№ბს-509-506(2კ-17) 14 სექტემბერი, 2017 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, ა. ჩ-ისა და მ. ჩ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 17 მარტის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2015 წლის 4 მარტს ა. ჩ-ემ და მ. ჩ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელეებმა სასარჩელო მოთხოვნის არაერთგზის დაზუსტების შედეგად საბოლოოდ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სოციალური მომსახურების ცენტრის 2015 წლის 14 იანვრის №04-05/154 და 2015 წლის 21 იანვრის №04-05/290 წერილების, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2015 წლის 26 იანვრის №0-4599 და 2015 წლის 30 იანვრის №04/6627 წერილების ბათილად ცნობა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის მათ სასარგებლოდ მორალური ზიანის - 10 000 ლარისა და მატერიალური ზიანის - 10 000 ლარის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით ა. ჩ-ისა და მ. ჩ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2015 წლის 30 იანვრის №04/6627 წერილი და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და შესწავლის საფუძველზე ამ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 1 თვის ვადაში მოსარჩელეების მიმართ 2014 წლის დეკემბერში შევსებული დეკლარაციის საფუძველზე სარეიტინგო ქულის გამოთვლის კანონიერების თაობაზე, ახალი ინდივიადუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა; ხოლო სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ა. ჩ-ემ და მ. ჩ-ემ, რომლებმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 17 მარტის გადაწყვეტილებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ა. ჩ-ისა და მ. ჩ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ა. ჩ-ის და მ. ჩ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სოციალური მომსახურების ცენტრის 2015 წლის 14 იანვრის №04-05/154 წერილი, 2015 წლის 21 იანვრის №04-05/290 წერილი, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2015 წლის 26 იანვრის №0-4599 წერილი და 2015 წლის 30 იანვრის №04/6627 წერილი; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა მ. ჩ-ის 2014 წლის 18 დეკემბრის ადმინისტრაციული საჩივრის განხილვა; ა. ჩ-ისა და მ. ჩ-ის სარჩელი მორალური ზიანისა და მატერიალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 17 მარტის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა. კასატორის მითითებით, სააგენტოს მიერ გადაწყვეტილება მიღებულია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 17 მარტის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრეს ა. ჩ-ემ და მ. ჩ-ემ, რომლებმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 15 ივნისის განჩინებებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, ა. ჩ-ისა და მ. ჩ-ის საკასაციო საჩივრები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, ა. ჩ-ისა და მ. ჩ-ის საკასაციო საჩივრებს, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ სამართლებრივ საკითხებთან მიმართებაში, რის შემდეგაც მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, ხოლო ა. ჩ-ისა და მ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი - დასაშვებად შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, აღნიშნულ ნაწილში საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია 2015 წლის 30 იანვრის აქტით ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარი (ადმინისტრაციული საჩივარი არ იქნა მიღებული წარმოებაში) იმაზე მითითებით, რომ არ დაიშვებოდა საჩივარი ადმინისტრაციული ორგანოს ქმედებაზე, იმდენად, რამდენადაც საჩივრის ავტორი ითხოვდა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობას, სადავო სარეიტინგო ქულის დადგენა და შემწეობის შეწყვეტა კი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით არ განხორციელებულა და მიუთითებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177.3 მუხლზე, რომლის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება, რომელიც არ არის დაკავშირებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემასთან გასაჩივრდება ამ თავით დადგენილი წესით; ამასთან, ამავე კოდექსის 185-ე და 83-ე მუხლების შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ საჩივარი არ არის წარდგენილი სათანადო წესით, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია დაუდგინოს მას ხარვეზი. მოცემულ შემთხვევაში 2014 წლის 18 დეკემბერს წარდგენილი განცხადების, რაც თავისი შინაარსით არის ადმინისტრაციული საჩივარი, პრეტენზიის საგანი იყო დადგენილი სარეიტინგო ქულის (74 130) და მისგან გამომდინარე სოციალური შემწეობის შეწყვეტის კანონიერება. შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო განეხილა აღნიშნული საჩივარი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 თავით დადგენილი წესებით, რა დროსაც უნდა გამოეკვლია პრეტენზიის არსი და მისი საფუძვლიანობა.
ამდენად, საკასაციო სასამართლო ა. ჩ-ისა და მ. ჩ-ის სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ აღნიშნულ ნაწილში არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ა. ჩ-ისა და მ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 17 მარტის გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მიჩნეულ უნდა იქნეს დასაშვებად შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში არსებობს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ა. ჩ-ისა და მ. ჩ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძველი, ვინაიდან აღნიშნულ ნაწილში საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას.
რაც შეეხება კასატორების - ა. ჩ-ისა და მ. ჩ-ის შუამდგომლობას საკასაციო საჩივრის ზეპირი მოსმენით განხილვის თაობაზე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საკასაციო სასამართლო, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408.3 მუხლის საფუძველზე, უფლებამოსილია გადაწყვეტილება გამოიტანოს საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის საჭიროება.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ა. ჩ-ისა და მ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 17 მარტის გადაწყვეტილებაზე, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში განსახილველად უნდა იქნეს დაშვებული და განხილულ იქნეს მხარეთა დასწრების გარეშე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. ა. ჩ-ისა და მ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 17 მარტის გადაწყვეტილებაზე, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში მიჩნეულ იქნეს დასაშვებად და განხილულ იქნეს მხარეთა დასწრების გარეშე;
3. ა. ჩ-ისა და მ. ჩ-ის შუამდგომლობა საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 17 მარტის გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად;
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი