Facebook Twitter

საქმეNბს-709-705(კ-17) 17 ოქტომბერი, 2017 წელი

ქ.თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავჯდომარე, მომხსენებლი)

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - ნ. ჩ-ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 30 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდვალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, განცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ნ. ჩ-მა 2015 წლის 30 ნოემბერს სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე -საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს 2015 წლის 29 ოქტომბრის №01/2-921 ბრძანების ნ. ჩ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ბათილად ცნობა; დაევალოს მოპასუხე მხარეს აღადგინოს ნ. ჩ-ი გათვასუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე; დაეკისროს მოპასუხე მხარეს იძულებითი განცდურის ანაზღაურება სრულად, მისი გათავისუფლებიდან აღდგენამდე პერიოდისათვის.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნ. ჩ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ჩ-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 30 მაისის განჩინებით აპელანტის - ნ. ჩ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმთა პალატის 2017 წლის 30 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ჩ-მა. კასატორმა გასაჩივრებული გაჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორი მიუთითებს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, მაგრამ არასწორად განმარტა მოცემული ნორმები. საქმის განხილვის დროს სააპელაციო სასამართლოს მხრიდან სახეზე არის საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლით გარანტირებული უფლებისა უგულვებელყოფა. თბილისის სააპელაიო სასამრათლო, ისევე როგორც თბილისის საქალაქო სასამართლო გადაწყვეტილებაში უთითებს საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლს, როგორც დასაქმებულის შრომით - სამართლებრივი უფლებების დაცვის ძირითად გარანტს, თუმცა ამ კუთხით მისი მსჯელობა დეკლარაციული ხაიათისაა და მხოლოდ მუხლის ფორმალისტური განმარტებთ შემოიფარგელბა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განმარტებით: საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების გარანტირებული უფლება არ არის აბსოლუტური და აღნიშნული უფლებით დაცული სფერო შეაძლებელია დაექვემდებაროს შეზღუდვას კანონით გათვალისიწნებულ შემთხვევაში, ლეგიტიმური მიზნითა და თანაზმომიერების პრინციპის დაცვით მიუხედავად მოცემული მსჯელობისა, სააპელაციო სასამართლოს ლეგიტიმური მიზნისა და თანაზომიერების პრინციპის ტესტით არ შეუმოწმებია კასატორის თანამდებობიდან გათავისუფლების კანონიერება.

კასატორი აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის განმარტება, თავის მხრივ მოგვცა საქართველოს საკნსტიტუციო სასამარათლო, საქმეზე - საქართველოს მოქალაქეები - დავით კანდელაკი, ნატალია დვალი, ზურაბ დავითაშვილი, ემზარ გოგუაძე, გიორგი მელაძე და მამუკა ფაჩუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, სადაც მიუთითა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს დაიკავოს ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. ხოლო მე-2 პუნქტის მიხედვით სახელმწიფო სამსახურის პირობები განისაზღვრება კანონით. კონსტიტუციის ეს ნორმები განამტკიცებს საქართველოს მოქალაქის უფლებას, დაიკავოს როგორც არჩევითი, ასევე დანიშვნითი თანამდებობა და ადგენს სახელმწიფო სამსახურის განხორციელების კონსტიტუციურ საფუძვლებს, ამასთანავე კონსტიტუციის აღნიშნული დებულება მოიცავს არა მხოლოდ კონკრეტული თანამდებობის დაკავების, არამედ ამ თანამდებობრივი უფლებამოსილების შეუფერხებლად განხორციელებისა და თანამდებობიდან უსაფუძვლოდ გათავისუფლებისგან დაცვის გარანტიას. კასატორი მიუთითებს, რომ ის 2015 წლის 1 მაისს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის №01/2-359 ბრძანებით დაინიშნა ადმინისტრაციული დეპარტამენტის სახელმწიფო შესყიდვების უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე. ამავე ბრძანებით დადგინდა, რომ მის მიმართ გამოყენებული იქნებოდა 6 თვიანი გამოსაცდელი ვადა. კასატორი მიუთითებს, რომ 2015 წლის 29-ე ოქტომბერს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დირექტორის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე ნ. ჩ-ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. ბრძანებაში გათავისუფლების საფუძვლად მითითებულია გამოსაცდელი ვადის არადამაკმაყოფილებელი შედეგები. „დიპლომატიური სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2009 წლის 18 ნოემბრის №220 ბრძანების მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, „მოსამსახურე შეიძლება გამოსაცდელი ვადის განმავლობაში გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის სათანადოდ დასაბუთებული წარდგინების საფუძველზე“. განსახილველ შემთხვევაში კი ადმინისტრაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელის - გ. ბ-ას მოხსენებითი ბარათი არ შეიცავს მითითებებს კონკრეტულ ფაქტებზე და ზოგადი ხასიათის დასკვნებით შემოიფარგლება, მიუხედავად ამისა საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი სადავო აქტის გამოცემისას, დაეყრდნო სწორედ გ. ბ-ას მოხსენებით ბარათს. მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ სააპელაციო სასამართლომ საკითხის გადაწყვეტის დროს არ იმსჯელა მოყვანილი გარემოებების, კერძოდ კასატორის არაკომპეტენტურობისა და პირადი თვისებების შეუსაბამობის შესახებ. ის მთლიანად დაეყრდნო პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას და გაიმეორა მისი ძირითადი თეზისები.

