Facebook Twitter

#ბს-876-872(კ-17) 7 დეკემბერი, 2017 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 20 ივნისის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2016 წლის 27 ივნისს ლ. ჩ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის და ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის მიმართ.

მოსარჩელემ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის უფროსის 2016 წლის 4 მარტის #25/3266 წერილის, ქ. ბათუმის მერის 2016 წლის 30 მაისის #25/8691 მომართვის ბათილად ცნობა და ქ. ბათუმის მერიისთვის ქ. ბათუმში ... ქუჩა #16-ში არსებული 45 კვ.მ დამხმარე ფართის (საკუჭნაო) უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ ახალი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით ლ. ჩ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: ბათილად იქნა ცნობილი ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის 2106 წლის 4 მარტის #25/3266 წერილი; ბათილად იქნა ცნობილი ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 30 მაისის #25/8691 წერილი; ქ. ბათუმის მერიას დაევალა, ამ გადაწყვეტილებაში მითითებული, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, ლ. ჩ-ას განცხადებაზე, ქ. ბათუმში, ... ქუჩა #16-ში მდებარე, 45 კვ/მ დამხმარე ფართის (საკუჭნაო), უსასყიდლოდ საკუთრების უფლებით გადაცემის შესახებ.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 20 ივნისის განჩინებით ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 20 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.

კასატორი აღნიშნავს, რომ მერიამ სწორად იხელმძღვანელა 2014 წლის 20 თებერვლის „კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ #189 დადგენილებით, ვინაიდან 2007 წლის „კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის #73 ბრძანებულება ძალადაკარგულად იქნა ცნობილი 09.06.2013წ. კანონით, ანუ მხარის მიერ მოთხოვნის წარდგენისას აღნიშნული ნორმატიული აქტი ძალადაკარგულად იქნა გამოცხადებული.

რაც შეეხება იმ მოტივს, არის თუ არა სადავო წერილი ადმინისტრაციული აქტი, კასატორი მიუთითებს ზემოაღნიშნულ დადგენილებაზე და აღნიშნავს, რომ მასში მითითებულია ის დათქმები, რომლის ფარგლებშიც გამოიცემა მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება. კასატორის მითითებით, მოცემულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანოსთვის არ იყო წარდგენილი სრულყოფილად ის დოკუმენტაცია, რომლის შესწავლის შედეგად ადმინისტრაციული ორგანო იმსჯელებდა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე ან უარის შესახებ აქტის გამოცემაზე. მოცემულ შემთხვევაში, ქ. ბათუმის მერია მხარის მიერ გასაჩივრებული წერილით ითხოვდა სწორედ ამ დოკუმენტაციის წარდგენას, ამდენად, კასატორს მიაჩნია, რომ აღნიშნული წერილი სასამართლოს მიერ არ უნდა ჩათვლილიყო, როგორც უარის თქმის შესახებ ადმინისტრაციულ აქტად.

კასატორის განმარტებით, არასაცხოვრებელი ფართის პრივატიზაციის მოთხოვნას თან უნდა ახლდეს საცხოვრებელი ფართის პრივატიზაციის მოთხოვნაც. აქედან გამომდინარე, ფართის პრივატიზაციის შემდგომ დამოუკიდებლად კვლავ არასაცხოვრებელი დამატებით განკერძოების მოთხოვნის სამართლებრივ რეჟიმს ზემოაღნიშნული აქტი არ ითვალისწინებს. ამასთან, კასატორისთვის წარმოუდგენელია, როგორ უნდა იმსჯელოს მან მომიჯნავე ფართის (თუნდაც არასაცხოვრებელი) პრივატიზაციაზე, როცა მოქმედი კანონმდებლობითაც ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებულ საცხოვრებელ ან/და არასაცხოვრებელ (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობთან ერთად კანონიერი მოსარგებლის მიერ დაკავებული მომიჯნავე ფართობის საკუთრებაში გადაცემის თაობაზეც, თუკი აღნიშნული მომიჯნავე ფართობის გარეშე საცხოვრებელ ან/და არასაცხოვრებელ (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობით დამოუკიდებლად სარგებლობა შეუძლებელია და იგი არ წარმოადგენს ცალკე უფლების ობიექტს. კასატორი მიუთითებს, რომ მოსარჩელეს აღნიშნული კერძო საკუთრება მიღებული აქვს ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, შესაბამისად, მოსარჩელე ვერ იქნებოდა #189 დადგენილების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტში მითითებული სუბიექტი. ამასთან, კასატორი მიუთითებს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 118.1 მუხლზე, რომლის თანახმად, მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზება ხორციელდება საჯარო ან ელექტრონული აუქციონის ფორმით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 6 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მაშინ, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, შესაბამისად შეუძლებელი ხდება სადავო ინდივიდუალური ადმინიტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შემოწმება.

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის #189 დადგენილებით დამტკიცებული „კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესი“ ვრცელდება მხოლოდ სახელმწიფო საბინაო ფონდში საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებამდე და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საცხოვრებელ ფონდში არსებული, მათ შორის 2007 წლის 2 თებერვლამდე დროებით გადაცემული, არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის მიმართ. აღნიშნული წესის მე-3 მუხლის თანახმად, არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი მოსარგებლისათვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო – მუნიციპალიტეტის გამგებელი/მერი, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“, ამ წესისა და აგრეთვე სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად.

ის გარემოება, ადასტურებს თუ არა განცხადებაზე დართული დოკუმენტები განმცხადებლის კანონიერი სარგებლობის უფლებას არასაცხოვრებელ (იზოლირებულ და არაიზოლირებულ) ფართობზე, უნდა გადაწყდეს სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების გზით, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, იმ ნორმათა გათვალისწინებით, რაც დადგენილია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა და მითითებული მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული „წესით“.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ლ. ჩ-ას მოთხოვნაზე უთხრა უარი, თუმცა განცხადებით მოთხოვნილი საკითხი არ განუხილავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით და ის არ გადაუწყვეტია საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის #189 დადგენილებით დამტკიცებული „წესის“ შესაბამისად. კერძოდ, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას არ შეუფასებია საკუთრების უფლებაასაღიარებელი ფართი ამ „წესით“ განსაზღვრულ რა სახის ფართობს მიეკუთვნებოდა, რატომ არ არსებობდა განცხადების არსებითად განხილვის საფუძველი ან ლ. ჩ-ას მიერ წარდგენილი დოკუმენტები რატომ არ იყო საკმარისი მოთხოვნილი ფართობის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადასაცემად.

საქმეში არსებული მასალების მიხედვით, მერიის საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის უფროსის 2016 წლის 4 მარტის #25/3266 წერილში არ არის მითითებული კონკრეტული ვადა დამატებითი დოკუმენტების წარსადგენად. ამასთან, საქმეში წარმოდგენილია ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის 2011 წლის 20 აპრილის #05-03/5253 წერილი, რომლის მიხედვითაც ... ქუჩა #7-ში, მე-4 სართულზე მდებარე 15,6 კვ.მ. ფართის სამეურნეო სათავსო, საკუჭნაო წარმოადგენს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო საკუთრებას.

2016 წლის 4 მარტის #25/3266 წერილის თანახმად, ადმინისტრაციულმა ორგანომ მოთხოვნილი ფართი კომუნალურ ფართად ჩათვალა, თუმცა ეს არ აძლევდა იმის საფუძველს, რომ უარი ეთქვა მოთხოვნის განხილვაზე. უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს არსებითად უნდა განეხილა ლ. ჩ-ას მოთხოვნა და მიეღო გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის #189 დადგენილებით დამტკიცებული „წესის“ შესაბამისად. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ დადგინდებოდა, რომ მოთხოვნილი ფართობი წარმოადგენდა ამხანაგობის საკუთრებას, ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა განემარტა აღნიშნულის თაობაზე.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას არ არის სათანადოდ გამოკვლეული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, რაც ადასტურებს მოცემულ შემთხვევაში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების საჭიროებას.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 20 ივნისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი