Facebook Twitter

საქმე №330310016001323737

№ბს-843-839(კ-17) 7 დეკემბერი, 2017 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ვაკის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 6 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2016 წლის 19 აპრილს თ. ი-ი-ო-მა და ნ. ა-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ვაკის რაიონის გამგეობის მიმართ.

მოსარჩელეებმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ვაკის რაიონის გამგეობის 2016 წლის 22 მარტის №43 ბრძანებისა და 2016 წლის 22 მარტის №44 ბრძანების ბათილად ცნობა, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ვაკის რაიონის გამგეობისათვის თ. ი-ი-ო-ისა და ნ. ა-ის სამსახურში დაუყოვნებლივ აღდგენის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის დავალება და მოპასუხისთვის თ. ი-ი-ო-ისათვის ყოველთვიურად იძულებით განაცდური ხელფასის - 1600 ლარისა და ნ. ა-ისათვის იძულებით განაცდური ხელფასის - 1300 ლარის, ასევე საკლასო ჩინისათვის გათვალისწინებული მიუღებელი ხელფასის დანამატის - ყოველთვიურად 455 ლარის განთავისუფლების დღიდან თანამდებობაზე აღდგენამდე სრულად და თ. ი-ი-ო-ისა და ნ. ა-ის სასარგებლოდ ანგარიშსწორების დაყოვნებული თანხის 0,07%-ის დაყოვნებული თანხის სრულად გადახდამდე ანაზღაურების დაკისრება მოითხოვეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 1 ივნისის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახური.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილებით თ. ი-ი-ო-ისა და ნ. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ვაკის რაიონის გამგეობის 2016 წლის 22 მარტის №43 ბრძანება თ. ი-ი-ო-ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ და მოპასუხეს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ კანონით დადგენილ ვადაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ვაკის რაიონის გამგეობის 2016 წლის 22 მარტის №44 ბრძანება ნ. ა-ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ და მოპასუხეს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ კანონით დადგენილ ვადაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა; თ. ი-ი-ო-ის სარჩელი სამსახურში დაუყოვნებლივ აღდგენის, იძულებით განაცდური ხელფასის ანაზღაურებისა და სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის დაყოვნებული თანხის 0,07%-ის გადახდის დავალების ნაწილში არ დაკმაყოფილდა; ნ. ა-ის სარჩელი სამსახურში დაუყოვნებლივ აღდგენის, იძულებით განაცდური ხელფასის ანაზღაურებისა და სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის დაყოვნებული თანხის 0,07%-ის გადახდის დავალების ნაწილში არ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ვაკის რაიონის გამგეობას მოსარჩელის - თ. ი-ი-ო-ის სასარგებლოდ დაეკისრა წარმომადგენელის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის - 100 ლარის ანაზღაურება; მოპასუხეს - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ვაკის რაიონის გამგეობას მოსარჩელის - ნ. ა-ის სასარგებლოდ დაეკისრა წარმომადგენელის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის - 100 ლარის ანაზღაურება; მოსარჩელეების - თ. ი-ი-ო-ისა და ნ. ა-ის შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს თ. ი-ი-ო-მა და ნ. ა-ემ, რომელთაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ასევე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ვაკის რაიონის გამგეობამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 6 აპრილის გადაწყვეტილებით თ. ი-ი-ო-ისა და ნ. ა-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ვაკის რაიონის გამგეობის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც თ. ი-ი-ო-ისა და ნ. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ვაკის რაიონის გამგეობის 2016 წლის 22 მარტის №43 ბრძანება თ. ი-ი-ო-ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ვაკის რაიონის გამგეობის 2016 წლის 22 მარტის №44 ბრძანება ნ. ა-ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ; თ. ი-ი-ო-ი და ნ. ა-ე აღდგენილ იქნენ მათ მიერ დაკავებულ თანამდებობაზე; ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ვაკის რაიონის გამგეობას დაეკისრა თ. ი-ი-ო-ისათვის იძულებით განაცდური ხელფასის, თანამდებობრივი სარგოს ოდენობით, მისი გათავისუფლების დღიდან თანამდებობაზე აღდგენამდე სრულად ანაზღაურება; ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ვაკის რაიონის გამგეობას დაევალა ნ. ა-ისათვის იძულებით განაცდური ხელფასის - თანმადებობრივი სარგოს ოდენობით, შესაბამისად, საკლასო ჩინისათვის გათვალისწინებული მიუღებელი ხელფასის დანამატის - ყოველთვიურად 455 ლარის ანაზღაურება, მისი გათავისუფლების დღიდან თანამდებობაზე აღდგენამდე სრულად; სასარჩელო მოთხოვნა - დაევალოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ვაკის რაიონის გამგეობას თ. ი-ი-ო-ის და ნ. ა-ის სასარგებლოდ ანგარიშსწორების დაყოვნებული თანხის 0,07%-ის გადახდა, დაყოვნებული თანხის სრულად გადახდამდე, არ დაკმაყოფილდა; ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ვაკის რაიონის გამგეობას მოსარჩელის - თ. ი-ი-ო-ის სასარგებლოდ დაეკისრა წარმომადგენელის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის - 100 ლარის ანაზღაურება; ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ვაკის რაიონის გამგეობას მოსარჩელის - ნ. ა-ის სასარგებლოდ დაეკისრა წარმომადგენელის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის - 100 ლარის ანაზღაურება; ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ვაკის რაიონის გამგეობას ნ. ა-ის სასარგებლოდ დაეკისრა სასამართლოს გარეშე პროცესის ხარჯის - 50 ლარის ანაზღაურება; ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ვაკის რაიონის გამგეობას თ. ი-ი-ო-ის სასარგებლოდ დაეკისრა სასამართლოს გარეშე პროცესის ხარჯის - 50 ლარის ანაზღაურება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 6 აპრილის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ვაკის რაიონის გამგეობამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლო სრულიად დაუსაბუთებლად განმარტავს, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემისას დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების პირობები დაუსაბუთებელია. ასევე, კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლო სრულიად დაუსაბუთებელად და გაუგებარ გარემოებებზე დაყრდნობით მივიდა იმ გადაწყვეტილებამდე, რომ მოხელეთა განთავისუფლების შესახებ გამოცემულ ბრძანებებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები არ წარმოადგენს მათი მხრიდან ჩადენილ არათუ უხეშ დარღვევას, არამედ საერთოდ დარღვევას. კასატორის განმარტებით, მოხელეთა მიერ სამსახურებრივ უფლება-მოვლეობათა დარღვევის მაგალითს წარმოადგენდა გამგეობაში დასაქმებული პირების პირად საქმეებში არსებული დოკუმენტაციის შეუსაბამობა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველ პუნქტთან. აღნიშნული გამოიხატებოდა იმაში, რომ 5 პირს წარმოდგენილი არ ჰქონდა სამედიცინო დასკვნა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ერთს - ცნობა ნასამართლობის შესახებ, ხოლო 31 პირს წარმოდგენილი ჰქონდა ცნობა ნარკოლოგიურ აღრიცხვაზე არყოფნის თაობაზე, ნაცვლად სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების ცნობისა. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის აპარატის ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას წარმოადგენს ადამიანური რესურსების მართვა და საკადრო უზრუნველყოფა. სასამართლოს მიერ დადასტურებული გარემოებაა, რომ აღნიშნულ საქმიანობას ზედამხედველობას უწევდა მოსარჩელე თ. ი-ი-ო-ი, როგორც აპარატის უფროსი.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების განხილვისას სრულად უგულებელყო სადავო საკითხები, ერთადერთი რაზედაც გაამახვილა ყურადღება, არის ნარკოლოგიური ცნობის შინაარსი, თუმცა არ იმსჯელა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და ნასამართლობის შესახებ ცნობების დანაკლისზე, ასევე რატომ არ წარმოიშვა პასუხისმგებლობის საფუძველი დანარჩენი დოკუმენტების წარმოუდგენლობის მიმართ. კასატორი ასევე დაუსაბუთებლად მიიჩნევს სასამართლოს მითითებას სამედიცინო-ნარკოლოგიურ ცნობასთან დაკავშირებით. კასატორისთვის გაუგებარია ის არგუმენტები და სამართლებრივი საფუძვლები, რაზე დაყრდნობითაც სასამართლომ მიიჩნია, რომ ნარკოლოგიური შემოწმების ცნობებთან მიმართებით არ არსებობს მოსარჩელეების პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი. გაუგებარია სასამართლოს პოზიცია მათი პასუხისმგებლობის საკითხზე ზოგადად მოხელეთა პირადი საქმეების სრულყოფილად წარმოების პროცესთან მიმართებაში და კანონმდებლობით მოთხოვნილი სხვა დოკუმენტაციის პირად საქმეში არარსებობის თაობაზე.

კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-3 პუნქტი. სასამართლოს ასევე არ უმსჯელია სამოქალაქო კოდექსის 122-ე მუხლით დადგენილი ვადების ათვლასთან მიმართებაში. შესაბამისად, საერთოდ არ დაუსაბუთებია როგორ ითვლება თვეებში გამოხატული პერიოდები და ვრცელდება თუ არა მათ მიმართ სამოქალაქო კოდექსის ნორმები, როგორც ანალოგია, რის გამოც, კასატორის მოსაზრებით, ამ ნაწილში სასამართლოს გადაწყვეტილება სრულიად დაუსაბუთებელია.

კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების ერთ-ერთ საფუძვლად მიუთითა ის გარემოება, რომ მან გადაწყვეტილებაში არ იმსჯელა ნ. ა-ის გათავისუფლებისას საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის თაობაზე. კასატორის მითითებით, მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული მითითების მიუხედავად, თავად სააპელაციო სასამართლომ არანაირი განმარტება არ გააკეთა აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებაზე, მაშინ როცა მოპასუხე სადავოდ ხდიდა მოხელის საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის ფაქტს და საქმეში წარმოდგენილი არ ყოფილა ამ საფუძვლით სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერების შესახებ გამგებლის ბრძანება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 29 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ვაკის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ვაკის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეები სადავოდ ხდიან მათი დისციპლინური წესით დასჯისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ვაკის რაიონის გამგეობის 2016 წლის 22 მარტის №43 და №44 ბრძანებებების კანონიერებას, რომელთა სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 78-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, 79-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, 99-ე მუხლის მე-3 პუნქტი და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 18 მარტის დასკვნა.

სადავო სამართალურთიერთობის დროს მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 99-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოხელე შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან ამ კანონით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომისათვის. ამავე მუხლის მე-3 თანახმად, მოხელე შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან დისციპლინური პასუხისმგებლობის მოქმედების გარეშეც, თუ იგი უხეშად დაარღვევს სამსახურებრივ მოვალეობებს. სამსახურებრივი მოვალეობების უხეშ დარღვევას კანონი არ განმარტავს, მაგრამ სამსახურებრივი მოვალეობების უხეშ დარღვევად უნდა იქნეს მიჩნეული ისეთი შემთხვევები, როდესაც დაწესებულებას მნიშვნელოვანი მატერიალური თუ სხვა სახის ზიანი ადგება ან/და ამით მნიშვნელოვნად ეშლება ხელი ადმინისტრაციულ ორგანოს მასზე დაკისრებული მოვალეობის შესრულებაში, მნიშვნელოვნად ილახება მოქალაქეთა უფლებები, სამსახურის პრესტიჟი, დარღვევა გამოიხატება მოხელის მხრიდან მასზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობის შეგნებულ უგულებელყოფაში ან უხეშ დაუდევრობაში და სხვ. დისციპლინური პასუხისმგებლობის უკიდურესი ზომის დაკისრებისას, ადმინისტრაციულმა ორგანომ მკაფიოდ უნდა დაასაბუთოს მისი გამოყენების აუცილებლობა. კონკრეტულ შემთხვევაში, სასკ-ის მე-17 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს ეკისრება მის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერების მტკიცების ტვირთი. მუშაკის პროფესიული ჩვევების შეუსაბამობა დაკავებულ თანამდებობასთან ობიექტური მონაცმებით უნდა დასაბუთდეს, დავის შემთხვევაში ადმინისტრაციულ ორგანოს აკისრია შეუსაბამობის მტკიცების ტვირთი.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 127-ე მუხლის თანახმად ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს წამოადგენს, შესაბამისად, იგი უნდა პასუხობდეს ადმინისტრაციული აქტისადმი წაყენებულ კანონისმიერ მოთხოვნებს. სზაკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, აქტი დასაბუთებული უნდა იყოს. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერება დაკავშირებულია აქტის შინაარსთან, ადმინისტრაციულ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება უნდა შეესაბამებოდეს მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისობაში უნდა იყოს ქვეყანაში მოქმედ საკანონმდებლო აქტებთან. ამასთან, დარღვევისა და გამოყენებული ზომის ადეკვატურობის თვალსაზრისით, ბრძანების დასაბუთების მნიშვნელობა იზრდება პირის „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 99-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე სამსახურიდან დათხოვნისას, რასაც ადგილი აქვს მოცემულ შემთხვევაში. განსახილველ შემთხვევაში არც სადავო აქტების გამოცემის საფუძვლად მითითებულ დასკვნაში და არც სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში არ არის მსჯელობა გამოყენებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ჩადენილი დარღვევების სიმძიმესთან პროპორციულობასა და თანაზომიერებაზე, შესაბამისად, არ არის დასაბუთებული მოცემულ შემთხვევაში, რატომ იქნა მიჩნეული მოსარჩელეების მიერ ჩადენილი ქცევა სამსახურებრივი მოვალეობის უხეშ დარღვევად, რატომ არის მათი ქმედება გამოუსწორებელი იმ პირობებში, როდესაც შესაძლებელია დარღვევის გამოვლენის დროისათვის საჯარო მოსამსახურეებს დაევალოთ სრულყოფილი დოკუმენტაციის წარდგენა, ასევე, კონკრეტულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში შევიდეს შესაბამისი ცვლილებები ან/და დამატებები; ასევე, არ არის დასაბუთებული რატომ დაიცავს პასუხისმგებლობის უკიდურესი ზომის გამოყენება საჯარო და კერძო ინტერესების სწორ ბალანსს; ხოლო საქმის მასალების გაცნობისა და მხარეთა ახსნა-განმარტების მოსმენის შედეგად სასამართლო მართებულად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეების - თ. ი-ი-ო-ისა და ნ. ა-ის მიმართ გამოყენებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა არ შეესაბამება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ პირობებს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ადმინისტრაციული ორგანოს მოსაზრებებს სადავო აქტების კანონიერებასთან დაკავშირებით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ვაკის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 6 აპრილის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი