საქმე №ბს-1098-1092(კს-17) 9 იანვარი, 2018 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე ნუგზარ სხირტლაძე,
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - ო. თ-ი
მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახური (მოპასუხეები)
მესამე პირები: რ. თ-ი, ი. ჩ-ე, შპს „...“
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 2 ოქტომბრის განჩინება
დავის საგანი - მიწის ნაკვეთის საჯარო რეესტრში დარეგისტრირებაში დახმარება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ო. თ-მა 2011 წლის 26 ივლისს სასარჩელო განცხადებით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს და რ. თ-ის სახელზე განხორციელებული საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო ჩანაწერისა (საკადასტრო კოდი N...) და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 5 ივლისის N101910 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და უძრავი ქონების 1/3 წილის მის სახელზე აღრიცხვა მოითხოვა.
გორის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილებით ო. თ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელე ო. თ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა.
საქმე არაერთგზის იქნა განხილული სააპელაციო და საკასაციო ინსტანციის სასამართლოების მიერ და ბოლოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილებით ო. თ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გორის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ო. თ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი რ. თ-ის სახელზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2010 წლის 2 ნოემბერს განხორციელებული ჩანაწერი (N...) 600 კვ.მ მიწის ნაკვეთსა და 90.40 კვ.მ შენობა-ნაგებობაზე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 5 ივლისის N101910 გადაწყვეტილება და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების ხელახალი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ იმავე საკითხზე გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; ო. თ-ს უარი ეთქვა სადავო საცხოვრებელი სახლის 1/3 ნაწილის მის სახელზე აღრიცხვის მოთხოვნაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრებულ იქნა ო. თ-ის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, გორის სარეგისტრაციო სამსახურისა და რ. თ-ის მიერ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 25 დეკემბრის განჩინებით ო. თ-ის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, გორის სარეგისტრაციო სამსახურისა და რ. თ-ის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნა დაუშვებლად.
2014 წლის 6 მარტს ო. თ-მა განცხადებით მიმათა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა ამავე სასამართლოს 2012 წლის 30 აგვისტოს N3ბ/881-12 გადაწყვეტილებაში მითითებული მხარის შეცვლა (უფლებამონაცვლეობის დადგენა). თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 31 მარტის განჩინებით ო. თ-ის განცხადება არ დაკმაყოფილდა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 31 მარტის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ო. თ-მა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 17 ივნისის განჩინებით ო. თ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 31 აგვისტოს განჩინება და განცხადების განხილვის სტადიიდან საქმე განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 4 ნოემბრის განჩინებით ო. თ-ის განცხადება დაკმაყოფილდა; თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 30 აგვისტოს N3ბ/811-12 გადაწყვეტილებაში რ. თ-ის უფლებამონაცვლედ ჩაბმულ იქნა ი. ბ-ი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 4 ნოემბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ო. თ-მა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 26 მარტის განჩინებით ო. თ-ის კერძო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად. 2017 წლის 13 აპრილს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას განცხადებით მიმართა ო. თ-მა, სადაც უთითებს, რომ 2012 წლის 30 აგვისტოს საქმე, N3ბ/811-12 და 2014 წლის 4 ნოემბრის საქმე, N3ბ/1102-14 განჩინებით მან დაიბრუნა კანონიერი თანამემკვიდრეობა მამისეულ სახლში მისამართზე - გორი, სკრა, სოფ. .... სასამართლოების გადაწყვეტილების საფუძველზე გაუქმდა ი. ბ-ის სახელზე 600 კვ.მ მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია (დანართი N22), რომელშიც იყო ჩახაზული მთლიანი სახლი (დანართი N25) და აგრეთვე გაუქმდა ჩუქების ხელშეკრულება მის სახელზე მთლიანი სახლის და დარჩა მხოლოდ სახლის 1/3 ნაწილი (დანართი N23) ნაკვეთი, რომელშიც აშენებულია მამისეული სახლი, არის 800 კვ.მ., სადაც განმცხადებლის წილი სახლის ფართთან ერთად (35 კვ.მ.) განმცხადებლის კუთვნილებაა 100 კვ.მ. საიდანაც განმცხადებელი ითხოვს დარეგისტრირებას, სულ მცირე 49 კვ.მ-ს საეზოვედ.
განმცხადებელი მიუთითებდა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული კანონიერი გადაწყვეტილების 2012 წლის 30 აგვისტოს საქმე N3ბ/811-12-ის 4.15 მუხლის ბოლო წინადადება ასე იკითხება: „ამის დამადასტურებელი მტკიცებულება აპელანტს არ წარმოუდგენია“. განმცხადებელი ეთანხმება სასამართლოს ამ წინადადებას, ვინაიდან სარჩელში არ ჰქონდა შემოტანილი მისი წილი საეზოვე მიწის ნაკვეთის აზომვითი ნახაზი და ამიტომაც არ იქნა ნამსჯელი. ჰქონდა მხოლოდ მთლიანი საეზოვე მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი და მთლიანი შენობის გეგმა (დანართი N24, 25 ,26). განმცხადებლის მითითებით, სარჩელთან მის წილ მიწის ნაკვეთის ნახაზს ვერ შემოიტანდა, რადგან მაშინ უ/ყ გორის საჯარო რეესტრის მიერ დაშვებული შეცდომის გასწორება - ანუ წართმეული მისი წილი - 1/3 სახლის დაბრუნება, იყო აუცილებელი, რომელიც შეძლო სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებისა და განჩინების საშუალებით.
განმცხადებლის მითითებით, გორის საჯარო რეესტრს და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს რამდენჯერმე მიმართა შესაბამისი დოკუმენტებით, მამისეული სახლის ეზოს „გამიჯვნის“ ნახაზით, მისი წილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო ნახაზით (დანართი N33,34), რომელიც, შესრულებულია მთავრობის ახალი ბრძანების N388 08-08.16 წლის შესაბამისად სასამართლო ექსპერტიზის დასკვნებით N1 და N2-ით (დანართი N27-39), რომ დაერეგისტრირებინათ 49 კვ.მ საეზოვე მიწის ნაკვეთი, საჯარო რეესტრი ნებით თუ უნებლიეთ არ ასრულებს და ეუბნებიან უარს (დანართი N40), იმისთვის რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საქმე N3ბ/811-12-ის 4.15 მუხლით სარგებლობენ ყველა გადაწყვეტილებაში და აქედან გამომდინარე, ითხოვენ კიდევ განმცხადებლის წილ ნაკვეთის ნახაზზე დანარჩენი მესაკუთრეების ხელმოწერებსაც. მაშინ, როდესაც ერთი მესაკუთრე ცხოვრობს რუსეთში, ხოლო მეორე - გერმანიაში. განმცხადებელი ითხოვდა სააპელაციო სასამართლო დახმარებოდა მას მისი წილი სახლის 1/3-ის წილ საეზოვე მიწის ნაკვეთის დარეგისტრირებაში, რომ 4.15 განმარტება გორის საჯარო რეესტრისათვის გასაგები გახდეს და მის წინააღმდეგ აღარ გამოიყენონ ეს მუხლი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 2 ოქტომბრის განჩინებით ო. თ-ის განცხადება არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის თანახმად, ეს კოდექსი განსაზღვრავს საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული საქმეების განხილვისა და გადაწყვეტის საპროცესო წესებს. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. იმავე კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს: ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ) ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ) ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ) აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა. იმავე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა, არ მიიღებს სარჩელს ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ, თუ მოსარჩელემ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით არ გამოიყენა ადმინისტრაციული საჩივრის ერთჯერადად წარდგენის შესაძლებლობა. გარდა ამისა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ საქმე არ უნდა იქნეს განხილული სასამართლოში იმის გამო, რომ კანონის თანახმად მისი განხილვა სხვა უწყების კომპეტენციაში შედის. განსახილველ შემთხვევაში, როგორც წარმოდგენილი განცხადებიდან ირკვევა, განმცხადებელი ო. თ-ი ითხოვს სააპელაციო სასამართლო დაეხმაროს მას მისი 1/3 წილი სახლის წილ საეზოვე მიწის ნაკვეთის საჯარო რეესტრში დარეგისტრირებაში.
სააპელაციო პალატამ განუმარტა განმცხადებელს, რომ სააპელაციო სასამართლოს ასეთი უფლებამოსილება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად არ გააჩნია. თუ განმცხადებელს მიაჩნია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (მისი ტერიტორიული სამსახური) უკანონოდ ეუბნება უარს მისი წილი მიწის ნაკვეთის დარეგისტრირებაზე, მაშინ მას შეუძლია აღნიშნული უარი (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი) კანონით დადგენილი წესით და დადგენილ ვადაში გაასაჩივროს ჯერ ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში, ხოლო შემდეგ სასამართლოში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 2 ოქტომბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ო. თ-მა.
კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ თუ არა სასამართლომ, სხვა ვინ უნდა დაეხმაროს სიმართლის დადგენაში, ანუ საიდან უნდა მიუტანოს სააღსრულებო ბიუროს აღსრულების ფურცელი, რომელიც 2012 წლის 30 აგვისტოს მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე სააღსრულებო ფურცელს ხანდაზმულად მიიჩნევს და ვინ უნდა შეიტანოს ცვლილება ამავე გადაწყვეტილების 4.15 მუხლის ჩასწორებაში, როდესაც ო. თ-ს არ ჰქონდა წარდგენილი მისი წილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი არც რაიონული, არც სააპელაციო და არც უზენაეს სასამართლოებში მიწის საკითხის განხილვისათვის. ან რატომ წარადგენდა, როცა მისი წილი 1/3 სახლის თანამემკვიდრეობა წართმეული ჰქონდა გორის საჯარო რეესტრის მიერ და მხოლოდ მის აღდგენაზე ფიქრობდა, რომელსაც მიაღწია სასამართლოების დახმარებით. ახლა, როდესაც გორის საჯარო რეესტრში წარდგენილი აქვს საკადასტრო აზომვითი ნახაზი ელ. ვერსიით მისი წილი 49 კვ.მ მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის მოთხოვნით, რომელიც მის კუთვნილ 100 კვ.მ-შია და გაგრძელებაა სახლის 1/3 წილი ფართის. უარს ეუბნებიან ისეთი საფუძვლით, რომელიც არ ესადაგება მის მოთხოვნას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა ო. თ-ის კერძო საჩივრისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გამოტანისას არ დაურღვევია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნები. კერძო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას სააპელაციო სასამართლოს განჩინების კანონშეუსაბამობის შესახებ, რის გამოც არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეზე დავის საგანს წარმოადგენდა რ. თ-ის სახელზე განხორციელებული საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო ჩანაწერისა (საკადასტრო კოდი N...) და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 5 ივლისის N101910 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და უძრავი ქონების 1/3 წილის ო. თ-ის სახელზე აღრიცხვა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 30 აგვისტოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ო. თ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გორის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ო. თ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი რ. თ-ის სახელზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2010 წლის 2 ნოემბერს განხორციელებული ჩანაწერი (N...) 600 კვ.მ მიწის ნაკვეთსა და 90.40 კვ.მ შენობა-ნაგებობაზე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 5 ივლისის N101910 გადაწყვეტილება და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების ხელახალი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ იმავე საკითხზე გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; ო. თ-ს უარი ეთქვა სადავო საცხოვრებელი სახლის 1/3 ნაწილის მის სახელზე აღრიცხვის მოთხოვნაზე.
კერძო საჩივრის შინაარსი მიანიშნებს, რომ განსახილველ შემთხვევაში ო. თ-ის ინტერესს წარმოადგენს მისი 1/3 წილი სახლის წილი საეზოვე მიწის ნაკვეთის საჯარო რეესტრში რეგისტრაცია.
საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლზე და განმარტავს, რომ მოცემული დავის ფარგლებში სასამართლოს არ გააჩნია პროცესუალური შესაძლებლობა იმსჯელოს ო. თ-ის ზემოაღნიშნულ მოთხოვნაზე, რამდენადაც თუ განმცხადებელს მიაჩნია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (მისი ტერიტორიული სამსახური) უკანონოდ ეუბნება უარს მისი წილი მიწის ნაკვეთის დარეგისტრირებაზე, მაშინ მას შეუძლია აღნიშნული უარი (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი) კანონით დადგენილი წესით და დადგენილ ვადაში გაასაჩივროს.
ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რომლის თანახმად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ საქმე არ უნდა იქნეს განხილული სასამართლოში იმის გამო, რომ კანონის თანახმად მისი განხილვა სხვა უწყების კომპეტენციაში შედის.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე, მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ო. თ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 2 ოქტომბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე