Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ

¹684აპ-10 1 ოქტომბერი, 2010წ.

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე - მაია ოშხარელი

მოსამართლეები: დავით სულაქველიძე

იური ტყეშელაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. კ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. დ-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 27 მაისის განაჩენზე.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 25 მარტის განაჩენით გ. კ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის ,,ზ’’, ,,კ’’ ქვეპუნქტებით _ 16 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 88-ე მუხლის შესაბამისად შეუმცირდა 1/4-ით და მიესაჯა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 88-ე მუხლის შესაბამისად შეუმცირდა 1/4-ით და მიესაჯა 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, მასვე სსკ-ის 42-ე მუხლის შესაბამისად დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით, ამავე მუხლის მეორე ნაწილით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 88-ე მუხლის შესაბამისად შეუმცირდა 1/4-ით და მიესაჯა 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, მასვე სსკ-ის 42-ე მუხლის შესაბამისად დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო სსკ-ის 42-ე მუხლის შესაბამისად დამატებით სასჯელად ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით. გ. კ-ს სასჯელის მოხდა უნდა დაეწყოს დაკავების მომენტიდან.

აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 27 მაისის განაჩენით დარჩა უცვლელად.

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საკასაციო პალატა, სისხლის სამართლის საქმისა და საკასაციო საჩივრის შესწავლის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ გ. კ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. დ-ს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად, კერძოდ:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

პალატა აღნიშნავს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.

გარდა ამისა, საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.

მოცემულ შემთხვევაში ინკრიმინირებული დანაშაული წარმოადგენს მსჯავრდებულ გ. კ-ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის ,,ზ’’, ,,კ’’ ქვეპუნქტებით, 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გათვალისწინებულ ქმედებას და ამ კატეგორიის საქმეებზე, როგორც სამართლებრივი, ასევე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა და იგი ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში.

ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ მითითებული სამართლებრივი წინაპირობების გარეშე _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 567-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ გ. კ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. დ-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 27 მაისის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.