საქმე # 130310017001679994
საქმე №ბს-931-927(2კ-17) 9 იანვარი, 2018 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ვასილ როინიშვილი (თავჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები - ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობა; მ. ბ-ე
მოწინააღმდეგე მხარე - ხაშურის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საკონკურსო - საატესტაციო კომისია და საპრეტენზიო კომისია
მესამე პირი - მ. ლ-ე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 29 ივნისის განჩინება
კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა; გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. ბ-ემ 2017 წლის 13 იანვარს სარჩელი აღძრა ხაშურის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხეების - ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის, ხაშურის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიისა და საპრეტენზიო კომისიის მიმართ და მოითხოვა ხაშურის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2016 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; ხაშურის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საპრეტენზიო კომისიის 2016 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 21 დეკემბრის ბრძანების ბათილად ცნობა - მ. ბ-ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ. მ. ბ-ემ ასევე მოითხოვა: მისი გათავისუფლების უკანონოდ ცნობა, სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება თვეში 550 ლარი 2015 წლის 17 აპრილიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, მოსარჩელემ დამატებით მოითხოვა მიუღებელი პრემიებისა და დანამატების ანაზღაურება.
ხაშურის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი ხაშურის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2016 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილება და ხაშურის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საპრეტენზიო კომისიის 2016 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილება; ხაშურის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიას დაევალა სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 1 თვის ვადაში ხელახლა ჩაეტარებინა ატესტაცია (გასაუბრება) მ. ბ-ის მიმართ და საქმის გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის შემდეგ და მიეღო გადაწყვეტილება მისი დაკავებულ თანამდებობასთან შესაბამისობის თაობაზე. ბათილად იქნა ცნობილი ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 21 დეკემბრის ბრძანება მ. ბ-ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ და დაევალა ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებელს საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევის შემდეგ, ხელახალი ატესტაციის (გასაუბრების) შედეგების გათვალისწინებით, გამოეცა ახალი ადმინისტრაციული აქტი. დანარჩენ ნაწილში მ. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მ. ბ-ემ, ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობამ, ხაშურის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო- საატესტაციო კომისიამა და საპრეტენზიო კომისიამ. მ. ბ-ემ სარჩელის სრულად დაკმაყოფფილება მოითხოვა, ხოლო ხაშურის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო- საატესტაციო კომისიამ სარჩელის დაკამყოფიელაბზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 29 ივნისის განჩინებით მ. ბ-ის, ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის, ხაშურის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიისა და საპრეტენზიო კომისიის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 14 მარტის გადაწყვეტილება;
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 29 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობამ და მ. ბ-ემ. ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობამ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ხოლო მ. ბ-ემ სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორი ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობა საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ სასამართლომ არსებით დარღვევად მიიჩნია ის ფაქტი, რომ მ. ბ-ისათვის ცნობილი უნდა ყოფილიყო გასაუბრების თემატიკა და შეფასების კონკრეტული საფუძველი, რისი ცნობის ვალდებულებასაც საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის ,,საჯარო მოხელეთა ატესტაციის დამტკიცების წესის“ მიხედვით, დადგენილება არ ითვალისწინებს, ხოლო გასაუბრების თემატიკა, რაც დამტკიცებული იყო მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით მ. ბ-ეს ეცნობა კანონის შესაბამისად.
კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლოს მიერ არასწორად იქნა შეფასებული საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დასკვნის ის ეპიზოდი, რომელიც მ. ბ-ის მიერ კომპიუტერული პროგრამების ცოდნა/არცოდნას უკავშირდება. კომისიის დასკვნაში მითითებული იყო, რომ მ. ბ-ის კომპიუტერული პროგრამების ცოდნის შემოწმება მოხდა იმ კომპიუტერზე, რაზეც შემოწმდა ატესტაციას დაქვემდებარებული ყველა მოხელე.
კასატორი დამატებით მიუთითებს სასამართლო გადაწყვეტილების იმ ნაწილზე, სადაც საუბარია მ. ბ-ის გათავისუფლების ბრძანებაზე რომელშიც მითითებული არ არის, რომელი თანამდებობიდან მოხდა მისი გათავისუფლება. ამასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ 2015 წლის 17 აპრილის ბრძანებაში თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ, მითითებულია, რომელ თანამდებობაზე მოხდა მისი დანიშვნა, მას შემდეგ მისი სხვა თანამდებობაზე გადაყვანა არ განხორციელებულა, შესაბამისად, იგი პირვანდელი თანამდებობიდან გათავისუფლდა.
კასატორი აღნიშნავს, რომ მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულია კანონის მოთხოვნების შესაბამისად, აღნიშნული გადაწყვეტილება დაეფუძნა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2016 წლის 22 ნოემბრის დასკვნას, რომელშიც ნათლად არის აღწერილი, რატომ არ შეესაბამება მ. ბ-ე დაკავებულ თანამდებობას.
კასატორი დამატებით აღნიშნავს, რომ ატესტაციას დაქვემდებარებულ პირს ატესტაციის გრაფიკი, ინფორმაცია, ატესტაციის ჩატარების პროცედურები, ფორმებისა და პირობების შესახებ, ასევე საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების ფორმა ატესტაციას დაქვემდებარებულ პირს უნდა ეცნობოს ატესტაციის დაწყებამდე 14 დღით ადრე. კასატორი ზემოთქმულთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ მ. ბ-ეს დაგვიანებით ეცნობა ზემოთ ხსენებული ინფორმაციის შესახებ და მიიჩნევს, რომ აღნიშნული არ წარმოადგენს არსებით დარღვევას.
კასატორი მ. ბ-ე საკასაციოს საჩივარში აღნიშნავს, რომ სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილი, რადგან აღნიშნული უკვე გამოიყენა 2015 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილებაში, რომელიც ძალაში დატოვა სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებმა. კასატორი მიუთითებს, რომ სწორედ აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით ჩაინიშნა მისი გასაუბრება 2016 წლის 11 ივლისს, როსაც მოჰყვა გასაუბრების ოქმის გაბათილება საპრეტენზიო კომისიის მიერ 2016 წლის 22 ივლისს და ახალი გასაუბრების ჩატარების დავალდებულება საატესტაციო კომისიისათვის.
კასატორი აღნიშნავს, რომ მას ტესტირების ეტაპზე აღებული აქვს 45 ქულა, ასევე აქვს ხელმძღვანელის დახასიათება და მუშაობის პერიოდში მიღებული აქვს პრემიები, ასევე მიუთითებს, რომ არასოდეს დაკისრებია დისციპლინური პასუხისმგებლობა. აქედან გამომდინარე, კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლომ პირდაპირ უნდა აღადგინოს სამსახურში.
კასატორი მიუთითებს, რომ მოპასუხემ 3-ჯერ გამოსცა აქტი ატესტაციის არადამაკმაყოფილებელი შედეგებისა და თანამდებობაზე მისი შეუსაბამობის შესახებ, მათგან 2-ჯერ სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებდა კანონის საწინააღმდეგოდ, ხოლო მესამე შემთხვევაში - საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილებით, ბათილად იქნა ცნობილი. იგი აღნიშნავს, რომ ორგანოების დამოკიდებულება მის მიმართ იყო მიკერძოებული. კასატორი შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული ორგანო იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობას, რათა არ მოხდეს მისი სამსახურში აღდგენა.
კასატორი ზემოთქმული გარემოებების გათვალისწინებით მოითხოვს, მის სამსახურში აღდგენას, განაცდურის ანაზღაურებას და მხოლოდ მას შემდეგ ატესტაციის ჩატარებას მის მიმართ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 13 ოქტომბერის განჩინებით ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და მ. ბ-ის საკასაციო საჩივრები, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და მ. ბ-ის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
მ. ბ-ე 2013 წლის 15 აპრილიდან მუშაობდა ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში სპეციალისტად, ბოლოს, 2014 წლის 21 ივლისიდან 2015 წლის 20 აპრილამდე - ... სამსახურის ... განყოფილებაში სპეციალისტად. ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 17 თებერვლის N691 ბრძანებით დადგინდა ხაშურის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთათვის ატესტაციის ჩატარება. ატესტაციას დაექვემდებარა მ. ბ-ეც საკონკურსო-საატესტაციო კომისიის უარყოფითი დასკვნის საფუძველზე, რაც უცვლელად დატოვა საპრეტენზიო კომისიამ, მ. ბ-ე, ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 17 აპრილის ბრძანებით, გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან; ხაშურის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა მოპასუხეების მანამდე მიღებული ადმინისტრაციული აქტები და მათ დაევალათ, საქმის გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევის შემდეგ, გამოეცათ ახალი აქტები. სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით ჩატარდა მხოლოდ გასაუბრება - 2016 წლის 22 ნოემბერს, რომლის შედეგად, საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ მიიღო დასკვნა, რომ მ. ბ-ე არ შეესაბამებოდა დაკავებულ ან დასაკავებელ თანამდებობას, რის გამოც, მას შემდეგ რაც საპრეტენზიო კომისიამ მისი საჩივარი არ დააკმაყოფილა, მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 21 დეკემბრის ბრძანებით გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.
მ. ბ-ეს 2016 წლის 9 ნოემბრის მიმართვით ეცნობა გასაუბრების ჩატარების თარიღი - 2016 წლის 21 ნოემბერი, რომელიც ერთი დღით გადაიდო და ჩატარდა 22 ნოემბერს. ეს მიმართვა ადრესატს 2016 წლის 12 ნოემბერს ჩაჰბარდა, მანამდე 2016 წლის 9 სექტემბრით დათარიღებული წერილით კი შეატყობინეს, რომ გასაუბრების კონკრეტული თარიღი დამატებით ეცნობებოდა. ამ მიმართვაზე დართული იყო ატესტაციის ტესტირების ეტაპების ჩატარების მეთოდიკის, თემატიკისა და შეფასების კრიტერიუმები.
საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების შეფასებას და მიუთითებს, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის N411 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო მოხელეთა ატესტაციის ჩატარების წესზე“, რომლის მიხედვით, ატესტაციის მიზანია ატესტაციას დაქვემდებარებული პირის პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობებისა და პიროვნული თვისებების შესაბამისობის განსაზღვრა დაკავებული ან დასაკავებელი თანამდებობის მოთხოვნებთან; მოხელის მიერ საატესტაციო პერიოდში შესრულებული პროფესიული სამსახურებრივი საქმიანობის შეფასება; საკლასო ჩინისა და სპეციალური წოდების მინიჭებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება; მოხელის პროფესიული დონის გამოყენების პერსპექტივების განსაზღვრა; მოხელის კვალიფიკაციის ამაღლების, პროფესიული მომზადების ან გადამზადების საჭიროების დადგენა; მოხელის პროფესიული ზრდის სტიმულირება. წესის მე-4 მუხლით, ატესტაცია ეფუძნება შემდეგ პრინციპებს: კანონიერება, სამართლიანობა, საჯაროობა, გამჭვირვალობა, არადისკრიმინაციულობა, ობიექტურობა, მიუკერძოებლობა, კოლეგიალობა. ნორმატიული აქტით ატესტაციის პროცედურის გაწერის მიზანია ატესტაციის ჩატარება დასახული მიზნების განუხრელად დაცვით.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის N411 დადგენილების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის მიხედვით, ატესტაციის გრაფიკი, ინფორმაცია ატესტაციის ჩატარების პრინციპების, პროცედურების, ფორმებისა და პირობების შესახებ, ასევე, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების ფორმა, ატესტაციას დაქვემდებარებულ პირს უნდა ეცნობოს ატესტაციის დაწყებამდე ორი კვირით ადრე მაინც.
საკასაციო პალატა მიუთითებს, ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ გარემოებებზე, რომ მ. ბ-ისათვის ცნობილი უნდა ყოფილიყო გასაუბრების თემატიკა და შეფასების კონკრეტული საფუძველი, მას კი აცნობეს მხოლოდ ტესტირების ეტაპების ჩატარების მეთოდიკის, თემატიკისა და შეფასების კრიტერიუმების შესახებ. მითითებული დადგენილების შესაბამისად, მოსარჩელისათვის ჩამოთვლილი ინფორმაცია ატესტაციამდე 2 კვირით ადრე უნდა ეცნობებინათ, რომელიც მოცემულ შემთხვევაში არ განხორციელდა, მ. ბ-ეს სხდომამდე 10 დღით ადრე ეცნობა ზემოთქმული ინფორმაციის შესახებ.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობაზე, რომ გამგებლის 2015 წლის 17 თებერვლის N691 ბრძანებაში, რომლითაც დადგინდა ატესტაციის ჩატარება, მითითებულია, რომ მოხელეს მოეთხოვება საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის 2014 წლის 10 სექტემბრის ბრძანებით დამტკიცებული თემატიკის ცოდნა. საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის 2014 წლის 10 სექტემბრის N73/სა ბრძანებაში, კომპიუტერული პროგრამების ცოდნის მოთხოვნა არ არის. ეს მოთხოვნა არც გამგებლის N691 ბრძანებაშია. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის ოქმიდან კი ჩანს, რომ მის უარყოფით დასკვნას, სხვა გარემოებებთან ერთად, საფუძვლად დაედო მ. ბ-ის მიერ კომპიუტერული პროგრამების არასათანადო ცოდნა. პალატა აგრეთვე მიუთითებს, რომ საკონკურსო-საატესტაციო კომისიას საატესტაციო პერიოდში გაწეული საქმიანობის შესახებ მ. ბ-ის ანგარიში არ მოუსმენია, რომელიც საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის N411 დადგენილების მე-8 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, ატესტაციის ეტაპზე გასაუბრების სავალდებულო კომპონენტს შეადგენს.
საკასაციო სასამართლო მართებულად მიიჩნევს, ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას, რომ საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დასკვნა, მ. ბ-ის დაკავებულ თანამდებობასთან შეუსაბამობის შესახებ, მისი გათავისუფლების უპირობო საფუძველი არ არის. გამგებელს, ამ დასკვნის საფუძველზე, რამდენიმე შესაძლო გადაწყვეტილებიდან, უნდა შეერჩია ერთ-ერთი. ამასთან, გამგებლის ბრძანება არ შეიცავს დასაბუთებას შესაძლო გადაწყვეტილებებიდან რატომ იქნა უკიდურესი ფორმა - გათავისუფლება შერჩეული და არა მოხელის კვალიფიკაციის ამაღლება.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ მ. ბ-ეს არ ეცნობა გასაუბრების მეთოდიკა, თემატიკა და შეფასების კრიტერიუმები, გასაუბრების თარიღი აცნობა მხოლოდ 10 დღით ადრე, ნაცვლად ორი კვირისა, კომისიამ არ მოისმინა მისი ანგარიში საატესტაციო პერიოდში გაწეული საქმიანობის შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ კომპიუტერული პროგრამების ცოდნა არ მოეთხოვებოდა, კომისიის უარყოფით დასკვნას, სხვა გარემოებებთან ერთად, საფუძვლად დაედო ამ პროგრამების არასათანადოდ ცოდნა.
საკასაციო პალატა ზემოთქმული გარემოებების ანალიზის საფუძველზე მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად შეაფასეს სადავო საკითხები, ასევე მართებულად იქნა დადგენილი ხაშურის მუნიციპალიტეტის მიერ ხელახალი ატესტაციის ჩატარების ვალდებულების საკითხიც.
შესაბამისად, კონკრეტულ შემთხვევაში, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და მ. ბ-ის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 29 ივნისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე