საქმე # 130310016001461942
Nბს-1122-1116 (კს-17) 9 იანვარი, 2018 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - სსიპ შემოსავლების სამსახური
მოწინააღმდეგე მხარეები - შპს „მ...“; შპს „ს...“; შპს „თ...“; ნ. გ-ი; ლ. ღ-ე; თ. ც-ე; დ. ტ-ე; ს. ბ-ე; რ. ტ-ი
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 15 ივნისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი - ცრუმაგიერ პირებად აღიარება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2016 წლის 08 აგვისტოს ხაშურის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურმა, მოპასუხეების - შპს „მ...“, შპს „ს...“, შპს „თ...“, ნ. გ-ის, ლ. ღ-ის, თ. ც-ის, დ. ტ-ის, ს. ბ-ის, რ. ტ-ის მიმართ ერთმანეთის ცრუნაგიერ პირებად აღიარების მოთხოვნით.
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილებით სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხეები - შპს ,,ს ...”, შპს ,,თ ...”, ნ. გ-ი, ლ. ღ-ე, თ. ც-ე, შპს ,,მ ...”, დ. ტ-ე ცნობილ იქნენ ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად; სარჩელი ს. ბ-ისა და რ. ტ-ის მიმართ მოპასუხეებთან ერთად მათი ცრუმაგიერ პირებად ცნობის მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს შპს ,,ს ...”, შპს ,,თ ...”, ნ. გ-მა, ლ. ღ-ემ, თ. ც-ემ, შპს ,,მ ...”, დ. ტ-ემ და მოითხოვეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. სააპელაციო საჩივარი წარადგინა ასევე სსიპ შემოსავლების სამსახურმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 15 ივნისის განჩინებით შპს „მ...“, დ. ტ-ის, შპს „ს...“, შპს „თ...“, ნ. გ-ის, ლ. ღ-ისა და თ. ც-ის სააპელაციო საჩივრები მიღებული იქნა განსახილველად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 15 ივნისის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქმეში არსებული შეტყობინების მიხედვით, ხაშურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილება სსიპ შემოსავლების სამსახურს ჩაჰბარდა 2017 წლის 4 მაისს (ს.ფ. 185). სააპელაციო საჩივარი კი ხაშურის რაიონულ სასამართლოში წარდგენილ იქნა 2017 წლის 19 მაისს, ვინაიდან სსიპ შემოსავლების სამსახურს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ჩაჰბარდა 2017 წლის 4 მაისს, მისთვის გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყო 2017 წლის 5 მაისს და ამოიწურა 2017 წლის 18 მაისს, 24 საათზე, შესაბამისად, 2017 წლის 19 მაისს შეტანილი სააპელაციო საჩივარი ითვლება გასაჩივრების ვადის დარღვევით შეტანილ სააპელაციო საჩივრად, რაც მისი განუხილველად დატოვების საფუძველია.
სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 15 ივნისის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა. კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე და განმარტავს, რომ სააპელაციო საჩივარი საქართველოს ფოსტას ჩაჰბარდა გასაჩივრების ვადის უკანასკნელ დღეს, 2017 წლის 18 მაისს 16:38 წუთზე, რასაც ადასტურებს კერძო საჩივარზე დართული მტკიცებულება - საფოსტო უკუგზავნილი, შესაბამისად, არ არსებობდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, კერძო საჩივრის განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საკასაციო სასამართლო ეთანხმება კერძო საჩივრის ავტორს, რომ სააპელაციო საჩივარი კანონით დადგენილ ვადაშია შეტანილი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამევე კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.
ამავე კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი, ხოლო 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.
განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით ირკვევა, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება 2017 წლის 4 მაისს ჩაჰბარდა, შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის დენა 5 მაისიდან დაიწყო და 18 მაისს ამოიწურა.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ სააპელაციო საჩივრისათვის დადგენილი ვადა გასულად ითვლება, რადგან გზავნილი ხაშურის რაიონულ სასამართლოს ჩაჰბარდა გასაჩივრებისათვის დადგენილ ვადის ამოწურვიდან მეორე დღეს და მიუთითებს, რომ სასამართლომ განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების მიღებამდე, უნდა შეამოწმოს არა მხოლოდ სააპელაციო საჩივრის სასამართლოში დარეგისტრირების თარიღი, არამედ ფოსტით მიღებული გზავნილის შემთხვევაში, ასევე უნდა შემოწმდეს სააპელაციო საჩივრის ფოსტისათვის ჩაბარების თარიღი.
საქმის მასალები ადასტურებს, რომ ხაშურის რაიონულ სასამართლოში წარდგენილ სააპელაციო საჩივრის N 21-04/72206 მიმართვაზე, სასამართლოს მოხელის მიერ გაკეთდა აღნიშვნა (სარეგისტრაციო ბეჭედზე) სააპელაციო საჩივრის მიღების თარიღისა და რაოდენობის შესახებ, საიდანაც ირკვევა, რომ 2017 წლის 19 მაისს 11:35 საათზე, ხაშურის რაიონულ სასამართლოში წარდგენილ იქნა სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი 13 ფურცლად, 12 ეგზემპლარად, 1 cd დისკით და 1 ფურცლად კონვერტი, შესაბამისად, დგინდება, რომ გზავნილი რაიონული სასამართლოს მიერ მიღებულია ფოსტის მეშვეობით.
გარდა ამისა, კერძო საჩივარს ერთვის საფოსტო უკუგზავნილი, საიდანაც დასტურდება, რომ N21/04/72206 მიმართვით გაგზავნილი სააპელაციო საჩივარი შპს „...“ გადაეცა 2017 წლის 18 მაისს 16:38 საათზე და კურიერმა აღნიშნული გზავნილი ხაშურის რაიონულ სასამართლოში წარადგინა 2017 წლის 19 მაისს, 11:36 საათზე.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო უტყუარად დადასტურებულად მიიჩნევს, რომ გზავნილი ფოსტას საპროცესო ვადის ამოწურვამდე გადაეცა, ამდენად, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი არ არსებობდა. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს, თუმცა სააპელაციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე, 420-ე, მე-60, 61-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ შემოსავლების სამსახურის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 15 ივნისის განჩინება და საქმე სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ეტაპიდან ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე