საქმე №ბს-434-431(კ-17) 19 სექტემბერი, 2017 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ვასილ როინიშვილი (თავჯდომარე, მომხსენებელი)
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - ე. უ-ი (მოსარჩელე)
მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს რეგიონული ოფისი
მესამე პირი - ნ. ბ-ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ე. უ-მა 2016 წლის 11 მარტს სარჩელი აღძრა ფოთის საქალაქო საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს რეგიონული ოფისისა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ და მოითხოვა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 01 დეკემბრის N1/4-303 უძრავ ქონებაზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის შესახებ ბრძანების ბათილობა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 01 დეკემბრის N1/4-303 ბრძანების საფუძველზე ს/კ ... N ... – 02/12/2014 16:08:11 სახელმწიფოს სახელზე, ე. უ-ის კუთვნილებაში არსებული საცხოვრებელი ფართის ნაწილზე განხორციელებული საჯარო რეგისტრაციის გაუქმება.
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 7 აპრილის საოქმო განჩნებით საქმეში ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად მესამე პირად ჩაება ნ. ბ-ი.
ფოთის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილებით ე. უ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-გურია-ზემო სვანეთის მომსახურების ცენტრის უფროსის 2014 წლის 01 დეკემბრის N1/4-303 ბრძანება ,,უძრავ ქონებაზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის შესახებ“ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის მიმართვით N1 დანართში მითითებულ უძრავ ქონებაზე სახელმწიფო საკუთრების უფლების რეგისტრაციის განხორციელება ე. უ-ის ნაწილში. შესაბამისად გაუქმდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 01 დეკემბრის N1/4-303 ბრძანების საფუძველზე საჯარო რეესტრში (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან) განხორციელებული რეგისტრაცია N... 16:08:11, საკადასტრო კოდი ... განაშენიანების ფართი 332.6 კვ.მ, სართული - 2, ფართი - 27.1 კვ.მ, საკუთრება - სახელმწიფო; სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს დაევალა (შესაძლებელია სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-გურია-ზემო სვანეთის მომსახურების ცენტრს), ფოთის საქალაქო სასამართლოს 08.06.2016 წლის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, გადაწყვეტილებაში მითითებული არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევა - შეფასების შემდეგ, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტები დავის საგნიდან გამომდინარე, რადგან ხსენებული აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.
ფოთის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ და მოითხოვა ფოთის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება და მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 08 ივნისის გადაწყვეტილება სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 01 დეკემბრის N1/4-303 ბრძანების საფუძველზე საჯარო რეესტრში 2014 წლის 02 დეკემბერს განხორციელებული N... რეგისტრაციის ბათილად ცნობის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება; ე. უ-ის სარჩელი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს რეგიონული ოფისის 2014 წლის 02 დეკემბერის N... რეგისტრაციის (უძრავი ქონების საკადასტრო კოდი ... განაშენიანების ფართი 332.6 კვ.მ, სართული - 2) გაუქმების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ სამეთა პალატაში გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და მოსარჩელის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
კასატორი მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება ფოთის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების ნაწილში უკანონოა და არ გამომდინარეობს საქმის ფაქტობრივი გარემოებების სწორი სამართლებრივი შეფასებიდან. იგი აღნიშნავს, რომ სასამართლოს უფლებამოსილება სადავო საკითხის გადაუწყვეტილად ბათილად ცნოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული ადმინისტრაციული აქტი, განსაზღვრულია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით, აღნიშნული ნორმის თანახმად თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს იგი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა, სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება მიღებული.
კასატორს მიაჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში როგორც პირველი ასევე სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ არ მიიღო მხედველობაში საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული სასამართლო პრაქტიკა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის კვალიფიციური გამოყენების შესახებ ხელმძღვანელობით სტანდარტებთან დაკავშირებით:, რითაც არ იქნა დაცული სსსკ-ის 393.2 მუხლის მოთხოვნები
კასატორი აღნიშნავს, რომ საქართველოს პრეზიდენტის 11.09.12 წ N11/09/02 განკარგულების საფუძველზე, პირდაპირი მიყიდვის წესით მოსარჩელე ე. უ-ს საკუთრებაში გადაეცა ქ. ფოთში ... ქ N7 ბინა N5-ში მდებარე უძრავი ქონება ფართით 30კვ.მ, ხოლო გასაჩივრებული ბრძანების საფუძველზე სახელმწიფოს სახელზე განხორციელდა ქ. ფოთში ... ქ. N7-ში მე-2 სართულზე მდებარე 27.1კვ.მ ფართის რეგისტრაცია, რომელიც საქმეში არსებული წერილობით მტკიცებულების და მოწმეთა ჩვენებების თანახმად ცალსახაა, რომ 2007 წლიდან დაკავებული აქვს ნ. ბ-ს.
კასატორი აღნიშნავს, რომ ე. უ-ის სახელზე უძრავი ქონების რეგისტრაცია არ განხორციელებულა კონკრეტული ფართის შიდა აზომვითი ნახაზის საფუძველზე, რამაც განაპირობა საჯარო რეესტრში დაფიქსირებულ და მოსარჩელისათვის გადაცემული ბინის რეალურ ფართს შორის სხვაობა .
კასატორი მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის გარემოებათა გამოკვლევა და სწორი გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება. ზემოაღნიშნული ნორმიდან გამომდიანარე, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის გარემოებები და ისე გამოსცა ადმინისტრაციული აქტი, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალურ-სამართლებრივი ადმინისტრაციული აქტი და დაავალოს შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს გამოსცეს ახალი აქტი. ამდენად ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების კომპეტენცია სასამართლოს გააჩნია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაცულია აქტის მომზადებისა და გამოცემის წესი, მაგრამ ადმინისტრაციულმა ორგანომ აქტი გამოსცა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევის გარეშე და თუ ამ დარღვევის არარსებობის შემთხვევაში სხვაგვარი გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული.
კასატორი აღნიშნავს, რომ მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების იმ ნაწილის თანახმად, რომლითაც უცვლელად დარჩა ფოთის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება: სააგენტოს 01.12.14წ ბრძანების გამოცემისას არ იქნა მხედველობაში მიღებული საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 მე-5 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები.
კასატორი მიუთითებს, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 სექტემბრის N391 დადგენილებაზე, რომლის მე-2 მუხლის შესაბამისად, „სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ახორციელებს სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვას, შესაბამისად იგი თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია განიხილოს ქონებაზე სახელმწიფო ინტერესის არსებობასთან დაკავშირებული საკითხები.
კასატორი დამატებით მიუთითებს, რომ სახელმწიფო სუვერენიტეტიდან გამომდინარე, ის მიწის ნაკვეთები, რომლებზედაც არ ვლინდება კერძო პირების საკუთრების უფლება ითვლება სახელმწიფოს საკუთრებად და ექვემდებარება საჯარო რეესტრში სახელმწიფო საკუთრების უფლებით რეგისტრაციას. ვინაიდან კონკრეტულ შემთხვევაში სადავო უძრავ ქონებაზე არ ფიქსირდებოდა კანონმდებლობით გათვალისწინებული კერძო პირთა საკუთრების უფლება და არ არსებობდა რეგისტრაციის დამაბრკოლებელი რაიმე სახის ფაქტობრივი გარემოება, განხორციელდა ქონებაზე სახელმწიფო უფლების რეგისტრაცია. შედეგად, ისედაც სახელმწიფო საკუთრებაში არსებული დაურეგისტრირებელი სადავო ფართი აღირიცხა საკუთრების უფლებით საჯარო რეესტრში და ამისათვის არანაირი განსაკუთრებული დასაბუთება რასაც გასაჩივრებული ბრძანება არ შეიცავს სააგენტოს არ სჭირდება. კასატორი აღნიშნავს, რომ ქონების აღრიცხვა განხორციელდა კანონით დადგენილი წესის შესაბამისად, რადგან, მარეგისტრირებელ ორგანოში ქონების რეგისტრაციისას საქართველოს კანონით გათვალისწინებული სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შეწყვეტის ან რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძვლები არ გამოვლენილა.
კასატორი მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება, დაკმაყოფილდეს მისი საკასაციო საჩივარი და ე. უ-ს უარი ეთქვას სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფიელბაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 16 მაისის სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა, რამდენადაც სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-გურია-ზემო სვანეთის მომსახურების ცენტრს, სარეგისტრაციო სამსახურისათვის სადავო 2014 წლის 1 დეკემბრის მიმართვის გაგზავნამდე, არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები. მაშინ, როდესაც ადმინისტრაციულ ორგანოს მტკიცებულებათა მოპოვების გზით უნდა დაედგინა საქმისათვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, კერძოდ, არსებობდა თუ არა სადავო უძრავი ქონებაზე ან მის ნაწილზე სახელმწიფოს სახელზე რეგისტრაციის მოთხოვნის საფუძველი. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო უძრავი ქონების რეგისტრაციამდე გამოეკვლია რამ განაპირობა მოსარჩელისათვის ფაქტობრივად გადაცემული ფართის საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემებთან სხვაობა, რაც უზრუნველყოფდა გადაცემული ფართის ადგილმდებარეობის ზუსტ გასაზღვრას. შესაბამისად, ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ მართებულად მიეთითა, რომ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მიზნით ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების პროცესში ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამოიკვლიოს მის სახელზე რეგისტრირებული და მოსარჩელისათვის გადაცემული უძრავი ქონების ზუსტი ადგილმდებარეობა, რადგანაც აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები ურთიერთსაწინააღმდეგო და არასაკმარისია.
კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე