#ბს-930-926(2კ-17) 18 დეკემბერი, 2017 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროსა და ა. ქ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 15 ივნისის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2015 წლის 30 ივნისს ა. ლ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართ.
მოსარჩელემ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2015 წლის 18 ივნისის # A ... განკარგულების ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 27 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ ა. ქ-ე და კერძო აღმასრულებელი დ. ზ .
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილებით ა. ლ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. ლ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 15 ივნისის განჩინებით ა. ლ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 15 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ და ა. ქ-ემ, რომელთაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
კასატორი - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო აღნიშნავს, რომ სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები, ასევე მათ მისცა არასწორი სამართლებრივი შეფასება. კასატორის განმარტებით, გარიგების დადებით არასრულწლოვანის ინტერესებს რომ მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა დადგენილია, რადგან აღნიშნული ხელშეკრულების დადებას მოჰყვა აუქციონის გზით არასრულწლოვანის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის გასხვისება. აღსრულების ეროვნული ბიუროს განმარტებით, მართალია საქმეში სადავოდ არ არის გამხდარი აღნიშნული გარიგება, თუმცა ადმინისტრაციული ორგანოს და შემდეგ სასამართლოს მიერ, სააღსრულებო პროცესის გატარება/შეფასებისას საერთოდ არ არის გამახვილებული ყურადღება ბავშვის საუკეთესო ინტერესებზე.
კასატორი მიუთითებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 146.1, 14.6, 147.1 და 147.2, 147.5, 5.4 მუხლებზე და აღნიშნავს, რომ აღმასრულებლის მიერ განხორციელებული სააღსრულებო მოქმედებები შეესაბამება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს.
კასატორი - ა. ქ-ე აღნიშნავს, რომ სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე კეთილსინდისიერი შემძენის ინტერესები, რომელსაც გააჩნია გარკვეული მოლოდინი ურთიერთობაში ჩართვისას. მოცემულ შემთხვევაში, აუქციონი ჩატარდა აუქციონის პირობებისა და პროცედურების სრული დაცვით, შესაბამისად, არ არსებობს აუქციონის შედეგებისა და განკარგულების ბათილად ცნობის საფუძველი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 13 ოქტომბრისა და 8 ნოემბრის განჩინებებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროსა და ა. ქ-ის საკასაციო საჩივრები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროსა და ა. ქ-ის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს.
„ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ბავშვების მიმართ ყველა მოქმედებაში იმის მიუხედავად, მიმართავენ მას სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები, უპურველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფას.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიუთითა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებაზე (საქმეში ლაზარევი რუსეთის წინააღმდეგ), სადაც აღნიშნულია, რომ მას შემდეგ, რაც ქონება ბავშვის საკუთრება ხდება, მიუხედავად იმისა, თუ რა საფუძვლით, კერძოდ, მემკვიდრეობით, ჩუქებით და ა. შ., მისი უფლება ქონებაზე იმთავითვე დაცვის ქვეშ ექცევა და, შესაბამისად, ეროვნული კანონმდებლობის თანახმად, მეურვეობის ორგანოს ნებართვის არსებობა მისი განკარგვის მართლზომიერად მიჩნევის მიზნებისათვის, სავალდებულოა. სასამართლოს განმარტებით, ბავშვები და მოხუცი ადამიანები ბინებთან დაკავშირებული თაღლითური ტრანზაქციების მთავარი სამიზნეები არიან, შესაბამისად, მეურვეობის ორგანოს ინტერესი, არ დაუშვას არასრულწლოვანის ქონების გასხვისება, არის ლეგიტიმური და გაძლიერებული დაცვის ღირსი. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, მეურვეობის ორგანო მოწოდებულია, დარწმუნდეს, რომ ბავშვის ფინანსური ინტერესები და უფლება საცხოვრებელ სახლზე ბოროტი ან გულგრილი მოქმედებებით მათი კანონიერი წარმომადგენლების, მათ შორის ბიოლოგიური მშობლების მხრიდან, არ ირღვევა.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს წინააღმდეგ ერთ-ერთ საქმეზე, ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს განმარტებაზე, სადაც აღნიშნულია, რომ ბავშვის უფლებების საერთაშორისო კონვენციის მე-3 მუხლის მიზანია, უზრუნველყოფილი იქნეს ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვა ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები. ეს ნიშნავს, რომ ბავშვის სახელით განხორციელებულ ნებისმიერ ქმედებაში, მაქსიმალურად უნდა იქნეს გათვალისწინებული ბავშვის საუკეთესო ინტერესები. ბავშვის საუკეთესო ინტერესები არის იმ საპროცესო უფლების მსგავსი, რომელიც სახელმწიფოს ავალდებულებს, ქმედების პროცესში დანერგოს ისეთი ნაბიჯები, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინება.
საკასაციო სასამართლო „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის და არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას იმასთან დაკავშირებით, რომ საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნებისას, სასამართლომ უნდა გაარკვიოს აღნიშნული საკითხები და გადაწყვეტილება უნდა მიიღოს არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან ა. ქ-ეს საკასაციო საჩივარზე 06.11.2017წ. საგადასახადო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, ხოლო სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს 16.08.2017წ. №12142 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს (ს/კ 205263873) და ა. ქ-ეს (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივრებზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210-210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროსა და ა. ქ-ის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 15 ივნისის განჩინება;
3. სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს (ს/კ 205263873) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 16.08.2017წ. №12142 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. ა. ქ-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 06.11.2017წ. საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი