Facebook Twitter

ბს-64-64(კს-18) 29 იანვარი, 2018წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - ზ. ი-ი

მოწინააღმდეგე მხარეები - საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტი

დავის საგანი - კერძო საჩივრის დასაშვებობა

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული პალატის 27.01.2017წ. განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 08.12.2016წ. დეკემბრის გადაწყვეტილებით ზ. ი-ის და გ. ა-ის სარჩელი მოპასუხეების საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის მიმართ, მოპასუხეებისათვის მორალური ზიანის სახით 2000 ლარის დაკისრების შესახებ, არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა. ზ. ი-მა სააპელაციო საჩივარში იშუამდგომლა საქმეზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლების შესახებ, აპელანტმა წარადგინა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ გაცემულ დოკუმენტაცია, რომლის მიხედვითაც ზ. ი-ი ირიცხება მოვალეთა რეესტრში, ის არ წარმოადგენს რაიმე უძრავ/მოძრავი ქონების ან/და არამატერიალური ქონებრივი სიკეთის მესაკუთრეს. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 27.01.2017წ. განჩინებით ზ. ი-ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და აპელანტს დაევალა განჩინების კანონით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენა, აპელანტს განემარტა, რომ ხარვეზის შესახებ განჩინებაზე კერძო საჩივარი არ დაიშვებოდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 28.04.2017წ. განჩინებით განუხილველად დარჩა ზ. ი-ის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 08.12.2016წ. გადაწყვეტილებაზე. ამავე განჩინებით განუხილველად დარჩა გ. ა-ის სააპელაციო საჩივარი, სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 28.04.2017წ. განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, ასევე ხარვეზის შესახებ 27.01.2017წ. განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ზ. ი-მა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად თვლის, რომ ზ. ი-ის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული პალატის 27.01.2017წ. განჩინების გაუქმების მოთხოვნის ნაწილში უნდა დარჩეს განუხილველად, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებები. სსკ-ის 414.1 მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანა სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე შეიძლება მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. კანონი ხარვეზის შესახებ განჩინების კერძო საჩივრით გასაჩივრების შესაძლებლობას არ ითვალისწინებს, სააპელაციო პალატამ ზ. ი-ს განუმარტა, რომ 27.01.2017წ. განჩინებაზე კერძო საჩივრის შეტანა არ დაიშვებოდა. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზ. ი-ის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 27.01.2017წ. ხარვეზის შესახებ განჩინების გაუქმების ნაწილში უნდა დარჩეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 412-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ზ. ი-ის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 27.01.2017წ. ხარვეზის შესახებ განჩინების გაუქმების ნაწილში დარჩეს განუხილველად.

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ. როინიშვილი