Facebook Twitter

№ბს-575-572(კ-17) 30 ნოემბერი, 2017 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ვასილ როინიშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) _ ნ. ბ-ე

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხეები) _ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შუახევის რაიონული განყოფილება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 15 მარტის გადაწყვეტილება

დავის საგანი _ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2016 წლის 15 მარტს ნ. ბ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელის მითითებით, მას სახელმწიფო პენსია დაენიშნა 2011 წლის 1 მარტიდან, რომელიც ერიცხებოდა სს „...“ გახსნილ საბანკო ანგარიშზე. მისთვის ცნობილი არ იყო ის გარემოება, რომ კუთვნილი საპენსიო თანხა ყოველთვიურად უნდა გაეტანა. აღნიშნულს ფიზიკურადაც ვერ შეძლებდა, ვინაიდან მოსარჩელის საცხოვრებელი ადგილი იყო შუახევი, სოფელი ..., სადაც არ ფუნქციონირებდა კომერციული ბანკები. ამასთან, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო.

მოსარჩელის განმარტებით, მას კუთვნილი სახელმწიფო პენსია არ მიუღია 2012 წლის 1 სექტემბრიდან 2014 წლის იანვრის თვის ჩათვლით. აღნიშნულთან დაკავშირებით, ნ. ბ-ემ 2016 წლის 2 თებერვალს განცხადებით მიმართა მოპასუხეს და მოითხოვა მიუღებელი პენსიის შესახებ ინფორმაციის გაცემა, ასევე მოითხოვა მისთვის გაუცემელი საპენსიო თანხების ანაზღაურება. 2016 წლის 16 თებერვალს, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გაიცა №04/12461 აქტი, რომლითაც განემარტა, რომ არ არსებობდა ნ. ბ-ისათვის 2012 წლის 1 სექტემბრიდან 2014 წლის იანვრის თვის ჩათვლით საპენსიო თანხის ანაზღაურების სამართლებრივი საფუძველი.

ამდენად, მოსარჩელემ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 16 თებერვლის №04/12461 მომართვის ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის მოსარჩელის კუთვნილი საპენსიო თანხების - 2012 წლის 1 სექტემბრიდან 2014 წლის იანვრის ჩათვლით, სრულად ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 6 ივნისის გადაწყვეტილებით ნ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 16 თებერვლის №04/12461 წერილი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა მოსარჩელის კუთვნილი საპენსიო თანხების - 2012 წლის 1 სექტემბრიდან 2014 წლის იანვრის თვის ჩათვლით, მოსარჩელე ნ. ბ-ისათვის სრულად ანაზღაურება.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ნ. ბ-ეს სახელმწიფო პენსია დაენიშნა 2011 წლის 1 მარტიდან, თვეში 84 ლარის (80 ლარი სახელმწიფო პენსია, 4 ლარი შრომის სტაჟის დანამატი) ოდენობით. 2012 წლის 1 იანვრიდან „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონის მე-16 მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მას შეუჩერდა სახელმწიფო პენსია, სს „...“ მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, „ზედიზედ 6 თვის განმავლობაში ბენეფიციარის მხრიდან სახელმწიფო გასაცემლის მიუღებლობის გამო“. ნ. ბ-ემ განყოფილებას სახელმწიფო პენსიის განახლების მოთხოვნით განცხადებით მიმართა 2014 წლის 6 იანვარს. მის მიმართ სახელმწიფო გასაცემლის დარიცხვა განახლდა 2014 წლის 1 თებერვლიდან, ხოლო მიუღებელი გასული პერიოდის სახელმწიფო პენსია, 2012 წლის 1 იანვრიდან 2012 წლის 1 სექტემბრამდე, დაერიცხა 832 ლარის ოდენობით, სახელმწიფო პენსიის დანიშვნისა და გაცემის წესის მე-12 მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად.

დადგენილია, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 16 თებერვლის №04/12461 წერილის თანახმად, ნ. ბ-ის წარმომადგენელს - რ. ფ-ეს მისი 2016 წლის 2 თებერვლის №10219 წერილის პასუხად ეცნობა, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 7 აგვისტოს №01-48/ნ ბრძანებით „სახელმწიფო პენსიის, სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანებაში განხორციელებული ცვლილებებიდან გამომდინარე (მუხლი 12), იმ პირთათვის, რომლებმაც 2012 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით არა უმეტეს 6 თვის პერიოდით შეჩერებული პენსიის განახლების მოთხოვნით მიმართეს 2013 წლის 1 იანვრის შემდეგ, 2012 წლის 1 სექტემბრიდან პენსია ითვლება შეწყვეტილად და აუნაზღაურდებათ მხოლოდ 2012 წლის 1 სექტემბრამდე მოქმედი კანონმდებლობით კუთვნილი გასაცემლები. შეწყვეტის საფუძვლის აღმოფხვრის შემდეგ, საპენსიო პაკეტი ინიშნება განცხადებისა და საჭირო დოკუმენტების სააგენტოში წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან. ნ. ბ-ემ სააგენტოს შუახევის რაიონულ განყოფილებას პენსიის განახლების თაობაზე განცხადებით მიმართა 2014 წლის 6 იანვარს. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, 2014 წლის 1 თებერვლიდან მას განუახლდა საპენსიო პაკეტით განსაზღვრული ფულადი გასაცემელი - 150 ლარის ოდენობით, ამასთანავე აუნაზღაურდა 2012 წლის 1 იანვრიდან 1 სექტემბრამდე მიუღებელი სახელმწიფო გასაცემელი - 832 ლარის ოდენობით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ნ. ბ-ისათვის გასული პერიოდის (2012 წლის 1 სექტემბრიდან 2014 წლის იანვრის თვის ჩათვლით) საპენსიო თანხების ანაზღაურების სამართლებრივი საფუძველი სააგენტოს არ გააჩნია.

საქალაქო სასამართლომ მიუთითა „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც არეგულირებდა პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველს, განსაზღვრავდა პენსიის ადმინისტრირების ორგანოს, ადგენდა პენსიის დანიშვნის, გაცემის, შეჩერების, განახლების, შეწყვეტის და პენსიის მიღების ზოგად პრინციპებს. აღნიშნული კანონის მე-4 მუხლის „კ“ ქვეპუნქტით განმარტებული იყო კომპეტენტური ორგანოს ცნება. კერძოდ, კომპეტენტურ ორგანოს წარმოადგენდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი ადმინისტრაციული ორგანო. საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 ივნისის №190/ნ ბრძანების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სააგენტოს მიზნები იყო მოსახლეობის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის რეალიზაცია და მისი განხორციელების ხელშეწყობა, ხოლო მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააგენტოს ფუნქციებს და უფლებამოსილებებს - „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ და „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონებით, ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოსათვის განსაზღვრული უფლება-მოვალეობების განხორციელება წარმოადგენდა.

საქალაქო სასამართლოს მითითებით, „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზანი იყო საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საქართველოს ხანდაზმულ მოქალაქეთა სოციალურ-ეკონომიკური უფლებების რეალიზაცია და სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტის (შემდგომ – პენსია) დაწესება არსებული რესურსების ფარგლებში. ამავე კანონის მე-16 მუხლი ითვალისწინებდა პენსიის შეჩერება/განახლების საფუძვლებს. კერძოდ, მითითებული მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, პირის მიერ პენსიის ზედიზედ 6 თვის განმავლობაში მიუღებლობისას, პენსია (მხოლოდ ფულადი სარგებელი) შეჩერდებოდა ამ საფუძვლის წარმოშობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან. ამავე კანონის მე-17 მუხლის 1-ლი პუნქტი განსაზღვრავდა პენსიის შეწყვეტის საფუძვლებს, კერძოდ, პენსია (მხოლოდ ფულადი სარგებელი) შეწყდებოდა ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი საფუძვლის წარმოშობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ ამ პუნქტით სხვა რამ არ იყო განსაზღვრული: ა) პირადი განცხადებით; ბ) საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში; გ) სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლისას, რომლითაც პირს შეეფარდებოდა თავისუფლების აღკვეთის აღსრულება - პენსიის შეჩერების დღიდან; დ) უცხო ქვეყნის მოქალაქის ან მოქალაქეობის არმქონე პირის საქართველოდან გაძევებისას; ე) პირის საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლისას ან საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვისას; ვ) პენსიონერის გარდაცვალებისას; ზ) პენსიის შეჩერების დღიდან 3 წლის გასვლის შემდეგ; თ) სხვა საფუძვლით, თუ იგი ამ კანონიდან გამომდინარეობდა.

„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად, კანონმდებლობა პენსიის შესახებ შედგებოდა საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ამ კანონის, სხვა საკანონმდებლო აქტებისა და მათ საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისაგან. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის #46/ნ ბრძანება „სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტისა და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების შესახებ“ დანართი №1 მე-8 მუხლით განსაზღვრული იყო პენსიის შეჩერება/განახლების საფუძვლები, კერძოდ, პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პენსია შეჩერდებოდა პენსიონერის მიერ პენსიის ზედიზედ 6 თვის განმავლობაში მიუღებლობის შემთხვევაში, ანუ როდესაც არ ხდებოდა მისი კუთვნილი საბანკო ანგარიშიდან თანხის გატანა ზედიზედ 6 თვის განმავლობაში.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ნ. ბ-ეს სახელმწიფო პენსია საპენსიო ასაკის გამო დაენიშნა 2011 წლის 1 მარტიდან, რომელიც შეუჩერდა 2012 წლის 1 იანვრიდან ზედიზედ 6 თვის განმავლობაში სახელმწიფო გასაცემელის მიუღებლობის გამო. ასევე, დადგენილია, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 16 თებერვლის №04/12461 წერილით, ნ. ბ-ის წარმომადგენელს - რ. ფ-ეს მისი 2016 წლის 2 თებერვლის №10219 წერილის პასუხად ეცნობა, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 7 აგვისტოს №01-48/ნ ბრძანებით „სახელმწიფო პენსიის, სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანებაში განხორციელებული ცვლილებებიდან გამომდინარე (მუხლი 12), იმ პირთათვის, რომლებმაც 2012 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით არა უმეტეს 6 თვის პერიოდით შეჩერებული პენსიის განახლების მოთხოვნით მიმართეს 2013 წლის 1 იანვრის შემდეგ - 2012 წლის 1 სექტემბრიდან პენსია ითვლებოდა შეწყვეტილად და აუნაზღაურდებოდათ მხოლოდ 2012 წლის 1 სექტემბრამდე მოქმედი კანონმდებლობით კუთვნილი გასაცემლები. შეწყვეტის საფუძვლის აღმოფხვრის შემდეგ, საპენსიო პაკეტი ინიშნებოდა განცხადებისა და საჭირო დოკუმენტების სააგენტოში წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან.

ნ. ბ-ემ სააგენტოს შუახევის რაიონულ განყოფილებას პენსიის განახლების თაობაზე განცხადებით მიმართა 2014 წლის 6 იანვარს. 2014 წლის 1 თებერვლიდან მას განუახლდა „საპენსიო პაკეტით“ განსაზღვრული ფულადი გასაცემელი - 150 ლარის ოდენობით, ამასთან, აუნაზღაურდა 2012 წლის 1 იანვრიდან 1 სექტემბრამდე მიუღებელი სახელმწიფო გასაცემელი - 832 ლარის ოდენობით. ნ. ბ-ისათვის გასული პერიოდის (2012 წლის 1 სექტემბრიდან 2014 წლის იანვრის თვის ჩათვლით) საპენსიო თანხების ანაზღაურების მოთხოვნაზე უარი ეთქვა, მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის არარსებობის მოტივით.

საქმის მასალებით დადგენილია და მოსარჩელეც არ ხდიდა სადავოდ იმ გარემოებას, რომ მას არ მიუმართავს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შესაბამისი მომსახურების ცენტრისათვის ზედიზედ ექვსი თვის განმავლობაში სახელმწიფო პენსიის მიღების მოთხოვნით და მიმართა 2014 წლის 6 იანვარს, რაც „სახელმწიფო პენსიის“ შესახებ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მოთხოვნებიდან გამომდინარე არ ქმნიდა მისთვის სახელმწიფო პენსიის შეწყვეტის საფუძველს. ამასთან, მხოლოდ ის გარემოება, რომ პირის მიერ საბანკო ანგარიშიდან ზედიზედ ექვსი თვის განმავლობაში არ ხდებოდა თანხის გატანა, არ შეიძლებოდა გამხდარიყო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 7 აგვისტოს №01-48/ნ ბრძანებით „სახელმწიფო პენსიის, სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანებაში განხორციელებული ცვლილებებიდან გამომდინარე, გარკვეული პერიოდით პირისათვის კანონით მინიჭებული უფლების - სახელწიფო პენსიის მიღების უფლების წართმევის საფუძველი, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც „სახელმწიფო პენსიის“ შესახებ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი ამგვარი შემთხვევებისათვის სპეციალური ვადას აწესებდა, კერძოდ, მითითებული ნორმის თანახმად, პენსია შეწყდებოდა პენსიის შეჩერების დღიდან 3 წლის გასვლის შემდეგ.

საქალაქო სასამართლოს მითითებით, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ეს კანონი განსაზღვრავდა ნორმატიული აქტების სახეებს, მათ იერარქიას, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების ადგილს საქართველოს ნორმატიულ აქტთა სისტემაში, ნორმატიული აქტების მომზადების, მიღების (გამოცემის), გამოქვეყნების, მოქმედების, აღრიცხვისა და სისტემატიზაციის ზოგად წესებს. აღნიშნული კანონის მე-7 მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად, აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოთა (თანამდებობის პირთა) ნორმატიული აქტების იურიდიული ძალა განისაზღვრებოდა აღმასრულებელ ხელისუფლებაში ამ ორგანოთა (თანამდებობის პირთა) იერარქიის შესაბამისად. ამავე კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს მინისტრის ბრძანება შეიძლებოდა გამოცემულიყო მხოლოდ საქართველოს საკანონმდებლო აქტით, საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტითა და საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებსა და ფარგლებში. საქართველოს მინისტრის ბრძანებაში მითითებული უნდა ყოფილიყო, რომელი ნორმატიული აქტის საფუძველზე და რომლის შესასრულებლად გამოიცა იგი.

აღნიშნულის გათვალისწინებით, „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონი უპირატესი იურიდიული ძალით სარგებლობდა „სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტისა და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანებასთან მიმართებაში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 6 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 15 მარტის გადაწყვეტილებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 6 ივნისის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ნ. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: მოსარჩელე ნ. ბ-ეს სახელმწიფო პენსია დაენიშნა 2011 წლის 1 მარტიდან, თვეში 84 ლარის ოდენობით. „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონის მე-16 მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სს „...“ მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, „ზედიზედ 6 თვის განმავლობაში ბენეფიციარის მხრიდან სახელმწიფო გასაცემლის მიუღებლობის გამო“, ნ. ბ-ეს 2012 წლის 1 იანვრიდან შეუჩერდა სახელმწიფო პენსიის გაცემა. სოციალური მომსახურების სააგენტოს შუახევის განყოფილებას ნ. ბ-ემ სახელმწიფო პენსიის განახლების მოთხოვნით მიმართა 2014 წლის 6 იანვარს, რის საფუძველზეც მის მიმართ სახელმწიფო გასაცემლის დარიცხვა განახლდა 2014 წლის 1 თებერვლიდან, ხოლო მიუღებელი გასული პერიოდის სახელმწიფო პენსია დაერიცხა 2012 წლის 1 იანვრიდან 2012 წლის 1 სექტემბრამდე პერიოდზე, რის შედეგადაც მიუღებელი გასაცემლის თანხამ შეადგინა 832 ლარი. 2016 წლის 2 თებერვალს ნ. ბ-ის წარმომადგენელმა №10219 წერილით მიმართა სოციალური მომსახურების სააგენტოს და მოითხოვა საპენსიო თანხების - 2012 წლის 01 სექტემბრიდან 2014 წლის იანვრის თვის ჩათვლით, სრულად ანაზღაურება. სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 16 თებერვლის №04/12461 მიმართვით განმცხადებელს ეცნობა, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 7 აგვისტოს №01-48/ნ ბრძანებით „სახელმწიფო პენსიის, სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანებაში განხორციელებული ცვლილებებიდან გამომდინარე (მუხლი 12), იმ პირებისათვის, რომლებმაც 2012 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით არა უმეტეს 6 თვის პერიოდით შეჩერებული პენსიის განახლების მოთხოვნით მიმართეს 2013 წლის 1 იანვრის შემდეგ, 2012 წლის 1 სექტემბრიდან პენსია ითვლება შეწყვეტილად და აუნაზღაურდებათ მხოლოდ 2012 წლის 1 სექტემბრამდე მოქმედი კანონმდებლობით კუთვნილი გასაცემლები. შეწყვეტის საფუძვლის აღმოფხვრის შემდეგ, საპენსიო პაკეტი ინიშნება განცხადებისა და საჭირო დოკუმენტების სააგენტოში წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან. ნ. ბ-ემ სააგენტოს შუახევის რაიონულ განყოფილებას პენსიის განახლების თაობაზე განცხადებით მიმართა 2014 წლის 6 იანვარს, მოქმედი კანონდებლობის შესაბამისად, 2014 წლის 1 თებერვლიდან მას განუახლდა საპენსიო პაკეტით განსაზღვრული ფულადი გასაცემელი - 150 ლარის ოდენობით, ამასთანავე აუნაზღაურდა 2012 წლის 1 იანვრიდან 1 სექტემბრამდე მიუღებელი სახელმწიფო გასაცემელი - 832 ლარის ოდენობით, რის გამოც ნ. ბ-ისათვის გასული პერიოდის (2012 წლის 1 სექტემბრიდან 2014 წლის იანვრის თვის ჩათვლით) საპენსიო თანხების ანაზღაურების სამართლებრივი საფუძველი სააგენტოს არ გააჩნია.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, სარჩელით მოთხოვნილია სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 16 თებერვლის #04/12461 მომართვის ბათილად ცნობა და სოციალური მომსახურების სააგენტოს შუახევის განყოფილებისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ კუთვნილი საპენსიო თანხების - 2012 წლის 1 სექტემბრიდან 2014 წლის იანვრის ჩათვლით ანაზღაურების დაკისრება (მოთხოვნა მითითებულ ნაწილში დაზუსტდა სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე).

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებები ადმინისტრაციული აქტის გამოცემის პროცესში ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან კანონის მოთხოვნათა დარღვევის თაობაზე და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითება მოთხოვნის დაკმაყოფილების მატერიალურ-სამართლებრივი საფუძვლების არსებობის თაობაზე ემყარებოდა შესაბამისი სადავო ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმების არასწორ განმარტებას. „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, პენსიონერს უფლება ჰქონდა: ა) მიეღო პენსია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ბ) დამატებით მიეღო სოციალური დახმარებები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; გ) ესარგებლა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებებით. იმავე „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე განსაზღვრული იყო სახელმწიფო პენსიის შეჩერების საფუძვლები. აღნიშნული კანონის (2012 წლის 1 სექტემბრამდე რედაქციით) მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი განსაზღვრავდა, რომ პენსიის გაცემა შეჩერდებოდა საქართველოს მოქალაქის მიერ პენსიის ზედიზედ 6 თვის განმავლობაში მიუღებლობისას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, პენსიის გაცემის შეჩერების ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მისი გაცემა განახლდებოდა პენსიონერის მიერ კომპეტენტურ ორგანოში პენსიის გაცემის განახლების თაობაზე განცხადების შეტანის თვის მომდევნო თვეს და ანაზღაურდებოდა მის მიერ მიუღებელი თანხა წარსული დროისათვის, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლისა პენსიის გაცემის შეჩერების დღიდან. „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში 2012 წლის 22 ივნისის №6550 კანონით შევიდა ცვლილება, რის შედეგადაც 2012 წლის 1 სექტემბრიდან მითითებული კანონის მე-16 მუხლი ამოქმედდა შემდეგი რედაქციით: პენსია (მხოლოდ ფულადი სარგებელი) შეჩერდებოდა ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი საფუძვლის წარმოშობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან: ა) პირის მიერ პენსიის ზედიზედ 6 თვის განმავლობაში მიუღებლობისას; ბ) პირის წინასწარ პატიმრობაში ყოფნისას. პენსია (მხოლოდ ფულადი სარგებელი) განახლდებოდა მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან და ანაზღაურდებოდა მიუღებელი თანხა წარსული დროისათვის, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლისა პენსიის შეჩერების დღიდან: ა) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − პენსიონერის მიერ კომპეტენტური ორგანოსთვის პენსიის განახლების თაობაზე განცხადების წარდგენის შემდეგ; ბ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − პირის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანისას.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო პენსიის, სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნისა და გაცემის წესების“ (2012 წლის 1 სექტემბრამდე რედაქციით) მე-12 მუხლის მე-3 პუნქტით განისაზღვრა: ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტის მიზნებისათვის 2012 წლის 1 სექტემბრამდე დანიშნული შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის „საპენსიო უზრუნველყოფისა“ და „სოციალური დაცვის“ პროგრამული კოდებით დაფინანსებული რაიმე სახის ყოველთვიური ფულადი გასაცემლების (გარდა საყოფაცხოვრებო სუბსიდიისა, სახელმწიფო კომპენსაციისა, საარსებო, რეინტეგრაციის, დევნილთა და ლტოლვილთა შემწეობისა) ჯამური ოდენობის გამოთვლისას, აგრეთვე, გათვალისწინებული იქნეს ყველა ის გასაცემელი (გარდა საყოფაცხოვრებო სუბსიდიისა, სახელმწიფო კომპენსაციისა, საარსებო, რეინტეგრაციის, დევნილთა და ლტოლვილთა შემწეობისა), რომლის გაცემაც 2012 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით შეჩერებულია არა უმეტეს 6 თვის განმავლობაში. ამ შემთხვევაში „საპენსიო პაკეტი“ ფულადი გასაცემლის სახით შეჩერებულად ითვლება, და თუ განახლება არ განხორციელდა 2013 წლის 1 იანვრამდე, მაშინ პენსია შეწყდება. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 7 აგვისტოს №48/ნ ბრძანების „სახელმწიფო პენსიის, სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ მე-12 მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი სახით: გარდამავალ ეტაპზე, გასული პერიოდის მიუღებელი თანხა ანაზღაურდება შემდეგი სახით: იმ პირთათვის, რომლებმაც 2012 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით არა უმეტეს 6 თვის პერიოდით შეჩერებული პენსიის განახლების მოთხოვნით მიმართეს სააგენტოს 2013 წლის 1 იანვრის შემდეგ – 2012 წლის 1 სექტემბრიდან პენსია ითვლება შეწყვეტილად და აუნაზღაურდებათ მხოლოდ 2012 წლის 1 სექტემბრამდე მოქმედი კანონმდებლობით კუთვნილი გასაცემლები. სააპელაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ზემოაღნიშნული მუხლის დანაწესს და აღნიშნავს, რომ ნ. ბ-ეს სახელმწიფო პენსიის გაცემა შეუჩერდა 2012 წლის 1 იანვრიდან. ნ. ბ-ემ სოციალური მომსახურების სააგენტოს შუახევის განყოფილებას სახელმწიფო პენსიის განახლების მოთხოვნით მიმართა 2014 წლის 6 იანვარს, ანუ 2013 წლის 1 იანვრის შემდეგ, რის შედეგადაც მასზე გაიცა 2012 წლის 1 იანვრიდან 2012 წლის 1 სექტემბრამდე პერიოდზე მიუღებელი გასაცემელი და გასაცემლის დარიცხვა განახლდა 2014 წლის 1 თებერვლიდან, რაც სრულად შეესაბამებოდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტისა და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების შესახებ“ (ამ პერიოდისათვის მოქმედი რედაქციით) მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მოთხოვნებს.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითება მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ კუთვნილი საპენსიო თანხების - 2012 წლის 1 სექტემბრიდან 2014 წლის იანვრის ჩათვლით ანაზღაურების დაკისრების სამართლებრივი საფუძვლების არსებობის თაობაზე, რამდენადაც „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილი შეჩერებული პენსიის განახლების პირობებში დასაშვებად თვლიდა არა უმეტეს ერთი წლის პენსიის მიუღებელი თანხის ანაზღაურებას. ამდენად, ზემოაღნიშნული გარდამავალი დებულებების არარსებობის პირობებშიც კი, მოსარჩელის მოთხოვნა, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მას ანაზღაურებული ჰქონდა მიუღებელი 9 თვიანი პერიოდი, შესაძლოა ეფუძნებოდეს მხოლოდ 3 თვის გასაცემლის მოთხოვნას. სააპელაციო სასამართლომ აქვე გაითვალისწინა ის პრინციპი, რაც უკავშირდებოდა სახელმწიფოს უფლებას - მოეხდინა სოციალური რეგულაციების დადგენა, მათი კორექტირება, რაც დამოკიდებული და განპირობებული იყო სახელმწიფო შესაძლებლობებით და სოციალური ბალანსის დადგენის საჭიროებით და მიიჩნევდა, რომ სააპელაციო სასამართლო არ იყო უფლებამოსილი უარეყო გარდამავალი დებულებების მოთხოვნები, განემარტა, რომ ადგილი ჰქონდა პენსიის შეჩერებას და არა შეწყვეტას და სარჩელის ნაწილობრივი დაკმაყოფილების გზით აენაზღაურებინა თუნდაც მითითებული 3-თვიანი პერიოდი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 15 მარტის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ბ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც არეგულირებს პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველს, განსაზღვრავს პენსიის ადმინისტრირების ორგანოს, ადგენს პენსიის დანიშვნის, გაცემის, შეჩერების, განახლების, შეწყვეტის და პენსიის მიღების ზოგად პრინციპებს. მითითებული კანონის მიზანია საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საქართველოს ხანდაზმულ მოქალაქეთა სოციალურ-ეკონომიკური უფლებების რეალიზაცია და სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტის დაწესება არსებული რესურსების ფარგლებში. ამავე კანონის მე-4 მუხლის „კ“ ქვეპუნქტით განმარტებულია კომპეტენტური ორგანოს ცნება, რომელსაც წარმოადგენს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო. სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონის მე-16 მუხლი, რომელიც ითვალისწინებს პენსიის შეჩერება/განახლების საფუძვლებს. კერძოდ, ამავე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, პირის მიერ პენსიის ზედიზედ 6 თვის განმავლობაში მიუღებლობისას, პენსია შეჩერდება ამ საფუძვლის წარმოშობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან. ამავე კანონის მე-17 მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს ასევე პენსიის შეწყვეტის საფუძვლებს.

კასატორის მითითებით, „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად, კანონმდებლობა პენსიის შესახებ შედგება საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ამ კანონის, სხვა საკანონმდებლო აქტებისა და მათ საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისაგან. თუ კანონი ან კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი ეწინააღმდეგება კონსტიტუციასა და ასევე საერთაშორისო კონვენციებსა და ხელშეკრულებებს, მაშინ სასამართლომ გადაწვეტილება უნდა მიიღოს არა უკანონო კანონებზე დაყრდნობით, არამედ სამართლიანობის ზოგადი წესებიდან გამომდინარე.

კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ ასევე არასწორად განმარტა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის #46/ნ ბრძანება „სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტისა და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების შესახებ“ დანართი №1 მე-8 მუხლი, რომლითაც განსაზღვრულია პენსიის შეჩერება/განახლების საფუძვლები, კერძოდ, პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პენსია შეჩერდება პენსიონერის მიერ პენსიის ზედიზედ 6 თვის განმავლობაში მიუღებლობის შემთხვევაში, ანუ როდესაც არ ხდება მისი კუთვნილი საბანკო ანგარიშიდან თანხის გატანა ზედიზედ 6 თვის განმავლობაში. აღნიშნული ბრძანება ეწინააღმდეგება კანონს და შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სპეციალური კანონი და არა უკანონო კანონქვემდებარე აქტი. მხოლოდ ის გარემოება, რომ პირის მიერ საბანკო ანგარიშიდან ზედიზედ 6 თვის განმავლობაში არ ხდებოდა თანხის გატანა, არ შეიძლება გახდეს ზემოაღნიშნულ ბრძანებაში განხორციელებული ცვლილებებიდან გამომდინარე, გარკვეული პერიოდით პირისათვის კანონით მინიჭებული უფლების - სახელმწიფო პენსიის მიღების უფლების წართმევის საფუძველი, მით უფრო იმ პირობებში, როცა „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონის მე-17 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი ამგვარი შემთხვევებისთვის სპეციალურ ვადას აწესებს, რომ პენსია შეწყდება პენსიის შეჩერების დღიდან 3 წლის გასვლის შემდეგ. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ ერთმანეთთან გააიგივა პენსიის შეჩერებისა და პენსიის შეწყვეტის საკითხები. მოცემულ შემთხვევაში პენსიის შეწყვეტა მოხდა უკანონოდ. ამის თაობაზე მოპასუხეს არ მიუღია რაიმე ადმინისტრაციული აქტი. ეს გარემოება გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს იძლევა.

კასატორი ასევე მიუთითებს, რომ იგი პენსიონერია, დაავადებულია და გადის მკურნალობის კურსს. იგი ცხოვრობს შუახევის რაიონში, სოფელ ..., რომელიც დაბიდან 32 კილომეტრითაა დაშორებული. სოფელში არ ფუნქციონირებს ბანკომატები და არ არის ბანკის ფილიალები.

ზემოაღნიშნულიდან გამოდინარე, კასატორის მოსაზრებით, სასარჩელო მოთხოვნა ექვემდებარება დაკმაყოფილებას, რის გამოც ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 16 თებერვლის #04/12461 წერილი და მოპასუხეს უნდა დაევალოს მოსარჩელის კუთვნილი საპენსიო თანხის - 2012 წლის 1 სექტემბრიდან 2014 წლის იანვრის ჩათვლით, მოსარჩელისათვის სრულად ანაზღაურება, ვინაიდან საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე დადასტურებულია, რომ მოსარჩელეს ადმინისტრაციული ორგანოს ქმედებით მიადგა პირდაპირი და უშუალო ზიანი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 29 ივნისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ნ. ბ-ის საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 14 სექტემბრის განჩინებით ნ. ბ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ბ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 15 მარტის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, არ ეფუძნება ფაქტობრივი გარემოებების სრულ და ყოველმხრივ გამოკვლევას, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტის თანახმად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოში დაბრუნების საფუძველს წარმოადგენს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: კასატორი - ნ. ბ-ე წარმოადგენს „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის სუბიექტს, რომელსაც სახელმწიფო პენსია დაენიშნა 2011 წლის 1 მარტიდან, თვეში 84 ლარის ოდენობით. 2012 წლის 1 იანვრიდან „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონის მე-16 მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სს „...“ მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, მას შეუჩერდა სახელმწიფო პენსია „ზედიზედ 6 თვის განმავლობაში ბენეფიციარის მხრიდან სახელმწიფო გასაცემლის მიუღებლობის გამო“. ნ. ბ-ემ ადმინისტრაციულ ორგანოს სახელმწიფო პენსიის განახლების მოთხოვნით, განცხადებით მიმართა 2014 წლის 6 იანვარს. მის მიმართ სახელმწიფო გასაცემლის დარიცხვა, „სახელმწიფო პენსიის დანიშვნისა და გაცემის წესის“ მე-12 მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, განახლდა 2014 წლის 1 თებერვლიდან, ხოლო მიუღებელი გასული პერიოდის სახელმწიფო პენსია დაერიცხა 2012 წლის 1 იანვრიდან 2012 წლის 1 სექტემბრამდე - 832 ლარის ოდენობით.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 16 თებერვლის №04/12461 წერილის თანახმად, ნ. ბ-ის წარმომადგენელს - რ. ფ-ეს მისი 2016 წლის 2 თებერვლის №10219 წერილის პასუხად ეცნობა, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 7 აგვისტოს №01-48/ნ ბრძანებით „სახელმწიფო პენსიის, სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანებაში განხორციელებული ცვლილებებიდან გამომდინარე, იმ პირთათვის, რომლებმაც 2012 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით არა უმეტეს 6 თვის პერიოდით შეჩერებული პენსიის განახლების მოთხოვნით მიმართეს 2013 წლის 1 იანვრის შემდეგ - 2012 წლის 1 სექტემბრიდან პენსია ითვლება შეწყვეტილად და აუნაზღაურდებათ მხოლოდ 2012 წლის 1 სექტემბრამდე მოქმედი კანონმდებლობით კუთვნილი გასაცემლები. შეწყვეტის საფუძვლის აღმოფხვრის შემდეგ საპენსიო პაკეტი ინიშნება განცხადებისა და საჭირო დოკუმენტების სააგენტოში წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან. ნ. ბ-ემ სააგენტოს შუახევის რაიონულ განყოფილებას პენსიის განახლების თაობაზე განცხადებით მიმართა 2014 წლის 6 იანვარს. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, 2014 წლის 1 თებერვლიდან მას განუახლდა „საპენსიო პაკეტით“ განსაზღვრული ფულადი გასაცემელი - 150 ლარის ოდენობით, ამასთანავე, აუნაზღაურდა 2012 წლის 1 იანვრიდან 1 სექტემბრამდე მიუღებელი სახელმწიფო გასაცემელი - 832 ლარის ოდენობით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ნ. ბ-ისათვის გასული პერიოდის (2012 წლის 1 სექტემბრიდან 2014 წლის იანვრის თვის ჩათვლით) საპენსიო თანხების ანაზღაურების სამართლებრივი საფუძველი სააგენტოს არ გააჩნდა.

განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 16 თებერვლის №04/12461 წერილის კანონიერების დადგენა წარმოადგენს. სადავო აქტის გაუქმებას მოსარჩელე ითხოვს იმ საფუძვლით, რომ პენსიის შეწყვეტა მოხდა უკანონოდ. სააპელაციო სასამართლომ ერთმანეთთან გააიგივა პენსიის შეჩერებისა და შეწყვეტის საკითხები. მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს ამის თაობაზე არ მიუღია რაიმე ადმინისტრაციული აქტი. შესაბამისად, პენსიის შეჩერებაც იყო უკანონო, რაც, კასატორის მოსაზრებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს წარმოადგენს.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პენსიის მიღება საერთაშორისო და შიდა სამართლებრივი აქტების შესაბამისად, პირის ძირითად სოციალურ უფლებათა ჯგუფს განეკუთვნება. 1996 წლის 3 მაისის ევროპის სოციალური ქარტიის 1-ლი ნაწილის 23-ე პუნქტის მიხედვით, ხელმომწერი მხარეები (სახელმწიფოები) აღიარებენ ხანდაზმულ პირთა მიმართ სოციალური დაცვით სარგებლობის უფლებას, ხოლო მე-2 ნაწილის 23-ე მუხლის შესაბამისად, ხანდაზმულ პირთა მიერ სოციალური დაცვის უფლებით სარგებლობის მიზნით სახელმწიფო ვალდებულებას იღებს უზრუნველყონ ხანდაზმულთა დარჩენა საზოგადოების სრულფასოვან წევრებად, რაც შეიძლება დიდხანს. მაგალითად, ამავე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, აღნიშნული გამოიხატება ადეკვატური სახსრების გამოყოფით, რაც საშუალებას მისცემს მათ იცხოვრონ ღირსეულად და აქტიური მონაწილეობა მიიღონ საზოგადოებრივ, სოციალურ და კულტურულ ცხოვრებაში.

პენსიის მიღების უფლება წარმოადგენს პირის საჯარო სუბიექტური უფლების ერთ-ერთ სახეს, რომლითაც იგი საკანონმდებლო ბაზის საფუძველზე აღჭურვილია სახელმწიფო ხელისუფლების მიმართ. სუბიექტური უფლების წარმოშობის წინაპირობა არის მეორე პირის მოვალეობა, რამდენადაც სუბიექტური საჯარო სამართლებრივი უფლება არის პირისადმი საჯარო სამართლის ნორმით მინიჭებული უფლება, თავისი ინტერესების დასაცავად მოითხოვოს სახელმწიფოსაგან კონკრეტული დამოკიდებულება.

საკასაციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს კანონმდებლობით ხანდაზმულ მოქალაქეთა სოციალურ-ეკონომიკური უფლებების რეალიზაციას განსაზღვრავს საქართველოს კანონი „სახელმწიფო პენსიის შესახებ“, რომელიც არეგულირებს პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველს, განსაზღვრავს პენსიის ადმინისტრირების ორგანოს, ადგენს პენსიის დანიშვნის, გაცემის, შეჩერების, განახლების, შეწყვეტისა და პენსიის მიღების ზოგად წესებს. მითითებული კანონის ძირითადი პრინციპებია: ადამიანის უფლებების დაცვა, კანონის წინაშე თანასწორობა, საყოველთაობა, პენსიის მიღების სახელმწიფო გარანტია და ა.შ. პენსიის მიღებასთან დაკაშირებული სამართალურთიერთობები რეგულირდება ასევე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის #46/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტის დანიშვნისა და გაცემის წესით“.

„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლი ითვალისწინებს პენსიის შეჩერება/განახლების საფუძვლებს. კერძოდ, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, პირის მიერ პენსიის ზედიზედ 6 თვის განმავლობაში მიუღებლობისას პენსია (მხოლოდ ფულადი სარგებელი) შეჩერდება ამ საფუძვლის წარმოშობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან. ამავე კანონის მე-17 მუხლით განსაზღვრულია პენსიის შეწყვეტის წესი და პირობები, კერძოდ, 1-ლი პუნქტის თანახმად, პენსია (მხოლოდ ფულადი სარგებელი) შეწყდება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი საფუძვლის წარმოშობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ ამ პუნქტით სხვა რამ არ არის განსაზღვრული: ა) პირადი განცხადებით; ბ) საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში; გ) სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლისას, რომლითაც პირს შეეფარდა თავისუფლების აღკვეთის აღსრულება, – პენსიის შეჩერების დღიდან; დ) უცხო ქვეყნის მოქალაქის ან მოქალაქეობის არმქონე პირის საქართველოდან გაძევებისას; ე) პირის საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლისას ან საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვისას; ვ) პენსიონერის გარდაცვალებისას; ზ) პენსიის შეჩერების დღიდან 3 წლის გასვლის შემდეგ; თ) სხვა საფუძვლით, თუ იგი ამ კანონიდან გამომდინარეობს. „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი განსაზღვრავს პენსიის გაცემის შეწყვეტის ვალდებულებას შეჩერებიდან სამი წლის გასვლის შემდეგ. შეჩერებული პენსიის განახლების თაობაზე განცხადების წარდგენის თვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან პენსია განახლდება და ანაზღაურდება მიუღებელი თანხა წარსული დროისათვის, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლისა პენსიის შეჩერების დღიდან. პენსიის შეწყვეტის საფუძვლის აღმოფხვრის შემდეგ პენსია ხელახლა ინიშნება საერთო წესით („სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონის 16.2 მუხ., 14.2 მუხ., ამჟამად მოქმედი „სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტის დანიშვნისა და გაცემის წესის“ 9.3 მუხ.), შეწყვეტიდან პენსიის ხელახლა დანიშვნამდე სახელმწიფო გასაცემელი არ ანაზღაურდება.

საკასაციო სასამართლოს მითითებით, მოცემულ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ საქმის მასალებში არ მოიპოვება ნ. ბ-ის პენსიის შეჩერების, ასევე პენსიის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებები. მოსაზრება იმის შესახებ, რომ პენსიის შეჩერებისა და შეწყვეტის გადაწყვეტილებებს საფუძვლად დაედო ფაქტობრივი გარემოებები, რომ ნ. ბ-ეს ზედიზედ 6 თვის განმავლობაში პენსია არ მიუღია, თავისთავად გამოიწვევდა დამდგარ შედეგს, კერძოდ, სახელმწიფო პენსიის გაცემის შეჩერებას, ხოლო შემდეგ შეწყვეტას, არ ადასტურებს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას. „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს პენსიის მიღების უფლების მქონე პირთა წრეს, მისი შეჩერების და შეწყვეტის საფუძვლებს.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ კანონით განსაზღვრული სახელმწიფო პენსიის გაცემის შეჩერება-შეწყვეტის საფუძვლები წარმოადგენენ კონკრეტული პირის მიმართ სახელმწიფო გასაცემლის შეჩერება-შეწყვეტის შესახებ ადმინისტრაციული წარმოების დაწყების, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის პირობას და არა თავად ინდივიდუალურ აქტებს. ის გარემოება, რომ „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონის დანაწესის თანახმად, პენსია შეჩერდება კანონით გათვალისწინებული შეჩერების ერთ-ერთი საფუძვლის წარმოშობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, არ ნიშნავს იმას, რომ კანონით გათვალისწინებული შეჩერების საფუძვლის წარმოშობის შემთხვევაში არ არსებობს სახელმწიფო პენსიის შეჩერების თაობაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის საჭიროება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.05.2017წ. გადაწყვეტილება, საქმე #ბს-365-360(კ-16)) თანახმად, განიმარტა, რომ „სახელმწიფო პენსიასთან დაკავშირებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობების წარმოშობისათვის მხოლოდ კანონით გათვალისწინებული პირობის არსებობა არ არის საკმარისი. ასე მაგ. პირის მიერ საპენსიო ასაკის მიღწევა თავისთავად არ იწვევს მისთვის პენსიის დანიშვნას, ასეთ შემთხვევაში მოქალაქის განცხადების საფუძველზე იწყება ადმინისტრაციული წარმოება, რომლის შედეგადაც, თუ მოქალაქის ფაქტობრივი მდგომარეობა შეესაბამება კანონით გათვალისწინებულ სამართლებრივ მოთხოვნებს და განცხადებას ახლავს ყველა საჭირო დოკუმენტი, საჯარო დაწესებულება ახდენს პენსიის დანიშვნის შესახებ მოქალაქის მოთხოვნის დაკმაყოფილებას ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით, ე.ი. ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის საფუძველი არის პირის მიერ საპენსიო ასაკის მიღწევა, პენსიის დანიშვნის შესახებ განცხადებით სოციალური უზრუნველყოფის ორგანოსათვის მიმართვა, აქტის გამოცემა“.

„ამდენად, სახელმწიფო გასაცემელთან დაკავშირებით ურთიერთობის შინაარსის კონკრეტულად განსაზღვრა ხდება ინდივიდუალური აქტის გამოცემით. კანონი განსაზღვრავს წინაპირობებს, რომელთა არსებობისას ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ჩაებას კონკრეტულ სამართლებრივ ურთიერთობებში, კანონით განსაზღვრული აბსტრაქტულ-გენერალური მოწესრიგება საჭიროებს მისი კონკრეტულ-ინდივიდუალური შემთხვევისადმი მისადაგებას ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მეშვეობით. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობა ვლინდება იმაში, რომ ის არის კანონის მოთხოვნების ცალკეულ შემთხვევებსა და კონკრეტულ პირებზე გავრცელების საშუალება. სახელმწიფო ხელისუფლება კანონის მოთხოვნათა შესასრულებლად თავისი საქმიანობით უშუალოდ კი არ უპირისპირდება მოქალაქეს, არამედ გამოსცემს სამართლებრივ აქტს, რომლის საფუძველზეც მიიღება კონკრეტული ზომა, როგორც სამართლიანი, განსაზღვრული და სავალდებულო ძალის მქონე ქმედება. სწორედ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ქმნის აქტის ამოქმედების შემდგომ მისი თვითაღსრულების პირობას. აღნიშნულში ვლინდება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღსრულებითსამართლებრივი მნიშვნელობა, რომელიც მოიცავს შესაძლებლობას პირის ნების საწინააღმდეგოდ, მის ხელთ არსებული კანონით დადგენილი აღსრულების საშუალებების გამოყენებით აღასრულოს აქტი. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღსრულების სამართლებრივი ფუნქცია იმაში ვლინდება, რომ ის არის აღსრულების დაწყების აუცილებელი წინაპირობა“.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პირის უფლებებისა და მოვალეობების დაწესების, შეცვლის, შეწყვეტის ან დადასტურებისათვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადება, გამოცემა და აღსრულება, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტა უკავშირდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ადმინისტრაციული პროცედურის ჩატარებას, თუ სპეციალური კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აქტის გამოცემის პროცესში დაიცვას ამ კოდექსით დადგენილი, მოცემულ შემთხვევაში მარტივი ადმინისტრაციული წარმოების მოთხოვნები, როგორიცაა წარმოებაში დაინტერესებული მხარის მონაწილეობის უზრუნველყოფა, საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევა და სხვ. საქმის მასალებში არ მოიპოვება ნ. ბ-ის პენსიის შეჩერებისა და შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებები. ასევე არ დასტურდება მათი ადრესატისათვის ჩაბარების ფაქტი, რაც სააპელაციო პალატის მიერ არ შეფასებულა, თუმცა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარს საფუძვლად დაედო სააპელაციო პალატის მიერ საქმეზე დადგენილი, ნ. ბ-ის მიერ ზედიზედ 6 თვის განმავლობაში პენსიის მიუღებლობის უდავო ფაქტობრივი გარემოება. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული გარემოებები არ ადასტურებს სახელმწიფო პენსიის შეჩერებისა და შეწყვეტის მართლზომიერებას. სააპელაციო პალატის მიერ საქმის ხელახლა განხილვისას, მნიშვნელოვანია ასევე შეფასდეს ის გარემოებები, რომ პენსიონერი ნ. ბ-ე ცხოვრობს შუახევის რაიონში, სოფელ ..., სადაც არ ფუნქციონირებს ბანკების ფილიალები და ბანკომატები. აღნიშნული სოფელი დაბა … დაშორებულია 32 კმ-ით. ნ. ბ-ე დაავადებულია და გადის მკურნალობის კურსს, რის გამოც ვერ ახერხებდა თანხების ანგარიშიდან განაღდებას.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის 1-ლი ოქმის თანახმად, ყოველ პირს აქვს მისი საკუთრების პატივისცემის უფლება. პენსიის მოთხოვნა შესაძლოა მიჩნეულ იქნეს 1-ლი ოქმის 1-ლი მუხლით გათვალისწინებულ საკუთრებად (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 18.11.2004წ. დადგენილება საქმეზე „პრავედნაია რუსეთის წინააღმდეგ“). პენსია სოციალური უზრუნველყოფის განსხვავებული ტიპის ბენეფიტია, ის წარმოიშობა უფლების საფუძველზე, მიუხედავად პირის ქონებრივი მდგომარეობისა. განსახილველ შემთხვევაში ნ. ბ-ეს როგორც პენსიონერს, პენსიის პერიოდული მიღების უფლება სამისდღემშიოდ, მოპოვებული ჰქონდა ასაკის გამო. საქმეზე „სტეკი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“, პრეცედენტულ სამართალში შენატანების საფუძველზე უზრუნველყოფილი დახმარებების საქმეები გაიმიჯნა იმ საქმეებისაგან, რომლებიც შენატანებთან არ იყო დაკავშირებული. ახალი მიდგომის თანახმად, თუ მოქმედი კანონმდებლობა უზრუნველყოფს სოციალური კეთილდღეობის დახმარებას - შენატანების წინასწარი გადახდის ან გადაუხდელობის პირობით, ასეთი კანონმდებლობა განხილული უნდა იქნეს, როგორც მესაკუთრის ინტერესის წარმომშობი, რაც პირველი ოქმის 1-ლი მუხლის ფარგლებში ექცევა მათთვის, ვინც ამ კანონმდებლობის მოთხოვნებს აკმაყოფილებს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ თანამედროვე დემოკრატიულ სახელმწიფოში მრავალი ადამიანი, სრულიად ან ნაწილობრივ, სოციალურ დახმარებებზეა დამოკიდებული. მრავალი შიდასახელმწიფოებრივი სისტემა აღიარებს, რომ ასეთ პირებს სჭირდებათ საიმედოობის და უსაფრთხოების გარკვეული ხარისხი. აქედან გამომდინარე, სოციალური დახმარება განიხილება, როგორც უფლება. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ. ბ-ეს კანონით აქვს მინიჭებული სახელმწიფო პენსიის მიღების უფლება, რომელიც სრულად ვერ იქნა რეალიზებული.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლო პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერებასა და დასაბუთებულობას ამოწმებს, როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი თვალსაზრისით, ანუ საქმეს განიხილავს, როგორც ფაქტობრივი გარემოებების დადგენის, ისე მათი სამართლებრივი შეფასების კუთხით. სააპელაციო სასამართლოს უფლება აქვს დაადგინოს ახალი ფაქტები, ხოლო საქმის მონაწილე პირებს უფლება აქვთ პირველ ინსტანციაში უკვე განხილულთან ერთად სააპელაციო სასამართლოში წარადგინონ ახალი მტკიცებულებები. ანუ სააპელაციო სასამართლო, საკასაციო ინსტანციის სასამართლოსგან განსხვავებით, შებოჭილი არაა პროცესუალური შესაძლებლობით, საქმეზე დაადგინოს ფაქტობრივი გარემოებები, გამოითხოვოს და შეაფასოს მტკიცებულებები.

ამასთან, მნიშვნელოვანია იმ გარემოებების დადგენა, მოცემულ შემთხვევაში რამდენად კანონიერია ნ. ბ-ისათვის პენსიის შეჩერება და შეწყვეტა იმ პირობებში, როცა საქმის მასალებით არ დასტურდება ასეთი გადაწყვეტილებების მიღების ფაქტი. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სააპელაციო პალატამ ზემოაღნიშნულ გარემოებათა დადგენის შემთხვევაში უნდა იმსჯელოს ნ. ბ-ისათვის პენსიის სრულად ანაზღაურების საკითხზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ. ბ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ. ბ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 15 მარტის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი