Facebook Twitter

№ბს-906-902(2კ-17) 18 დეკემბერი, 2017 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 11 ივლისის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2015 წლის 27 მარტს სს „...-მა“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ.

მოსარჩელემ სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2014 წლის 2 ივლისის №EL 026038 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 2 ივლისის №03/69221 საგადასახადო მოთხოვნის, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 12 სექტემბრის №39841 ბრძანებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2015 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილების (საჩივარი №8926/2/14) ბათილად ცნობა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 27 მაისის გადაწყვეტილებით სს „...-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2014 წლის 2 ივლისის №EL 026038 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 2 ივლისის №03/69221 საგადასახადო მოთხოვნა, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 12 სექტემბრის №39841 ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2015 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება (საჩივარი №8926/2/14).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 27 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და სსიპ შემოსავლების სამსახურმა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 11 ივლისის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 27 მაისის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 11 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და სსიპ შემოსავლების სამსახურმა, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

კასატორები საკასაციო საჩივრებს აფუძნებდნენ ძირითადად იმავე გარემოებებზე, რაზეც მიუთითებდნენ სააპელაციო საჩივრებში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 9 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 2 ივლისის №EL026038 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით სს „...“ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 290-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობების დარღვევისთვის, დაჯარიმდა 12000 ლარით. კერძოდ, ოქმის მიხედვით, 2014 წლის 23 ივნისს გამოწერილ იქნა აღრიცხვის მოწმობა 69221/D-792, რომლითაც საბაჟო საწყობ „...-დან“ სგპ „ვ...-ს“ მიმართულებით გავიდა შპს „დ...“ კუთვნილი, საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული ტვირთი, კერძოდ, სიგარეტი „P...“ 20 ყუთი 10 ყუთის ნაცვლად და შოკოლადი „M...“ 48 ყუთი 36 ყუთის ნაცვლად. ამასთან, 2014 წლის 30 ივნისს, სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო გაფორმების მთავარი სამმართველოს საქონლის გაფორმების სამმართველოს უფროსი ოფიცრის, შპს „დ...“ წარმომადგენლისა და შპს „...-ის“ საწყობის მენეჯერის მიერ შედგა საქონლის დათვალიერების აქტი მასზედ, რომ საბაჟო საწყობ „...-ში“ დათვალიერებულ იქნა №533 და №551 საკანში განთავსებული შპს „დ...“ კუთვნილი საქონელი, საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული ტვირთის, სიგარეტ „P...-სა“ და საკონდიტრო ნაწარმ „M...-ის“ ნაშთის დადგენის მიზნით. დათვალიერების აქტის თანახმად, გამოვლინდა შემდეგი უზუსტობა: საბაჟო საწყობში არსებული 34 ყუთი „P...-ს“ ნაცვლად აღმოჩნდა 24 ყუთის, ხოლო 396 ცალი (16,5 ყუთი) „M...-ის“ ნაცვლად აღმოჩნდა 384 ცალი (16 ყუთი).

2014 წლის 2 ივლისს სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ სს „...-ის“ მიმართ ასევე შედგენილ იქნა №03/69221 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე საწარმოს გადასახდელად დაერიცხა იმპორტის გადასახადი 4 ლარის, აქციზის გადასახადი - 3750 ლარის და დღგ - 2790 ლარის ოდენობით. საგადასახადო მოთხოვნას სამართლებრივ საფუძვლად მიეთითა საგადასახადო კოდექსის 222-ე და 272-ე მუხლები, 290-ე მუხლის მე-2 ნაწილი და საქართველოს მთავრობის №9 დადგენილების მე-7 მუხლი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სს „...-ის“ სამართალდამრღვევად მიჩნევის საფუძველი გახდა ის გარემოება, რომ კონკრეტული სახეობის საქონლის საწყობში ფაქტობრივად არსებული რაოდენობა შესაბამისობაში არ იყო ინვოისებში მითითებულ ოდენობასთან, რაც მიუთითებს უკანონო განკარგვაზე. მოპასუხემ ასევე აღნიშნა, რომ საწყობმა უნდა უზრუნველყოს ზედმეტობისა თუ დანაკლისის არქონა.

საკასაციო სასამართლო იზიარებს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 14 ივლისის განჩინებაზე (საქმე №ბს-710-696(კ-14)) მითითებას და არ იზიარებს კასატორის - სსიპ შემოსავლების სამსახურის მოსაზრებას ზემოაღნიშნული განჩინების მოცემულ საქმეზე გამოყენების არამართებულობის თაობაზე.

საყურადღებოა, რომ საწყობის მიერ საქონლის უკანონო განკარგვა, უპირველეს ყოვლისა, ტვირთის მფლობელისთვის არის ზიანის მომტანი, თუმცა განსახილველ შემთხვევაში ტვირთის მფლობელს რაიმე პრეტენზია საბაჟო საწყობის მიმართ წარდგენილი არ აქვს, მის მიერ სადავოდ არ არის გამხდარი საქონლის დაკარგვა, საქონლის არაუფლებამოსილი ორგანოსათვის გაცემა, რაც შესაძლებელია, განხილული ყოფილიყო დანაკლისის დადასტურების არა ერთადერთ, მაგრამ ერთ-ერთ მტკიცებულებად.

საკასაციო სასამართლო იზიარებს, სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება საბაჟო საწყობის მიერ საქონლის უკანონოდ განკარგვა, რაც გამოიწვევდა დანაკლისს და გახდებოდა მისთვის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 290-ე მუხლის შესაბამისად საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შედგენისა და გადასახადების დარიცხვის საფუძველი.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 11 ივლისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი