Facebook Twitter

საქმე №ბს-937-933(კ-17) 9 იანვარი, 2018 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ვასილ როინიშვილი (თავჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო

მოწინააღმდეგე მხარე - ბ. ღ-ა

მესამე პირი - ს. ზ-ე

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ბ. ღ-ამ 2016 წლის 24 აპრილს სარჩელი წარადგინა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხის - საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიმართ და მოითხოვა

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2016 წლის 17 თებერვლის საოქმო გადაწყვეტილების ბათილად ცნობა იმ ნაწილში, რომლითაც №8 და №17 პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციული განყოფილების საწყობის მენეჯერის თანამდებობაზე დასანიშნად წარდგენილ იქნა ს. ზ-ე, ხოლო წარდგენაზე ბ. ღ-ას კანდიდატურას ეთქვა უარი; აგრეთვე ს. ზ-ის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის 2016 წლის 25 თებერვლის №MOC 7 16 00000368 ბრძანების ბათილად ცნობა. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დავალებოდა №8 და №17 პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციული განყოფილების საწყობის მენეჯერის თანამდებობაზე ახალი კონკურსის ჩატარება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მუდმივმოქმედი საკონკურსო - საატესტაციო კომისიის განახლებული შემადგენლობის პირობებში და მისთვის კონკურსში მონაწილეობის უზრუნველყოფა გასაუბრების ეტაპიდან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 23 მარტის გადაწყვეტილებით ბ. ღ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ამ უკანასკნელმა და ახალი გადაწყვეტილების მიღების გზით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილებით ბ. ღ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 23 მარტის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ბ. ღ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2016 წლის 17 თებერვლის საოქმო გადაწყვეტილება, იმ ნაწილში, რომლითაც №8 და №17 პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციული განყოფილების საწყობის მენეჯერის თანამდებობებზე ბ. ღ-ას კანდიდატურას ეთქვა უარი დასანიშნად წარდგენაზე და დასანიშნად წარდგენილ იქნა ს. ზ-ე; ბათილად იქნა ცნობილი ს. ზ-ის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის 2016 წლის 25 თებერვლის №MOC 7 16 00000368 ბრძანება; დაევალა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №8 და №17 პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციული განყოფილების საწყობის მენეჯერის თანამდებობაზე ახალი კონკურსის ჩატარება გასაუბრების ეტაპიდან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილება კასაციის წესით გაასაჩივრა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საკასაციო პალატის მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი საკასაციო საჩივარში მიუთითებს, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მის სხდომას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი, მაგრამ არანაკლებ 3 წევრისა. ასევე საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის დადგენილებით დამტკიცებული “საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კონკურსის ჩატარების წესის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ სხდომას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი, მაგრამ არანაკლებ 3 წევრისა.

კასატორი მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში კონკურსს რომელიც სადავოა ესწრებოდა საკონკუსო- საატესტაციო კომისიის 16 წევრიდან 6 წევრი შესაბამისად იგი მიიჩნევს, რომ კომისია იყო უფლებამოსილი მიეღო გადაწყვეტილება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

საკასაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ გამოაცხადა საჯარო კონკურსი №8 და №17 პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციული განყოფილების საწყობის მენეჯერის თანამდებობის დასაკავებლად, რომელშიც მონაწილეობა, მიიღო ბ. ღ-ამ. ამ უკანასკნელმა წარმატებით გაიარა მითითებული კონკურსის პირველი ეტაპი - განცხადებების გადარჩევა და შესაბამისად, იგი დაშვებულ იქნა კონკურსის მეორე ეტაპზე - გასაუბრებაზე, რომელიც ჩატარდა 2016 წლის 17 და 19 თებერვალს. 2016 წლის 17 თებერვალს გამართულ მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სხდომას ესწრებოდა 6 წევრი, რომელთაც ერთხმად მიიღეს გადაწყვეტილება №8 და №17 პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციული განყოფილების საწყობის მენეჯერის თანამდებობაზე დასანიშნად ბ. ღ-ას კანდიდატურის წარდგენაზე უარის თქმის შესახებ. ამავე სხდომაზე ერთხმად იქნა მიღებული გადაწყვეტილება ვაკანტურ თანამდებობაზე ს. ზ-ის კანდიდატურის წარდგენის შესახებ. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2016 წლის 19 თებერვლის საოქმო გადაწყვეტილებით, რომელსაც ასევე 6 წევრი ესწრებოდა, ერთხმად იქნა მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №17 პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციული განყოფილების საწყობის მენეჯერის თანამდებობაზე რ. მ-ს კანდიდატურის წარდგენის შესახებ. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის 2016 წლის 25 თებერვლის №MOC 7 16 00000368 ბრძანებით, მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2016 წლის 17 თებერვლის საოქმო გადაწყვეტილების საფუძველზე, ს. ზ-ე დაინიშნა №8 პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციული განყოფილების საწყობის მენეჯერის თანამდებობაზე, ასევე 2016 წლის 24 თებერვლის №MOC 5 16 00000357 ბრძანებით, რ. მ-ა დაინიშნა №17 პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციული განყოფილების საწყობის მენეჯერის თანამდებობაზე.

საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის 2016 წლის 12 თებერვლის №667 ბრძანებით შექმნილი მუდმივმოქმედი საკონკურსო - საატესტაციო კომისია შედგება 16 წევრისგან, ხოლო 2016 წლის 17 თებერვალს გამართულ მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სხდომას ესწრებოდა 6 წევრი, აღნიშნული 6 წევრის - კომისიის გადაწყვეტილებები დაედო საფუძვლად კონკურსის შედეგებს.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის მიხედვით, კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მის სხდომას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი, მაგრამ არანაკლებ 3 წევრისა. აღნიშნული საკანონდებლო ჩანაწერი ადგენს მინიმალურ სტანდარტებს, რომელიც ასახვას ჰპოვებს კომისიის 3 წევრის სხდომაზე დასწრების აუცილებლობასა და კომისიის წევრთა ნახევარზე მეტის სხდომაზე დასწრების სავალდებულო კრიტერიუმებში.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საკანონმდებლო რეგულაციით ვერ იქნება მოწესრიგებული თითოეული ადმინისტრაციის შიდა აქტებით განსასაზღვრი საკითხები, რადგან, როგორც წესი, ყოველი საკითხის გადაწყვეტა ინდივიდუალურ მიდგომასა და საჭიროებაზეა დაფუძნებული, თუმცა ამასთანავე აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილი საყოველთაოდ სავალდებულოს ხდის კომისიის წევრთა ნახევარზე მეტის დასწრებას კვორუმის სახით, რომელიც თავის მხრივ არ უნდა იყოს 3 წევრზე ნაკლები, რამდენი წევრისაგანაც არ უნდა შედგებოდეს იგი.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში დადგენილია კომისიის წევრთა რაოდენობა, რომელიც განისაზღვრა 16 წევრით, შესაბამისად, ზემოთქმული ნორმის ანალიზის საფუძველზე ნათელია, რომ საკონკურო-საატესტაციო კომისიის სხდომას უნდა დასწრებოდა 9 წევრი მაინც 6 წევრის ნაცვლად, რათა შემდგარიყო კვორუმი და კომისია უფლებამოსილი ყოფილიყო მიეღო გადაწყვეტილება. მოცემულ შემთხვევაში საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სხდომას ესწრებოდა 6 წევრი, აქედან გამომდინარე იგი არ იყო უფლებამოსილი მიეღო გადაწყვეტილება.

შესაბამისად, კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე