Facebook Twitter

საქმე #330310015001075622

#ბს-837-833(კ-17) 7 დეკემბერი, 2017 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა რ. ლ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 28 ივნისის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2015 წლის 26 აგვისტოს რ. ლ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს მთავარი პროკურატურის მიმართ.

მოსარჩელემ მისი დათხოვნის შესახებ საქართველოს მთავარი პროკურორის 2015 წლის 3 აგვისტოს #18 ბრძანების ბათილად ცნობა, საქართველოს მთავარი პროკურატურისთვის მისი ... რაიონული პროკურორის თანამდებობაზე აღდგენის დავალება და მოპასუხისთვის მისთვის გადაწყვეტილების აღსრულებამდე იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილებით რ. ლ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა რ. ლ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 28 ივნისის განჩინებით რ. ლ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 28 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა რ. ლ-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორის მითითებით, სასამართლოებმა ყურადღება არ მიაქციეს იმ გარემოებას, რომ არც ერთი მტკიცებულებით არ დასტურდება კასატორის მიერ სისხლის სამართლის საქმეების წარმოებისას რაიმე საჩუქრის მიღების ფაქტი, არამედ მოწმეების ჩვენებით დადასტურებულია, რომ მოწინააღმდეგის წარმომადგენლები უკანონოდ ფსიქიკური და ფიზიკური ძალადობითაც ცდილობდნენ მათ იძულებას, რათა კასატორის წინააღმდეგ მიეცათ საჩუქრების მიღებისა და ქრთამის აღების მამხილებელი ჩვენებები. სასამართლომ არ გამოიკვლია და არ იმსჯელა, რომ ყველა მტკიცებულება, რომელიც მოპოვებულია კასატორის წინააღმდეგ პროკურატურას მიღებული აქვს იმ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც დაწყებულია ფარული საგამოძიებო და ოპერატიულ სამძებრო ღონისძიებათა შედეგად, რომლებიც სასამართლოს მიერ უკანონოდ არის ცნობილი.

კასატორის მოსაზრებით, გასაჩივრებული აქტი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლს, ევროპის სოციალურ ქარტიას, პროკურატურის შესახებ კანონს და ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსს. სასამართლოებმა არ გაითვალისწინეს ის ფაქტი, რომ პროკურატურის მუშაკი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის პასუხს აგებს საერთო წესის მიხედვით.

კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლოებმა ასევე არ გაითვალისწინეს ის გარემოება, რომ ამა თუ იმ პირის მიერ ქრთამისა თუ კანონით აკრძალული საჩუქრის მიღება დადასტურებული უნდა იყოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით და არა რომელიმე უწყების დასკვნით. მითუმეტეს მაშინ, როდესაც მისი დათხოვნის ბრძანებას საფუძვლად დაედო გენერალური ინსპექციის დასკვნაში ავტორების მხოლოდ ლიტონი მოსაზრებით განვითარებული აზრი, რომ თითქოსდა კასატორი უკანონოდ იღებდა საჩუქრებს სისხლის სამართლის საქმეებზე შეღავათისათვის.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 29 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული რ. ლ-ის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ რ. ლ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტის მიხედვით, პროკურატურის მუშაკი პროკურატურიდან შეიძლება დაითხოვონ ფიცის გატეხვისას, პროფესიული საიდუმლოების განჟღავნებისას ან პროკურატურის მუშაკისათვის შეუფერებელი სხვა საქციელის ჩადენისას.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ რ. ლ-ის მიმართ 2015 წლის 27 ივლისს დაიწყო სამსახურეობრივი შემოწმება, რა დროსაც დადგინდა, რომ ... რაიონული პროკურატურის პროკურორი რ. ლ-ი 2015 წლის 26 ივლისს, დაახლოებით 02:00 საათზე, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მართავდა ავტომანქანა „ოპელ ასტრას“, სახელმწიფო ნომრით .... ასევე დადგინდა, რომ მოსარჩელემ, მისი საპროცესო ხელმძღვანელობის ქვეშ არსებულ სისხლის სამართლის საქმეებზე შეღავათიანი პირობების გამოყენების უზრუნველსაყოფად, ბრალდებული პირებისაგან მიიღო მცირე ღირებულების საჩუქრები.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად მიუთითეს სადავო სამართალურთიერთობის დროს მოქმედი საქართველოს პროკურატურის მუშაკთა ეთიკის კოდექსის მე-4 მუხლზე, რომელიც ადგენს, რომ პროკურატურის მუშაკს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს, რომ საკუთარი პროფესიის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მას საზოგადოების წინაშე გააჩნია საჯარო მოსამსახურისათვის დამახასიათებელი ეთიკური ვალდებულებები. პროკურატურის მუშაკი უნდა მოქმედებდეს პატიოსნებისა და პასუხისმგებლობის მაღალი სტანდარტებით. იგი თავის საქმიანობაში უნდა ხელმძღვანელობდეს კულტურის, თავაზიანობის, ღირსების, ურთიერთპატივისცემის, ნდობის, მიუკერძოებლობის, სამართლიანობისა და ობიექტურობის პრინციპებით, საყოველთაოდ აღიარებული ეთიკის ნორმებით. პროკურატურის მუშაკი ხელს უნდა უწყობდეს პროკურატურის მიმართ საზოგადოების რწმენისა და ნდობის განმტკიცებას. ამავე კოდექსის მე-19 მუხლის შესაბამისად, პროკურატურის მუშაკი ვალდებულია თავი შეიკავოს ნებისმიერი ქმედების განხორციელებისაგან, რამაც შეიძლება ობიექტურად ეჭვქვეშ დააყენოს მისი დამოუკიდებლობა ან გავლენა იქონიოს მის სამსახურებრივ საქმიანობაზე.

რ. ლ-ი ეჭვქვეშ აყენებს გენერალური ინსპექციის მიერ საქმეზე მოკვლეულ გარემოებებს, ისევე როგორც სადავოდ ხდის სიმთვრალის ფაქტს და მიიჩნევს, რომ მტკიცებულებები შექმნილია ხელოვნურად, რაც მისივე განმარტებით, დადასტურდა პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმეთა მიერ მიცემული ჩვენებების საფუძველზე.

საქმის მასალების მიხედვით, რ. ლ-ის სამართალდამრღვევად ცნობის შესახებ დადგენილება სასამართლოს მიერ დატოვებულია ძალაში, რასაც ენიჭება პრეიუდიციული მნიშვნელობა. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს მიერ გადამოწმდა პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმები, რომლის შესწავლაც არ ადასტურებს გამოკითხული პირების მითითებას პროკურატურის მხრიდან მათზე განხორციელებული ზეწოლის თაობაზე. სააპელაციო სასამართლომ მართებულად განმარტა, რომ ფაქტის დადასტურებას ენიჭება როგორც საპროცესო-სამართლებრივი, ისე მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობა, ფაქტის დაუმტკიცებლობის პირობებში არახელსაყრელი შედეგი ეკისრება იმ მხარეს, რომელმაც ვერ შეძლო ამ ფაქტის დადასტურება. იმ პირობებში, როდესაც რ. ლ-ი ვერ ადასტურებს კონკრეტული გადაცდომის არარსებობის ფაქტს, ვერ აქარწყლებს საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებებს, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას აღიაროს დამდგარი შედეგის - სამსახურიდან გათავისუფლების - არამართლზომიერება. შესაბამისად, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მართელბულად მიიჩნიეს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საქართველოს მთავარი პროკურორის 2015 წლის 3 აგვისტოს #18 ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველი.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. რ. ლ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 28 ივნისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი