Facebook Twitter

საქმე # 330310115001002771

საქმე Nბს-679-675(კ-17) 17 ოქტომბერი, 2017 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავჯდომარე, მომხსენებელი)

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „...“ (მოსარჩელე)

მესამე პირი - დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 25 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს „...“ 2015 წლის 9 ივნისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიმართ და მოითხოვა სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 4 ივნისის №454 განკარგულების ბათილად ცნობა, რომლითაც შპს „...“ შავ სიაში დარეგისტრირდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 11 ივნისის განჩინებით, შპს „...“ შუამდგომლობა, გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერების თაობაზე, დაკმაყოფილდა, შეჩერდა სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 4 ივნისის N454 განკარგულების მოქმედება, მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე ან სასარჩელო წარმოების სხვაგვარად დასრულებამდე.

2015 წლის 10 დეკემბრის განჩინებით განსახილველ საქმეზე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე - 16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ჩაბმულ იქნა დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს „...“ სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავჯდომარის 2015 წლის 4 ივნისის №454 განკარგულება, შპს „...“ შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ.

აღნიშნული გადაწყევტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 25 აპრილის განჩინებით, სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 25 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, სააგენტოში წარმოდგენილი და სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ 2014 წლის 3 დეკემბერს, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ გამოცხადდა ელექტონული ტენდერი (SPA...) „სამშენებლო სამუშაოების“ სახელმწიფო შესყიდვების მიზნით. გამარჯვებულად გამოცხადდა შპს „...“. 2015 წლის 14 იანვარს დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და შპს „...“ შორის დაიდო №9 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელეშეკრულება. ხელშეკრულების მიხედვით, სამუშაოები უნდა დასრულებულიყო 2015 წლის 16 მარტს. მიმწოდებელმა ვერ უზრუნველყო სამუშაოების დასრულება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში. 2015 წლის 2 აპრილს შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ, გაგზავნილ წერილში შპს „...“ გაფრთხილებულ იქნა მოსალოდნეილი შედეგების შესახებ. საერთო ჯამში, შესრულებულ იქნა ხელშეკრულების მხოლოდ 14%. დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2015 წლის 27 აპრილის №328 ბრძანებით ასევე დასტურდება, რომ შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ არ იქნა შესრულებული ხელშეკრულებით გათვალსიწინებული ვალდებულბები. ამასთან, შპს „...“ SPA... ელექტრონულ ტენდერში ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო 2014 წლის 13 თებერვალს მიეცა გაფრთხილება. რაც ადასტურებს იმ ფაქტს, რომ წლის განმავლობაში სახეზე იყო შპს „...“ მიერ ორ დამოუკიდებელ ტენდერში ხელშეკრულებებით გათვალისიწნებული ვალდებულებების შეუსრულებლობის ფაქტი, შესაბამისად, სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო უფლებამოსილი იყო არსებული დოკუმენტაციისა და ინფორმაციის შესწავლის შედეგად შპს „...“ დაერეგისტრირებინა შავ სიაში და არ არსებობდა მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირებაზე უარის თქმის ან გაფრთხილების საფუძველი.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავჯომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული "გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის" 24-ე მუხლის მე-6 პუნქტი, კერძოდ სასამართლომ განმარტა ნორმის შინაარსი იმგვარად, რომლის ინტერპრეტაციას იმ დროს მოქმედი სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობა არ ითვალისწინებდა, ზემოაღნიშნული მუხლი სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ანიჭებდა უფლებამოსილებას და არა ვალდებულება, დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეჩერების თაობაზე მიეღო გადაწყვეტილება, დაინტერესებული დასაბუთებული წერილობითი მიმართვის საფუძველზე.

კასატორი აღნიშნავს, რომ სსიპ სახელმწიფო სააგენტომ იმ გარემოების გათვალისიწნებით, რომ მან მიიღო ერთხელ უკვე საქმის წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება, იგივე ფაქტი განმეორდა სხვა ორგანიზაციის მიერ გამოცხადებულ ტენდერის საფუძველზე დადებულ ხელშეკრულებაში, სააგენტომ სწორედ სახელმწიფოებრივი ინტერესების გათვალიწინებით არ შეაჩერა წარმოება, რისი უფლება ჰქონდა.

კასატორი განმარტავს, რომ აღნიშნულ შემთხვევაში ჩანაწერი წარმოადგენდა სააგენტოს დისკრეციულ უფლებამოსილებას და არა ავლდებულებას რაც საქმის განხილვის დროს არ იქნა შეფასებული სასამართლოს მხრიდან. სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა ფაქტობრივ გარემოებებზე და მის მიზეზ შედეგობრივ კავშირზე, რის საფუძველზეც მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც არ შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 20 ივლისის განჩინებით სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით.

კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს. ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

საკასაციო პალატა მართებულად მიიჩნევს, სასამართლოს განმარტებას, იმასთან დაკავშირებით, რომ როდესაც შპს „...“ სასარჩელო წარმოების წესით სადაოდ ჰქონდა გამხდარი დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და შპს „...“ შორის SPA ... ელექტრონული ტენდერის ჩატარების შედეგად 2015 წლის 14 იანვარს გაფორმებული №9 სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულების საკითხი, მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა ეხელმძღვანელა კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით და გადაწყვეტილება მიეღო იმგვარად, რომ არ შელახულიყო პირის კანონით გარანტირებული უფლებები. ასეთ შემთხვევაში უნდა ეხელმძღვანელა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული ,,გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის’’ 24-ე მუხლის მე-6 პუნქტით და შეეჩერებინა დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2015 წლის 29 აპრილის №306 წერილის საფუძველზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება შპს „...“ შავ სიაში დარეგისტრირებასთან დაკავშირებით მოცემულ საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის ან სასარჩელო წარმოების სხვაგვარად დასრულებამდე.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ინფორმირებულობა, 2015 წლის 14 იანვრის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების გამო, მხარეთა შორის მიმდინარე დავის შესახებ, ქმნიდა საფუძველს, შეჩერებულიყო ადმინისტრაციული წარმოება, რაც არ განხორციელდა, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც შავ სიაში რეგისტრაცია იწვევს გარკვეული უფლებების შეზღუდვას და შესაძლოა პირისთვის გამოუსწორებელი ზიანის მომტანი აღმოჩნდეს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 25 აპრილის განჩინება;

3. კასატორს - სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს (ს/ნ 204428510) დაუბრუნდეს 06.07.2017წ. №01894 საგადახდო დავალებით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 - (სამასი) ლარის, 70% - 210 (ორას ათი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე