Facebook Twitter

№ბს-468-463(კ-12) 07 მაისი, 2013 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

განმცხადებელი - ნ. ლ-ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისია, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახური

მესამე პირი - ი. ქ-ი, სს ,,...“

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.02.2012წ. განჩინება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

განმცხადებლის მოთხოვნა - ქონებაზე ყადაღის დადება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნ.ლ-მა 04.03.11წ. სარჩელი აღძრა მცხეთის რაიონულ სასამართლოში მოპასუხის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოსა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ სამხარეო სამმართველოს 28.01.11 წ. №3/6 წერილის, მცხეთა-მთიანეთის არქიმშენინსპექციის 14.06.10 წ. №2/346 მიმართვის ბათილად ცნობის და საჯარო რეესტრისთვის მოსარჩელის სახელზე დაზუსტებული მონაცემების რეგისტრაციის მოთხოვნით.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 30.05.11 წ. განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი ნ.ლ-ის სასარჩელო მოთხოვნა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულების თაობაზე და ადმინისტრაციულ საქმეზე ნაწილობრივ შეწყდა წარმოება, ხოლო მოპასუხეთა წრიდან ამორიცხულ იქნა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახური.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 30.05.11 წ. განჩინებით საქმეში მესამე პირებად ჩაერთვნენ სს ,,...“ და ი.ქ-ი.

ნ.ლ-მა 29.03.11 წ. სარჩელით მიმართა მცხეთის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და ი.ქ-ის მიმართ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 24.02.11წ. №05 გადაწყვეტილების, 05.02.11წ. №05 ოქმის, 26.06.09წ. გაცემული №759 საკუთრების მოწმობის ბათილად ცნობის და საჯარო რეესტრში ი.ქ-ის სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ჩანაწერის გაუქმების მოთხოვნით.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 03.06.11 წ. განჩინებით დაზუსტდა მოპასუხეთა წრე და მოპასუხეებად მითითებულ იქნენ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისია და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახური. ამავე განჩინებით საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ ი.ქ-ი და სს ,,...“.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 27.06.11 წ. განჩინებით ზემოაღნიშნულ ორ სარჩელზე მიმდინარე სამართალწარმოებები გაერთიანდნენ ერთ წარმოებად.

მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 19.08.11წ. გადაწყვეტილებით ნ.ლ-ის სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 21.02.12წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ნ.ლ-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა.

საქართველოს უზეანაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.04.2013წ. განჩინებით ნ.ლ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს21.02.2012წ. განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისთვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

01.05.2013წ. საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა ნ.ლ-ის წარმომადგენელმა თ.ჯ-ემ, რომელმაც მოცემულ დავაზე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე სარჩელის უზრუნველყოფის ღონიძიების სახით მესამე პირის - ი.ქ-ის საკუთრებაში არსებული მცხეთაში, ... მდებარე 800 კვ.მ. უძრავ ქონებაზე (საკადასტრო კოდეი:...) ყადაღის დადება მოითხოვა. განმცხადებელი მიიჩნევს, რომ ი.ქ-მა შესაძლოა გაასხვისოს ამჟამად მის საკუთრებაში რიცხული სადავო უძრავი ქონება, რის შემდეგაც ნ.ლ-ის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, ფაქტობრივად შეუძლებელი გახდება გადაწყვეტილების აღსრულება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, შუამდგომლობის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელიც უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას და შესაბამის დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გატარება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. თუ სასამართლოს გაუჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, იგი გამოიტანს განჩინებას სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ.. ამავე კოდექსის 198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკითხს იმის შესახებ, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიება უნდა იქნეს გამოყენებული, წყვეტს სასამართლო მოსარჩელის განცხადების შესაბამისად. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფის ერთ-ერთი სახეა ქონებაზე ყადაღის დადება.

სასამართლო აღნიშნავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფა მიზნად ისახავს, სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნის რეალიზაციის უზრუნველყოფას. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გადაწყვეტილების ფაქტობრივი აღსრულების გაჭიანურების ან დაბრკოლების თავიდან აცილებას ემსახურება. ამასთან, სწორედ მოსარჩელეს ეკისრება იმის მტკიცების ტვირთი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოუყენებლობა გააძნელებს, ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას (სსკ 191-ე მუხლის პირველი ნაწილი). სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება წარმოადგენს ერთი მხრივ სასამართლოს მიერ აღიარებული უფლების განხორციელების გარანტს, ხოლო მეორე მხრივ მოწინააღმდეგე მხარის უფლების შეზღუდვის კანონიერ საფუძველს. შესაბამისად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე მსჯელობისას, სასამართლო უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ აღნიშნული საპროცესო ღონისძიების გატარების გარეშე შეუძლებელი გახდება ან მნიშვნელოვნად გართულდება დავის განხილვის სამართლებრივი შედეგის - გადაწყვეტილების აღსრულება.

განსახილველ შემთხვევაში განმცხადებელი უთითებს, რომ ი. ქ-ის უძრავ ქონებაზე ყადაღის დაუდებლობის შემთხვევაში, შესაძლოა ი.ქ-მა მოახდინოს აღნიშნული უძრავი ქონების რეალიზაცია, რაც შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას. საკასაციო სასამართლო განმცხადებლის ამ მოსაზრებას იზიარებს და აღნიშნავს, რომ მიმდინარე დავაში ნ.ლ-ს სადავოდ აქვს გამხდარი ნ.ქ-ის საკუთრების უფლება მცხეთაში, ... მდებარე 800 კვ.მ. უძრავ ქონებაზე და მიიჩნევს, რომ აღნიშნული მიწა ზედდებაშია მის საკუთრებაში არსებულ მიწასთან, შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში ნ.ლ-ის სასარჩელო მოთხოვნის დაკამყოფილების შემთხვევაში, თუ ი. ქ-ს გასხვისებული ექნება სადავო მიწის ნაკვეთი, მოსარჩელე ვეღარ შეძლებს მისი სასამართლო წესით აღიარებული უფლების რეალიზაციას.

სასამართლო აღნიშნავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის მოცემული სახის გამოყენებისთვის ზოგადი წინაპირობების გარდა, აუცილებელია ასევე დადგინდეს, რომ უძრავი ქონება, რომელზეც მოსარჩელე ითხოვს ყადაღის დადებას, მოწინააღმდეგე მხარის საკუთრებაშია (სსკ 191-ე მუხლის მე-2 ნაწილი). განსახილველ შემთხვევაში, განმცხადებელმა იშუამდგომლა რა სარჩელის უზრუნველყოფის სახით ი.ქ-ის ქონებაზე ყადაღის დადების თაობაზე, წარმოადგინა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, საიდანაც დასტურდება, რომ მცხეთაში, ... მდებარე 800 კვ.მ. უძრავი ქონების (საკადასტრო კოდი:....) მესაკუთრე არის ი.ქ-ი. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ.ლ-ის წარმომადგენლის შამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით ყადაღის გამოყენების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მოთხოვნის უფლება მოსარჩელეს გააჩნია სამართალწარმოების ნებისმიერ ეტაპზე, მათ შორის გადაწყვეტილების გამოტანის შემდგომაც, მის აღსრულებამდე. ვინაიდან სარჩელის უზრუნველყოფის დანიშნულება გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფაშია, ამიტომ ვიდრე გადაწყვეტილება აღუსრულებელია, მოსარჩელეს აქვს შესაძლებლობა მოითხოვოს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის რომელიმე სახის გამოყენება (სსკ 271-ე მუხლი).

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე, 193-ე, 198-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ.ლ-ის წარმომადგენელ თ.ჯ-ის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონიძიების გამოყენების შესახებ დაკმაყოფილდეს;

2. ყადაღა დაედოს ი.ქ-ის საკუთრებაში არსებულ მცხეთაში, ... მდებარე 800 კვ.მ უძრავ ქონებას (საკადასტრო კოდი ...);

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ.სხირტლაძე

მოსამართლეები მ. ვაჩაძე

პ.სილაგაძე