Facebook Twitter

საქმე #330310016001376915

#ბს-846-842(კ-17) 7 დეკემბერი, 2017 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 4 ივლისის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2016 წლის 30 მაისს ფ. თ-ემ, ლ. თ-ემ და თ. თ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართ.

მოსარჩელეემა მათი 2016 წლის 5 აპრილის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 3 მაისის #04/35147 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის საქმესთან დაკავშირებული ყველა არსებითი გარემოების გამოკვლევის საფუძველზე ლ. თ-ის, ფ. თ-ისა და თ. თ-ის ოჯახის დადგენილი წესით შეფასებისა და სარეიტინგო ქულის განსაზღვრის თავიდან განხორციელების დავალება მოითხოვეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 29 დეკემბრის სხდომაზე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ამოირიცხა მოპასუხეთა წრიდან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილებით ფ. თ-ის, ლ. თ-ისა და თ. თ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 3 მაისის #04/35147 გადაწყვეტილება და მოპასუხეს დაევალა თავიდან განეხორციელებინა ფ. თ-ის, ლ. თ-ისა და თ. თ-ის ოჯახის დადგენილი წესით შეფასება და სარეიტინგო ქულის განსაზღვრა, საქმესთან დაკავშირებული ყველა არსებითი გარემოების გამოკვლევის საფუძველზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 4 ივლისის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივრი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 4 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი საკასაციო საჩივარს აფუძნებდა ძირითადად იმავე გარემოებებზე, რაზეც მიუთითებდა სააპელაციო საჩივარში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 29 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

„ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის #126 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-11 მუხლის მიხედვით, უფლებამოსილი პირი დაკისრებული ფუნქციებისა და უფლება-მოვალეობების ფარგლებში უზრუნველყოფს მაძიებლის ინტერვიუირებას, ადგენს მაძიებლის განაცხადში შეტანილ მონაცემთა სიზუსტეს, ახდენს მაძიებლის ქონებისა და ყოფითი პირობების შესწავლა-შეფასებას დადგენილი წესების შესაბამისად, ახორციელებს მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. ასევე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის #141/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ოჯახის იდენტიფიკაციისა და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის დასადგენად სააგენტოს უფლებამოსილი პირი ახორციელებს ობიექტური და სუბიექტური ინფორმაციის მოპოვებას: ა) ობიექტური ინფორმაცია მიიღება სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ ოჯახის საცხოვრებელი პირობების ვიზუალური დათვალიერებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის შემოწმების შედეგად; ბ) სუბიექტური ინფორმაცია გულისხმობს ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლისაგან ინტერვიუირების შედეგად მიღებულ მონაცემთა ერთობლიობას. ინტერვიუირების პროცესში შესაძლოა მონაწილეობდეს ოჯახის სხვა ინფორმირებული წევრიც.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამოსილმა პირმა ფ., ლ. და თ. თ-ეების ოჯახის დეკლარაციის შედგენა და სარეიტინგო ქულის მინიჭება განახორციელა გამოკითხვის პროცესში ოჯახის წევრის - თ. თ-ის მიერ დადასტურებული იმ ინფორმაციის საფუძველზე, რომელსაც თვით თ. თ-ე ოჯახის დანარჩენ წევრებთან ერთად სადავოდ ხდის, კერძოდ, ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ უძრავი ქონების გაყიდვით მიღებული შემოსავალი მთლიანად გადახდილია ლა. თ-ის ვალის დასაფარად. ამასთან, ოჯახის დეკლარაციის შევსების დროისათვის ლა. თ-ე მოსარჩელეთა ოჯახის წევრს აღარ წარმოადგენდა.

ასევე დადგენილია, რომ 2015 წლის 1 ნოემბრიდან ოჯახს შეუწყდა დახმარება, ვინაიდან მათ „არ აცნობეს სააგენტოს ლეგალური შემოსავლის მიღების შესახებ“, რომელიც მიიღო ლა. თ-ემ.

საქმეში წარმოდგენილი საქართველოს ფინანსთან სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 26 ნოემბრის ცნობის თანახმად დადგენილია, რომ ლა. თ-ის შემოსავალმა 2015 წლის ივნისიდან ოქტომბრის ჩათვლით შეადგინა 7462,5 ლარი, საიდანაც 952,5 ლარი იყო დაკავებული საშემოსავალო გადასახადი. სანოტარო წესით დამოწმებული ხელწერილის თანახმად, ლა. თ-ემ გ. ა-ეს გადაუხადა ვალი 10000 ლარიდან 3800 ლარი. ასევე, უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებებით დგინდება, რომ სამტრედიაში, სოფელ ... მდებარე ორი უძრავი ქონების გაყიდვის შედეგად თ. თ-ემ მიიღო 3500 ლარი, ხოლო კვლავ სანოტარო წესით დამოწმებული ხელწერილის მიხედვით, ლა. თ-ემ გ. ა-ეს გადაუხდა 10000 ლარიდან 3500 ლარი.

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 18 იანვრის #04/3560 გადაწყვეტილებით დგინდება, რომ სააგენტოსათვის ცნობილი იყო ზემოხსენებული გარემოებები და სააგენტომ მოსარჩელეების მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით მიზანშეწონილად მიიჩნია მომხდარიყო ბაზაში თ-ეების ოჯახის ხელახალი რეგისტრაცია, თუმცა, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ, აღნიშნული გადაწყვეტილების შემდგომ, 2016 წლის 3 მარტს, მოხდა ფ., თ. და ლ. თ-ეების ოჯახის დეკლარაციის შევსება, რომელშიც არასრულყოფილად დაფიქსირდა მათი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. აღნიშნულის შედეგად კი მოსარჩელეების ოჯახის სარეიტინგო ქულა განისაზღვრა 115160 ერთეულით.

გადაწყვეტილების მიღებისას გასათვალისწინებელი იყო ის გარემოება, რომ 2015 წლის 19 ივლისს და 2016 წლის 3 მარტს შედგენილი დეკლარაციების ურთიერთშედარების შედეგად შეიცვალა ოჯახის წევრთა ოდენობა - ოჯახის წევრთა სიიდან ამოღებულ იქნა ლა. თ-ე, ოჯახს მფლობელობაში ნაცვლად 106 კვ.მ ფართისა გააჩნდა 36 კვ.მ და ასევე, უძრავი ქონების გაყიდვის შედეგად ოჯახმა მიიღო შემოსავალი 3500 ლარის ოდენობით. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ოჯახის შემადგენლობა შემცირდა 1 წევრით და ასევე, 70 კვ.მ საცხოვრებელი ფართის ნაცვლად დაფიქსირდა შემოსავალი 3500 ლარი, რომელიც ვალში იქნა ერთიანად გადახდილი, გაურკვეველია, რატომ გაიზარდა ოჯახის სარეიტინგო ქულა არსებითად.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებს არ მიეცა სათანადო შეფასება და ისე იქნა მიღებული სადავო 2016 წლის 3 მაისის #04/35147 გადაწყვეტილება, რომლის შედეგად ოჯახის სარეიტინგო ქულა მნიშვნელოვნად გაიზარდა.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 4 ივლისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი