Facebook Twitter

საქმე # 330310016001470332

საქმე Nბს-37-37(კ-18) 13 თებერვალი, 2018 წელი

ქ.თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავჯდომარე, მომხსენებელი)

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - გ. ქ-ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი (მოპასუხე)

მესამე პირი - დ. ქ-ი

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 20 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

გ. ქ-მა 2016 წლის 15 აგვისტოს სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე - სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის და მესამე პირის - დ. ქ-ის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში აკადემიური და სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის საკონკურსო კომისიის 2016 წლის 13 ივლისის №10 სხდომის ოქმის ბათილად ცნობა, 2016 წლის 15 ივლისის №11 სხდომის ოქმის, დ. ქ-ის რეკომენდების შესახებ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების ნაწილში, ბათილად ცნობა და სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისათვის დავალება გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში აკადემიური და სამეცნიერო თანამდებობის - ... დეპარტამენტის პროფესორის ერთი ადგილის დასაკავებლად კონკურსის ჩატარების შესახებ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 3 მაისის გადაწყვეტილებით, სარჩელი არ დაკმაყოფილდა, იმ საფუძვლით, რომ ადგილი არ ჰქონდა „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 3 სექტემბრის №124/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წესდებით” დადგენილი მოთხოვნების დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამებოდა მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდიოდა მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ კანონიერად იქნა მიჩნეული სადავო გადაწყვეტილებები, სასამართლომ ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისთვის აქტის გამოცემის დავალების თაობაზე.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ქ-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით გ. ქ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 3 მაისის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 20 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გ. ქ-მა. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორი მიუთითებს, რომ სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სამეცნიერო და აკადემიური თანამდებობის - ... დეპარტამენტის პროფესორის ადგილის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსი, ჩატარდა გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების დარღვევით. მოცემული პრინციპები განმტკიცებულია "უმაღლესი განათლების შესახებ" კანონის 34-ე მუხლის 1-ლი პუნქტით და განათლების მინისტრის 2013 წლის 3 სექტემბრის #124/ნ ბრძანებიით.

კასატორის მითითებით, მის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით, ცალსახად ირკვეოდა, რომ დ. ქ-ის მიერ წარდგენილი საკონკურსო დოკუმენტები შესწორებული იყო ხელით, შესაბამისად სააპელაციო სასამართლოს უნდა შეეფასებინა კორექტირება რამდენად შეესაბამებოდა კონკურსის ჩატარების წესს, იმის გათვალისწინებით, რომ შესწორება თარიღისა და უფლებამოსილი პირის მითითების გარეშეა განხორციელებული და შეუძლებელია გარკვევა, კომისიას ჰქონდა თუ არა შესაძლებლობა, რედაქტირებული მონაცემები შეემოწმებინა და ამ მონაცემების სისწორის დადგენის შემდგომ ემსჯელა კონკურსანტებზე.

კასატორი მიიჩნევს, რომ სადავო აქტების კანონიერების გამომრიცხველი მტკიცებულებები არ იქნა შეფასებული, სააპელაციო სასამართლომ იგნორირებულად დატოვა ყველა წერილობითი დოკუმენტი, რომელიც სათანადო მტკიცებულებებთან ერთად წარმოადგენდა სადავო აქტების ბათილობის საფუძველს, სააპელაციო სასამართლოს განჩინება არის დაუსაბუთებელი, რითაც ირღვევა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული ფუნდამენტური უფლება - სამართლიანი სასამართლოს უფლება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 18 იანვრის განჩინებით გ. ქ-ის საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. ქ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, იმასთან დაკავშირებით, რომ საკონკურსო კომისიის შექმნისა და საკითხის კენჭისყრის საფუძველზე მიღების ნორმატიულ დონეზე გაწერილი სავალდებულობა ემსახურება ერთადერთ მიზანს, სამართლიანი კონკურენციის პირობებში მოხდეს ერთ-ერთი კანდიდატის დანარჩენებისაგან გამორჩევა, რა დროსაც საკონკურსო კომისია სარგებლობს ფართო დისკრეციით და სასამართლო არ არის უფლებამოსილი გადაამოწმოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიზანშეწონილობა. სასამართლო უფლებამოსილია განსაზღვროს, არის თუ არა შეცდომა დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენებაში, შეამოწმოს, რამდენად დასაბუთებულია ამ უფლებამოსილების გამოყენება, ხომ არ არის დარღვეული კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპი. კომისიის თითოეული წევრის შეფასება კონკურსანტთან მიმართებაში, პროფესიული გამოცდილების, კვალიფიკაციისა და კომპეტენციის შესაბამისობის მიხედვით, მათი სხვა აქტივობების, მიღწევების, დამსახურებისა და რეპუტაციის გათვალისწინებით, განეკუთვნება მხოლოდ კომისიის დისკრეციას.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონი აწესრიგებს საქართველოში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო და სამეცნიერო - კვლევითი საქმიანობის განხორციელების პროცესს, უმაღლესი განათლების მართვისა და დაფინანსების პრინციპებსა და წესს, ადგენს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დაფუძნების, საქმიანობის, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის წესს, ასევე ავტორიზაციისა და აკრედიტაციის პრინციპებს.

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, აკადემიური თანამდებობის დაკავება შეიძლება მხოლოდ ღია კონკურსის წესით, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპებს. ამავე კანონის 34-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების მიხედვით, კონკურსის ჩატარების თარიღი და პირობები ქვეყნდება საქართველოს კანონმდებლობით და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით დადგენილი წესით, საბუთების მიღებამდე არანაკლებ 1 თვით ადრე. კონკურსის ჩატარების წესი კი, განისაზღვრება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით.

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს 2015 წლის 27 აპრილის №23/6 დადგენილებით დამტკიცდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში აკადემიური და სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის ჩატარების წესი და საკონკურსო კომისიის მუშაობის რეგლამენტი.

დადგენილია და დავას არ იწვევს, რომ ... დეპარტამენტის პროფესორის თანამდებობაზე კომისიის მიერ განხილული ორივე კანდიდატი როგორც კასატორი - გ. ქ-ი, ასევე დ. ქ-ი გამოირჩევა უმაღლესი კვალიფიკაციით, სამედიცინო საზოგადოებაში მაღალი ცნობადობით და მათი პირადი თუ პროფესიული მახასიათებლები სრულ შესაბამისობაშია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური თანამდებობის დაკავებისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებთან და კანონით დადგენილ კრიტერიუმებთან, შესაბამისად კენჭისყრის შედეგად საკონკურსო კომისიის მიერ ხმათა უმრავლეობით უპირატესობა მიენიჭა დ. ქ-ს, კომისიის თითოეული წევრის მიერ მიღებული დადებითი ან უარყოფითი გადაწყვეტილების მიზანშეწონილობის საკითხის შემოწმება კი სცდება სასამართლო კონტროლის ფარგლებს.

საკასაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ სადავო არ არის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილება საკონკურსო კომისიის წევრთა შემადგენლობის დამტკიცების თაობაზე, ისევე როგორც ეჭვქვეშ არ დგება კომისიის წევრთა კვალიფიკაცია, მათი აკადემიური ხარისხი და სპეციალიზაცია, რაც გამორიცხავს კასატორის პრეტენზისს გაზიარების შესაძლებლობას, კონკურსის თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პირობების დარღვევასთან დაკავშირებით.

სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს 2015 წლის 27 აპრილის №23/6 დადგენილებით დამტკიცებული თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში აკადემიური და სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის ჩატარების წესი და საკონკურსო კომისიის მუშაობის რეგლამენტის მე-2 მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, კონკურსანტია პასუხისმგებელი წარდგენილი დოკუმენტებისა და ინფორმაციის სისწორესა და ნამდვილობაზე, მის მიერ წარმოდგენილი მონაცემების გადამოწმებისას უზუსტობის ან შეუსაბამობის გამოვლენის შემთხვევაში იგი მოიხსნება კონკურსიდან. დადგენილია, რომ საკონკურსო კომისიამ გადაამოწმა და შეაფასა კონკურსში მონაწილე კანდიდატების მონაცემები მათი კლინიკური და სამეცნიერო მიღწევების და აქტივობების შესახებ და რაიმე სახის უზუსტობა ან შეუსაბამობა არ დაუდგენია. იმ პირობებში როდესაც სადავო არ არის დ. ქ-ის პროფესიული მახასიათებლების შესაბამისობა აკადემიური თანამდებობის დაკავებისათვის კანონით დადგენილ კრიტერიუმებთან, კასატორის მითითება კონკურსანტის მიერ რედაქტირებული მონაცემების წარდგენასთან დაკავშირებით, უსაფუძვლოა და სააპელაციო პალატის მიერ ამ საკითხთან დაკავშირებით ამომურავად და დასაბუთებულად იქნა ნამსჯელი.

კონკრეტულ შემთხვევაში, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ. ქ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 20 ოქტომბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე