საქმე # 330310014000600542
№ბს-397-391(2k-4კს-15) 26 აპრილი, 2016 წელი,
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მ. რ-ის წარმომადგენელ ი. პ-ის განცხადება დამატებითი გადაწყვეტილების მიღებისა და საქმის დიდი პალატისათვის გადაცემის თაობაზე №ბს-397-391(2k-4კს-15) საქმეზე, მოსარჩელე მ. რ-ე, მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის დიდუბის რაიონის გამგეობა.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. რ-ემ 2014 წლის 22 სექტემბერს სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის დიდუბის რაიონის გამგეობისა და მესამე პირის ე. თ-ის მიმართ. მოსარჩელემ ქ. თბილისის დიდუბის რაიონის გამგებლის 2014 წლის 15 სექტემბრის №60 ბრძანების ბათილად ცნობა, მ. რ-ის ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის დიდუბის რაიონის გამგეობის ... განყოფილების უფროსის თანამდებობაზე დაუყოვნებლივ აღდგენა, მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ სამსახურში იძულებით არყოფნის მთელი პერიოდის განაცდურის ანაზღაურება და სადავო აქტის ბათილად ცნობისა და სამუშაოზე აღდგენის ნაწილში დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი თბილისის დიდუბის რაიონის გამგებლის 2014 წლის 15 სექტემბრის №60 ბრძანება, მ. რ-ის გათავისუფლების თაობაზე; მოპასუხე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის დიდუბის რაიონის გამგეობას დაევალა ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციული -სამართლებრივი აქტის გამოსცემა მ. რ-ის დაუყოვნებლივ სამსახურში აღდგენის თაობაზე; დაევალა მოპასუხე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის დიდუბის რაიონის გამგეობას მოსარჩელე მ. რ-ის იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, მაგრამ არაუმეტეს სამი თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით; გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მესამე პუნქტი მიქცეულ იქნა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მ. რ-ემ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის დიდუბის რაიონის გამგეობამ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 20 აპრილის საოქმო განჩინებით არ დაკმაყოფილდა აპელანტის წარმომადგენლის ი. პ-ის შუამდგომლობა საქმის შეჩერების შესახებ იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილში და საკონსტიტუციო სასამართლოსადმი კონსტიტუციური წარდგინებით მიმართვის თაობაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 30 აპრილის განჩინებით ადმინისტრაციულ საქმეზე №3ბ/429-15, აპელანტი (მოსარჩელე) - მ. რ-ე, აპელანტი (მოპასუხე) - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის დიდუბის რაიონის გამგეობა, დავის საგანი - აქტის ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემა, განაცდურის ანაზღაურება, გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილება, შეჩერდა საქმის განხილვა, მ. რ-ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნის იმ ნაწილში, რომლითაც მოთხოვნილია სარჩელის სრულად დაკმაყოფილება სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლების გამო იძულებით განაცდურის სრულად ანაზღაურების შესახებ, ამ საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებით მ. რ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მ. რ-ის სააპელაციო მოთხოვნა, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ იმ ნაწილში, რომლითაც მოსარჩელე სასამართლოს მიერ აღდგენილ არ იქნა პირდაპირ სასამართლოს გადაწყვეტილებით და მისი აღდგენის საკითხი სასამართლომ მოპასუხისათვის ახალი აქტის გამოცემის დავალებით განახორციელა, არ დაკმაყოფილდა; მ. რ-ის მოთხოვნა, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 13 ოქტომბრის საოქმო განჩინების (ჩანაწერი), რომლითაც დაკმაყოფილდა მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის დიდუბის რაიონის გამგეობის შუამდგომლობა დამატებითი მტკიცებულების სახით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სარევიზიო კომისიის ამონარიდის ასლის საქმეზე დართვის თაობაზე, დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 13 ოქტომბრის საოქმო განჩინება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სარევიზიო კომისიის ამონარიდის ასლის, საქმეზე მტკიცებულებების სახით დართვის თაობაზე; არ დაკმაყოფილდა მ. რ-ის სააპელაციო მოთხოვნა, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 26 სექტემბრის განჩინების იმ ნაწილში გაუქმების თაობაზე, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მ. რ-ის შუამდგომლობა - სარჩელის დაჩქარებული წესით განხილვაზე; არ დაკმაყოფილდა მ. რ-ის სააპელაციო მოთხოვნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 26 სექტემბრისა (დასაბუთებული) და 2014 წლის 13 ოქტომბრის საოქმო განჩინებების გაუქმების თაობაზე იმ ნაწილში, რომლითაც აუცილებელი წესით მოსაწვევი მესამე პირის სახით (ასკ 16.2 მუხლის საფუძვლით) ჩაბმულ იქნა ე. თ-ი; დაკმაყოფილდა მ. რ-ის სააპელაციო მოთხოვნა, საქმეზე საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 27 ოქტომბრის განჩინების გაუქმების შესახებ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 27 ოქტომბრის განჩინება საქმეზე საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ; ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის დიდუბის რაიონის გამგეობას დაეკისრა ადვოკატის ხარჯები მ. რ-ის სასარგებლოდ 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით; არ დაკმაყოფილდა მ. რ-ის სააპელაციო მოთხოვნა მოწინააღმდეგე მხარის - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის დიდუბის რაიონის გამგეობისათვის სასამართლოს გარეშე პროცესის ხარჯების ანაზღაურების დაკისრების თაობაზე, დანარჩენ ნაწილში; ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის დიდუბის რაიონის გამგეობის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მ. რ-ემ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის დიდუბის რაიონის გამგეობამ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 17 დეკემბრის განჩინებით მ. რ-ის საკასაციო საჩივარი და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის დიდუბის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივარი, გარდა მ. რ-ის სასარგებლოდ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის დიდუბის რაიონის გამგეობისათვის ადვოკატის ხარჯების - 500 ლარის დაკისრების ნაწილისა, მიჩნეულ იქნა დაუშვებლად.
2016 წლის 14 აპრილს მ. რ-ის წარმომადგენელმა ი. პ-მა საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა, რომლითაც მოითხოვა საკასაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაზე დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანა საკასაციო ინსტანციაში გაწეული საპროცესო ხარჯების ანაზღაურების თაობაზე, ასევე საქმის დიდი პალატისათვის გადაცემა. განმცხადებლის აზრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ არასწორი პრაქტიკა დაამკვიდრა წარმატებული მხარის მიერ გაწეული ადვოკატის ხარჯების ანაზღაურების საკითხზე. სადავო საკითხს განსხვავებულად წყვეტს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა. მისი მტკიცებით, ადვოკატის ხარჯების ანაზღაურება დასაშვებია მაშინაც, როდესაც კასატორის საკასაციო პრეტენზია განუხილველი რჩება დაუშვებლობის გამო, შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს უნდა მიეღო გადაწყვეტილება პროცესის ხარჯების მოწინააღმდეგე მხარისათვის დაკისრების თაობაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ განიხილა მ. რ-ის წარმომადგენელ ი. პ-ის განცხადება და მიიჩნევს, რომ მისი მოთხოვნები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, თუ:
ა) იმ მოთხოვნის გამო, რომლის შესახებაც მხარეებმა წარადგინეს მტკიცებულებანი და მისცეს ახსნა-განმარტებანი, გადაწყვეტილება არ გამოტანილა;
ბ) სასამართლოს, რომელმაც გადაწყვიტა უფლების საკითხი, არ მიუთითებია გადასახდელი თანხის ოდენობა, გადასაცემი ქონება ან მოქმედება, რომელიც მოპასუხემ უნდა შეასრულოს;
გ) სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი.
განსახილველ შემთხვევაში, განმცხადების აზრით, საკასაციო სასამართლოს უნდა მიეღო გადაწყვეტილება პროცესის ხარჯების ანაზღაურების შესახებ საკასაციო მოთხოვნაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პროცესის ხარჯების განაწილების საკითხი უნდა გადაწყდეს სასამართლო გადაწყვეტილებით, რომლითაც საქმე წყდება არსებითად. ეს დასკვნა გამომდინარეობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 249-ე მუხლის მე-5 ნაწილის შინაარსიდან, რომლის მიხედვით, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი უნდა შეიცავდეს სასამართლოს მითითებას სასამართლო ხარჯების განაწილების თაობაზე. პროცესის ხარჯების განაწილების საკითხი შეიძლება დადგეს ასევე იმ შემთხვევაშიც, როდესაც საქმის წარმოება მთავრდება გადაწყვეტილების გამოტანის გარეშე (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლები). ასეთ დროს სასამართლო შესაბამისი განჩინებით გადაწყვეტს პროცესის ხარჯების განაწილების საკითხს.
მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ, მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი არ არის ადვოკატის დახმარების საფასურის გადახდის, ან სხვა საპროცესო ხარჯის გაწევის დამადასტურებელი მტკიცებულება, შესაბამისად, კასატორის მიერ ამ ხარჯის გაწევა არ დასტურდება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ისეთ პირობებში, როდესაც არ დასტურდება კონკრეტული ხარჯის გაწევა, მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს, ამდენად, საკასაციო სასამართლოს მხედველობიდან კი არ გამორჩა მ. რ-ის საკასაციო მოთხოვნა, არამედ უსაფუძვლოდ მიიჩნია და საკასაციო საჩივარი, ამ მოთხოვნის ჩათვლით, დაუშვებლად ცნო.
განმცხადებელი ასევე მოითხოვს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის დიდუბის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივრის მ. რ-ის სასარგებლოდ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის დიდუბის რაიონის გამგეობისათვის ადვოკატის ხარჯების - 500 ლარის დაკისრების ნაწილში, განსახილველად გადაეცეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდ პალატას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3911.1 მუხლის თანახმად საქმის საკასაციო წესით განმხილველ სასამართლოს შეუძლია მოტივირებული განჩინებით საქმე განსახილველად გადასცეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდ პალატას, თუ:
ა) საქმე თავისი შინაარსით წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას;
ბ) საკასაციო პალატა არ იზიარებს სხვა საკასაციო პალატის მიერ ადრე ჩამოყალიბებულ სამართლებრივ შეფასებას (ნორმის განმარტებას);
გ) საკასაციო პალატა არ იზიარებს დიდი პალატის მიერ ადრე ჩამოყალიბებულ სამართლებრივ შეფასებას (ნორმის განმარტებას).
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველი საქმე ზემოაღნიშნულ კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებს და განმცხადებლის შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე, 3911-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ. რ-ის წარმომადგენელ ი. პ-ის მოთხოვნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 17 დეკემბრის განჩინებაზე დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
2. მ. რ-ის წარმომადგენელ ი. პ-ის მოთხოვნა საქმის დიდი პალატისათვის გადაცემის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
3. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე