#ბს-861-857(კ-17) 7 დეკემბერი, 2017 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ნ. ს-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 12 აპრილის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2016 წლის 21 ოქტომბერს ნ. ს-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხეების - სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოსა და ამავე სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს იმერეთის პრობაციის ბიუროს მიმართ.
მოსარჩელემ სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს იმერეთის პრობაციის ბიუროს 2016 წლის 30 აგვსიტოს #MOC 5 16 00740400, სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს იმერეთის პრობაციის ბიუროს 2016 წლის 29 სექტემბრის #MOC 3 16 00817728 და სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 13 ოქტომბრის #855715 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა და სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს იმერეთის პრობაციის ბიუროსთვის პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველ მუდმივმოქმედ კომისიაში, კომისიის მიერ მისი განხილვის მიზნით, პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და ნასამართლობის მოხსნის შესახებ ნ. ს-ის 2016 წლის 1 აგვისტოს განცხადების გადაგზავნის დავალება მოითხოვა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნ. ს-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ს-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 12 აპრილის განჩინებით ნ. ს-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 12 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ს-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, სასამართლოებმა არასწორად განმარტეს ადმინისტრაციულ ორგანოთა დისკრეციის შინაარსი. სასამართლოებმა არ შეუსაბამეს მატერიალურ და სპეციალურ კანონმდებლობას ნ. ს-ის მოთხოვნის განმაპირობებელი, წინარეფაქტობრიობა რესოციალიზაციის, რისკების გამორიცხვისა და რეციდივის არსებითი მნიშვნელობის აღარარსებობისა. კასატორი აღნიშნავს, რომ ორივე ინსტანციაში ისე წარიმართა სხდომები, რომ რაიმე რისკების არსებობა მოპასუხეებმა ვერ დაატასტურეს, ისინი უთითებენ მხოლოდ რეციდივზე, რომელიც არ არის არსებითი სამართლებრივი მნიშვნელობით, რადგან სასამართლომ კვლავ პირობითი სასჯელი დაადგინა და იგივე რეციდივი არც ფაქტობრივი მნიშვნელობით არ არსებობს, რადგან აღრიცხვის დღიდან იგი სათანადოდ იქცევა. კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლოებმა ისე გამოიტანეს გადაწყვეტილება, რომ მოპასუხეებისთვის არ მოუთხოვიათ რისკების მტკიცება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 29 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ნ. ს-ის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ს-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ პირობით მსჯავრდებული გამოსაცდელი ვადის არანაკლებ ნახევრის გასვლის შემდეგ ყოფაქცევით დაამტკიცებს თავის გამოსწორებას, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველი მუდმივმოქმედი კომისია მსჯავრდებულის მიმართ კონტროლისა და დახმარების განმახორციელებელი ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას პირობით მსჯავრდებულისათვის პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და ნასამართლობის მოხსნის შესახებ.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლობმა მართებულად განმარტეს, რომ კონტროლის განმახორციელებელი ორგანო - პრობაციის ეროვნული სააგენტო თავის მიზნებს ახორციელებს მსჯავრდებულის რისკისა და საჭიროების შეფასების საფუძველზე, სასჯელის აღსრულების ინდივიდუალური დაგეგმვით, მსჯავრდებულის აუცილებელი ზედამხედველობითა და კონტროლით, მისი რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციისათვის ხელის შეწყობითა და დახმარებით. შესაბამისად, სააგენტო გადაწყვეტილებას აღძრას თუ არა შუამდგომლობა მუდმივმოქმედი კომისიის წინაშე მსჯავრდებულისათვის პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და ნასამართლობის მოხსნის შესახებ იღებს გამოსაცდელ ვადაში მსჯავრდებულის ქცევიდან გამომდინარე, აფასებს მის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტებს, მსჯავრდებულის პიროვნებას, ოჯახურ მდგომარეობას, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათს და ა.შ.
საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და ნასამართლობის მოხსნის შესახებ შუამდგომლობის აღძვრა მაკონტროლებელი ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენს. ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სადავო ბრძანება შეიცავს დასაბუთებას ნ. ს-ისათვის პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და ნასამართლობის მოხსნის შესახებ კომისიისთვის მიმართვის მიზანშეუწონლობის თაობაზე, კერძოდ, 2016 წლის 29 სექტემბერს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს იმერეთის პრობაციის ბიუროს #MOC 3 16 00817728 წერილით ნ. ს-ეს ეცნობა, რომ ვინაიდან მის მიერ გამოსაცდელი ვადის პერიოდში მოხდა განმეორებით განზრახი დანაშაულის ჩადენა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 20 დეკემბრის განაჩენის საფუძველზე სასჯელის სახედ და ზომად სსსკ-ის 254-ე მუხლის თანახმად გამოსაცდელ ვადად დადგენილი ჰქონდა 5 წელი, რაც სსსკ-ის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად წარმოადგენდა დანაშაულის რეციდივს, იმერეთის პრობაციის ბიუროს მიზანშეუწონლად მიაჩნდა მიემართა მუდმივმოქმედი კომისიისთვის ნ. ს-ის პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და ნასამართლობის მოხსნის შესახებ.
აღნიშნულიდან გამომდინარე, განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობისა და მოპასუხისთვის ქმედების დავალების საფუძველი.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან ნ. ს-ეს საკასაციო საჩივარზე 24.07.2017წ. საგადახდო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ნ. ს-ეს (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ. ს-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 12 აპრილის განჩინება;
3. ნ. ს-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 24.07.2017წ. საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი