Facebook Twitter

საქმე # 330310115774561

საქმე Nბს-1208-1202( 2კ-17) 13 თებერვალი, 2018 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავჯდომარე, მომხსენებელი)

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ არქიტექტურის სამსახური; (მოპასუხე) შპს „ბ...“ ( მესამე პირი - შპს "ჰ..." უფლებამონაცვლე)

მოწინააღმდეგე მხარეები - დ. ბ-ი, ნ. კ-ე, ნ. ხ-ი, დ. ფ-ე

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა;

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

დ. ბ-მა, ნ. კ-ემ, ნ. ხ-მა და დ. ფ-ემ 2015 წლის 8 აპრილს სარჩელი აღძრეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის მიმართ. მოსარჩელეებმა მოითხოვეს სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 16 აპრილის №624827 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და სსიპ თბილისის მუნციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 17 თებერვლის №1739376 ბრძანების ბათილად ცნობა;

2015 წლის 27 აპრილის განჩინებით განსახილველ საქმეზე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად ჩაბმულ იქნა შპს "ჰ...".

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 29 თებერვლის გადაწყვეტილებით დ. ბ-ის, ნ. კ-ის ნ. ხ-ის და დ. ფ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა;

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს დ. ბ-მა, ნ. კ-ემ, ნ. ხ-მა და დ. ფ-ემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 29 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; დ. ბ-ის, ნ. კ-ის, ნ. ხ-ის და დ. ფ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ თბილისის მუნიიპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 16 აპრილის №624827 გადაწყვეტილება და 2015 წლის 17 თებერვლის N1739376 ბრძანება; დაევალა მოპასუხე მხარეს - სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს კანონით დადგენილ ვადაში, სადავო საკითხთან მიმართებით გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი;

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა და შპს "ჰ...", რომელთაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური საკასაციო საჩივარში მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილი და ამავე კოდექსის 96-ე მუხლი, რადგან სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა გამოიკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემეობები, მათი შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭომ (ე.წ. ზონალური საბჭო) 2013 წლის 3 აპრლის N13 სხდომის ოქმით გასაცა დადებითი რეკომენდაცია ქალაქ თბილისში, ... N31, ... N10-ში (ნაკვეთი 38/13) მდებარე მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენის მიზნით, 2013 წლის 17 აპრილს N624827 გადაწყვეტილებით ზემოაღნიშნულ მიწის ნაკვეთს დაუდგინდა სამშენებლოდ გამოყენების პირობები, ხოლო სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 17 თებერვლის N 1739376 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, საბურთალოს რაიონში, ... ქ. N31, ... ქ. N10 (ნაკვეთიN38/13) არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ...) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 18.02.2015 წლიდან 18.02.2018 წლის ჩათვლით.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო პალატამ არასწორად შეაფასა საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ არასწორად მიუთუთა ზონალური საბჭოს 2015 წლის 13 იანვრის N1685052 გადაწყვეტილებაზე, რომლითაც ქალაქ თბილისში, ... ქ. N31, ... ქ, N10-ში (ნაკვეთი N38/13) მდებარე მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებში ცვლილების განხორციელებაზე გაიცა უარყოფითი რეკომენდაცია. აღნიშნული გადაწყვეტილება ამ შემთხვევაში, მხოლოდ ინფორმაციულ ხასიათს ატარებდა.

კასატორის აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მითითებული ზონალური საბჭოს 2015 წლის 13 იანვრის N1685052 გადაწყვეტილება წარმოადგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს 2015 წლის 15 იანვრის N2 სხდომის ოქმის ინფორმაციის შემცველ დოკუმენტს, რომლითაც ქალაქ თბილისში, ... N31, ... ქ.N10-ში (ნაკვ. N38/13) არსებული მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებში ცვლილების განხორციელებაზე უარყოფითი რეკომენდაცია გაიცა და უარყოფითი რეკომენდაციის გათვალისწინებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 30 იანვრის N1697389 ბრძანებით უარი ეთქვა მოქალაქე ლ. მ-ს ქ. თბილისში, საბურთალოს რაიონში ... N31, ... ქ. N10-ში (ნაკვ. 38/13) არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ ...) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის განთავსების მიზნით დადგენილ გადაწყვეტილებაში - მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები - ცვლილების განხორციელების თაობაზე.

კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო პალატის განმარტებას, იმასთან დაკავშირებით, რომ საქმეში არსებობს ორი ურთიერთსაწინააღმდეგო დასკვნა და ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა შეეფასებინა რომელი დასკვნა იყო სწორი და მხოლოდ ამის შემდეგ მიეღო გადაწყვეტილება.

კასატორის ასევე ყურადღებას ამახვილებს საქართველო ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტზე და აღნიშნავს, რომ არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 17 აპრილის 624827 გადაწყვეტილება და 2015 წლის 17 თებერვლის N1739376 ბრძანება წარმოადგენენ აღმჭურველ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტებს, ვინაიდან აღნიშნული აქტებით დამკვეთი აღიჭურვა გარკვეული ტიპის სამშენებლო სამუშაოების განხორციელბის უფლებით და მსგავსი ტიპის აქტების მიმართ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი აწესებს განსაკუთრებულ დაცვის გარანტიებს, კერძოდ კი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 პრიმა მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად დაუშვებელია კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს, ხოლო ამავე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობა არსებობს იმ შემთხვევაში, თუ მან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მოქმედება და უკანონო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობით მას მიადგება ზიანი. კანონიერი ნდობა არ არსებობს, თუ მას საფუძვლად უდევს დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედება.

კასატორის განმარტებით, იმ შემთხვევაშც კი როდესაც დგინდება აქტის კანონთან შეუსაბამობა, დაუშვებელია ასეთი აქტის ბათილად ცნობა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს, სააპელაციო პალატამ კი საერთოდ არ იმსჯელა ზიანთან მიმართებაში, იმ მოცემულობიდან გამომდინარე, რომ სააპელაციო საჩივრების ავტორების მიმართ სადავო აქტების მოქმედებით მიყენებული ზიანი ვერც პირველი ინსტანციის და ვერც სააპელაციო სასამართლოში ვერ დადასტურდა, შესაბამისად კასატორი მიიჩნევს, რომ დაირღვა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების მოთხოვნები და საკასაციო საჩივარი დასაშვებად უნდა იქნეს ცნობილი.

შპს „ჰ...“ საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება, რომ არქიტექტურის სამსახურის ზონალური საბჭოს გადაწყვეტილებებს შორის წინააღმდეგობის გამო, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი 2013 წლის 16 აპრილის N624827 გადაწყვეტილება და 2015 წლის 17 თებერვლის N1739376 ბრძანება. არქიტექტურის სამსახურის ზონალური საბჭოს გადაწყვეტილება არ არის სავალდებულოდ გასათვალისწინებელი სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიერ, შესაბამისად კასატორისათვის გაუგებარია თუ რატომ მიიჩნია სააპელაციო სასამართლომ არასავალდებულო დოკუმენტის გაუთვალისწინებლობა კანონდარღვევად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 18 იანვრის განჩინებით შპს „ჰ...“ უფლებამონაცვლედ საქმეში ჩაება შპს „ბ...“.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 18 იანვრის განჩინებით სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის და შპს „ბ...“ საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა, ვინაიდან სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლი ორგანოს ავალდებულებს მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებას. ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამორიცხოს თვითნებური, მიკერძოებული, არაკვალიფიციური გადაწყვეტილება და უნდა დაასაბუთოს მიღებული გადაწყვეტილების კანონთან შესაბამისობა და კონკრეტული გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობა. მოტივირებული, დასაბუთებული გადაწყვეტილება კანონიერი გადაწყვეტილების წინაპირობას წარმოადგენს. დასაბუთებაში კი არგუმენტირებულად უნდა მიეთითოს ყველა იმ გარემოებაზე, რომლის შესაბამისადაც მიღებულ იქნა ეს გადაწყვეტილება. საკასაციო სასამართლოს მითითებით, მხარისათვის გასაგები უნდა იყოს რა მოტივით იქნა მიღებული კონკრეტული გადაწყვეტილება, რასაც მოცემულ შემთხვევაში არ აქვს ადგილი.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის ზონალური საბჭოს 2013 წლის 27 მარტის N612290 გადაწყვეტილებით ქალაქ თბილისში, ... 31, ... N10-ში (ნაკვეთი N38/13) მდებარე მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენაზე დადებითი რეკომენდაცია გაიცა. ასევე დადგენილია, რომ სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის ზონალური საბჭოს 2015 წლის 13 იანვრის N1685052 გადაწყვეტილებით ქალაქ თბილისში, ... 31, ... N10-ში (ნაკვეთი N38/13) მდებარე მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებში ცვლილებების განხორციელებაზე უარყოფითი რეკომენდაცია გაიცა. დასკვნაში მითითებულია, რომ უკვე არსებულ მრავალბინიან საცხოვრებელ სახლთან ასე ახლოს მსგავსი მოცულობის განთავსება არ არის მიზანშეწონილი, ირღვევა იმ სახლის ფუნქციონირებისთვის საჭირო საცხოვრებელი პირობები.

საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის მითითებას, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიერ არ არის სათანადოდ გამოკვლეული და დასაბუთებული ორი ურთიერთსაწინააღმდეგო დოკუმენტიდან, რომელი დასკვნაა სწორი, ამდენად მოცემულ შემთხვევაში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენება შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს, შესაბამისად სახეზეა სადავო საკითხის გადაუწყვეტლად აქტის ბათილად ცნობის და ადმინისტრაციული ორგანოსათვის საქმის გარემოებების შესწავლის შემდეგ, ახალი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი. საკითხის ხელახალი გადაწყვეტისას მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა შეაფასოს აღნიშნული ურთიერთგამომრიცხავი დოკუმენტები და დაადგინოს რომელი დასკვნაა სწორი და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება.

შესაბამისად, კონკრეტულ შემთხვევაში სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ იძლევა საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის და შპს „ბ...“ საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება;

3. კასატორს - სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს (ს/ნ …) დაუბრუნდეს 22.12.2017 N04142 საგადახდო მოთხოვნით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 - (სამასი) ლარის, 70% - 210 (ორას ათი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. კასატორს - შპს „ბ...“ (ს/ნ ...) დაუბრუნდეს 16.01.2018 წელს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 - (სამასი) ლარის, 70% - 210 (ორას ათი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე