ბს-626-622(კ-17) 22 თებერვალი, 2018წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: ნუგზარ სხირტლაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
კასატორი (მოსარჩელე) – სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხულოს რაიონული განყოფილება; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო.
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ნ. ზ-ე
მესამე პირი - ზ. გ-ე
დავის საგანი – სახელმწიფო ბაჟის დაკისრება
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.12.2016 წ. განჩინება.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნ. ზ-ემ 11.03.2016 წ. სარჩელით მიმართა ხულოს მაგისტრატ სასამართლოს მოპასუხის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხულოს რაიონული განყოფილების მიმართ და მოითხოვა იურიდიული მნიშვნელობის ფაქტის დადგენა იმის შესახებ, რომ სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროს თავჯდომარე ზ. გ-ის მიერ 06.03.2002წ. სსებ შემოწმების ამონაწერი №22613 და სამედიცინო დასკვნა გაცემული ნ. ა. შ-ის სახელზე ეკუთვნის ნ. ზ-ეს. განმცხადებლის სასარჩელო მოთხოვნას ასევე წარმოადგენდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხულოს რაიონული განყოფილების დავალდებულება, განეახლებინა და განეგრძო ნ. ზ-ის სახელზე პენსიის თანხის გაცემა 70 ლარის ოდენობით.
ხულოს მაგისტრატი სასამართლოს 30.05.2016 წ. განჩინებით სასკ-ის 16.1 მუხლის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაება სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო.
ხულოს მაგისტრატი სასამართლოს 15.08.2016 წ. გადაწყვეტილებით ნ. ზ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხულოს რაიონულ განყოფილებას დაევალა ნ. ზ-ეზე სოციალური პაკეტით გათვალისწინებული თანხის გაცემის განახლება მისი შეწყვეტის დღიდან - 2015 წლის აგვისტოდან და დაეკისრა ნ. ზ-ის სასარგებლოდ, წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 25 ლარის ანაზღაურება. ხსენებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხულოს რაიონული განყოფილებისა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.12.2016 წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ხულოს მაგისტრატი სასამართლოს 15.08.2016 წ. გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხულოს რაიონული განყოფილებისა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმების გზით სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვეს.
კასატორებს მიაჩნიათ, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა გადაწყვეტილება მოსარჩელე ნ. ზ-ის პირველი სასარჩელო მოთხოვნის - სადავო უფლების დამდგენი დოკუმენტის მოსარჩელისადმი კუთვნილების ფაქტის დაუდგენლად მიიღეს. საპროცესო ხარჯების დაკისრების თაობაზე კი კასატორებმა აღნიშნეს, რომ როგორც ხულოს მაგისტრატი, ასევე ქუთაისის სააპელაციო სასამართლო აღნიშნულ საკითხს ფორმალურად მიუდგა, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, რის შედეგადაც მიღებულ იქნა უკანონო გადაწყვეტილება. კასატორებმა მიუთითეს სასკ-ის 9.1 მუხლზე, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ კანონის 5.1 მუხლის „უ“ ქვეპუნქტზე და აღნიშნეს, რომ განსახილველი დავა ეხება სოციალური დაცვის საკითხს, რაზეც სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება და ასევე, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო, როგორც ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულება, გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან. აღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით, კასატორთა მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს ბაჟი, მათზე დაკისრების ნაცვლად, მოსარჩელისთვის - ნ. ზ-ესთვის უნდა დაებრუნებინა სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.12.2017წ. განჩინებით სსიპ სოციაური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხულოს რაიონული განყოფილების საკასაციო საჩივარი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხულოს რაიონული განყოფილებისათვის სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში დასაშვებად იქნეს ცნობილი, ხოლო დანარჩენ ნაწილში საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების, გასაჩივრებული განჩინების და საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლის შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი საპროცესო ხარჯების დაკისრების ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული სამართალწარმოება იცნობს სასამართლო ხარჯებისგან გათავისუფლების ორი ტიპის მექანიზმს - მხარის მიხედვით და დავის საგნის მიხედვით. მხარის მიხედვით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, სასამართლო ხარჯების გადახდისგან გათავისუფლების შესაძლებლობებს ითვალისწინებს სსკ-ის 46-ე მუხლი. სუბიექტის მიხედვით, სასამართლო ხარჯებისგან გათავისუფლების საკითხთან მიმართებით, საყურადღებოა ასევე „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ კანონის მე-5 მუხლი, რომელიც აყალიბებს იმ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირთა ჩამონათვალს, რომლებიც საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე ბაჟის გადახდისგან თავისუფლდებიან. დავის ხასიათის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლების საკითხს აწესრიგებს სასკ-ის მე-9 მუხლი. ხსენებულ სარჩელებთან მიმართებით, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება არც ერთი ინსტანციის სასამართლოში სარჩელის განხილვისას. მოცემული საქმე სოციალურ დავათა რიგს განეკუთვნება. დავა უკავშირდება საპენსიო უფლებით სარგებლობის შესაძლებლობას, შესაბამისად, სარჩელი აღიძრა სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით, ამდენად, მოსარჩელეს არ უნდა გადაეხადა სახელმწიფო ბაჟი. სასკ-ის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამდენად, ის გარემოება, რომ ადმინისტრაციული ორგანო გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან, არ ათავისუფლებს მას მოსარჩელის მიერ გადახდილი ბაჟის ანაზღაურებისაგან. ამასთანავე, მხარის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის გადახდა მოწინააღმდეგე მხარეს იმ შემთხვევაში ეკისრება, როდესაც ბაჟის გადახდა იყო სარჩელის წარმოებაში მიღების აუცილებელი პირობა. ბაჟის გადახდისგან გათავისუფლებული კატეგორიის საქმეზე მოსარჩელის მიერ ბაჟის გადახდა იწვევს გადახდილი თანხის არა მოპასუხისათვის დაკისრებას, არამედ შეცდომით გადახდილი ბაჟის ბიუჯეტიდან დაბრუნებას. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო ვალდებული იყო შეცდომით გადახდილი თანხა, მეორე მხარისათვის დაკისრების ნაცვლად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მოსარჩელისთვის - ნ. ზ-ისთვის დაებრუნებინა.
ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კანონმდებლობას არ შეესაბამება, რაც ამ ნაწილში განჩინების გაუქმების და საკასაციო პალატის მიერ, სსკ-ის 411-ე მუხლის შესაბამისად, ახალი გადაწყვეტილების მიღების საფუძველს ქმნის.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც იო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-9 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411 -ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხულოს რაიონული განყოფილებისა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.12.2016 წ. განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც უცვლელი დარჩა ხულოს მაგისტრატი სასამართლოს 15.08.2016წ. გადაწყვეტილება სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხულოს რაიონული განყოფილებისათვის ნ. ზ-ის სასარგებლოდ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში;
3. ე. ა-ეს ( პ/ნ ...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს 20.02.2016წ. N9391410 საგადახდო დავალებით მის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 25 ლარის ოდენობით;
4. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ. როინიშვილი