№ბ-1482-2(გან-17) 18 იანვარი, 2018 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილების განმარტების შესახებ.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2016 წლის 16 ივნისს ა(ა)იპ … სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიმართ.
მოსარჩელემ საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთვის საჯარო ინფორმაციის, კერძოდ, 2015 წელს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელის ან შესაბამისი უფლებამოსილი პირის სამსახურებრივი ელექტრონული ფოსტიდან გადაუდებელი აუცილებლობით განხორციელებულ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გაგზავნილი და მიღებული წერილების ასლების, სრულყოფილი სახით, გაცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 11 მაისის გადაწყვეტილებით ა(ა)იპ … სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 11 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა(ა)იპ … , რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 27 დეკემბრის განჩინებით ა(ა)იპ … სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 11 მაისის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 27 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა(ა)იპ … , რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილებით ა(ა)იპ ... საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 27 დეკემბრის განჩინება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ა(ა)იპ ... სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეს - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაევალა გასცეს ინფორმაცია, კერძოდ, 2015 წელს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელის ან შესაბამისი უფლებამოსილი პირის სამსახურებრივი ელექტრონული ფოსტიდან გადაუდებელი აუცილებლობით განხორციელებულ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გაგზავნილი და მიღებული წერილების ასლები.
2017 წლის 18 დეკემბერს საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ, რომელმაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილების განმარტება მოითხოვა.
განმცხადებელი მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, სამოტივაციო ნაწილში ასახული სასამართლოს მსჯელობის გათვალისწინებით, იმდენად გაურკვეველი და ბუნდოვანია, რომ დამატებითი განმარტების გარეშე, შეუძლებელია სამინისტროს მიერ მისი აღსრულების უზრუნველყოფა. ამასთან, განმცხადებლის მითითებით, გადაწყვეტილება შეიცავს ერთგვარად ურთიერთგამომრიცხავ და შეუსაბამო დებულებებს, რის გამოც იუსტიციის სამინისტროსთვის სირთულეს წარმოადგენს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულებაზე მსჯელობის დაწყებაც კი.
განმცხადებლის მითითებით, სასამართლოს მსჯელობა ბუნდოვანია იმ ნაწილში, სადაც ინფორმაციის საჯაროობის მნიშვნელობაზე ზოგადი მსჯელობის პარალელურად, სასამართლოს მიერ მოყვანილია კონკრეტული, ცალსახად სხვა სიბრტყეში არსებული მაგალითები; ხოლო მათ შორის სამართლებრივი კავშირის დასაბუთების ხარისხი დაბალია. მაგალითად, სასამართლოს მიაჩნია, რომ „სამსახურებრივი ელექტრონული ფოსტით გაგზავნილი შეტყობინებები, თავისთავად, არის ელექტრონული ფორმით არსებული საჯარო ინფორმაცია და იგი აკმაყოფილებს საჯარო ინფორმაციისთვის კანონით დადგენილ მოთხოვნებს“. ამ მსჯელობის საწინააღმდეგოდ, ამავე გადაწყვეტილების სხვა ნაწილში სასამართლო აცხადებს, რომ სამსახურებრივი ელექტრონული ფოსტა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „მ“ ქვეპუნქტის დეფინიციაში ექცევა „...თუ სამსახურებრივი ელექტრონული ფოსტის მეშვეობით მიღებული და გაგზავნილი ინფორმაცია დაკავშირებულია სახელმწიფო შესყიდვებთან...“. განმცხადებელი ციტირებულ ორ მსჯელობას წინააღმდეგობრივი შინაარსის მქონედ მიიჩნევს და სამინისტროსთვის გაუგებარია სასამართლოს ელექტრონული ფოსტით გაგზავნილი და მიღებული ინფორმაცია ყველა შემთხვევაში ღია საჯარო ინფორმაციად მიაჩნია, თუ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს ინფორმაცია კონკრეტულად შესყიდვებს ეხება.
ამასთან, სამინისტრო მიიჩნევს, რომ ცალსახად განმარტებას საჭიროებს, სასამართლომ სამსახურებრივი ფოსტით გაგზავნილი ინფორმაციის შემთხვევაში აბსოლუტურად გამორიცხა ამ ინფორმაციის პირადი ხასიათი, თუ მხოლოდ იმ ფარგლებში, როცა სამსახურებრივი ფოსტით გაცვლილი ინფორმაცია უკავშირდებოდა სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებას. განმცხადებლის მითითებით, აღნიშნული გარემოება მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც ზოგადად, ელექტრონული ფოსტით იცვლება რამდენიმე სახის პირადი ინფორმაცია. მაგალითად, სამინისტროს თანამშრომლების სამსახურში დროებით გამოუცხადებლობის წესის დაცვის კონტროლის მიზნებიდან გამომდინარე, სამსახურებრივი ელექტრონული ფოსტით იცვლება იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლების ცნობა ავადმყოფობის შესახებ (საავადმყოფო ფურცელი), რომელიც შეიცავს კონკრეტული თანამშრომლის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციას და რომელიც წარმოადგენს კანონით საჯარო გამხელისგან დაცულ ინფორმაციას.
განმცხადებლის მითითებით, გარდა ამისა, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში სასამართლო ასევე განმარტავს, რომ „სამსახურებრივი ელექტრონული ფოსტით სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით გაგზავნილი და მიღებული ინფორმაცია, მით უფრო თუ იგი ეხება გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეულ სახელმწიფო შესყიდვებს, წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას, რომელიც ხელმისაწვდომი უნდა იყოს ნებისმიერი პირისათვის.“ ამავე დროს, სასამართლო აცხადებს იმასაც, რომ ეს განმარტება არ ეხება „უწყების შიდა რგოლის თანამშრომლების მიერ გადაწყვეტილების შესაქმნელად წარმოებულ შიდა მოსამზადებელ მიმოწერას...“, თუმცა, იქვე ადგენს, რომ „თუ სამსახურებრივი ელექტრონული ფოსტის მეშვეობით მიღებული და გაგზავნილი ინფორმაცია დაკავშირებულია სახელმწიფო შესყიდვებთან, იგი ექცევა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „მ“ ქვეპუნქტის დეფინიციაში.“ გადაწყვეტილების აღსრულების მიზნებიდან გამომდინარე, სამინისტროსთვის გაუგებარია რას გულისხმობდა სასამართლო „სამსახურებრივ საქმიანობასთან“ დაკავშირებით გაგზავნილ და მიღებულ ინფორმაციაში და ასევე, გულისხმობდა თუ არა იგი ამ შემთვევაშიც მხოლოდ სახელმწიფო შესყიდვებს ან/და შიდა რგოლის თანამშრომლების მიერ გადაწყვეტილების მოსამზადებლად წარმოებულ მიმოწერას.
ამდენად, განმცხადებელი მიიჩნევს, რომ სასამართლომ უნდა განმარტოს: ა) ზემოაღნიშნული პირობები (ზოგადად ელექტრონული ფოსტით გაცვლილი ინფორმაცია; შესყიდვებთან მიმართებით არსებული ინფორმაცია; შიდა რგოლის თანამშრომლების მიერ გადაწყვეტილებების მოსამზადებლად წარმებული მიმოწერა) იუსტიციის სამინისტროს მიერ სადავო ინფორმაციის გაცემის მიზნებისთვის შეფასებულ უნდა იქნეს კუმულატიურად თუ ალტერნატიულად; ბ) მოიცავს თუ არა სასამართლოს მსჯელობა ელექტრონული ფოსტით გაცვლილ ინფორმაციაზე ყველა სხვა შემთხვევასაც, რომელიც დაკავშირებულია ელექტრონული ფოსტით განხორციელებულ „სამსახურებრივ საქმიანობასთან“; გ) საკითხი განეკუთვნება ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილების სფეროს და სასამართლოს მსჯელობის გათვალისწინებით, ადმინისტრაციული ორგანოს შესაფასებელი უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, მათ შორის, მოცემული გადაწყვეტილების აღსრულების ყველა ზემოაღნიშნული პირობა არის თუ არა სახეზე.
ამასთან, განმცხადებლისთვის ბუნდოვანია რა მასშტაბის ინფორმაცია უნდა გასცეს ადმინისტრაციულმა ორგანომ იმისათვის, რომ გადაწყვეტილება აღსრულებულად ჩაითვალოს, ვინაიდან, ადმინისტრაციულ ორგანოს/თანამდებობის პირს კონკრეტულ შემთხვევაში არ გააჩნდა არათუ სამსახურებრივი ფოსტით მიღებული ინფორმაციის შენახვის, არამედ ფოსტის გამოყენების ვალდებულებაც კი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განმცხადებელი მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლზე და მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა გადაწყვეტილების განმარტების აუცილებლობა.
აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით, მოსაზრებების წარმოდგენის მიზნით, სამინისტროს მიერ წარმოდგენილი განცხადების ასლი გაეგზავნა მოწინააღმდეგე მხარეს - ა(ა)იპ ... .
2018 წლის 5 იანვარს ა(ა)იპ ... საკასაციო სასამართლოში წარმოადგინა მოსაზრებები განსახილველ განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვით, ა(ა)იპ ... მიიჩნევს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს აღნიშნულ გადაწყვეტილებაში ნათლად განმარტებულია ის სტანდარტები, რომლებზეც დაყრდნობით სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება და ამ კუთხით არანაირი ბუნდოვანება არ არსებობს. შესაბამისად, უსაფუძვლო და გაუგებარია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თხოვნა გადაწყვეტილების განმარტებასთან დაკავშირებით. ამასთან, ა(ა)იპ ... მიიჩნევს, რომ სამინისტროს წერილში რიგი შეფასებები ცდება სასამართლოს გადაწყვეტილების სამართლებრივი კრიტიკის ეთიკურ ჩარჩოებს, რაც სამინისტროს მხრიდან უმაღლესი ინსტანციის სასამართლოს უპატივცემულობაზე შეიძლება მიუთითებდეს.
ა(ა)იპ ... მითითებით, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებიდან ნათლად გამომდინარეობს, რომ „სამსახურებრივი ელექტრონული ფოსტით გაგზავნილი შეტყობინებები, თავისთავად არის ელექტრონული ფორმით არსებული საჯარო ინფორმაცია და იგი აკმაყოფილებს საჯარო ინფორმაცისთვის კანონით დადგენილ მოთხოვნებს“, შესაბაისად, სასამართლოს განმარტებით, სამსახურებრივი ელექტრონული ფოსტით გაგზავნილი შეტყობინებები ზოგადად საჯაროა, თუ არ არსებობს საჯაროობის შეზღუდვის კანონმდებლობით გაწერილი ლეგიტიმური საფუძვლები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ა(ა)იპ ... მიიჩნევს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის გადაწყვეტილების (საქმე №ბს-286-284(კ-17)) სარეზოლუციო და სამოტივაციო ნაწილები გასაგები და ნათელია და არ არსებობს გადაწყვეტილების განმარტების საჭიროება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი განცხადების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილების განმარტების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილებით ა(ა)იპ ... საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 27 დეკემბრის განჩინება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ა(ა)იპ ... სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეს - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაევალა გასცეს ინფორმაცია, კერძოდ, 2015 წელს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელის ან შესაბამისი უფლებამოსილი პირის სამსახურებრივი ელექტრონული ფოსტიდან გადაუდებელი აუცილებლობით განხორციელებულ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გაგზავნილი და მიღებული წერილების ასლები.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში საქართველოს იუსტიციის სამინისტრო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილების განმარტების საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, სამოტივაციო ნაწილში ასახული სასამართლოს მსჯელობის გათვალისწინებით, გაურკვეველი და ბუნდოვანია. განმცხადებლისთვის ასევე გაურკვეველია გასაცემი საჯარო ინფორმაციის მოცულობა.
საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მითითებული დავის ფარგლებში ა(ა)იპ ... სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთვის საჯარო ინფორმაციის, კერძოდ, 2015 წელს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელის ან შესაბამისი უფლებამოსილი პირის სამსახურებრივი ელექტრონული ფოსტიდან გადაუდებელი აუცილებლობით განხორციელებულ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გაგზავნილი და მიღებული წერილების ასლების, სრულყოფილი სახით, გაცემის დავალება. სწორედ აღნიშნული მოთხოვნის ფარგლებში იმსჯელა საკასაციო სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას და გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი პირდაპირ მიუთითებს სამსახურებრივი ელექტრონული ფოსტიდან გადაუდებელი აუცილებლობით განხორციელებულ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გაგზავნილი და მიღებული წერილების ასლების გაცემაზე, რის გამოც გაუგებარია განმცხადებლის მოსაზრებები გადაწყვეტილების ბუნდოვანებასთან დაკავშირებით.
განსახილველი დავის ფარგლებში ზოგადად სამსახურებრივი ელექტრონული ფოსტის მნიშვნელობის განმარტების საჭიროება დადგა თავად დავის სპეციფიკიდან გამომდინარე, სადაც სარჩელით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის წყაროს სწორედ სამსახურებრივი ელექტრონული ფოსტა წარმოადგენდა, რომელსაც სააპელაციო სასამართლო არაფორმალური კომუნიკაციის საშუალებად მიიჩნევდა და რომელიც სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, წარმოადგენდა დროებით ჩანაწერს, რომელიც გამოიყენებოდა შუალედური ინფორმაციის ურთიერთგაცვლის მიზნით და მასში გადაწყვეტილებები არ იყო დაცული. ფაქტობრივად, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მოსარჩელეს მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარი არა მისი შინაარსის, არამედ, მისი ფორმის გათვალისწინებით უთხრეს. აღნიშნული მოსაზრების საპირისპიროდ საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სამსახურებრივი ელექტრონული ფოსტით გაგზავნილი და მიღებული ინფორმაცია თავისი ფორმით ექცევა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „მ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ კატეგორიაში.
ამასთან, საკასაციო სასამართლომ გადაწყვეტილებაში დაადგინა ზოგადი სტანდარტი სამსახურებრივი ელექტრონული ფოსტით მიღებულ და გაგზავნილ ინფორმაციასთან დაკავშირებით და მიიჩნია, რომ სამსახურებრივი ელექტრონული ფოსტით სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით გაგზავნილი და მიღებული ინფორმაცია, მით უფრო თუ იგი ეხება გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეულ სახელმწიფო შესყიდვებს, წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას, რომელიც ხელმისაწვდომი უნდა იყოს ნებისმიერი პირისთვის. თუმცა, საკასაციო სასამართლომ აქვე მიუთითა, რომ აღნიშნული განმარტება არ გულისხმობს უწყების შიდა რგოლის თანამშრომლების მიერ გადაწყვეტილების შესაქმნელად წარმოებულ შიდა მოსამზადებელ მიმოწერას.
ამასთან, საკასაციო სასამართლომ საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლით განმტკიცებული პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების გათვალისწინებით აღნიშნა, რომ სამსახურებრივი ელექტრონული ფოსტით განხორციელებული მიმოწერა, თუ მას აქვს პირადი ხასიათი, დაცულ უნდა იქნეს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის გარანტიით. მოცემულ შემთხვევაში კი სამსახურებრივი ელექტრონული ფოსტით წარმოებული კომუნიკაცია, რომელიც ეხება გამარტივებულ შესყიდვებს, არ შეიძლება გაიგივებულ იქნეს პირადი ხასიათის ინფორმაციასთან და იგი არ ხვდება კონსტიტუციის მე-20 მუხლით გარანტირებულ პირადი ცხოვრების დაცულ სფეროში.
ამდენად, საკასაციო სასამართლომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში ცალსახად და არაორაზროვნად განმარტა, რომ სამსახურებრივი ელექტრონული ფოსტით განხორციელებული მიმოწერა, თუ მას აქვს პირადი ხასიათი, დაცულ უნდა იქნეს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის გარანტიით, რის გამოც საკასაციო სასამართლოსთვის გაუგებარი და უსაფუძვლოა განმცხადებლის მითითება იმის თაობაზე, რომ სამინისტროს თანამშრომლების სამსახურში დროებით გამოუცხადებლობის წესის დაცვის კონტროლის მიზნებიდან გამომდინარე, სამსახურებრივი ელექტრონული ფოსტით იცვლება იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლების ცნობა ავადმყოფობის შესახებ (საავადმყოფო ფურცელი), რომელიც შეიცავს კონკრეტული თანამშრომლის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციას და რომელიც წარმოადგენს კანონით საჯარო გამხელისგან დაცულ ინფორმაციას. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სისტემური ანალიზი ცალსახად იძლევა ამგვარი ინფორმაციის დაცულობის გარანტიებს.
აქვე საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემული დავა ეხება კონკრეტულად სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ საჯარო ინფორმაციას და მას სამინისტროსთვის შესასრულებლად სავალდებულო ხასიათი აქვს სწორედ სასარჩელო მოთხოვნის მოცულობისა და გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილით განსაზღვრული ფარგლებით, სადაც ცალსახად და ნათლად არის მითითებული, რომ მოპასუხეს - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაევალა გასცეს ინფორმაცია, კერძოდ, 2015 წელს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელის ან შესაბამისი უფლებამოსილი პირის სამსახურებრივი ელექტრონული ფოსტიდან გადაუდებელი აუცილებლობით განხორციელებულ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გაგზავნილი და მიღებული წერილების ასლები. ხოლო გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში ჩამოყალიბებული მოსაზრებები, რომელთა განმარტების საფუძველზეც საკასაციო სასამართლო აკეთებს საბოლოო დასკვნას, საკასაციო სასამართლოს დანიშნულებიდან გამომდინარე, წარმოადგენს საკასაციო სასამართლოს შეფასებებს ამა თუ იმ სამართლებრივი საკითხის მიმართ. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შესასრულებლად სავალდებულოა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილით განსაზღვრული სუბიექტისთვის და კონკრეტულად სარეზოლუციო ნაწილით განსაზღვრული ფარგლებით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი არ შეიცავს ბუნდოვან დებულებებს, ხოლო ის გარემოება, თუ რა მექანიზმების გამოყენებით უნდა მოხდეს საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება და სამინისტროს მიერ გადაწყვეტილებით დავალებული ინფორმაციის გაცემა, სცილდება გადაწყვეტილების განმარტების ფარგლებს.
საკასაციო სასამართლო კვლავ მიუთითებს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილების შესაბამისად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაევალა გასცეს ინფორმაცია, კერძოდ, 2015 წელს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელის ან შესაბამისი უფლებამოსილი პირის სამსახურებრივი ელექტრონული ფოსტიდან გადაუდებელი აუცილებლობით განხორციელებულ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გაგზავნილი და მიღებული წერილების ასლები.
საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ გადაწყვეტილება აღსასრულებლად მიექცევა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შესაბამისად, რომელიც წარმოადგენს საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და სამოტივაციო ნაწილში ასახული მათი სამართლებრივი შეფასებების შედეგს; ხოლო გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი ასაბუთებს მიღებულ გადაწყვეტილებას. სწორედ აღნიშნული მოსაზრებით აკეთებს მითითებას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის განმარტებაზე. გადაწყვეტილების განმარტების პროცესუალურ წინაპირობას მითითებული მუხლის მიხედვით, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანება წარმოადგენს, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში ჩამოყალიბებული მსჯელობა ერთიანია, მასში ასახული მოსაზრებები აღიქმება სისტემურად, ერთიანობაში, ხოლო გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილიდან ცალკე კონტექსტიდან ამოვარდნილი მოსაზრებები, ვერ გახდება გადაწყვეტილების ერთიანი აზრის ბუნდოვნად მიჩნევის საფუძველი.
მოცემულ შემთხვევაში გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში ასახული მსჯელობა ობიექტურად იძლევა მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების აღქმის შესაძლებლობას.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს ა(ა)იპ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის მიერ განსახილველ განცხადებასთან დაკავშირებით წარმოდგენილ მოსაზრებებზე, რომლის მიხედვით, ა(ა)იპ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი მიიჩნევს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს აღნიშნულ გადაწყვეტილებაში ნათლად განმარტებულია ის სტანდარტები, რომლებზეც დაყრდნობით სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება და ამ კუთხით არანაირი ბუნდოვანება არ არსებობს. ა(ა)იპ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისთვის უსაფუძვლო და გაუგებარია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თხოვნა გადაწყვეტილების განმარტებასთან დაკავშირებით. ამასთან, ა(ა)იპ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი მიიჩნევს, რომ სამინისტროს წერილში რიგი შეფასებები ცდება სასამართლოს გადაწყვეტილების სამართლებრივი კრიტიკის ეთიკურ ჩარჩოებს.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არის დასაბუთებული გადაწყვეტილების აღსრულების დამაბრკოლებელი გარემოებები, ხოლო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი არ არის ბუნდოვანი, იგი ცალსახად შეიცავს მითითებას საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთვის ინფორმაციის, კერძოდ, 2015 წელს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელის ან შესაბამისი უფლებამოსილი პირის სამსახურებრივი ელექტრონული ფოსტიდან გადაუდებელი აუცილებლობით განხორციელებულ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გაგზავნილი და მიღებული წერილების ასლების გაცემის დავალების შესახებ.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ წარმოდგენილ განცხადებაში დასმული საკითხები სცილდება გადაწყვეტილების განმარტების ფარგლებს. განცხადება რეალურად საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილების კრიტიკას და გადაწყვეტილებაზე წარდგენილ საჩივარს წარმოადგენს და არ ქმნის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევას, ვინაიდან, მითითებული ნორმა სასამართლოს ანიჭებს უფლებამოსილებას განმარტოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება მისი აღსრულების ხელშეწყობის მიზნით, სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი ბუნდოვანია, რასაც მოცემულ შემთვევაში ადგილი არ აქვს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, სამოტივაციო ნაწილში ასახული მსჯელობის გათვალისწინებით, გარკვევით და ნათლად არის ჩამოყალიბებული, არ შეიცავს ურთიერთგამომრიცხავ და შეუსაბამო დებულებებს, რის გამოც არ არსებობს მისი განმარტების საჭიროება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილების განმარტების შესახებ არ დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი