Facebook Twitter

#ბს-858-854(2კ-17) 7 დეკემბერი, 2017 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ნ. შ-ისა და აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2016 წლის 28 აპრილს ნ. შ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და მესამე პირების - მ. დ-ისა და ნ. ნ-ის მიმართ.

მოსარჩელემ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს განათლების დეპარტამენტის ... ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსის შედეგების შეჯამების, გამარჯვებულის გამოვლენის და განათლების დეპარტამენტში კონკურსში გამარჯვებულად გამოვლენილი კონკურსანტების: ნ. ნ-ის და მ. დ-ის კანდიდატურების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს განათლების დეპარტამენტის ... თანამდებობაზე დასანიშნად წარდგენის ნაწილში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2016 წლის 30 მარტის #9 სხდომის ოქმის ბათილად ცნობა, მ. დ-ის და ნ. ნ-ის ნაწილში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2016 წლის 22 მარტის #4 სხდომის ოქმის ბათილად ცნობა, ნ. შ-ის ნაწილში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2016 წლის 23 მარტის #5 სხდომის ოქმის ბათილად ცნობა, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს განათლების დეპარტამენტის ... მოვალეობის შემსრულებლის ნ. შ-ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2016 წლის 13 აპრილის #01-07/8 ბრძანების ბათილად ცნობა, ნ. შ-ისთვის საქმეზე მიღებული კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე იძულებითი განაცდური ხელფასის ანზღაურების დაკისრება, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს განათლების დეპარტამენტის ... თანამდებობაზე მ. დ-ის დანიშვნის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2016 წლის 13 აპრილის #01-07/9 ბრძანების ბათილად ცნობა, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს განათლების დეპარტამენტის ... თანამდებობაზე ნ. ნ-ის დანიშვნის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2016 წლის 13 აპრილის #01-07/11 ბრძანების ბათილად ცნობა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთვის ამავე სამინისტროს განათლების დეპარტამენტის ... ორ ვაკანსიაზე კონკურსის ხელახლა გამოაცხადების დავალება მოითხოვა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნ. შ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. შ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილებით ნ. შ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სამართლოს 2016 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ნ. შ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი აჭარის ა/რ განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროს საკონკურსო საატესტაციო კომისიის 30.04.2016 წლის #9 სხდომის ოქმი სამინისტროს განათლების დეპარტამენტის ... ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის შედეგების შეჯამების, გამარჯვებულის გამოვლენისა და განათლების დეპარტამენტში კონკურსში გამარჯვებულად გამოვლენილი კანდიდატების ნ. ნ-ის და მ. დ-ის განათლების დეპარტამენტის ... თანამდებობაზე დასანიშნად წარდგენის ნაწილში; ბათილად იქნა ცნობილი აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2016 წლის 22 მარტის სხდომის ოქმი #4 მ. დ-ის და ნ. ნ-ის ნაწილში; ბათილად იქნა ცნობილი აჭარის ა/რ განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროს საკონკურსო საატესტაციო კომისიის 2016 წლის 23 მარტის სხდომის ოქმი #5 ნ. შ-ის ნაწილში; ბათილად იქნა ცნობილი აჭარის ა/რ განათლების კულტურისა და სპორტის მინისტრის 13.04.2016 წლის #01-07/9 ბრძანება მ. დ-ის აჭარის ა/რ განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროს განათების დეპარტამენტის ... თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ; ბათილად იქნა ცნობილი აჭარის ა/რ განათლების კულტურისა და სპორტის მინისტრის 13.04.2016 წლის #01-07/11 ბრძანება ნ. ნ-ის აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს განათლების დეპარტამენტის ... თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ; აჭარის ა/რ განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაევალა შესაბამისი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მეშვეობით უზრუნველეყო აჭარის ა/რ განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროს დეპარტამენტის ... ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის მე-2 ეტაპის (გასაუბრება) ხელახლა ჩატარება და შედეგების შეჯამების სტადიაზე დასანიშნად კანდიდატების წარდგენა; ნ. შ-ის სარჩელი აჭარის ა/რ განათლების კულტურისა და სპორტის მინისტრის 2016 წლის 13 აპრილის #01-07/8 ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი - აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო აღნიშნავს, რომ სასამართლომ დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლი. სასამართლოს მიერ უგულებელყოფილ იქნა საქმეში წარმოდგენილი მტკიდებულებები - საკონკურსო-საატესტაციო სხდომის ოქმები #1 და #2.

კასატორის განმარტებით, სასამართლო ვერ უთითებს ნორმატიულ აქტზე, რომელიც დაავალდებულებდა კომისიის წევრებს, კონკურსანტის შეფასება კრიტერიუმების მიხედვით ცალ-ცალკე აესახათ სხდომის ოქმებში და არა დაჯამებული სახით, როგორც ეს მოხდა განსახილველ შემთხვევაში.

კასატორის მოსაზრებით, დასაბუთებას მოკლებულია სასამართლოს სჯელობა, რომ სამინისტროს უნდა მოეხდინა გასაუბრების პროცესის სტენოგრაფიული ჩაწერა მიუხედავად კონკურსანტის სურვილისა. აღნიშნული სცდება ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებს. საქმის მასალებით უტყუარად დგინდება, რომ კონკურსის ყველა მონაწილისათვის შეთავაზებულ იქნა გასაუბრების მიმდინარეობის აუდიო-ვიდეო ჩაწერა, რაზედაც ბევრმა მათგანმა, მათ შორის, ნ. შ-ემ უარი განაცხადა. ასევე, სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება, რომ კონკურსანტთა შეფასება არ მომხდარა კრიტერიუმების მიხედვით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. შ-ემ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა, კერძოდ, კასატორი - ნ. ვ-ე აჭარის ა/რ განათლების კულტურისა და სპორტის მინისტრის 2016 წლის 13 აპრილის #01-07/8 ბრძანების ბათილად ცნობასა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას ითხოვს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 29 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ნ. შ-ისა და აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საკასაციო საჩივრები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. შ-ისა და აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

სადავო სამართალურთიერთობის დროს მოქმედი საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №412 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კონკურსის ჩატარების წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კონკურსის პროცესში ფასდება მონაწილე კანდიდატების კვალიფიკაცია, პროფესიული დონე, ცოდნა, პიროვნული თვისებები, მოტივაცია და უნარჩვევები.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ უზრუნველყო დაესაბუთებინა თუ რა კრიტერიუმების საფუძველზე მიენიჭა ამა თუ იმ კანდიდატს უპირატესობა და რა გახდა გადამწყვეტი ფაქტორი თითოეული იმ კანდიდატისთვის, რომელმაც გადალახა კონკურსის ბოლო ეტაპი და ასევე, რომელმაც ვერ გადალახა. მართალია, ადმინისტრაციული ორგანო კონკურსის წესით საჯარო მოხელეთა შერჩევის პროცესში დისკრეციული უფლებამოსილებით სარგებლობს, თუმცა მასვე ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლი ავალდებულებს მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებას. ბუნებრივია კანდიდატს, რომელსაც უარი ეთქვა თანამდებობაზე წარსადგენად, უჩნდება საფუძვლიანი უფლება გაეცნოს გადაწყვეტილების მოტივებს. მიუხედავად მიღებული გადაწყვეტილების შედეგებისა, დაინტერესებული მხარისთვის გასაგები უნდა იყოს რა მოტივით იქნა მიღებული მის მიმართ კონკრეტული გადაწყვეტილება. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება სამართლიანობისა და კანონიერების განცდას უნდა ქმნიდეს.

ამასთან, თავად კონკურსის არსიდან გამომდინარეობს კანდიდატთა შერჩევის პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა და მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების მაღალი სტანდარტი, ვინაიდან კონკურსის წესით საჯარო მოხელეთა შერჩევისას ადმინისტრაციულ ორგანოს კანდიდატთა შეფასების ფართო არეალი აქვს, რაც ზრდის არაობიექტური და მიკერძოებული გადაწყვეტილების მიღების რისკებს. პროცესის გამჭვირვალობითა და გადაწყვეტილების დასაბუთებით ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამორიცხოს თვითნებური, მიკერძოებული, არაობიექტური გადაწყვეტილება.

კონკურსის შედეგად საჯარო მოხელეთა შერჩევის არსს სწორედ გამჭვირვალე პროცესის საფუძველზე კანდიდატთა ურთიერთშეპირისპირებისას კონკრეტული თანამდებობისთვის სათანადო კანდიდატის შერჩევა წარმოადგენს. წინააღმდეგ შემთხვევაში აზრს დაკარგავდა აღნიშნული რეგულაცია. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №412 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კონკურსის ჩატარების წესის მე-3 მუხლის თანახმად, კონკურსის პრინციპებია: ა) კანონიერება, ბ) სამართლიანობა, გ) საჯაროობა, დ) გამჭვირვალობა, ე) არადისკრიმინაციულობა, ვ) ობიექტურობა, ზ) მიუკერძოებლობა, თ) კოლეგიალურობა, ი) კორექტულობა. ამავე წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კონკურსის ამოცანებია: ა) საქართველოს მოქალაქეთათვის ვაკანტურ თანამდებობათა თანაბრად ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, ბ) ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნი კანდიდატების შერჩევის და მათი თანამდებობებზე დანიშვნის პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, გ) კონკურსში მონაწილე კანდიდატების კვალიფიკაციის, პროფესიული დონის, ცოდნის, პიროვნული თვისებების, მოტივაციის და უნარჩვევების შეფასება, დ) შერჩეული კანდიდატების ვაკანტური თანამდებობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დონის განსაზღვრა.

იმ პირობებში, როდესაც მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ წარმოადგინა კონკურსის ბოლო ეტაპის - გასაუბრების პროცესის მიმდინარეობის ამსახველი რაიმე მტკიცებულება, ხოლო გასაჩივრებული აქტები ვერ უზრუნველყოფს მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებას, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი კონკურსის გამჭვირვალობის თაობაზე. ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების კანონიერების დადგენა კი უპირველესად გამჭვირვალე პროცესითა და მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებიდან ხდება შესაძლებელი. იმისათვის, რომ შემოწმდეს მიღებული გადაწყვეტილების კანონიერება, უნდა არსებობდეს პროცესის შემოწმების შესაძლებლობაც. ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის კანონიერების კონტროლი კი სასამართლოს კონსტიტუციურ ვალდებულებას წარმოადგენს. მოცემულ შემთხვევაში კანდიდატის შეფასების პროცესში გამოყენებული კრიტერიუმები, გასაუბრების მიმდინარეობის პროცესი და მისი ანალიზი სასამართლოსთვის არის მიუწვდომელი. ასეთ პირობებში შეუძლებელია იმის შემოწმება, თუ რა ვითარებაში მიმდინარეობდა კონკურსის მეორე ეტაპი - გასაუბრება. შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სადავო აქტების მატერიალური კანონიერების შემოწმება.

ამასთან, რაც შეეხება კასატორის - ნ. ვ-ის მოთხოვნას სარჩელის სრულად დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე არ არსებობს წარმოდგენილი სარჩელის სრულად დაკმაყოფილების საფუძველი, ვინაიდან, განსახილველ შემთხვევაში სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას არსებითად იმსჯელოს სადავო აქტების მატერიალურ კანონიერებასა და შესაბამისად, იძულებითი განაცდურის ანაზღაურებაზე.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ. შ-ისა და აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი