საქმე Nბს-92-91(კ-17) 18 ივლისი, 2017 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - გ. კ-ე (მოსარჩელე)
მოპასუხეები: სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ძველი თბილისის მომსახურების ცენტრი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გ. კ-ემ 2015 წლის 17 სექტემბერს სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხეების - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ძველი თბილისის მომსახურების ცენტრისა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ძველი თბილისის სოციალური მომსახურების ცენტრის 2015 წლის 23 ივნისის №04-02/3481 წერილისა და ამავე წერილზე წარდგენილი საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2015 წლის 21 აგვისტოს №04/63333 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსათვის მოსარჩელის სასარგებლოდ 1 წლის განმავლობაში მიუღებელი პენსიის სახით მიყენებული ზიანის ანაზღაურების დაკისრება.
მოსარჩელე მიუთითებდა, რომ 2013 წლის 1 იანვრიდან დაენიშნა ასაკის პენსია. ახალი პირადობის მოწმობის აღებისას გ. კ-ისათვის ცნობილი გახდა, რომ მისთვის ადრე გადაცემულ დოკუმენტებში მითითებული დაბადების თარიღი არ შეესაბამება დაბადების სააქტო ჩანაწერს, კერძოდ, დოკუმენტებში დაბადების თარიღად ნაცვლად 1946 წლისა შეცდომით მითითებულია 1947 წელი. აღნიშნული გარემოების არცოდნის გამო მოსარჩელემ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ასაკის გამო პენსიის დანიშვნის მოთხოვნით მიმართა 1 წლით გვიან - 2012 წელს, ნაცვლად 2011 წლისა და სრულიად არაბრალეულად დაკარგა 1 წლის პენსია. მიუღებელი პენსიის გადახდის თაობაზე მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ძველი თბილისის მომსახურების ცენტრის 2015 წლის 23 ივნისის წერილით, აღნიშნულ წერილზე წარდგენილი საჩივარი კი არ დაკმაყოფილდა ზემდგომი ორგანოს შესაბამისი გადაწყვეტილებით.
თბილისის საქალაქო სასმართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილებით გ. კ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. კ-ემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილებით გ. კ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; გ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ძველი თბილისის სოციალური მომსახურების ცენტრის 2015 წლის 23 ივნისის №04-02/3481 წერილი და სსიპ სოციალურო მომსახურების სააგენტოს 2015 წლის 21 აგვისტოს №04/63333 გადაწყვეტილება; მოპასუხეებს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გ. კ-ის სასარგებლოდ, ზიანის სახით, სოლიდარულად დაეკისრათ 2012 წლის 1 იანვრიდან 2012 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით (თორმეტი თვის) პერიოდის პენსიის თანხის ანაზღაურების ვალდებულება.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არსებობს სარჩელის დაკმაყოფილებისა და მოპასუხეებისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ ზიანის სახით ერთი წლის მიუღებელი პენსიის ანაზღაურების დავალდებულების საფუძველი და განმარტა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე“. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, „დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ“. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. იმავე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო
უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, აქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში მოპასუხეებმა ისე უთხრეს უარი მოსარჩელეს მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებასა და ზიანის სახით ერთი წლის მიუღებელი პენსიის ანაზღაურებაზე, რომ სათანადოდ არ გამოუკვლევიათ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღეს ამ გარემოებათა სწორად შეფასებისა და ურთიერთშეჯერების გარეშე.
სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, ყველასათვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი. იმავე კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. იმავე კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირთა მიმართ, მაშინ სახელმწიფო ან ის ორგანო, რომელშიც მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს დამდგარი ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს მოსამსახურე სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებს პასუხს. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ზიანის ანაზღაურების ვალდებულება არ წარმოიშობა,თუ დაზარალებული განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არ შეეცადა სამართლებრივი გზებით თავიდან აეცილებინა ზიანი. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების ანალიზის შედეგად სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ იმისათვის, რათა პირს (მათ შორის, ადმინისტრაციულ ორგანოს) დაეკისროს სხვა პირის მიმართ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, სახეზე უნდა იყოს შემდეგი პირობების ერთობლიობა: 1. რეალურად უნდა არსებობდეს ზიანი; 2. ზიანი უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო; 3. ზიანის მიყენებაში ზიანის მიმყენებელს უნდა მიუძღოდეს ბრალი; 4. პირის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის უნდა იყოს მიზეზობრივი კავშირი, ანუ ზიანი გამოწვეული უნდა იყოს ზიანის მიმყენებელი პირის ქმედების შედეგად.
განსახილველ შემთხვევაში აპელანტი ითხოვს მოპასუხეებს - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მის სასარგებლოდ, ზიანის სახით, სოლიდარულად დაეკისროთ 2012 წლის 1 იანვრიდან 2012 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით (თორმეტი თვის) პერიოდის პენსიის თანხის ანაზღაურების ვალდებულება. მოსარჩელის მითითებით, მოთხოვნის საფუძველს წარმოადგენს ის, რომ სააქტო ჩანაწერის მიხედვით მისი დაბადების თარიღს წარმოადგენს 10.12.1946 წელი, თუმცა შემდეგ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანოებმა (მის წინამორბედებმა) მისი დაბადების მოწმობის, ასევე მასზე პირადობის მოწმობისა და პასპორტის გაცემის დროს დაბადების თარიღად შეცდომით მიუთითეს 10.12.1947 წელი, ანუ ნაცვლად მოსარჩელის რეალური დაბადების წლის - „1946 წელსა“, მის მიმართ გაცემულ დაბადების მოწმობაში, პირადობის მოწმობასა და პასპორტში შეცდომით მითითებულია „1947“ წელი. მოსარჩელის მითითებით, მან თავისი დაბადების რეალური თარიღის (1946 წელი) შესახებ შეიტყო მხოლოდ მაშინ, როდესაც პირადობის ახალი მოწმობის მისაღებად მიაკითხა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს. ახალი მოწმობის გაცემის დროს სამოქალაქო რეესტრის სამსახურმა აღმოაჩინა, რომ არსებობდა შეუსაბამობა აპელანტისათვის ადრე გამოცემულ დოკუმენტებსა და მისი დაბადების სააქტო ჩანაწერს შორის, რაც მდგომარეობდა აპელანტის დაბადების წლის არასწორად მითითებაში, კერძოდ, 1946 წლის ნაცვლად დოკუმენტებში მითითებული იყო 1947 წელი. სამოქალაქო რეესტრის სამსახურმა გამოარკვია, რომ არასწორი მონაცემის შეტანას მის დოკუმენტებში სათავე დაუდო არასწორად შევსებულმა მისმა დაბადების მოწმობამ, რომელშიც დაბადების წლად მითითებული იყო 1947 წელი, ხოლო თავად ხსენებული დაბადების მოწმობა გაცემული იყო 1954 წელს ანუ როდესაც აპელანტი იყო 8 წლის. აპელანტის მითითებით, მას რომ თავიდანვე სცოდნოდა თავისი დაბადების ნამდვილი თარიღის (1946 წელი) შესახებ, მაშინ ის ერთი წლით ადრე მიმართავდა შესაბამის უფლებამოსილ ორგანოს პენსიის დანიშვნის თაობაზე და არა ერთი წლის დაგვიანებით, რის შედეგადაც მან დაკარგა ერთი წლის პენსიის მიღების შესაძლებლობა. აქედან გამომდინარე, აპელანტი ითხოვს ადმინისტრაციული ორგანოების შეცდომის - მისი დაბადების წლის არასწორად მითითების შედეგად მიყენებული ზიანის სახით ერთი წლის მიუღებელი პენსიის ანაზღაურებას 2012 წლის 1 იანვრიდან 2012 წლის 31 დეკემბრის (თორმეტი თვის) პერიოდის ჩათვლით. საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ დაბადების მოწმობაში დაბადების თარიღის მარეგისტრირებელი ორგანოს ბრალით შეცდომით დაფიქსირების შემთხვევაში მისი გასწორების ინტერესი და შესაძლებლობა მოსარჩელის მშობლებს გააჩნდათ, ასეთი გასწორების განუხორციელებლობა კი მონაცემის არასწორად დაფიქსირებაში სწორედ მათ ბრალზე მეტყველებს, რაც გამორიცხავს მარეგისტრირებელი ორგანოს პასუხისმგებლობას ზიანის არსებობის შემთხვევაში. სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს საქალაქო სასამართლოს მსჯელობას და მიიჩნევს, რომ აპელანტის მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. სააპელაციო პალატა იზიარებს აპელანტი მხარის მსჯელობას და მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მშობლების მოვალეობას წარმოადგენდა საავადმყოფოდან (სამშობიაროდან) შესაბამის უფლებამოსილ მარეგისტრირებელ ორგანოში წარედგინათ ბავშვის დაბადების თარიღის შესახებ სწორი მონაცემები, ხოლო მარეგისტრირებელი ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენდა ამ მონაცემების საფუძველზე სწორად შეევსოთ ბავშვის დაბადების სააქტო ჩანაწერი, ხოლო შემდეგ სწორი სააქტო ჩანაწერების საფუძველზე გაეცათ დაბადების მოწმობა, პირადობის მოწმობა და პასპორტი.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სააქტო ჩანაწერის მიხედვით მოსარჩელის დაბადების წელი არის 1946 წელი, ხოლო მოგვიანებით მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ დაბადების მოწმობაში, პირადობის მოწმობასა და პასპორტში მოსარჩელის დაბადების წლად არასწორად არის მითითებული 1947 წელი. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სწორედ მარეგისტრირებელი ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენდა ბავშვის დაბადების სააქტო ჩანაწერის საფუძველზე სწორად შეევსო და გაეცა დაბადების მოწმობა, ხოლო მოგვიანებით პირადობის მოწმობა და პასპორტი. ამ მოვალეობის დაუდევარმა შესრულებამ და დაბადების მოწმობაში, პირადობის მოწმობასა და პასპორტში მოსარჩელის დაბადების წლად არასწორად 1947 წლის მითითებამ, ნაცვლად 1946 წლისა, გამოიწვია მოსარჩელის შეცდომა და მან ერთი წლით დაგვიანებით მიმართა შესაბამის უფლებამოსილ ორგანოს პენსიის დანიშვნის თაობაზე, რის გამოც დაკარგა წინა ერთი წლის პენსიის მიღების უფლება. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მსჯელობა იმის შესახებ, რომ უპირატესად მოსარჩელის მშობლების მოვალეობას წარმოადგენდა თვალყური ედევნებინათ სააქტო ჩანაწერიდან დაბადების მოწმობაში სწორი მონაცემების გადატანისათვის და შესაბამისად, ამ მოვალეობის დარღვევის გამო არ არსებობს ზიანის ანაზღაურების ვალდებულება. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ბუნებრივია, რომ მოსარჩელის მშობლების მორალურ მოვალეობასაც წარმოადგენდა თვალყური ედევნებინათ შვილის სააქტო ჩანაწერიდან დაბადების მოწმობაში სწორი მონაცემების გადატანისათვის, თუმცა სამართლებრივად სწორედ მარეგისტრირებელი ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენდა შესაბამის პერიოდში მოქმედი კანონმდებლობით, სწორად შეევსოთ ბავშვის დაბადების სააქტო ჩანაწერი, ხოლო შემდეგ სწორი სააქტო ჩანაწერების საფუძველზე გაეცათ დაბადების მოწმობა, პირადობის მოწმობა და პასპორტი, რაც მათი მხრიდან დაუდევრად იქნა შესრულებული. რაც შეეხება სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-2 ნაწილის დათქმას იმის შესახებ, რომ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება არ წარმოიშობა, თუ დაზარალებული განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არ შეეცადა სამართლებრივი გზებით თავიდან აეცილებინა ზიანი, განსახილველ შემთხვევაში, ამ ნორმის საფუძველზე შესაძლებელია ზიანი არ დაკისრებოდათ მოპასუხეებს მხოლოდ მაშინ, თუ მოსარჩელეს საპენსიო ასაკის მიღწევამდე ეცოდინებოდა მისი დაბადების ნამდვილი თარიღის შესახებ და არ შეეცდებოდა, გამოესწორებინა ეს უსწორობა. როგორც საქმის მასალებით ირკვევა და მოპასუხეებსაც არ მიუთითებიათ საწინააღმდეგო, მოსარჩელემ მხოლოდ მოგვიანებით შეიტყო ამ უსწორობის არსებობის თაობაზე, როდესაც უკვე მიმართული ჰქონდა შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოსათვის პენსიის დანიშვნის თაობაზე. აღნიშნული კი გამორიცხავს მის ბრალეულობას, რომ იგი განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არ შეეცადა სამართლებრივი გზებით თავიდან აეცილებინა ზიანი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ. კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, ეწინააღმდეგება სამართალს, ვინაიდან მიღებულია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით, რადგან ბრალის შემადგენლობა მოწინააღმდეგე მხარის (მოსარჩელე) სსიპ–სოციალური მომსახურების სააგენტოდან განხორციელდებოდა იმ შემთხვევაში თუ განხორციელდებოდა ზიანის მიყენება ანუ შემთხვევა, როდესაც ,,პირი სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს. დელიქტის ზოგად განმარტებად კი შეიძლება მივიჩნიოთ ,,სამართალდარღვევა, მიმართული საზოგადოების წინააღმდეგ, რომელიც ისჯება კანონით“ თუმცა, დელიქტად ითვლება დარღვევა, რომელიც დაკავშირებულია არა ხელშეკრულების დარღვევასთან, არამედ ზიანის მიყენებასთან. ზიანის მიყენებაში კი იგულისხმება ქონებრივი ან არაქონებრივი ზიანი, ფიზიკური ტრავმა, ცილისწამება, პირადი თავისუფლების, საკუთრების უფლებისა და კომერციული ინტერესების შეზღუდვა. მოწინავე გერმანული ცივილისტიკა დელიქტად მიიჩნევს აკრძალულ მოქმედებას, დანაშაულებრივ მოთხოვნას. საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით კი (სამართალშორის ნორმებს) უწოდებენ. სრულიად განსხვავებულ განმარტებას გვაძლევს საერთო სამართლის ქვეყნების სამართალი, სადაც დელიქტად მიჩნეულია მოქმედება, რომელიც ზიანს აყენებს ადამიანის აბსოლუტურ უფლებებს, ზიანის მიმყენებელი იდენტიფიცირებულია და იგი მოქმედებს პირდაპირი განზრახვით. ამასთან, ზიანად მიჩნეულია არალიკვიდირებული ზიანი, რომელიც გამომდინარეობს ნდობის დარღვევიდან, ან სხვა თანაბარ მნიშვნელოვანი ვალდებულებების დარღვევით.
გარდა ამისა, მოსარჩელის მოთხოვნა არსობრივად წარმოადგენს ადმინისტრაციულ პროცესში ზიანის ანაზღაურების სამართლებრივ ცნებას, როდესაც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი. აღნიშნული გარემოების შესაბამისად: საქართველოს კანონის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208–ე მუხლით დადგენილია, რომ სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს პასუხისმგებლობის განსაკუთრებული წესი, რომლის თანახმადაც, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო.
კასატორი განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალში ზიანის ანაზღაურება ნიშნავს პირთან წარმოშობილი ზიანის კომპენსაციას სხვა პირის მიერ. ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, შესაძლებელია, შეთანხმებულ იქნეს ხელშეკრულებით. სხვა შემთხვევაში, იგი განისაზღვრება სამართლებრივი მოწესრიგებით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ერთი მხრივ, ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულების და, მეორე მხრივ, დელიქტური ვალდებულებების შედეგად წარმოშობილი ზიანის ანაზღაურება.
კანონით განსაზღვრული ყოველი ზიანის ანაზღაურების ვალდებულების წინაპირობა არის, რომ იგი გამოწვეულია მავალდებულებელი გარემოების შედეგად (მიზეზობრიობა ან კაუზალობა). ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელ გარემოებასა და ზიანს შორის, ესე იგი, არსებულ მდგომარეობასა და იმ მდგომარეობას შორის, რომელიც იარსებებდა, რომ არ განხორციელებულიყო ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება, უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი, რაც საერთოდ არ უკავშირდება სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, რადგან როგორც ადმინისტრაციული ორგანო, არ ადგენს მოქალაქის სამოქალაქო აქტის კანონშესაბამისობას შესაბამისად, სამართლებრივ ნონსენსს წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილება, როდესაც სოციალური მომსახურების სააგენტოს სოლიდარულად დაეკისრა, ზიანის ანაზღაურების ფარგლებში 2012 წლის 1 იანვრიდან 2012 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, პერიოდის სახელმწიფო პენსიის ანაზღაურების ვალდებულება.
კასატორი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 30 იანვრის განჩინებაზე №ას-507-481-2011 (ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი) ნუნუ კვანტალიანი, ვასილ როინიშვილი - წევრები) საქმესთან დაკავშირებით, სადაც განმარტებულია რომ: „განსახილველი დავის საგნის გათვალისწინებით, ვინაიდან მხარე მოთხოვნას დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე ურთიერთობაზე ამყარებს, მოცემული დავის მარეგულირებელ მატერიალურ-სამართლებრივ ნორმას სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლი წარმოადგენს. დასახელებული ნორმის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. ამდენად, იმისათვის, რომ მხარეს დაეკისროს ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, უტყუარად უნდა დასტურდებოდეს სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტის მართლსაწინააღმდეგო ქმედება - ბრალი (განზრახვა ან გაუფრთხილებლობა), შედეგი - ზიანი და მიზეზობრივი კავშირი პირის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ნორმის შემადგენელ აღნიშნულ ელემენტთაგან თუნდაც ერთ-ერთის არარსებობა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველია, ამასთან, ზიანის არსებობის ფაქტისა და ამ ზიანის სწორედ მოპასუხის ბრალეული ქმედებით გამოწვევის მტკიცების ტვირთი პროცესუალურად ეკისრება მოსარჩელეს. ამავე კოდექსის 412-ე მუხლით დადგენილია, რომ ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს". „ზიანის ფაქტის არსებობისა და ამ ზიანის მოპასუხის მიერ მიყენების ფაქტის მტკიცების თვალსაზრისით, საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველსა და მე-3 ნაწილებზე. მითითებული ნორმების თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამდენად, მოსარჩელე ვალდებულია, სათანადოდ დასააბუთოს მისი მოთხოვნის მართებულობა, რაც მან ამ მოთხოვნის დამადასტურებელი, კანონშესაბამისი და უტყუარი მტკიცებულების სასამართლოში წარდგენის გზით უნდა განახორციელოს იმგვარად, რომ მხოლოდ ზეპირი მითითებით არ შემოიფარგლოს. ამავე კოდექსის მე-4 მუხლით კი დაწესებულია, რომ სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამგვარად, მოსარჩელე, ერთი მხრივ, ვალდებულია დაადასტუროს მისი მოთხოვნის საფუძვლიანობა, მეორე მხრივ, მას აქვს მტკიცებულებათა წარდგენის აბსოლუტური თავისუფლება, რაც სადავო ფაქტებს დაადასტურებს“. აღნიშნული გარემოებების ერთობლივი გათვალისწინებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილება ექვემდებარება გაუქმებას, ვინაიდან მიღებულია კანონის დარღვევით, რადგან - სასამართლომ: ა) არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა; ბ) გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა; და ასევე გ) არასწორად განმარტა კანონი.
კასატორი მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 7 მარტის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მიღებულ იქნა არსებითად განსახილველად; საქმის განხილვა დაინიშნა ზეპირი მოსმენის გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მათი შესწავლისა და ანალიზის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთებულობისა და წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების საფუძველზე მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც გ. კ-ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეზე დადგენილია, რომ გ. კ-ეს ასაკის პენსია 2013 წლის 1 იანვრიდან დაენიშნა. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2015 წლის 16 მაისის №01/2319/დ დასკვნით, მოქალაქე გ. კ-ის დაბადების სააქტო ჩანაწერის მიხედვით, მოქალაქის კანონიერ მონაცემად განისაზღვრა: დაბადების თარიღი - 1946 წლის ...; გ. კ-ის სახელზე გაცემული დოკუმენტები, სადაც მითითებული იყო დაბადების თარიღი - 1947 წლის 10 დეკემბერი, გაუქმდა არასწორი მონაცემის შემცველობის გამო. გ. კ-ემ 2015 წლის 10 ივნისს განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ძველი თბილისის მომსახურების ცენტრს 1 წლის განმავლობაში - 2011 წლის ... 2012 წლის ... მიუღებელი პენსიის ანაზღაურების მოთხოვნით იმაზე მითითებით, რომ ამ პერიოდში პენსიის მიუღებლობა გამოიწვია სახელმწიფო ორგანოს მიერ დაბადების მოწმობის გაცემისას უყურადღებო დამოკიდებულებამ. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ძველი თბილისის სოციალური მომსახურების ცენტრის 2015 წლის 23 ივნისის №04-02/3481 წერილით მოსარჩელე გ. კ-ეს განემარტა, რომ „სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტისა და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის N46/ნ ბრძანების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პენსია ინიშნება განცხადებისა და ყველა საჭირო დოკუმენტის წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ განცხადება წარდგენილია პენსიაზე უფლების წარმოშობის თვეს ან ამ საფუძვლის წარმოშობიდან ნებისმიერ დროს. გ. კ-ის სახელმწიფო გასაცემლის უზრუნველყოფის საკითხიც შესაბამისი გაცხადების წარდგენის შემდგომ განისაზღვრა, მიუხედავად მოგვიანებით გამოვლენილი გარემოებებისა. სსიპ სოციალურო მომსახურების სააგენტოს 2015 წლის 21 აგვისტოს №04/63333 გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა გ. კ-ის ადმინისტრაციული საჩივარი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ძველი თბილისის სოციალური მომსახურების ცენტრის 2015 წლის 23 ივნისის №04-02/3481 წერილზე.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული აქტებით მოპასუხეს უარი ეთქვა რა მიუღებელი პენსიის ანაზღაურებაზე, სახეზეა მის მიმართ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე მოპასუხეების - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სააგენტოს ძველი თბილისის მომსახურების ცენტრის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე და 34-ე მუხლებით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შეთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სადავო აქტების შინაარსიდან გამომდინარე, მათი კანონიერების საკითხის გადაწყვეტისათვის უნდა იქნეს შეფასებული, არსებული გარემოებების მხედველობაში მიღებით, სააგენტოს გააჩნდა თუ არა ვალდებულება, მოსარჩელისათვის აენაზღაურებინა პენსიის დანიშვნამდე პერიოდში მიუღებელი პენსია.
„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველია საპენსიო ასაკის – 65 წლის მიღწევა. ამასთანავე, პენსიაზე უფლება ქალებს წარმოეშობათ 60 წლიდან.
ამავე კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პენსიის დანიშვნის თაობაზე განცხადება ყველა საჭირო დოკუმენტთან ერთად წარედგინება კომპეტენტურ ორგანოს. ამავე კანონის მე-14 მუხლის პირველი ქვეპუნქტის შესაბამისად, პენსიის დანიშვნის თაობაზე განცხადებას კომპეტენტური ორგანო განიხილავს განცხადებისა და ყველა საჭირო დოკუმენტის წარდგენიდან არა უგვიანეს 10 დღისა; ამავე მუხლის მე-2 ქვეპუნქტის თანახმად, კომპეტენტური ორგანოს მიერ პენსიის დანიშვნის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში პენსია (მხოლოდ ფულადი სარგებელი) ინიშნება განცხადების წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ განცხადება წარდგენილია პენსიაზე უფლების წარმოშობის თვეში ან შესაბამისი საფუძვლის წარმოშობიდან ნებისმიერ დროს და იგი აკმაყოფილებს ამ კანონით გათვალისწინებული პენსიის მიღების პირობებს. ამდენად, სოციალური მომსახურების სააგენტოს გააჩნია შესაძლებლობა, დანიშნოს პენსია მხოლოდ კანონით განსაზღვრული წინაპირობების დადგომის შემდეგ შესაბამისი განცხადების წარდგენის მომდევნო თვიდან და ამგვარი ვალდებულება მის მიერ განხორციელდა, როდესაც გ. კ-ეს 2012 წლის დეკემბრის თვეში წარდგენილი განცხადების საფუძველზე 2013 წლის 1 იანვრიდან დაენიშნა სახელმწიფო პენსია.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მიუღებელი პენსიის ანაზღაურების ინტერესის დაკმაყოფილებას კანონმდებლობა უკავშირებს მასზე, როგორც ზიანზე პასუხისმგებლობის არსებობის საფუძვლებს. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქმედებაზე, რომელიც შესაძლოა გამხდარიყო ზიანის მიყენების საფუძველი მოსარჩელეს არ მიუთითებია. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სადავო აქტები გამოტანილია კანონის შესაბამისად და მათი ბათილად ცნობის თაობაზე მოთხოვნას კანონიერი საფუძველი არ გააჩნია.
საკასაციო პალატა იზიარებს კასატორის საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო პალატის პრაქტიკაზე მითითებას და განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე, მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. ამავე კოდექსის 207-ე მუხლის მიხედვით კი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის თანახმად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირის მიმართ, მაშინ სახელმწიფო ან ის ორგანო, რომელშიც ეს მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია, აანაზღაუროს დამდგარი ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს მოსამსახურე სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებს პასუხს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ზიანის ანაზღაურების ვალდებულება არ წარმოიშობა, თუ დაზარალებული განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არ შეეცადა, სამართლებრივი გზებით თავიდან აეცილებინა ზიანი. ამდენად, ზიანის მიყენებისათვის კონკრეტული პირის პასუხისმგებლობის საკითხის გადაწყვეტისას სასამართლომ უნდა შეამოწმოს ისეთი აუცილებელი პირობების არსებობა, როგორიცაა მართლწინააღმდეგობა, ზიანი, ბრალი და მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის. ამ უკანასკნელი პირობის არსებობას კი გამორიცხავს ისეთი ვითარება, როცა ზიანის მიყენებისათვის არსებითია არა კონკრეტული ქმედება, არამედ ნებისმიერი სხვა ფაქტორის (სხვა პირის ბრალის, ფორსმაჟორული გარემოების და ა.შ) არსებობა. მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად დამდგარი ზიანის ანაზღაურების ვალდებულება ეკისრება მხოლოდ იმ პირს, ვისი ქმედების გამოც დადგა კანონსაწინააღმდეგო შედეგი. თუ ზიანი პირის უშუალოდ მოქმედებით ან უმოქმედობით არ იქნება გამოწვეული, ამ უკანასკნელის პასუხისმგებლობა გამორიცხულია.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილი გარემოებების მიხედვით, მოსარჩელე ზიანის ანაზღაურების საფუძვლად სახელმწიფო ორგანოს მიერ დაბადების მოწმობის მონაცემის - დაბადების თარიღის არასწორად მითითებას მიიჩნევს. იმის გათვალისწინებით, რომ პირის დაბადების თარიღის თაობაზე ინფორმაცია წარმოადგენს მისი მშობლებისათვის (მეურვეებისათვის) კარგად ცნობილ ინფორმაციას, შესაბამისი მონაცემების დაბადების მოწმობაში ასახვისას მის სისწორეზე უპირატესი პასუხისმგებლობა სწორედ მშობლებს (მეურვეებს) ეკისრებათ. აღნიშნულიდან გამომდინარე, დაბადების მოწმობაში დაბადების თარიღის მარეგისტრირებელი ორგანოს ბრალით შეცდომით დაფიქსირების შემთხვევაში მისი გასწორების ინტერესი და შესაძლებლობა მოსარჩელის მშობლებს გააჩნდათ, ასეთი გასწორების განუხორციელებლობა კი მონაცემის არასწორად დაფიქსირებაში სწორედ მათ ბრალზე მეტყველებს, რაც გამორიცხავს მარეგისტრირებელი ორგანოს პასუხისმგებლობას ზიანის არსებობის შემთხვევაში.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული (გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები); ხოლო ამავე კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები (საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაუშვა სააპელაციო სასამართლომ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორმა - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) წარმოადგინა, სააპელაციო სასამართლომ კი არასწორი შეფასება მისცა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, რის გამოც უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საკასაციო პალატის მიერ მიღებული ახალი გადაწყვეტილებით გ. კ-ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილება;
3. გ. კ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე