Facebook Twitter

საქმე =ბს-419-539-კ-03 11 თებერვალი, 2016 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა შპს ,,...“ დირექტორის გ.ჯ-ის განცხადება სააღსრულებო ფურცლის დუბლიკატის გაცემის თაობაზე.

საკასაციო სასამართლომ

გამოარკვია:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 26.02.2004წ. გადაწყვეტილებით სსიპ საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურის ქობულეთის სახელმწიფო რეზიდენცია ,,ივერიის” საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 28.05.2003წ. გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, სსიპ საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურის ქობულეთის სახელმწიფო რეზიდენცია ,,ივერიის” სარჩელი დაკმაყოფილდა: საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაეკისრა 23 625 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ და ადვოკატის მომსახურებაზე გაწეული ხარჯის - 100 ლარის ანაზღაურება.

13.02.2014წ. საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა შპს ,,...“ დირექტორმა გ.ჯ-ემ და მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 26.02.2004წ. გადაწყვეტილებაზე სააღსრულებო ფურცლის გაცემა, რაზეც ეთქვა უარი იმ საფუძვლით, რომ აღნიშნულ საქმეზე 24.03.2004წ. გაცემულია სააღსრულებო ფურცელი, რომლის დედანი გადაგზავნილია თბილისის სააღსრულებო ბიუროში.

28.04.2014წ. საკასაციო სასამართლოს განმეორებით მომართა შპს ,,...“ დირექტორმა გ.ჯ-ემ და მოითხოვა სააღსრულებო ფურცლის გაცემის საკითხის შესწავლა, სააღსრულებო ფურცლისა და გადაგზავნის დამადასტურებელი მტკიცებულებების ასლების მიწოდება, რის შესახებაც განმცხადებელს განემარტა, რომ სააღსრულებო ფურცლის დედანი 24.03.2004წ. გადაგზავნილი იყო თბილისის სააღსრულებო ბიუროში, რისი დამადასტურებელი გზავნილის ასლიც გადაეგზავნა განმცხადებელს.

15.10.2015წ. საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა შპს ,,...“ დირექტორმა გ.ჯ-ემ და მოითხოვა სააღსრულებო ფურცლის დუბლიკატის გაცემა იმ საფუძვლით, რომ სააღსრულებო ფურცლის დედანი დაკარგულია. აღნიშნული გარემოების დასადასტურებლად განმცხადებელმა წარმოადგინა თბილისის სააღსრულებო ბიუროს 28.07.2014წ. წერილი, რომლის მიხედვით სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმის წარმოებისა და საინფორმაციო სამსახურიდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, სააღსრულებო წარმოება, სადაც კრედიტორია საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურის ქობულეთის სახელმწიფო რეზიდენცია ,,ივერია“, ხოლო მოვალე - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროში რეგისტრირებული არ არის.

საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი განცხადების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ მოთხოვნა სააღსრულებო ფურცლის დუბლიკატის გაცემის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 23-ე მუხლის თანახმად, სა­აღ­სრუ­ლე­ბო ფურ­ცლის და­კარ­გვის შემ­თხვე­ვა­ში ორგანოს, რო­მელ­მაც გას­ცა პირ­ვე­ლი ეგ­ზემ­პლ­ა­რი, შე­უძ­ლია გას­ცეს დუბ­ლი­კა­ტი. ამავე კანონის 21.1 და 24-ე მუხლების მიხედვით დგინდება, რომ სააღსრულებო ფურცელი გაიცემა კრედიტორზე ან მის უფლებამონაცვლეზე.

,,სააღსრულებო წაროებათა შესახებ“ კანონის 24-ე მუხლის თანახმად, სააღსრულებო ფურცელი შეიძლება გაცემულ იქნეს გადაწყვეტილებაში დასახელებული კრედიტორის უფლებამონაცვლე პირის სასარგებლოდ, თუ უფლებამონაცვლეობა ნათელია ან ამის დამადასტურებელი დოკუმენტი შეადგინა სათანადოდ უფლებამოსილმა ორგანომ ან დაამოწმა ნოტარიუსმა. თუ საჭირო დადასტურება ვერ ხერხდება სათანადოდ უფლებამოსილი ორგანოს მიერ შედგენილი ან ნოტარიუსის მიერ დამოწმებული დოკუმენტის საშუალებით, მაშინ კრედიტორმა ან მისმა უფლებამონაცვლე პირმა უფლებამონაცვლეობის დადგენის და სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე უნდა მიმართოს გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს. აღნიშნული ნორმა ითვალისწინებს სააღსრულებო ფურცლის კრედიტორის უფლებამონაცვლეზე გაცემის ორ შესაძლებლობას: პირველ შემთხვევაში უფლებამონაცვლეობა ნათელია და ამდენად, დამოუკიდებელი წარმოების გარეშე, მხოლოდ სათანადო მტკიცებულებების წარდგენის საფუძველზე ხდება სააღსრულებო ფურცლის გაცემა, ხოლო მეორე შემთხვევაში უფლებამონაცვლეობის დადასტურება ვერ ხერხდება სათანადოდ დამოწმებული დოკუმენტაციის საშუალებით, რის გამოც დაინტერესებულმა პირმა უფლებამონაცვლეობის დადგენისა და სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით უნდა მიმართოს გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს.

განსახილველ შემთხვევაში წარმოდგენილ განცხადებას არ ახლავს იმისი დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ შპს ,,...“ წარმოადგენს სსიპ საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურის ქობულეთის სახელმწიფო რეზიდენცია ,,ივერიის” უფლებამონაცვლეს, უფლებამონაცვლეობა არ არის ცხადი და აღნიშნული არც უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული აქტით ან სასამართლოს განჩინებით დასტურდება. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ შპს ,,...“ მოთხოვნა სააღსრულებო ფურცლის დუბლიკატის გაცემის თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს ,,...“ დირექტორის გ.ჯ-ის განცხადება სააღსრულებო ფურცლის დუბლიკატის გაცემის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ.ვაჩაძე

ვ.როინიშვილი