კასატორი მიუთითებს, რომ მოხსენებით ბარათში საუბარი არ არის მისი მხრიდან რაიმე კონკრეტული ხასიათის გადაცდომის, დარღვევის შესახებ, რომელიც იძლევა შესაძლებლობას მსჯელობის - ნ. ჩ-ის, როგორც კონკრეტული საჯარო მოხელის კომპეტენციის შეუსაბამისობაზე დაკავებულ თანამდებობასთან, ნ. ჩ-ის არაკომპეტენტურობის ნაწილში, რაიმე სახის მტკიცებულება წარმოდგენილი არ ყოფილა არც ერთი ინსტანციის სასამართლო განხილვის დროს, შესაბამისად კასატორს არ ჰქონდა შესაძლებლობა ემტკიცებინა მისი კვალიფიკაცია, გაებათილებინა ადმინისტრაციული ორგანოს არგუმენტები, მაშინ როდესაც ესეთი არგუმენტები არ ყოფილა წარმოდგენილი. მეორე კრიტერიუმი დაკავშირებულია კასატორის პიროვნული თვისებების შეუსაბამობა დაკავებულ თანამდებობასთან. მოცემულის აგუმენტად მოყვანილია სამსახურში შექმნილი კონფლიქტური სიტუაცია და კასატორს მენეჯერული თვისებების არქონა, რასაც ის არ იზიარებს და განმარტავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რამდენად რთულ ვითარებაში უწევდა ნ. ჩ-ს დაკისრებული მოვალეობების შესრულება. მის დაქვემდებარებში მყოფი პირები არ ემორჩილებოდნენ და არ ასრულებდნენ მის მითითებებს. ამას ადასტურებს საქმეში წარმოდგენილი ელექტრონული ფოსტის მიმოწერა და აგრეთვე მოწმეთა ჩვენებები. კონფლიქტის აღმოსაფხვრელად ნ. ჩ-მა მიმართა ხელმძღვანელ პირებს, მათ გადაწყვეტილებით კი ორი თანამშროელი სხვა ოთახში გადაიყვანეს, რაც არ იყო კონფლიქტის მოგვარების ეფექტური გზა. ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა ჩაეტარებინა შესაბამისი წარმოება, ჩამოერთვა ახსნა-განმარტება მხარეებისთვის და ამხრივ ეცადა გადაეჭრა პრობლემა. სამსახურში შექმნილი დაძაბული ვითარების გამო ნ. ჩ-ზე მთელი პასუხისმგებლობის დაკსირება და მისი ბრალეულად ცნობა, უსამართლობაა. ის მუდმივად ცდილობდა სიტუაციის განმუხტვასა და გამოსწორებას, თუმცა უშედეგოდ, რადგან სამსახურში მომუშავე ადამინიების ჯგუფი მას დაუპირისპირდა და კონფლიქტის მოგვარება შეუძლებელი იყო.

კასატორი მიუთითებს, რომ მას როგორც სახელმწიფო შესყიდვების უზრუნველყოფის სამსახურის უფროსს, არ ჰქონდა უფლებამოსილება, რაიმე ქმედითი ნაბიჯი დაედგინა არსებული დაპირისპირების მოსაგავრებლად.

კასატორის განმარტებით, პირველი ინსტანციის, ასევე სააპელაციო სასამართლოს ლეგიტიმური მიზნისა და თანაზმონიერების პრინციპის ტესტით არ შეუმოწმებია მისი თანამდებობიდან გათავისუფლების კანონიერება. არ უმსჯელია კომპენტენციისა და პიროვნული თვისებების გამო შეუსაბამობის სათანადოდ დასაბუთობულობის შესახებ, არ გამოუკვვლევია ის ძირითადი საკითხები რაც აუცილებელი იქნებოდა საკითხის გადასწყვეტად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 21 ივლისის განჩინებით ნ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივრში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, (გათავისუფლების ბრძანების გამოცემის დროს მოქმედი) პირს, რომელსაც მოხელის სამსახურში მიღების უფლება აქვს, შეუძლია მოხელის თანამდებობაზე დანიშვნისას გამოიყენოს გამოსაცდელი ვადა არა უმეტეს 6 თვისა. მითითებული მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, გამოსაცდელი ვადის განმავლობაში მოწმდება მოხელის პროფესიული ჩვევების, შესაძლებლობების და პირადი თვისებების შესაბამისობა დაკავებულ თანამდებობასთან. არადამაკმაყოფილებელი შედეგების შემთხვევაში მოხელე შეიძლება განთავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან გამოსაცდელი ვადის განმავლობაში ამ კანონით დადგენილი წესით. ამავე კანონის 98-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი, ასევე, ადგენს, რომ მოხელე შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან დაკავებულ თანამდებობასთან შეუსაბამობის გამო გამოსაცდელი ვადის არადამაკმაყოფილებელი შედეგების საფუძველზე. ,,დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი ადგენს საქართველოს დიპლომატიური სამსახურის ორგანიზების სამართლებრივ საფუძვლებს, აწესრიგებს დიპლომატიური სამსახურის გავლასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს დიპლომატიურ სამსახურში მყოფი პირის სამართლებრივ მდგომარეობას. ამავე კანონის მიზნებიდან გამომდინარე, დიპლომატიურ სამსახურს წარმოადგენს საქართველოს საგარემო საქმეთა სამინისტრო. მითითებული კანონი, ასევე, ითვალისწინებს პირის სამსახურიდან გათავისუფლებას გამოსაცდელი ვადის არადამაკმაყოფილებელი შედეგების პირობებში (მე-40 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ.გ“ ქვეპუნქტი). საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2009 წლის 18 ნოემბრის N 220 ბრძანებით დამტკიცებული ,,დიპლომატიური სამსახურის გავლის წესის“ მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მოსამსახურე შეიძლება გამოსაცდელი ვადის განმავლობაში გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის სათანადოდ დასაბუთებული წარდგინების საფუძველზე.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2015 წლის 1 მაისის N01/2-359 ბრძანებით ნ. ჩ-ი დაინიშნა ადმინისტრაციული დეპარტამენტის სახელმწიფო შესყიდვების უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე 2015 წლის 1 მაისიდან, 6 თვიანი გამოსაცდელი ვადით. შესაბამისად, იგი წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს და მასზე ვრცელდებოდა ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი.

აღნიშნული კანონის დანაწესებიდან გამომდინარე, გამოსაცდელი ვადით სამსახურში მიღებული მოხელე შესაბამის ვადაში ექვემდებარება შემოწმებას. მართალია, გამოსაცდელი ვადის შედეგების შეფასება განეკუთვნება ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციის სფეროს, თუმცა ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლი ორგანოს ავალდებულებს მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებას. ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამორიცხოს თვითნებური, მიკერძოებული, არაკვალიფიციური გადაწყვეტილება და უნდა დაასაბუთოს მიღებული გადაწყვეტილების კანონთან შესაბამისობა და კონკრეტული გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობა. მოტივირებული, დასაბუთებული გადაწყვეტილება კანონიერი გადაწყვეტილების წინაპირობას წარმოადგენს. დასაბუთებაში კი არგუმენტირებულად უნდა მიეთითოს ყველა იმ გარემოებაზე, რომლის შესაბამისადაც მიღებულ იქნა ეს გადაწყვეტილება. ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა დაადგინოს მოხელის თანამდებობასთან შესაბამისობა ან შეუსაბამობა შესაბამისი შეფასების აქტით და ამის საფუძველზე მოხელის თანამდებობაზე დანიშვნაზე უფლებამოსილმა პირმა უნდა გამოსცეს შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, მოხელის უვადოდ სამსახურში დანიშვნის ან სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე. საკასაციო სასამართლოს მითითებით, მხარისათვის გასაგები უნდა იყოს რა მოტივით იქნა მიღებული მის მიმართ კონკრეტული გადაწყვეტილება, რაც მოცემულ შემთხვევაში დადასტურებულია. სადავო შემთხვევაში, სააპელაციო პალატამ მართებულად მიუთითა, რომ გამოსაცდელ ვადაში მყოფი პირის - ნ. ჩ-ის გათავისუფლების საფუძველი გახდა ხელმძღვანელის დასაბუთებული უარყოფითი შეფასება განვლილი გამოსაცდელი ვადის შესახებ. დადგენილია, რომ საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელის მოხსენებით ბარათში მოსარჩელე პირადი თვისებებიდან გამომდინარე შეფასებულია უარყოფითად და მითითებულია კონკრეტული გარემოებები, ხოლო მეორეს მხრივ უარყოფითი შეფასების საფუძვლად, მითითებულია მოხელის არაკომპეტენტურობა. პალატა აღნიშნავს, რომ პირის გათავისუფლების საფუძველს წარმოადგენს პირადი თვისებების შეუსაბამობა დაკავებულ თანამდებობასთან, ასევე, არაკომპეტენტურობა. აღნიშნული ორი პირობა, როგორც ერთობლიობაში ასევე დამოუკიდებლად წარმოადგენს პირის გათავისუფლების საფუძვლებს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 30 მაისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე