საქმე # 120310016001252163
საქმე Nბს-688-684(კ-17) 17 ოქტომბერი, 2017 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავჯდომარე, მომხსენებელი)
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - ი. ხ-ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისი (მოპასუხე)
მესამე პირი - ხ. ხ-ი
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 13 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2016 წლის 18 თებერვალს ი. ხ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა ახალციხის რაიონულ სასამართლოს მოპასუხის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისის, მესამე პირის - ხ. ხ-ის მიმართ და მოითხოვა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 29 დეკემბრის N ... რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, რომლითაც ხ. ხ-ის სახელზე საკუთრების უფლებით დარეგისტრირდა, ბორჯომის რაიონში, სოფელ ... 3662 კვ. მ სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა ნაგებობა N1.
მოსარჩელის განმარტებით, ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთით მუდმივად სარგებლობდა თვითონ.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 3 ივნისის გადაწყვეტილებით ი. ხ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი 2000 წლის 08 სექტემბრის მიწის (უძრავი ქონების) სააღრიცხვო ბარათის საფუძველზე, საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ უ. ხ-ის ოჯახის საკუთრებაში პირველადი რეგისტრაციით 2000 წლის 08 სექტემბერს რეგისტრირებულ იქნა 3661.93 კვ.მიწის ნაკვეთი, მდებარე ბორჯომის რაიონში, სოფელ ..., საკადასტრო კოდი ..., ნაკვეთის - N006, განაცხადის რეგისტრაციის ნომერი - N16024/00, რეგისტრაციის საფუძვლად მითითებულია საგადასახადო სია, ამის შემდეგ 2008 წლის 27 ივნისს გაცემულ იქნა სამკვიდრო მოწმობა, რომლის თანახმად, ხ. ხ-მა, როგორც პირველი რიგის მემკვიდრემ, მიიღო 2004 წლის 25 ივნისს გარდაცვლილი მამის - უ. ხ-ოვის სამკვიდრო ქონება, რის შემდეგაც ხ. ხ-მა განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა მემკვიდრეობის საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე, მდებარე: ბორჯომის რაიონი, სოფელი ... (ზონა: ბორჯომი, სექტორი - ...). საჯარო რეესტრის ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 29 დეკემბრის N... გადაწყვეტილებით სარეგისტრაციოდ წარდგენილი განაცხადი დაკმაყოფილდა.
ახალციხის რაიონულმა სასამართლომ 2016 წლის 3 ივნისის გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ განხორციელებული ქმედება სრულად შეესაბამება როგორც ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის მოთხოვნებს, ასევე ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ ინსტრუქციას.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. ხ-მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 13 აპრილის განჩინებით ი. ხ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 3 ივნისის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 13 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი. ხ-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, სასამართლომ არ იმოქმედა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლებით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში და საკითხი გამოიკვლია ზედაპირულად, კერძოდ, სადავო არ არის საკუთრების მოწმობის კანონიერება, თუმცა მიწის ფართი არ მდებარეობდა იმ ადგილას, სადაც შესრულებულ იქნა აზომვითი ნახაზი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 4 აგვისტოს განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი. ხ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვეტეს მოცემული დავა.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლზე და განმარტავს, რომ საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.
საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების დასკვნას იმასთან დაკავშირებით, რომ ხ. ხ-ი სსიპ საჯარო რეესტრის ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 29 დეკემბრის N... გადაწყვეტილებით, მამის - უ. ხ-ოვის სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე აღირიცხა მესაკუთრედ და მოახდინა საკუთრების უფლების რეალიზება, რომელიც არ შეიძლება შეიზღუდოს ი. ხ-ის სუბიექტური ნებით, მით უფრო, რომ ი. ხ-მა მის საკუთრებაში არსებული 3000 კვ.მ მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის შემდეგ ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე 2015 წლის 26 ივნისს მიმართა კომისიას და ითხოვა საკუთრების უფლებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ, თვითნებურად დაკავებული, სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების 2997 კვ.მ მიწის ნაკვეთის, საკუთრებად აღიარება, თუმცა კომისიის მიერ მიღებული 2015 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილებით ი. ხ-ის მიერ სადავო მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი ფლობის ფაქტი ვერ იქნა დადასტურებული. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიუთითა, რომ თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი აღიარებას ექვემდებარება მხოლოდ მაშინ, თუ იგი იმყოფება სახელმწიფო საკუთრებაში. მოცემულ შემთხვევაში კი სადავო მიწის ნაკვეთი პირველადი რეგისტრაციის საფუძველზე ჯერ იმყოფებოდა აწ გარდაცვლილ უ. ხ-ოვის საკუთრებაში, ხოლო შემდეგ ეს მიწის ნაკვეთი მემკვიდრეობით მიიღო მისმა შვილმა - ხ. ხ-მა.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლების დარღვევასთან დაკავშირებით და მიუთითებს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ინდივიდუალურ - ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისთვის, გარდა მისი კანონსაწინააღმდეგო ხასიათისა, ამავდროულად უნდა არსებობდეს მოსარჩელის მიმართ კანონიერი ინტერესის ამ აქტით გამოწვეული შეზღუდვა, რაც მოცემულ საქმეზე ვერ იქნა დადასტურებული.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი. ხ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 13 აპრილის განჩინება;
3. კასატორს - ი. ხ-ს (პ/ნ...) დაუბრუნდეს 31.07.2017წ. №1 საგადახდო დავალებით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 (სამასი) ლარის, 70% - 210 (ორას ათი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე