჩნეული მისი გადახდისუნარიანობის დამადასტურებელ მტკიცებულებად და მოსარჩელეს უარი ეთქვა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებაზე. ამავე განჩინებით ხარვეზის შევსების (სახელმწიფო ბაჟის გადახდის) მიზნით მოსარჩელეს გაუგრძელდა სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო ვადა კვლავ 10 დღით.
მოსარჩელემ 2015 წლის 27 ივნისს ხარვეზის შევსების შესახებ განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და წარადგინა ცნობა, რომლითაც დგინდება, რომ შპს „...“ მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით გადახდისუუნარობის შესახებ და ითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 31 ივლისის განჩინებით სასამართლომ მიუთითა, რომ პირის ბაჟისგან გათავისუფლება უნდა იყოს დასაბუთებული და შესაბამისი მტკიცებულებებით გამყარებული. ამავე განჩინებით მოსარჩელეს გაუგრძელდა ვადა ხარვეზის შესავსებად და განემარტა, რომ ხარვეზის დადგენილ ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში, სასამართლო მიიღებდა განჩინებას სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 31 ივლისის განჩინება ხარვეზის დადგენის შესახებ მოსარჩელეს ჩაჰბარდა 6 აგვისტოს, თუმცა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში განჩინებაში მითითებული ხარვეზი მოსარჩელის მიერ არ შევსებულა და არც რაიმე შუამდგომლობა ყოფილა წარდგენილი ხარვეზის შევსებისათვის დაწესებულ ვადაში ვადის გაგრძელების თაობაზე. 2015 წლის 26 აგვისტოს განჩინებით შპს „...“ უარი ეთქვა სარჩელის წარმოებაში მიღებაზე.
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა შპს „...“ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 21 იანვრის განჩინებით კერძო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები, შესაძლებელი იყო თუ არა ბაჟის გადახდის გადავადება. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მართალია, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 31 ივლისის განჩინებით მხარეს სასამართლოსთვის აღარ მიუმართავს, მაგრამ მანამდე მის მიერ რამდენიმეჯერ იქნა დაყენებული შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე, წარადგინა მტკიცებულებები, თუმცა ისინი სასამართლოს მიერ არ შეფასებულა, არც უარყოფილა საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, შესაბამისად, სარჩელი დასაშვებობის ეტაპიდან განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 10 მაისის გადაწყვეტილებით შპს „...“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა შპს „...“ წარმომადგენელმა - გ. ჟ-მა. აპელანტმა მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 10 მაისის გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 13 სექტემბრის განჩინებით შპს „...“ სააპელაციო საჩივარი, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე, დარჩა განუხილველი.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 28 ივლისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა აპელანტ შპს „...“ შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ და აპელანტს შპს „...“ დაევალა სახელმწიფო ბაჟის 7000 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარმოდგენა თბილისის სააპელაციო სასამართლოში, განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში. ამასთან განემარტა, რომ ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 28 ივლისის განჩინების ასლი კანონით დადგენილი წესით, პირადად ჩაჰბარდა აპელანტის წარმომადგენელს - გ. ჟ-ს 2017 წლის 04 აგვისტოს. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით (გზავნილით) ეცნობება, სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს, რომ მხარეს გზავნილი უნდა ჩაბარდეს ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. ზემოაღნიშნული მუხლიდან გამომდინარე, გ. ჟ-ზე განჩინების ჩაბარებით პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ აპელანტს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 28 ივლისის განჩინება ჩაჰბარდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა სრული დაცვით, 2017 წლის 04 აგვისტოს.
სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილით წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მესამე ნაწილით, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.
ზემოაღნიშნული ნორმის შესაბამისად, ხარვეზის შევსების 10 - დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2017 წლის 05 აგვისტოს და ამოიწურა 2017 წლის 14 აგვისტოს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთების საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს „...“ სააპელაციო საჩივარი უნდა დარჩენილიყო განუხილველი.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა შპს „...“. კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ სახელმწიფო ბაჟის გადახდა ვერ შეძლო, რადგან არ გააჩნია არანაირი შესაძლებლობა, კომპანიამ შეწყვიტა ფუნქციონირება უკვე 4 წელია, ასევე კომპანიის ანგარიშს ადევს ყადაღა და არის გაკოტრებული, ხოლო შპს „...“ დირექტორის პირადი შემოსავალი ყოველთვიურად შეადგენს 100 ლარს და არის მეორე ჯგუფის ინვალიდი. ამასთან, კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 21 იანვრის განჩინებით ერთხელ უკვე გადაუვადდა ბაჟის გადახდა, რაც უნდა იქნეს გათვალისწინებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „...“ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 28 ივლისის განჩინებით შპს „...“ შუამდგომლობა ბაჟის გადახდის გადავადებასთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდა და სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი იმ საფუძვლით, რომ შპს „...“ სააპელაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის მოთხოვნებს - სააპელაციო საჩივარზე არ იყო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. ამდენად, თბილსისი სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 28 ივლისის განჩინებით შპს „...“ დაუდგინა ხარვეზი და მის შესავსებად განესაზღვრა ვადა, კერძოდ, დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში, სახელმწიფო ბაჟის 7000 (შვიდი ათასი)ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის წარმოდგენა. ამასთან, აპელანტს განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი.
აპელანტის შუამდგომლობასთან დაკავშირებით, რომლითაც იგი ითხოვდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებას, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა - ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოება, რომელზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა. იმავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. 103-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ აპელანტს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომელიც მხარის გადახდისუუნარობას დაადასტურებდა და შექმნიდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების საფუძველს.
საკასაციო სასამართლო საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 28 ივლისის განჩინება შპს „...“ წარმომადგენელს - გ. ჟ-ს ჩაჰბარდა 2017 წლის 4 აგვისტოს , კანონით დადგენილი წესით, რაც დასტურდება გზავნილის ჩაბარების შესახებ საფოსტო შეტყობინების ბარათზე მითითებული პირის ხელმოწერით (ს.ფ. 329).
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.
იქიდან გამომდინარე, რომ თბილსის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 28 ივლისის განჩინების ასლი შპს „...“ 2017 წლის 4 აგვისტოს ჩაჰბარდა, სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის ათვლა დაიწყო 2017 წლის 5 აგვისტოს და ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული 10 - დღიანი ვადა ამოიწურა 2017 წლის 14 აგვისტოს 24:00 საათზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი (განცხადება, დოკუმენტი), რომელიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამდენად, სასამართლოს მიერ განსაზღვრული საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა არის შეუქცევადი და მისი აღდგენა დასაშვებია, მხოლოდ კანონით იმპერატიულად განსაზღვრულ შემთხვევებში.
საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ აპელანტმა - შპს „...“ მისთვის განსაზღვრულ ვადაში არ შეავსო თბილსის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 28 ივლისის განჩინებით დადგენილი ხარვეზი.
ამასთან, საკასაციო სასამართლო უსაფუძვლობის გამო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის უკანონობასთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ სასამართლო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე და 48-ე მუხლები ითვალისწინებს მხარეებისათვის შეღავათის გაწევას სახელმწიფო ბაჟის გადახდისას, თუმცა სავალდებულო პირობაა, რომ მხარემ უტყუარი მტკიცებულებებით დაადასტუროს სახელმწიფო ბაჟის გადახდის შეუძლებლობა. განსახილველ შემთხვევაში, შპს „...“ ამგვარი მტკიცებულებები არ წარუდგენია სააპელაციო სასამართლოსათვის (მაგ. დეკლარაციები, საზოგადოების ბრუნვის ამსახველი დოკუმენტები, საზოგადოების საბანკო ანგარიშებზე საჭირო თანხის არ არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტები და ა.შ), მხარის მხოლოდ სიტყვიერ განმარტებას გადახდის შეუძლებლობის და ანგარიშებზე ყადაღის არსებობასთან დაკავშირებით, სასამართლო მხედველობაში ვერ მიიღებს.
საკასაციო სასმართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება, როგორც ასეთი, არ წარმოადგენს შეზღუდვას, რომელიც ეწინააღმდეგება სამართლიანი სასამართლოს უფლებას, თუმცა მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული სახელმწიფო ბაჟის ოდენობა, კონკრეტული საქმის გარემოებების, მათ შორის, მხარის გადახდისუნარიანობისა და საქმის წარმოების ეტაპის გათვალისწინებით (FC MRETEBI v. GEORGIA, PODBIELSKI AND PPU POLPURE v. POLAND). სასამართლო ხარჯების ინსტიტუტი, ზოგადად, მართლმსაჯულების ადმინისტრირების მიზანს ემსახურება კერძოდ, სასამართლო სისტემის საქმიანობის პროცესის დაფინანსებასა და აშკარად უსაფუძვლო, არასერიოზული სასარჩელო განცხადებებისაგან დაცვას. კონვენციის მე-6 მუხლი ყველას ანიჭებს უფლებას თავისი სამოქალაქო უფლებებსა და ვალდებულებებთან დაკავშირებული ნებისმიერი დავა სასამართლომდე მიიტანოს. ამ თვალსაზრისით, აღნიშნული მუხლი ადგენს „სასამართლოს უფლებას“, რომლის მხოლოდ ერთი ასპექტია სასამართლოს ხელმისაწვდომობა. სამართლიანი სასამართლოს უფლება არ არის აბსოლუტური, იგი შეიძლება შეიზღუდოს, რადგანაც ხელმისაწვდომობის უფლება, თავისი ბუნებიდან გამომდინარე, სახელმწიფოს მიერ მოწესრიგებას მოითხოვს (KREUZ v. POLAND).
საყურადღებოა, შპს „...“ ისარგებლა სასამართლოსთვის მიმართვის უფლებით და თბილისის საქალაქო სასამართლომ განიხილა შპს „...“ სარჩელი, რომელიც არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
საკასაციო პალატა მიუთითებს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხოლოდ მხარეთა თხოვნით.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლზე, რომლის მიხედვითაც, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
მოცემულ შემთხვევაში, სადავო არ არის, რომ შპს „...“ ხარვეზი სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში არ გამოუსწორებია და არც ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელება მოუთხოვია, შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი განუხლველად მართებულად იქნა დატოვებული.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „...“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 13 სექტემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე