Facebook Twitter

საქმე¹ბს-767-759(კ-16) 15 თებერვალი, 2018წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულსაქმეთაპალატამ

შემადგენლობა:

ნუგზარსხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - ნ. ბ-ე

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტარციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.05.2016წ. გადაწყვეტილება

აღწერილობითინაწილი:

სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 31.07.2015წ. სარჩელით მიმართა ახალქალაქის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ნ. ბ-ის მიმართ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ტერიტორიული ორგანოს მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი N29, N30, N31 და N32 ოქმების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ასპინძის რაიონის გამგეობასა და ნ. ბ-ეს შორის 12.06.2006წ. გაფორმდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 3000 ჰა მიწის საიჯარო ხელშეკრულება 49 წლის ვადით, მიწის ნაკვეთზე ს/კ ... . აღნიშნული საიჯარო ხელშეკრულების საფუძვლად მითითებულია ასპინძის რაიონის გამგეობის 30.05.2006წ. N10/75 დადგენილება. ნ. ბ-ემ 22.01.2008წ. განცხადებით მიმართა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამცხე-ჯავახეთის სამხარეო რაიონის ტერიტორიულ ორგანოს, იჯარით გაცემული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების თაობაზე. „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ“ კანონის საფუძველზე ნ. ბ-ეს 08.02.2008წ. მიწის და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი N29 ოქმით საკუთრებაში გადაეცა დაბა ასპინძაში, სახელმწიფო მარაგი „...“ 2061,0 ჰა, 08.02.2008წ. მიწის და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი N30 ოქმით - ასპინძის რაიონში, სახელმწიფო მარაგი „გ...“ 7,0 ჰა, 08.02.2008წ. მიწის და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი N31 ოქმით - ასპინძის რაიონში, სახელმწიფო მარაგი, „...“ 120,0 ჰა, 08.02.2008წ. მიწის და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი N32 ოქმით - ასპინძის რაიონში, სახელმწიფო მარაგი „...“ 540,0 ჰა. გადასახდელი თანხის 50% მოიჯარის მიერ გადახდილ იქნა კანონის შესაბამისად დადგენილ ვადაში.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 2012 წელს სამცხე-ჯავახეთის პროკურატურამ დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამცხე-ჯავახეთის სამხარეო სამმართველოს ხელმძღვანელის - თ. ა-ის მიმართ, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, კერძოდ: თ. ა-მა ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება და „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ“ კანონის დარღვევით სხვადახვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებს საკუთებაში გადასცა ნინოწმინდისა და ასპინძის რაიონებში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საძოვრის ტიპის მიწის ნაკვეთები. „სისხლისსამართლებრივ დევნის დაწყებაზე უარის თქმის შესახებ“ სამცხე-ჯავახეთის პროკურატურის 07.08.2012წ. დადგენილების შესაბამისად, ზემოხესებულ საქმეზე შეკრებილი იყო საკმარისი მტკიცებულებები დასაბუთებული ვარაუდისთვის, რომ თ. ა-ს ჩადენილი ჰქონდა სსკ-ის 332 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედება. შესაბამისად, მის მიმართ არსებობდასისხლისსამართლებრივი დევნის წარმოების საფუძველი, თუმცა იმის გათვალისიწინებით, რომ მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება კონკრეტულ შემთხვევაში არ ქმნიდა მაღალ საზოგადოებრივ საშიშროებას, მას ჩადენილი ჰქონდა ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა ერთობლიობა, აღიარებდა დანაშაულს და თანამშრომლობდა გამოძიებასთან, თ. ა-ს შეეთავაზა განრიდება, მის მიერ შესრულებულ იქნა განრიდების პირობები. აღნიშნულიდან გამომდინარე, სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურამ დაადგინა, რომ სისხლისსამართლებრივი დევნა თ. ა-ის მიმართ არ დაიწყოს, ვინაიდან განრიდების სუბიექტმა შეასრულა განრიდებით გათვალისწინებული პირობა და მის მიმართ დევნის დაწყება ეწინააღმდეგება სისხლის სამართლის პოლიტიკას. სამცხე-ჯავახეთის პროკურატურის 31.07.2013წ. წერილით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების სამინისტროს გადაეგზავნა ზემოაღნიშნული დადგენილიება, გამოძიების ეტაპზე გამოთხოვილი საპრივატიზებო საქმეები და ეთხოვა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად რეაგირება. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 02.12.2013წ. N1-1/355 ბრძანებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს მიენიჭა 31.07.2013წ. წერილში მითითებული, 2007-2010 წლებში საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამცხე-ჯავახეთის სამხარეო სამმართველოს მიერ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების კანონდარღვევით განხორციელებული პრივატიზების საკითხის განხილვასა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ასპინძის გამგეობის 29.01.2014წ. წერილით სამცხე-ჯავახეთის მომსახურების ცენტრს გადაეგზავნა გამგეობის რამდენიმე გადაწყვეტილება, მათ შორის ასპინძის რაიონის გამგეობის 30.05.2006წ. N10/75 დადგენილება, რომელიც თავისი შინაარსით შემხებლობაში არ არის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის იჯარით გადაცემასთან და წარმოადგენს გამგეობის გადაწყვეტილებას მოსახლეობის სარწყავი წყლით მომარაგების მდგომარეობისა და მისი შემდგომი გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ. ასევე, გადაგზავნილ იქნა „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის (საძოვრის) იჯარით გაცემის რაიონული კომისიის 04.08.2006წ. N7 საოქმო გადაწყვეტილების დამტკიცების შესახებ“ ასპინძის რაიონის გამგეობის 14.09.2006წ. N15-98 დადგენილება, რომლის შესაბამისადაც მოქალაქე ნ. ბ-ეს უარი ეთქვა „...“ მდებარე მიწის იჯარით გაცემაზე.

ახალქალაქის რაიონულის სასამართლოს 03.08.2015წ. განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი ნ. ბ-ის მიმართ განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ახალციხის რაიონულ სასამართლოს.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 09.12.2015წ. გადაწყვეტილებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სასამართლომ აღნიშნა, რომ ნ. ბ-ის სახელზე მიწის პრივატიზების პერიოდში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზებასთან დაკავშირებულ საკითხებს აწესრიგებდა „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ“ კანონი. აღნიშნული კანონის 2.2 მუხლის თანახმად, პრივატიზებას ექვემდებარება იჯარით გაცემული და იჯარით გაუცემელი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწა, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული მიწებისა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პრივატიზებას არ ექვემდებარება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვარი, გარდა ამ კანონის ამოქმედებამდე იჯარით გაცემული საძოვრებისა. სასამართლომ მიუთითა, რომ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს" ვებგვერდზე არსებული მონაცემების შესაბამისად, „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ“ კანონის გამოქვეყნების თარიღია 29.07.2005წ., განსახილველ შემთხვევაში ასპინძის რაიონის გამგეობასა და ნ. ბ-ეს შორის იჯარის ხელშეკრულება დაიდო 12.06.2006წ. ანუ კანონის ამოქმედების შემდეგ. შესაბამისად, „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ“ კანონის 2.3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ნ. ბ-ის მიერ იჯარით მიღებული საძოვარი არ განეკუთვნებოდა პრივატიზებას დაქვემდებარებულ მიწის ნაკვეთთა კატეგორიას და მისი პირდაპირი მიყიდვის წესით მოიჯარის საკუთრებაში გადაცემა არ შეიძლებოდა. ამის მიუხედავად, 08.02.2008წ. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ტერიტორიული ორგანოს მიერ ნ. ბ-ის სახელზე გაიცა მიწის და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი N29, N30, N31 და N32 ოქმები, რომლის საფუძველზეც მას საკუთრებაში გადაეცა ასპინძის რაიონში მდებარე მიწის ნაკვეთები.

სასამართლომ ზაკ-ის 601.4 და 601.5 მუხლებზე მითითებით აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ იჯარით გაცემული მიწის ნაკვეთის შეძენის დამადასტურებელი ოქმების გამოცემის, აღნიშნული მიწის გამოსასყიდი თანხის გადახდის და ამ თანხის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღების, ასევე, ნ. ბ-ის სახელზე მისთვის გადაცემული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შედეგად, ნ. ბ-ეს გაუჩნდა კანონიერი ნდობა აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისადმი და ამ ნდობის პირობებში წლების განმავლობაში მართლზომიერად ფლობდა კუთვნილ მიწის ნაკვეთებს. ამავდროულად, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამცხე-ჯავახეთის სამხარეო სამმართველოს ხელმძღვანელის თ. ა-ის მხრიდან პრივატიზების პროცესში გარკვეული დარღვევბის არსებობის მიუხედავად, საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება იმისა, რომ პრივატიზებას ნ. ბ-ის უკანონო ქმედება დაედო საფუძვლად. აღნიშნულს არც მოსარჩელე მხარე ხდის სადავოდ და არ უარყოფს კანონიერი ნდობის არსებობას გასაჩივრებული აქტის მიმართ.

სასამართლომ აღნიშნა, რომ თ. ა-ის მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმის (სადაც ერთ-ერთი ეპიზოდი ეხება ნ. ბ-ის სახელზე საძოვრის პრივატიზებას) წარმოება შეწყდა და სისხლისსამართლებრივი დევნა არ იქნადაწყებული განრიდების გამო. აღნიშნულს საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ თ. ა-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება არ ქმნიდა მაღალ საზოგადოებრივ საშიშროებას. შესაბამისად, თ. ა-ის მხრიდან პრივატიზების პროცესში რაიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაშიც კი არ დასტურდება სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერი უფლების ან ინტერესების არსებითად დარღვევის ფაქტი. მოსარჩელის მითითება იმაზე, რომ პრივატიზების გამო სახელმწიფოს არ შეუძლია ამ მიწის იჯარით გაცემა და შემოსავლის მიღება, არ ემყარება რაიმე კონკრეტულ მტკიცებულებას. სასამართლომ აღნიშნა, რომ „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ“ კანონის 1-ლი მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შედეგად სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფონდის ათვისება, მისი რაციონალურად გამოყენება და მიწის ბაზრის განვითარებისათვის ხელის შეწყობა.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 09.12.2015წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.05.2016წ. გადაწყვეტილებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ახალციხის რაიონული სასამართლოს 09.12.2015წ. გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამცხე-ჯავახეთის ტერიტორიული ორგანოს 08.02.2008წ. მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი N29, N30, N31 და N32 ოქმები.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სზაკ-ის 601.1 მუხლის თანახმად აქტი ბათილია თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის დადგენილი მოთხოვნები. სზაკ-ის 601 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში - ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო. სააპელაციო სასამართლომ სადავო მიწის ნაკვეთის პრივატიზების დროს მოქმედი „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ“ კანონის 2.2, 2.3, მე-3, 5.4 და მე-19 მუხლებზე მითითებით აღნიშნა, რომ პრივატიზებას ექვემდებარება იჯარით გაცემული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, მათ შორის ზემოხსენებული კანონის ამოქმედებამდე (29.07.2005წ.) იჯარით გაცემული საძოვარი. აღნიშნულიდან გამომდინარე, ნ. ბ-ის მიერ 12.06.2006წ. იჯარით აღებული საძოვარი არ ექვემდებარებოდა პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზაციას. ამდენად, დაირღვა სახელმწიფოს საკუთრების უფლება. გასაჩივრებული ოქმები გამოცემულია კანონმდებლობის უხეში დარღვევით და არსებობს მათი ბათილად ცნობის საფუძვლები.

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოპასუხისა და პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება კანონიერი ნდობის გამო გასაჩივრებული ოქმების ბათილად ცნობის საფუძვლების არსებობის შესახებ. სასამართლომ მიუთითა ზაკ-ის 601.4 და 601.5მუხლებზე და აღნიშნა, რომ სადავო ოქმები არსებითად არღვევს სახელმწიფო და საზოგადოებრივ უფლებებსა და ინტერესებს. ამდენად, არსებობს მათი ბათილად ცნობის საფუძველი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.05.2016წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ბ-ემ.

კასატორმა აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, კერძოდ, ზაკ-ის 601.4 მუხლი, დაუსაბუთებლად გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმის შესახებ, რომ გასაჩივრებული აღმჭურველი აქტები არსებითად არღვევენ სახელმწიფო და საზოგადოებრივ უფლებებსა და ინტერესებს. სასამართლომ არ განმარტა, თუ რაში გამოიხატა სახელმწიფოს საკუთრების უფლების დარღვევა და ვინ დაარღვია ეს უფლება. საქმეზე დადგენილად არის ცნობილი, რომ ნ. ბ-ეს რაიმე კანონსაწინააღმდეგო არ ჩაუდენია. კასატორი თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში სსკ-ის 170-ე მუხლით განმტკიცებული საკუთრების არც ერთი ელემენტი არ დარღვეულა. სახელმწიფომ თავისი უფლებამოსილი ორგანოების მეშვეობით თავად განკარგა საკუთრება, გაურკვეველია საკუთარი ნების საფუძველზე საკუთრების გასხვისებით საკუთრების უფლების დარღვევა. ცალკეული საძოვრის კერძო საკუთრებაში არსებობა არ შეიძლება მოაზრებულ იქნეს იმ ხარისხის ზიანად, რომელიც, კანონიერი ნდობის პირობებში, აქტის ბათილად გამოცხადებას ამართლებს.

კასატორი აღნიშნავს, რომ მხოლოდ აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო არის უფლებამოსილი თავისი ინიციატივით გადაამოწმოს მიღებული აქტის კანონიერების საკითხი მისი ძალაში შესვლის შემდგომ, რაც მმართველობის კანონიერების პრინციპის უზრუნველყოფას ემსახურება. თუ აქტი აღმჭურველი ხასიათისაა, მისი კანონიერების გადამოწმებისას აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეაფასოს აქტის ადრესატის კანონიერი ნდობის უფლება. სააპელაციო სასამართლოს მიერ არ იქნა განხილული აქტების ბათილად გამოცხდებით ნ. ბ-ისთვის მიყენებული შესაძლო ზიანი. გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას, რომლის თანახმადაც, უნდა შეფასდეს კანონიერებისა და კანონიერი ნდობის პრინციპებს შორის კონფლიქტი და თანაზომიერების პრინციპის მეშვეობით დადგინდეს, თუ რომელი პრინციპის დაცვა არის კონკრეტულ შემთხვევაში პრიორიტეტული. ადმინისტრაციულ ორგანოს და სააპელაციო სასამართლოს თანაზომიერების ტესტი არ ჩაუტარებიათ და არ შეუდარებიათ ზემოაღნიშნული ინტერესები.

სააპელაციო სასამართლომ სათანადო შეფასება არ მისცა პროკურატურის მიერ თ. ა-ის მიმართ სისხლის სამართლის საქმეზე მიღებულ განრიდების გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, თ. ა-ის მიმართ სისხლისამართლებრივი დევნა არ დაიწყო, რასაც საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება არ ქმნის მაღალ საზოგადოებრივ საშიშროებას. პროკურატურის აღნიშნული გადაწყევტილება მიუთითებს, რომ სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანი არსებითად არ იქნა მიჩნეული. ამასთანავე, სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა, რომ ნ. ბ-ეს 49 წლიანი იჯარის უფლება ჰქონდა მოპოვებული მიწის ნაკვეთებზე და რომ არა სადავო აქტები, კასატორს 2055 წლამდე ექნებოდა აღნიშნული საძოვრებიიჯარის უფლებით. შესაბამისად, სახელმწიფო ამ პერიოდამდე ვერ შეძლებდა მათ გამოყენებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, სახელმწიფოს ინტერესებისათვის არსებითი ზიანის მიყენების დასადასტურებლად, საძოვარზე საკუთრების უფლების შენარჩუნების სტარტეგიული მნიშვნელობის დასახელება სპეკულაციური და დაუსაბუთებელია.

კასატორმა აღნიშნა, რომ მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს ინიციატივით მის მიერვე გამოტანილი აქტის გაუქმება განეკუთვნება თავად ამ ან ზემდგომი ორგანოს კომპეტენციას და აღნიშნული საქმის განხილვა უწყებრივად სასამართლოს არ ექვემდებარება. სსიპ ქონების მართვის ეროვნულ სააგენტოს არ გააჩნდა უფლებამოსილება წარედგინა სარჩელი სადავო აქტების ბათილად ცნობის თაობაზე, რამდენადაც იგი წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ტერიტორიული ორგანოს უფლებამონაცვლეს. უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკუთარი ინიციატივით ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შემთხვევაში ორგანოს მხარის მოწვევით უნდა ჩაეტარებინა ადმინისტრაციული წარმოება, რომლის ფარგლებშიც შემოწმდებოდა სადავო აქტების ბათილობის საფუძვლები. დაინტერესებულ მხარეს შესაძლებლობა ექნებოდა დაეცვა საკუთარი ინტერესები, დაესაბუთებინა მისთვის მიყენებული ზიანის სიმძიმე. მოცემულ შემთხვევაში, ნ. ბ-ემ დაკარგა შესაძლებლობა ადმინისტრაციული საჩივრით მიემართა ზემდგომი ორგანოსათვის და გამოეყენებინა მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებები. კასატორმა სზაკ-ის 180.1 და სასკ-ის 22.3 მუხლებზე მითითებით აღნიშნა, რომ კანონმდებლობით განსაზღვრულია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრების ვადები და საშუალებები. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ აქტი იძენს დაცულობის მაღალ ხარისხს და მასზე ადმინისტრაციული საჩივრის ან/და სარჩელის წარდგენა შეუძლებელი ხდება. კონკრეტულ შემთხვევაში 2008 წელს გამოცემული სადავო აქტების როგორც ადმინისტრაციული გასაჩივრების, ისე სასარჩელო ხანდაზმულობის ვადები გასული იყო. შესაბამისად, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ამ საფუძვლითაც არ იყო უფლებამოსილი მიემართა სასამართლოსათვის.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქმის მასალების და საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის შედეგად საკასაციო პალატა თვლის, რომ ნ. ბ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დასტურდება, რომ 12.06.2006წ. ასპინძის რაიონის გამგეობასა და ნ. ბ-ეს შორის გაფორმდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულიების მიწის საიჯარო ხელშეკრულება 49 წლის ვადით. ხელშეკრულება დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში. ზემოხსენებული ხელშეკრულების საფუძველზე 08.02.2008წ. N29, N30, N31, N32 მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი სადავო ოქმებით ნ. ბ-ეს, „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ“ კანონის საფუძველზე, საკუთრებაში გადაეცა ასპინძის რაიონში მდებარე საძოვრები.

სადავო პერიოდში მოქმედი „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ“ კანონის 2.3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ადგენდა, რომ პრივატიზებას არ ექვემდებარებოდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვარი, გარდა ამ კანონის ამოქმედებამდე იჯარით გაცემული საძოვრებისა. „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ“ კანონის მე-19 მუხლის თანახმად ეს კანონი გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდა. „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს" ვებგვერდზე არსებული მონაცემების შესაბამისად „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონის გამოქვეყნების თარიღია 2005 წლის 29 ივლისი (კანონმა ძალა დაკარგა "სახელმწიფო ქონების შესახებ" 21.07.2010წ. კანონით). „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ“ კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ადგენდა, რომ მიწის ნაკვეთის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების აუცილებელი პირობა იყო სახელმწიფოსა და მოიჯარეს შორის დადგენილი წესით გაფორმებული და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული საიჯარო ხელშეკრულება. ამჟამად მოქმედი „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონის 4.1 მუხლის „ძ.ა“ ქვეპუნქტის მიხედვით პრივატიზებას არ ექვემდებარება საძოვარი, გარდა 2005 წლის 30 ივლისამდე იჯარით გაცემული საძოვრებისა.ამდენად, ხსენებულ ნორმების შესაბამისად, კანონმდებლობა კრძალავს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრის პრივატიზებას იმ შემთხვევაში თუ ის იჯარით გაცემულია 2005 წლის 29 ივლისის შემდეგ. კონკრეტულ შემთხვევაში, ნ. ბ-ესა და ასპინძის რაიონის გამგეობას შორის საიჯარო ხელშეკრულება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პერივატიზების შესახებ" კანონის ამოქმედების შემდეგ, 2006 წელს გაფორმდა.

„სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონის 22.2 მუხლის თანახად, პრივატიზებულ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული სადავო საკითხების სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი. პრივატიზებულ სახელმწიფო ქონებასთან და ადგილობრივი თვიმმართველი ერთეულის ქონებასთან დაკავშირებული სადავო საკითხების სასარჩელო ხანდაზმულობის სამწლიან ვადას ითვალისწინებდა აგრეთვე "სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ" 30.05.1997წ. კანონის 11.3 მუხლი. საქმის მასალებისმიხედვით სადავო მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი N29, N30, N31 და N32 ოქმები 08.02.2008წ. არის დათარიღებული, ხოლო სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ სარჩელი რაიონულ სასამართლოში 31.07.2015წ. აღიძრა. ამდენად, არ დასტურდება სარჩელის კანონით დადგენილ ვადაში აღძვრა. სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული გარემოება არ შეუფასებია.

სასარჩელო ხანდაზმულობაში იგულისხმება დრო, რომლის განმავლობაშიც პირს, ვისი უფლებებიც დარღვეულია, შეუძლია მოითხოვოს თავისი უფლებების იძულებით განხორციელება და დაცვა. ხანდაზმულობის ვადის გასვლა იწვევს სასამართლოს მეშვეობით უფლების იძულებით განხორციელების შეუძლებლობას. ნორმატიულად შეიძლება განისაზღვროს სასარჩელო ხანდაზმულობის სპეციალური ვადები, რასაც ადგილი აქვს განსახილველ შემთხვევაში (პრივატიზებულ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული სადავო საკითხების სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა სამ წელს შეადგენს). მნიშველოვანია ხანდაზმულობის ვადის ათვლის საკითხი. ნებისმიერი ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყება დამოკიდებულია იმ მომენტზე, როდესაც უფლებამოსილმა პირმა გაიგო საკუთარი უფლებების დარღვევის თაობაზე. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო სარჩელში აღნიშნა, რომ სამცხე-ჯავახეთის პროკურატურის 31.07.2013წ. წერილით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გადაეგზავნა „სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებაზე უარის თქმის შესახებ“ სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის 07.08.2012წ. დადგენილება და ეთხოვა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად რეაგირება, რის საფუძველზეც დაიწყო ნ. ბ-ის საქმეზე არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებების შესწავლა.საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემული გარემოება ზეგავლენას ვერ ახდეს ხანდაზმულობის ვადის ათვლაზე, ვინაიდან პროკურატურის დადგენილებით ან წერილით არ გამოკვეთილა რაიმე ახალი ფაქტობრივი გარემოება, რაც მანამდე ორგანოსათვის არ იყო ცნობილი, პროკურატურა უთითებდა მხოლოდ „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ“ კანონის მოთხოვნების დარღვევაზე, რისი დადგენის შესაძლებლობა და ვალდებულებაადმინისტრაციულ ორგანოსაც გააჩნდა. საოლქო პროკურატურის დადგენილებით არ იკვეთება ისეთი გარემოებები, რომლებიც ადმინისტრაციული ორგანოსთვის იქნებოდა ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოება, ნორმის მოთხოვნის დარღვევა არ წარმოადგენს ახლად აღმოჩენილ გარემოებას. სადავო გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება სააპელაციო სასამართლოს მიერ იდენტური ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების მქონე საქმეებთან დაკავშირებით მიღებულ განჩინებებს (იხ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 07.06.2016წ. N3ბ/1888-15, 29.06.2016წ. N3/ბ-2131-15, 14.02.2017წ. N3ბ/2133-15, 07.06.2016წ. N3ბ/1900-15, 26.01.2017წ. 3ბ/1899-15 განჩინებები), რომლებიც კანონიერ ძალაში შევიდა საქართველოს უზენაესის სასამართლოს განჩინებებით (იხ. სუსგ 26.01.2017წ. Nბს-851-843(კ-16), 11.05.2017წ. ბს-281-279(კ-17), 04.07.2017წ. Nბს-330-328(კ-17), 28.09.2017წ. ბს-362-359(კ-17), 02.11.2017წ. ბს-444-441(კ-17)). შესაბამისად, სახეზეა დივერგენცია, სააპელაციო პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მოცემულ საკითხზე არსებულ ერთიან სასამართლო პრაქტიკას.

აღსანიშნავია, რომ უფლების იძულებითი განხორციელების შესაძლებლობა ხანდაზმულობის ვადის გასვლასთან ერთად ავტომატურად არ ქარწყლდება. საჭიროა დაინტერესებულმა პირმა სასამართლოს განუცხადოს მოთხოვნის ხანდაზმულობის შესახებ და ამ საფუძვლით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვოს. რაიმე ფორმა სარჩელის ხანდაზმულობის შესახებ განცხადებისათვის დადგენილი არ არის, ამდენად, იგულისხმება, რომ ამგვარი განცხადების გაკეთება შესაძლებელია როგორც წერილობით, ისე ზეპირად,არსებითი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ მოპასუხე ნათლად ავლენდეს ხანდაზმულობის საკითხის დასმის ნებას.საქმის მასალებით დასტურდება, რომ ნ. ბ-ე სარჩელზე წარდგენილ შესაგებელშივე უთითებდა მოთხოვნის ხანდაზმულობის შესახებ (ტ.1, ს.ფ. 54). აღნიშნულის მიუხედავად,სააპელაციო სასამართლომხანდაზმულობის საკითხზე მსჯელობის გარეშე გააუქმა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დააკმაყოფილა სარჩელი. სააპელაციო სასამართლოს არ დაუდგენია მოცემულ საქმეზე ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყების მომენტი, ხანდაზმულობის ვადის შეჩერება/შეწყვეტის საფუძვლების არსებობა, ხანდაზმულობის ვადის გასვლისა და ამ საფუძვლით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საკითხი. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს არ ეძლევა ხანდაზმულობასთან დაკავშირებით სააპელაციო პალატის მსჯელობის კანონიერების შემოწმების შესაძლებლობა.

საფუძველს მოკლებულია კასატორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ ადგილი აქვს ერთ სუბიექტში მოსარჩელისა და მოპასუხის სტატუსის თავმოყრას, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული სარჩელის აღძვრას იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლის გადაწყვეტაც მის უფლებამოსილებას განეკუთვნება (სასკ-ის 2.4 მუხ.), უწყებრივად არაქვემდებარე საქმის განხილვას. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პრივატიზების დროს მოქმედი საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 11.01.2007წ. N1-1/24 ბრძანებით დამტკიცებული "საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს დებულების" 1.2 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამცხე-ჯავახეთის სამხარეო სამმართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში შედიოდა ასპინძა, დებულების 1.5 მუხლის თანახმად ტერიტორიაზე არსებული სამინისტროსაგან დელეგირებული სახელმწიფო ქონების ფლობას, სარგებლობასა და განკარგვას ახორციელებდა სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების შესაბამისი სამხარეო სამმართველო. აღნიშნული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი ძალადაკარგულად გამოცხადდა "საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ზოგიერთი ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ" საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 11.09.2012წ. N1-1/1742 ბრძანების 1-ლი მუხლის "გ" ქვეპუნქტით. "სახელმწიფო ქონების შესახებ" კანონში 05.06.2012წ. N6377 კანონით შეტანილი ცვლილების შედეგად, რომელიც 2012 წლის 17 სექტემბრიდან ამოქმედდა, შეიქმნა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, რომელიც ახორციელებს სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვას (1.6 მუხ.). საქართველოს მთავრობის 17.09.2012წ. N391 დადგენილებით დამტკიცდა "სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დებულება", რომლის მიხედვით სააგენტო დამოუკიდებლად გამოდის სასამართლოში (1.4 მუხ.), აქვს დამოუკიდებელი ბალანსი (1.6 მუხ.). საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 14.09.2012წ. N1-1/1810 ბრძანებით შეიქმნა სსიპ "სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს" პრივატიზების დეპარტამენტის მომსახურების ცენტრები, დამტკიცდა მათი ტიპიური დებულებები. აღნიშნული ბრძანება ძალადაკარგულად იქნა ცნობილი "სსიპ "სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს" მომსახურების ცენტრების შექმნისა და ტიპიური დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 01.05.2013წ. N1-1/107 ბრძანებით. ამ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ "სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს" მომსახურების ცენტრის დებულების 1-ლი მუხლი ადგენს, რომ ცენტრი არის სააგენტოს სტრუქტურული ერთეული, ცენტრი ახორციელებს შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში არსებული სახელმწიფო ქონების მართვას, განკარგვას და სარგებლობაში გადაცემას სააგენტოსაგან დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამართლის სუბიექტის ლიკვიდაცია არის მისი არსებობის შეწყვეტის სამართლებრივი ფორმა, საშუალება, ამასთანავე ინოვაციის შედეგად ორგანოს გაუქმების მიუხედავად სახელმწიფო ინარჩუნებს სახელმწიფო ფუნქციას. სახელმწიფო ორგანოთა შექმნა, მათ შორის ფუნქციების განაწილება წარმოადგენს ხელისუფლების დისკრეციის სფეროს, ორგანოთა გაუქმება, ინოვაციური სიახლეები არ იწვევენ სახელმწიფო ფუნქციების და ამოცანების მთლიანად გაუქმებას (სუს 30.05.2012წ. Nბს-1490-1472 (კ-11), 28.04.2016წ. Nბს240-236(კს-15)). ამდენად, მმართველობის სისტემის ერთიანობის გამო, სააგენტოს დაფუძნება სადავო პრივატიზაციის შემდეგ არ არის უფლებამონაცვლეობისგამომრიცხავი გარემოება, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ადმინისტრაციული ორგანოს ფუნქციონალურ დატვირთვას, უფლებამოსილებას. ამასთანავე, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ადგილი აქვს ერთ სუბიექტში მოსარჩელის და მოპასუხის სტატუსის თავმოყრას, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული სარჩელის აღძვრას იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლის გადაწყვეტაც მის უფლებამოსილებას განეკუთვნება (სასკ-ის 2.4 მუხ.). საფუძველს მოკლებულია აგრეთვე საკასაციო საჩივარში მოყვანილი მოსაზრებები იმის შესახებ, რომ დავა უწყებრივად არ არის სასამართლოს ქვემდებარე, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების შედეგად უნდა გადაეწყვიტა ადმინისტრაციული აქტის კანონიერების საკითხი, მას უნდა მისცემოდა ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების შედეგად გამოცემული აქტის ადმინისტრაციული საჩივრით გასაჩივრების შესაძლებლობა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის პროცესში ადმინისტრაცია ასრულებს საჯარო მოქმედებას (რეალაქტი), გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, თუმცა საპრივატიზაციო პროცესის საბოლოო, დამაგვირგვინებელი სტადია არის ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, სწორედ ადმინისტრაციული ხელშეკრულებით ხდება სახელმწიფო ქონების კერძო საკუთრებაში გადასვლა. ამდენად, დავის გადაწყვეტა უკავშირდება არა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის, არამედ ადმინისტრაციული ხელშეკრულების კანონიერების დადგენას. სადავო პრივატიზების დროს მოქმედი "სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ" 30.05.1997წ. კანონი ადგენდა, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზება ხორციელდებოდა "სახელმწიფო საკუთებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ" კანონის შესაბამისად (2.3 მუხ), პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებას ექვემდებარებოდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები. აღნიშნული კანონის 10.5 მუხლი (სადავო ოქმების გაფორმების დროს მოქმედ რედაქციაში) უთითებდა პირდაპირი მიყიდვის ფორმით სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისას წერილობითი ხელშეკრულების დადებაზე, იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პირდაპირი მიყიდვის წესით პრივატიზების სავალდებულო პირობა იყო იჯარით გაცემული მიწის ნაკვეთის შესასყიდი ფასის გადახდა. ამავე კანონის 11.1 მუხლი ადგენდა, რომ პრივატიზებასთან დაკავშირებულ სადავო და ბათილად ცნობის საკითხებს განიხილავდა სასამართლო. სადავო ოქმების სახელშეკრულებო ბუნებას ადასტურებს აგრეთვე "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ" კანონის გარდამავალი დებულებების (18.5 მუხ.) მითითება, რომ ამ კანონის საფუძველზე განხორციელებულ სანივთო ურთიერთობებზე არ ვრცელდება უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შეძენის ყველა წესი, კერძოდ უძრავ ნივთზე უფლებათა წარმოშობისათვის სანოტარო წესით დამოწმებული საბუთის არსებობის აუცილებლობა. სზაკ-ის 65-ე მუხლის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არის დადგენილი, შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა ადმინისტრცაიული ხელშეკრულების დადების გზით. სზაკ-ის 70.1 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადებული ხელშეკრულების ბათილად გამოცხადებას აწესრიგებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსი. სსკ-ის 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს. სასკ-ის 2.1 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა. იჯარით გაცემული მიწის ნაკვეთების პრივატიზებისას, ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და მისი ტერიტორიული ორგანოს ვალდებულებას შეადგენდა საიჯარო მიწის პრივატიზების თაობაზე განცხადების მიღებიდან 1 თვის განმავლობაში მოიჯარისა და საიჯარო მიწის ნაკვეთის (ნაკვეთების) შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციის გაცნობა, დოკუმენტაციის სისწორისა და გამოსასყიდი თანხის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენისთანავე მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი ოქმის გაცემა საჯარო რეესტრში რეგისტრაციისათვის, მიწის შეძენის ოქმს ხელს აწერდა ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი (საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 12.09.2005წ. N1-1/989 ბრძანებით დამტკიცებული "მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი ოქმი"), ხოლო შემძენის ნება გამოვლინებას პოულობდა მის განცხადებაში იჯარით მიღებული ნაკვეთის პრივატიზების შესახებ, აგრეთვე თანხის გადახდის დამადასტურებელ ქვითარში. სააპელაციო სასამართლომ ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის ფორმების (აქტი, ხელშეკრულება) გამიჯვნის გარეშე განიხილა საქმე მაშინ, როდესაც მათზე განსხვავებული სამართლებრივი რეჟიმი ვრცელდება. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პრივატიზება არის ფიზიკური და იურიდიული პირების ან მათი გაერთიანებების მიერ სახელმწიფო ქონებაზე საკუთრების უფლების შეძენა, რის შედეგადაც სახელმწიფო კარგავს პრივატიზებული ქონების ფლობის, სარგებლობისა და განკარგვის, ხოლო სახელმწიფო ორგანოები - მისი მართვის უფლებას. პრივატიზების შედეგად ქონება კერძო საკუთრებაში გადადის, შესბამისად, პრივატიზების გაუქმების, კერძო საკუთრებიდან ქონების გამოთხოვის მოთხოვნის განხილვა შესაძლებელია სასამართლო გადაწყვეტილებით და არა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ აქტის გამოცემით.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სახელშეკრულებო დავის შემთხვევაში (სასკ-ის 251 მუხ.) სარჩელის აღძვრის ანუ სარჩელის პროცესუალური უფლება არ არის დამოკიდებული სასარჩელო ხანდაზმულობის გასვლაზე. სარჩელის აღძვრის დადგენილი ვადის გაცდენა ასეთ შემთხვევაში არ იწვევს სარჩელის დაუშვებლად ცნობას ან საქმის წარმოების შეწყვეტას. დასაშვებობის სტადია არ არის გათვალისწინებული ადმინისტრაციული ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ სარჩელზე (სასკ-ის 251 მუხ.). იმ შემთხვევაში თუ სადავო ოქმებს სააპელაციო პალატა აღმჭურველ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებად მიიჩნევდა, სასამართლოს უნდა ემსჯელა შეცილებითი სარჩელის დასაშვებობის საკითხზე, მოსარჩელის მიერ აქტების გასაჩივრების ვადის დაცულობაზე. ადმინისტრაციული ხელშეკრულების შემთხვევაში ხანდაზმულობის ვადის გასვლა იწვევს სასამართლოს მეშვეობით უფლების იძულებითი განხორციელების და მაშასადამე სარჩელის დაკმაყოფილების შეუძლებლობას და არა სასამართლოსადმი მიმართვის უფლების ჩამორთმევას, მოთხოვნის გაქარწყლებას, სასამართლოსადმი მიმართვის უფლება ხანდაზმულ მოთხოვნებზეც ვრცელდება. ხანდაზმულობის ვადის გასვლა არის არა სარჩელის მიღებაზე, არამედ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი. შესაბამისად, კასატორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო არ დაიშვებოდა სარჩელის განხილვა, არ ემყარება კანონმდებლობის მოთხოვნებს.

სააპელაციო პალატას არ შეუფასებია აგრეთვე საქმის მასალებში დაცული ნ. ბ-ესა და სსიპ "საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს" შორის დადებული 26.11.2008წ. იპოთეკის ხელშეკრულებები, იპოთეკის საგანს შეადგენდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ხელშეკრულების მოქმედების ვადა (5წ.) გასულია, სასამართლოს არ დაუდგენია იპოთეკის შეწყვეტის საფუძვლები, ნ. ბ-ის მიერ იპოთეკარის მიმართ დადგენილი ვალდებულებების შესრულება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება წინააღმდეგობრივია, მოკლებულია სამართლებრივ და ფაქტობრივ წინამძღვრებს, გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლების შემოწმება შეუძლებელია, რაც სსკ-ის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო საჩივრის აბსოლიტურ საფუძველს ქმნის. ზემოაღნიშნული, თავისმხრივ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და სსკ-ის 412-ე მუხლის საფუძველზე ხელახალი განხილვისათვის იმავე სასამართლოსათვის დაბრუნების პირობაა.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, უნდა გაუქმდეს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას საქმე უნდა დაუბრუნდეს ხელახალი განხილვისთვის.

სარეზოლუციონაწილი:

საკასაციოსასამართლომიხელმძღვანელასაქართველოსადმინისტრაციულისაპროცესოკოდექსის 1-ლიმუხლისმე-2 ნაწილით, საქართველოსსამოქალაქოსაპროცესოკოდექსის 412-ემუხლითდა

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ. ბ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.05.2016წ. გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისთვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

3. სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების დადგენისას;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ.როინიშვილი