საქმე Nბს-537-534(2კ-17) 26 სექტემბერი, 2017 წელი
ქ.თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავჯდომარე, მომხსენებელი)
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები: 1.საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო (მოპასუხე); 2. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (მესამე პირი)
მოწინააღმდეგე მხარე - კ. ჭ-ა (მოსარჩელე)
მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახური
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 28 თებერვლის განჩინება
კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
კ. ჭ-ამ 2015 წლის 18 სექტემბერს სარჩელი აღძრა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა ბათილად იქნეს ცნობილი: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 24 სექტემბრის №... გადაწყვეტილება მიწის ნაკვეთზე საკადასტრო კოდით №... სახელმწიფოზე რეგისტრაციის შესახებ, კ. ჭ-ას სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის, საკადასტრო კოდით №... ზედდების ნაწილში; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 15 ოქტომბრის №... გადაწყვეტილება მიწის ნაკვეთზე საკადასტრო კოდით №... სახელმწიფოზე რეგისტრაციის შესახებ, კ. ჭ-ას სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის, საკადასტრო კოდით №... ზედდების ნაწილში; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 15 ივნისის №... გადაწყვეტილება მიწის ნაკვეთზე საკადასტრო კოდით №... სახელმწიფოზე რეგისტრაციის შესახებ, კ. ჭ-ას სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის, საკადასტრო კოდით №... ზედდების ნაწილში; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის - 2015 წლის 12 ნოემბრის №... გადაწყვეტილება მიწის ნაკვეთზე საკადასტრო კოდით №... სახელმწიფოზე რეგისტრაციის შესახებ, კ. ჭ-ას სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის, საკადასტრო კოდით №... ზედდების ნაწილში.
მოსარჩელემ ასევე მოითხოვა №... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის საფუძვლების ბათილად ცნობა, კერძოდ: 2009 წლის 31 აგვისტოს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამეგრელო-სვანეთის სამხარეო სამმართველოს №216/47 მიმართვის; 2015 წლის 6 ნოემბრის სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს №7/65476 მიმართვისა და 2015 წლის 2 ივნისის სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს №5/32754 წერილის ბათილად ცნობა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურისათვის ქმედების განხორხიელების დავალება, კერძოდ კ. ჭ-ას საკუთრებაში არსებული №... საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ქონების დაზუსტებული რეგისტრაცია მის მიერ წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის შესაბამისად.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილებით კ. ჭ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 24 სექტემბრის №... გადაწყვეტილება მიწის ნაკვეთზე საკადასტრო კოდით №... სახელმწიფოზე რეგისტრაციის შესახებ, კ. ჭ-ას სახელზე რეგისტრირებული №... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთის ზედდების ნაწილში; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 15 ოქტომბრის №... გადაწყვეტილება მიწის ნაკვეთზე საკადასტრო კოდით №... სახელმწიფოზე რეგისტრაციის შესახებ, კ. ჭ-ას სახელზე რეგისტრირებული №... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთის ზედდების ნაწილში; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 16 ივნისის №... გადაწყვეტილება მიწის ნაკვეთზე საკადასტრო კოდით №... სახელმწიფოზე რეგისტრაციის შესახებ, კ. ჭ-ას სახელზე რეგისტრირებული №43.36.06.087 საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთის ზედდების ნაწილში; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის - 2015 წლის 12 ნოემბრის №... გადაწყვეტილება მიწის ნაკვეთზე საკადასტრო კოდით №... სახელმწიფოზე რეგისტრაციის შესახებ, კ. ჭ-ას სახელზე რეგისტრირებული №... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთის ზედდების ნაწილში. 2009 წლის 31 აგვისტოს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამეგრელო-სვანეთის სამხარეო სამმართველოს №216/47 მომართვა კ. ჭ-ას სახელზე რეგისტრირებული №... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთის ზედდების ნაწილში; 2015 წლის 6 ნოემბრის სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს №7/65476 მომართვა კ. ჭ-ას სახელზე რეგისტრირებული №... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთის ზედდების ნაწილში. 2015 წლის 2 ივნისის სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს №5/32754 წერილი კ. ჭ-ას სახელზე რეგისტრირებული №... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთის ზედდების ნაწილში; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა კ. ჭ-ას სარეგისტრაციო განცხადების ხელახალი არსებითი განხილვა. საჯარო რეესტრში დაცულ უკვე რეგისტრირებულ მონაცემებთან წარდგენილი მონაცემების კონკურენციის შემთხვევაში უპირატესობა მიანიჭოს და განახორციელოს ქრონოლოგიურად უფრო ადრე რეგისტრირებული მონაცემების რეგისტრაცია (დაზუსტება). აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 28 თებერვლის განჩინებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 28 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგარდი განვითარების სამინისტრომ და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ. კასატორებმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
კასატორები მიუთითებენ, რომ სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმის გარემოებები, რასაც შედეგად მოჰყვა ის, რომ მან არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. როგორც ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ისე სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია კ. ჭ-ას რეგისტრირებულ საკუთრებაში დაუზუსტებელი ფორმით №... ს/კ-ით არსებული მიწის ნაკვეთისა და სახელმწიფო საკუთრებაში №... ს/კ-ით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის იდენტურობა, რის გამოც დაასკვნა, რომ ერთსა და იმავე მიწის ნაკვეთზე არსებობდა 2 სხვადასხვა მესაკუთრის რეგისტრაცია, ორი ურთიერთსაწინაარმდეგო ჩანაწერი. კასატორები მიუთითებენ, რომ მოსარჩელის საკუთრებაში №... საკადასტრო კოდით არსებული მიწის ნაკვეთი დარეგისტრირდა დაუზუსტებელი ფორმით, რაც ნიშნავს, რომ რეგისტრირებული მონაცემები არ ასახავდა კონკრეტული ტერიტორიის საკადასტრო მონაცემებს, მათ შორის საკადასტრო გეგმას, რომლითაც დადასტურდებოდა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთისა და მოსარჩელის საკუთრებაში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების იდენტურობა. კასატორები მიუთითებენ, რომ მათ იდენტურობის დამადასტურებელ მტკიცებულებად არ უნდა იქნეს მიჩნეული მოსარჩელის დაკვეთით შესრულებული ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, რომელიც რეგისტრირებული მონაცემების დაზუსტების მიზნით წარადგინა საჯარო რეესტრში. სწორედ მოსარჩელის მითითებით შედგენილი აზომვითი ნახაზი დაფიქსირდა სახელმწიფოს კუთვნილ მიწის ნაკვეთთან ზედდებში. კასატორები მიუთითებენ, რომ დავის გადაწყვეტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ სადავო უძრავი ქონების სახელმწიფოს სახელზე რეგისტრაციისას ზედდება არ დაფიქსირებულა, მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებთან, რაც გამორიცხავს მოპასუხე სამინისტროსგან მოსარჩელის საკუთრების უფლების შელახვის ფაქტს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის და „საჯარო რეესტრის შეახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, უფლებები უძრავ ნივთზე ვლინდება საჯარო რეესტრიდან. უფლებათა რეესტრი არის ერთადერთი მონაცემთა ბაზა, საიდანაც უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება შეიძლება გამოვლინდეს. სადავო უძრავ ნივთზე სახელმწიფოს სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციისას სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო იკვლევს საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებს, კერძოდ არის თუ არა სახეზე „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის საფუძველზე რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველი და მხოლოდ ამის შემდეგ იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციის ან რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ. კასატორები მიუთითებენ, რომ საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე, მაგრამ ამავე ნორმის მიხედვით მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხისმგებელნი არიან რეგისტრირებული მონაცემებისა და თუ სხვა დოკუმენტაციის უსაფრთხოებაზე. ამავე კანონის 23-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად რეგისტრაციაზე უარის თქმის ერთ-ერთ საფუძველს სარეგისტრაციო მოთხოვნის რეგისტრირებულ მონაცემებთან იდენტურობა წარმოადგენს. ვინაიდან უძრავ ნივთზე რეგისტრირებული უფლება გამორიცხვას იმავე ნივთზე სარეგისტრაციოდ წარდგენილი უფლების რეგისტრაციას. მარეგისტრირებელი ორგანო ასეთ შემთხვევაში იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოებაზე უარის თქმის შესახებ. კასატორები მიუთითებენ, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 19 ივნისის განჩინებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული განჩინების მიღების ვარაუდი სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
სადავო არ არის, რომ კ. ჭ-ას საკუთრების უფლების დაზუსტებული მონაცემების რეგისტრაციაზე უარი ეთქვა წარდგენილი ნახაზით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის 2019 წლის 24 სექტემბრიდან სახელმწიფოს სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან გადაფარვის გამო. საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია კ. ჭ-ას საკუთრებად რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ს/კ ... მდებარეობა სახელმწიფო კოორდინატთა სისტემაში (დანართი №2). ნაკვეთს გააჩნია გადაფარვა საკადასტრო კოდით ... რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან (მესაკუთრე სახელმწიფო). ამდენად, კ. ჭ-ას სახელზე დაუზუსტებელი მონაცემებით რეგისტრირებული მიწის
ნაკვეთის ადგილმდებარეობა განსაზღვრულია - უძრავი ნივთი იდენტიფიცირებულია და მას გააჩნია ზედდება - 579,6 კვ.მ სახელმწიფოს საკუთრების უფლების შესახებ 2009 წლის 24 სექტემბრის №... გადაწყვეტილებით განხორციელებული რეგისტრაციით (საფუძველი მიმართვა 31.08.2009წ №216/47) და იმავე საკადასტრო კოდზე მოგვიანებით 2015 წლის 6 ნოემბრის №7/65476 და 2015 წლის 2 ივნისის №5/32754 მიმართვების საფუძველზე განხორციელებულ რეგისტრაციების საფუძველზე აღრიცხულ მიწის ნაკვეთთან. სადავო აქტების გამოცემისას უძრავ ნივთზე რეგისტრირებული უფლება გამორიცხავდა იმავე ნივთზე სახელმწიფოს მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი უფლების რეგისტრაციას, მარეგისტრირებელ ორგანოს უნდა მიეღო გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოებაზე უარის თქმის შესახებ, რაც მოცემულ შემთხვევაში არ მომხდარა, შესაბამისად, ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურმა კანონდარღვევით განახორციელა სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაცია. (იხ. სუს. საქმე №ბს-359-349(4კ-13) 2014 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილება; №ბს-468-463(კ-12) 2013 წლის 30 აპრილის განჩინება).
კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 28 თებერვლის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე