Facebook Twitter
საქმე Nბს-35-34 (3კ-17) 13 თებერვალი, 2018 წელი
ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები: 1. საქართველოს მთავრობა; 2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო; 3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „…“
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ქმედების განხორციელების დავალება, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს „ა…“ 2015 წლის 30 ივნისს აღძრა სარჩელი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საქართველოს მთავრობის მიმართ, მოსარჩელემ სარჩელის საბოლოოდ დაზუსტების შემდეგ მოითხოვა: 1. დაევალოს მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, მოახდინოს შესაბამისი ინიცირება, რათა შპს ,,…” ჩართულ იქნეს ,,საწარმოებისათვის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების განმახორციელებელ ან/და აუდიტორული დასკვნების გამცემ პირთა და სახელმწიფო საწარმოთა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 5 სექტემბრის №360 დადგენილებით დამტკიცებულ ნუსხაში; 2. დაევალოს მოპასუხე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მოახდინოს შესაბამისი ინიცირება, რათა შპს „…“ ჩართულ იქნეს „საწარმოებისათვის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების განმახორციელებელ ან/და აუდიტორული დასკვნების გამცემ პირთა და სახელმწიფო საწარმოთა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 5 სექტემბრის №360 დადგენილებით დამტკიცებულ ნუსხაში; 3. დაევალოს მოპასუხე საქართველოს მთავრობას, გამოსცეს ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი და შპს „…“ ჩართოს „საწარმოებისათვის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების განმახორციელებელ ან/და აუდიტორული დასკვნების გამცემ პირთა და სახელმწიფო საწარმოთა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 5 სექტემბრის №360 დადგენილებით დამტკიცებულ ნუსხაში.
მოსარჩელე მიუთითებდა, რომ 2014 წლის 2 ივნისიდან რამდენიმეჯერ მიმართა ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, რათა მათი ინიცირების გზით და საქართველოს მთავრობის დადგენილებით შპს „ა…“ ჩართული ყოფილიყო „საწარმოებისათვის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების განმახორციელებელ ან/და აუდიტორული დასკვნების გამცემ პირთა და სახელმწიფო საწარმოთა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 5 სექტემბრის №360 დადგენილებით გათვალისწინებულ ნუსხაში. აღნიშნულ ნუსხაში კომპანიები რეგისტრირდებოდნენ 2009, 2012, 2013 და 2014 წლებში. აღნიშნულზე მოსარჩელემ მიიღო ფინანსთა სამინისტროს პასუხის, რომლის მიხედვითაც არ დაკმაყოფილდა მოთხოვნა. მიზეზად უთითებდნენ იმ გარემოებას, რომ „არც საქართველოს საგადასახადო კოდექსით და არც მთავრობის დადგენილებით არ არის გათვალისწინებული ის კრიტერიუმები, რის საფუძველზეც შესაძლებელია პირი მოხვდეს ამ ნუსხაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან - შემოსავლების სამსახურთან თანამშრომლობით უკვე მიმდინარეობს ამ კრიტერიუმების განსაზღვრა და საერთო წესის დადგენა, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც მოხდება საწარმოებისათვის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების განმახორციელებელ ან/და საექსპერტო და აუდიტორული დასკვნების გამცემ პირთა ნუსხის დაზუსტება (განსაზღვრა)“. მოსარჩელე მიუთითებდა, რომ სამინისტრო ამ პასუხს სხვადასხვა ფორმულირებით იწერებოდა 2013 წლის მაისიდან. ამასთან, მოსარჩელის კითხვაზე - რის საფუძველზე არიან ჩართულნი კომპანიები ამ სიაში, ან კრიტერიუმების და საერთო წესის განსაზღვრამდე ფინანსთა სამინისტრო ან შემოსავლების სამსახური ეყრდნობა თუ არა ნუსხაში უკვე არსებული 14 კომპანიის ექსპერტიზას ან/და ჩატარებული აუდიტის შედეგებს, პასუხი არ მიუღიათ.
ეკონომიკის სამინისტროს უმოქმედობა და ფინანსთა სამინისტროს პასუხები შპს „ა…“ მიერ გასაჩივრებულ იქნა პრემიერმინისტრთან, რომლის პასუხად განემარტათ ეკონომიკური საბჭოს პოზიცია და მათი საჩივარი კვლავ გადააგზავნეს ფინანსთა სამინისტროში. ამ უკანასკნელისაგან 2014 წლის 11 ნოემბერს პასუხად მიიღეს, რომ „უკვე მიმდინარეობს აქტიური მუშაობა საერთო წესის შესამუშავებლად“.
მოსარჩელე მიუთითებდა, რომ 2015 წლის 22 აპრილს მათ ხელახლა მიმართეს განცხადებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და მოითხოვეს მათი უწყებიდან ინიცირების გზით ჩაირთოს შპს „ა…“ „საწარმოებისათვის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების განმახორციელებელ ან/და აუდიტორული დასკვნების გამცემ პირთა და სახელმწიფო საწარმოთა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 5 სექტემბრის №360 დადგენილებით გათვალისწინებულ ნუსხაში, რაზეც პასუხი ვერ მიიღეს და საჩივრით მიმართეს ზემდგომ ორგანოს - საქართველოს მთავრობას. საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული საქართველოს მთავრობის მიერ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 3 თებერვლის საოქმო განჩინებით ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მოსარჩელე შპს „ა…“ უფლებამონაცვლედ მიჩნეულ იქნა შპს „…“.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 29 თებერვლის გადაწყვეტილებით, შპს „…“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგის 2016 წლის 29 თებრვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „…“.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შპს „…“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 29 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; შპს „…“ სარჩელი დაკმაყოფილდა; დაევალა მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, მოახდინოს შესაბამისი ინიცირება, რათა შპს „…“ ჩართულ იქნეს „საწარმოებისათვის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების განმახორციელებელ ან/და საექსპერტო და აუდიტორული დასკვნების გამცემ პირთა და სახელმწიფო საწარმოთა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 5 სექტემბრის №360 დადგენილებით დამტკიცებულ ნუსხაში; დაევალა მოპასუხე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინიტროს მოახდინოს შესაბამისი ინიცირება, რათა შპს „…“ ჩართულ იქნეს „საწარმოებისათვის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების განმახორციელებელ ან/და საექსპერტო და აუდიტორული დასკვნების გამცემ პირთა და სახელმწიფო საწარმოთა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 5 სექტემბრის №360 დადგენილებით დამტკიცებულ ნუსხაში; დაევალა მოპასუხე საქართველოს მთავრობას, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შპს „…“ ჩართოს „საწარმოებისათვის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების განმახორციელებელ ან/და საექსპერტო და აუდიტორული დასკვნების გამცემ პირთა და სახელმწიფო საწარმოთა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 5 სექტემბრის №360 დადგენილებით დამტკიცებულ ნუსხაში.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება, ასევე ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას და ინტერესებს, რის გამოც არსებობს სარჩელის დაკმაყოფილებისა და საქართველოს მთავრობისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულების საფუძველი, რომლითაც შპს ,,…“ ჩართული იქნება „საწარმოებისათვის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების განმახორციელებელ ან/და საექსპერტო და აუდიტორული დასკვნების გამცემ პირთა და სახელმწიფო საწარმოთა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 5 სექტემბრის №360 დადგენილებით დამტკიცებულ ნუსხაში.
სააპელაციო პალატამ ასევე განმარტა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან რაიმე მოქმედებისაგან თავის შეკავება პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს. ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331-ე მუხლის მიხედვით, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო ინდივიდუალურ ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოების უარი ქმედების განხორციელებაზე უკანონოა, ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას და ინტერესს, რის გამოც პალატის მოსაზრებით არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილებისა და მოპასუხეების - საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის დავალდებულების საფუძველი მოახდინონ შესაბამისი ინიცირება, რათა შპს „…“ ჩართულ იქნეს „საწარმოებისათვის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების განმახორციელებელ ან/და საექსპერტო და აუდიტორული დასკვნების გამცემ პირთა და სახელმწიფო საწარმოთა ნუსხის დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2012 წლის 5 სექტემბრის №360 დადგენილებით დამტკიცებულ ნუსხაში.
სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენს მოპასუხეებისათვის - საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის ქმედების განხორციელების დავალება, კერძოდ, მოახდინონ შესაბამისი ინიცირება, რათა შპს „…“ ჩართულ იქნეს ,,საწარმოებისათვის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების განმახორციელებელ ან/და აუდიტორული დასკვნების გამცემ პირთა და სახელმწიფო საწარმოთა ნუსხის დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2012 წლის 5 სექტემბრის №360 დადგენილებით დამტკიცებულ ნუსხაში. პალატამ საქმეზე დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 5 სექტემბრის №360 დადგენილებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „თ“ და „კ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, დამტკიცდა საწარმოებისათვის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების განმახორციელებელ ან/და საექსპერტო და აუდიტორული დასკვნების გამცემ პირთა ნუსხა (დანართი №1). საქართველოს მთავრობის 2012 წლის 5 სექტემბრის №360 დადგენილებით დამტკიცებული „საწარმოებისათვის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების განმახორციელებელ ან/და საექსპერტო და აუდიტორული დასკვნების გამცემ პირთა ნუსხის“ (დანართი №1) მიხედვით, საწარმოებს დასაბეგრი ქონების ღირებულების განსაზღვრის მიზნით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ - „დ“ ქვეპუნქტების მიხედვით გათვალისწინებული აფასების ვალდებულება არ წარმოეშობათ, თუ ბალანსზე რიცხულ უძრავ ქონებას აღრიცხავენ გადაფასების მეთოდის გამოყენებით და აქვთ ქვემოთ ჩამოთვლილი ერთ-ერთი პირის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება. ასევე „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „თ“ და „კ“ ქვეპუნქტებიდან გამომდინარე, პრივატიზების განმახორციელებელი ორგანო უფლებამოსილია, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების დადასტურებასთან დაკავშირებით სახელმწიფო ქონების შემძენ/მმართველ/მოსარგებლე პირებს მოსთხოვოს ექსპერტიზის ან/და აუდიტის ჩატარების მიზნით მიმართონ ქვემოთ ჩამოთვლილ პირებს: ა) სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს; ბ) ფ… (p…); გ) დ… (D…); დ) ქ… (K…); ე) ე… (E…); ვ) გ… (G…); ზ) ბ… (B…); თ) ბ... (B…); ი) ს… (S…); კ) პ.. (P..); ლ) შპს „კ..“ (R…-ის წევრი); მ) შპს „ა…“ (M…); ნ) შპს „ფ..“ (F…); ო) შპს „ც…”.
სააპელაციო პალატის მოსაზრებით საქალაქო სასამართლომ სწორად მიუთითა საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 მარტის N54 დადგენილებით დამტკიცებულ საქართველოს მთავრობის რეგლამენტზე, რომლის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მთავრობა თავისი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კონსტიტუციის, კანონების, პრეზიდენტის ნორმატიული აქტების საფუძველზე და მათ შესასრულებლად იღებს დადგენილებებსა და განკარგულებებს, რომელთაც, ამ რეგლამენტით დადგენილი წესით, ხელს აწერს პრემიერ-მინისტრი. მითითებული რეგლამენტის მეორე თავი არეგულირებს სამართლებრივი აქტის პროექტის ინიცირებისა და შემუშავების წესს, რომლის მე–8 მუხლის პირველი პუნქტი შეიცავს პროექტის ინიცირების უფლების მქონე უწყებების ჩამონათვალს, ამავე მუხლის მე–4 პუნქტის შესაბამისად კი, პრეზიდენტისა და პარლამენტის სამართლებრივი აქტებით მთავრობისათვის გაცემულ დავალებათა შესრულების მიზნით პროექტის ინიცირებას უზრუნველყოფს შესაბამის დარგში პოლიტიკის გამტარებელი სამინისტრო(ები), სახელმწიფო მინისტრის აპარატ(ებ)ი. იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია ასეთი ორგანოს დადგენა, მას განსაზღვრავს მთავრობის კანცელარიის უფროსი. ხოლო მე–9 მუხლით განსაზღვრულია პროექტის ინიცირების წესი, რომლის თანახმად, ინიციატორი უწყება ამ რეგლამენტით დადგენილი წესით შემუშავებულ სამართლებრივი აქტის პროექტს ელექტრონული ფორმით (pdf ფაილის სახით) მთავრობის წევრებს შესათანხმებლად უგზავნის „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამის მეშვეობით. ინფორმაცია საკითხის ინიცირების შესახებ შესაბამის პროექტთან ერთად ელექტრონული ფორმით ეგზავნება მთავრობის კანცელარიას.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ მოითხოვა აღნიშნულ სფეროში პოლიტიკის გამტარებელი უწყებებისათვის - საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთვის, ასევე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთვის შესაბამისი ინიცირების განხორციელების დავალება, კერძოდ, შპს „…“ „საწარმოებისათვის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების განმახორციელებელ ან/და აუდიტორული დასკვნების გამცემ პირთა და სახელმწიფო საწარმოთა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 5 სექტემბრის №360 დადგენილებით დამტკიცებულ ნუსხაში ჩართვის თაობაზე ცვლილების შეტანის შესახებ პროექტის წარდგენის დავალება.
სააპელაციო პალატის მოსაზრებით საქალაქო სასამართლომ ასევე მართებულად მიუთითა, რომ ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, სამინისტროებს მიენიჭათ ფართო დისკრეციული უფლებამოსილება, კანონის საფუძველზე მიიღონ გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობის წინაშე პროექტის ინიცირების თაობაზე. ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებასთან გვაქვს საქმე, როდესაც სამართლის ნორმის ფაქტობრივი შემადგენლობისა და ფაქტის შესაბამისობის დადგენის შემთხვევაში, მას რჩება შესაძლებლობა, აირჩიოს მისაღები ღონისძიება. ასეთ შემთხვევაში კანონი ერთ კონკრეტულ სამართლებრივ შედეგს არ განსაზღვრავს, არამედ ადმინისტრაციულ ორგანოს ანიჭებს უფლებამოსილებას, თვითონ განსაზღვროს სამართლებრივი შედეგები, იმდენად, რამდენადაც ორ ან რამდენიმე შესაძლო სამართლებრივ შედეგს ადგენს და აძლევს ორგანოს შესაძლებლობას, აირჩიოს ყველაზე მისაღები საშუალება. ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულმა უფლებამოსილებამ შეიძლება მოიცვას ადმინისტრაციული ორგანოს არჩევანის შესაძლებლობა - კონკრეტულ შემთხვევაში განახორციელოს თუ არა რაიმე ღონისძიება ან მისაღები ღონისძიებებიდან რომელი გამოიყენოს. თუმცა, მიუხედავად საქალაქო სასამართლოს ზემოაღნიშნული მსჯელობისა, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილება შეზღუდულია კანონის მოთხოვნებით, რაც მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ამ უფლებამოსილების განხორციელების დროს. კერძოდ, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება. იმავე კოდექსის მე-7 მუხლის მიხედვით, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა. დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. ამდენად, კანონი ცალსახად ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს, რომ დისკრეციული უფლებამოსილება განახორციელოს მხოლოდ კანონით დადგენილ ფარგლებში და მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება. ასევე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების დროს გაითვალისწინოს საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობა, კერძოდ, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა, ასევე, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. გარდა ზემოაღნიშნულისა, ადმინისტრაციულ ორგანოს ევალება ადმინისტრაციული წარმოების დროს საქმის გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევა და მის მიერ გამოცემული აქტის თუ რეალაქტის დასაბუთება, მით უფრო მაშინ, როდესაც იგი უარს ეუბნება განმცხადებელს მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. კერძოდ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასების და ურთიერთშეჯერების საფუძველზე“. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, „დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ“. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. იმავე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.
სააპელაციო პალატის მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში ვერ დგინდება, თუ რა მიზეზების გამო უთხრეს მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანოებმა მოსარჩელეს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე და შესაბამის ინიცირებაზე უარი, რათა შპს „…“ ჩართული ყოფილიყო „საწარმოებისათვის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების განმახორციელებელ ან/და საექსპერტო და აუდიტორული დასკვნების გამცემ პირთა და სახელმწიფო საწარმოთა ნუსხის დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2012 წლის 5 სექტემბრის №360 დადგენილებით დამტკიცებულ ნუსხაში. საქმეში წარმოდგენილ წერილობით დოკუმენტებში უარის თქმის მიზეზები მითითებული და განმარტებული არ არის. აქედან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანოებმა დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას ისე უთხრეს უარი მოსარჩელეს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, რომ მოსარჩელის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებულმა ზიანმა არსებითად გადააჭარბა იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა. ასევე, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა გამოიწვია მოსარჩელის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. კერძოდ, მოსარჩელეს შეეზღუდა სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების უფლება. დაირღვა „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მოთხოვნები, რომლის თანახმად, ამ კანონის მიზანია საქართველოში ბაზრის ლიბერალიზაციის, თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის ხელშეწყობა, კერძოდ: ა) სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ან/და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ ბაზარზე შესვლის ადმინისტრაციული, სამართლებრივი და დისკრიმინაციული ბარიერების დაუშვებლობა; ბ) ბაზარზე ეკონომიკური აგენტის თავისუფალი დაშვებისათვის სათანადო პირობების უზრუნველყოფა; გ) ეკონომიკურ აგენტებს შორის კონკურენციის არამართლზომიერი შეზღუდვის დაუშვებლობა; დ) ეკონომიკური აგენტების საქმიანობაში თანასწორუფლებიანობის პრინციპის დაცვა; ე) დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენების დაუშვებლობა; ვ) სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ან/და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ ეკონომიკური აგენტისათვის ისეთი ექსკლუზიური უფლებამოსილების მინიჭების დაუშვებლობა, რომელიც იწვევს კონკურენციის არამართლზომიერ შეზღუდვას; ზ) უფლებამოსილი ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას მაქსიმალური საჯაროობის, ობიექტურობის, არადისკრიმინაციულობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა. ასევე, საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის თანახმად, სახელმწიფო ვალდებულია ხელი შეუწყოს თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებას. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ზემოაღნიშნულ ნუსხაში შეყვანაზე დაუსაბუთებელი უარით მოსარჩელეს შეეზღუდა თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის შესაძლებლობა შესაბამის აუდიტორული საქმიანობის სფეროში.
სააპელაციო პალატამ ასევე მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიმართ დგინდება დისკრიმინაციული მიდგომის ნიშნები. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ „შრომისა და დასაქმების სფეროში დისკრიმინაციის შესახებ“ საერთაშორისო კონვენციის (მიერთებულია საქართველოც) პირველი მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, ამ კონვენციის მიზნებისათვის ტერმინი „დისკრიმინაცია“ მოიცავს: ა) ყოველგვარ განსხვავებას, დაუშვებლობას, ან უპირატესობას რასის, კანის ფერის, რელიგიის, სქესის, პოლიტიკური მრწამსის, უცხოელების ან სოციალური წარმომავლობის ნიშნით, რომელიც იწვევს შრომისა და დასაქმების სფეროში შესაძლებლობების ან მოპყრობის თანასწორობის მოსპობას ან დარღვევას; ბ) ყოველგვარი სხვა განსხვავების დაუშვებლობას ან უპირატესობას, რომელიც იწვევს შრომისა და დასაქმების სფეროში შესაძლებლობების ან მოპყრობის თანასწორობის მოსპობას ან დარღვევას და რომელსაც შესაბამისი წევრი განსაზღვრავს მეწარმეთა და მშრომელთა წარმომადგენლობით ორგანიზაციებთან, სადაც ასეთები არსებობს, და სხვა შესაბამის ორგანოებთან კონსულტაციით. დისკრიმინაციად არ ჩაითვლება ნებისმიერი განსხვავება, დაუშვებლობა ან უპირატესობა განსაზღვრული სამუშაოს მიმართ, რომელიც სპეციფიკურ მოთხოვნებს ემყარება. ამ კონვენციის მიზნებისათვის ტერმინი „შრომა“ და „დასაქმება“ მოიცავს პროფესიული სწავლების, შრომისა და სხვადასხვა საქმიანობის მისაწვდომობას, აგრეთვე შრომის ანაზღაურებას და პირობებს. ამდენად, ამ კონვენციის მიზნებისათვის ტერმინი „შრომა“ და „დასაქმება“ ასევე მოიცავს სხვადასხვა საქმიანობის ხელმისაწვდომობას. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ზემოაღნიშნული კონვენცია ვრცელდება განსახილველ შემთხვევაზეც, სადაც მოსარჩელის მიზანია აუდიტორული საქმიანობის სფეროში თავისი სამეწარმეო საქმიანობის განხორციელება. ზემოაღნიშნული კონვენციის მე-2 მუხლის თანახმად, ორგანიზაციის ყოველი წევრი, რომლისთვისაც კონვენცია ძალაშია, კისრულობს ვალდებულებას განსაზღვროს და განახორციელოს ეროვნული პოლიტიკა, რომლის მიზანია ეროვნული პირობებისა და პრაქტიკის შესაბამისი მეთოდებით წაახალისოს შესაძლებლობების და მოპყრობის თანასწორობა შრომისა და დასაქმების სფეროში, რათა აღმოფხვრას ყოველგვარი დისკრიმინაცია.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის 1950 წლის 4 ნოემბრის კონვენციის მე-14 მუხლის თანახმად, ამ კონვენციით გათვალისწინებული უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობა უზრუნველყოფილია ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე, განურჩევლად სქესის, რასის, კანის ფერის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა შეხედულებების, ეროვნული თუ სოციალური წარმოშობის, ეროვნული უმცირესობისადმი კუთვნილების, ქონებრივი მდგომარეობის, დაბადებისა თუ სხვა ნიშნისა. ასევე, კონვენციის მე-12 დამატებითი ოქმის პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, კანონით დადგენილი ნებისმიერი უფლებით სარგებლობა უზრუნველყოფილია ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე, განურჩევლად სქესის, რასის, კანის ფერის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის, ეროვნული უმცირესობისადმი კუთვნილების, ქონების, დაბადების ან სხვა ნიშნისა. დაუშვებელია საჯარო ხელისუფლების მხრიდან ვინმეს დისკრიმინაცია ამ პირველ პუნქტში აღნიშნულ რომელიმე საფუძველზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, ზემოაღნიშნული ნორმები ვრცელდება იურიდიული პირების მიმართ დისკრიმინაციის შემთხვევებზეც.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საქართველოს მოქალაქენი თანასწორი არიან სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და პოლიტიკურ ცხოვრებაში განურჩევლად მათი ეროვნული, ეთნიკური, რელიგიური თუ ენობრივი კუთვნილებისა. ასევე, საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის მიხედვით, ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა. საქართველოს კონსტიტუციის 45-ე მუხლის მიხედვით, კონსტიტუციაში მითითებული ძირითადი უფლებანი და თავისუფლებანი, მათი შინაარსის გათვალისწინებით, ვრცელდება აგრეთვე იურიდიულ პირებზე.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით, ყველა თანასწორია კანონისა და ადმინისტრაციული ორგანოს წინაშე. დაუშვებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე რომელიმე მხარის კანონიერი უფლებისა და თავისუფლების, კანონიერი ინტერესის შეზღუდვა ან მათი განხორციელებისათვის ხელის შეშლა, აგრეთვე მათთვის კანონმდებლობით გაუთვალისწინებელი რაიმე უპირატესობის მინიჭება ან რომელიმე მხარის მიმართ რაიმე დისკრიმინაციული ზომების მიღება. საქმის გარემოებათა იდენტურობის შემთხვევებში დაუშვებელია სხვადასხვა პირის მიმართ განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება, გარდა კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას.
ამდენად, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ ზემოაღნიშნული ნორმები ცალსახად ადგენენ კანონისა და ადმინისტრაციული ორგანოს წინაშე ყველას (მათ შორის იგულისხმება სამეწარმეო იურიდიული პირებიც) თანასწორობის პრინციპს და კრძალავენ კანონიერი საფუძვლების არსებობის გარეშე, საქმის გარემოებათა იდენტურობის შემთხვევებში, სხვადასხვა პირის მიმართ განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას. ამდენად, დისკრიმინაცია არის ანალოგიურ ვითარებაში ანუ საქმის გარემოებათა იდენტურობის შემთხვევებში რომელიმე პირის მიმართ, კანონიერი საფუძვლის გარეშე (აკრძალული საფუძვლით), ანალოგიურ ვითარებაში მყოფ სხვა პირისაგან განსხვავებული მოქცევა ან მის მიმართ განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება, როდესაც არ არსებობს მოპყრობაში განსხვავების გონივრული და ობიექტური გამართლება. ბუნებრივია, ასეთ დროს ადგილი აქვს პირის მიმართ კანონიერი საფუძვლის გარეშე მისი კანონიერი უფლებისა და თავისუფლების, კანონიერი ინტერესის შეზღუდვას ან მათი განხორციელებისათვის ხელის შეშლას.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეს მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანოებმა ისე უთხრეს უარი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, რომ არ დაუსაბუთეს, ,,საწარმოებისათვის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების განმახორციელებელ ან/და საექსპერტო და აუდიტორული დასკვნების გამცემ პირთა და სახელმწიფო საწარმოთა ნუსხის დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2012 წლის 5 სექტემბრის №360 დადგენილებით დამტკიცებულ ნუსხაში შეყვანილ სხვა იურიდიული პირებისაგან განსხვავებით, რომელი კანონით თუ კანონქვემდებარე აქტით დადგენილ მოთხოვნებს და კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებდა „მ…“, რათა ისიც შეყვანილი ყოფილიყო ზემოაღნიშნულ ნუსხაში. მით უფრო, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ საქმეში წარმოდგენილი საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის N79/08.05.2015 წერილის მიხედვით, შპს ,,ა…“ წარმოადგენს საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის კორპორაციულ წევრს, რომელსაც გავლილი აქვს ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგი ,,ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და ამავე კანონის მე–6 მუხლის მიხედვით ჩართულია სავალდებულო აუდიტის ჩატარების უფლების მქონე აუდიტორთა რეესტრში.
საქმეზე ასევე დადგენილია, რომ შპს „ა…“ 2014 წლის 29 აპრილიდან ფლობს „M…“ წევრობას საქართველოს ტერიტორიაზე სერვისის განხორციელებაზე და ავტორიზებულია იწოდოს როგორც „M…“ დამოუკიდებელი წევრი კომპანია. საქმეზე ასევე დადგენილია, რომ შპს „ა…“ შეეცვალა საფირმო სახელწოდება და ეწოდა შპს „…“. მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოების წერილობითი პასუხებით ვერ დგინდება, რომ შპს „…“ ნუსხაში შეყვანილ სხვა სუბიექტებისაგან განსხვავებით გააჩნდა უფრო ნაკლები გამოცდილება, ცოდნა და შესაძლებლობა, ან ვერ აკმაყოფილებდა კანონით გათვალისწინებულ რაიმე სახის კრიტერიუმს, მოთხოვნას, რაც აუცილებელი იყო იმ ფუნქციის შესასრულებლად, რომელიც მას უნდა განეხორციელებინა ზემოაღნიშნულ ნუსხაში შეყვანის შემთხვევაში. აქედან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოების მხრიდან ადგილი ჰქონდა შპს „…“ მიმართ კანონიერი საფუძვლის გარეშე განსხვავებულ მიდგომას
ანალოგიურ ვითარებაში მყოფ სხვა სუბიექტებისაგან განსხვავებით, რამაც გამოიწვია მისი კანონიერი უფლების (თავისუფალი სამეწარმეო საქმიანობის ულების) შეზღუდვა და ამ უფლების განხორციელებისათვის ხელის შეშლა ისე, რომ დასაბუთებული არ ყოფილა მის მიმართ ასეთ განსხვავებულ მოპყრობაში გონივრული და ობიექტური გამართლება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ფინანსთა სამინსიტრომ, საქართველოს მთავრობამ და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ. კასატორებმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმება და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
კასატორები მიუთითებენ 2016 წლის 8 ივნისს მიღებულ „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის 28-ე მუხლის მე-10 პუნქტით განისაზღვრა, რომ 2017 წლის 1 იანვრიდან გაუქმდეს „საწარმოებისათვის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების განმახორციელებელ ან/და საექსპერტო და აუდიტორული დასკვნების გამცემ პირთა და სახელმწიფო საწარმოთა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 5 სექტემბრის №360 დადგენილება.
ამავე დროს საქართველოს საგადასახადო კოდექსში 2016 წლის 8 ივნისს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებით გაუქმდა ზემოხსენებული მთავრობის დადგენილების მიღების სამართლებრივი საფუძველიც. კერძოდ, საგადასახადო კოდექსში შევიდა ცვლილება და 202-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგნაირად „დასაბეგრი ქონების ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ - „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული აფასება არ ვრცელდება: საწარმოზე, თუ იგი მის ბალანსზე რიცხულ უძრავ ქონებას გადაფასების მეთოდის გამოყენებით აღრიცხავს და აქვს აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება. ამასთანავე, აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ 4 წლის ვადით“. აღნიშნული ცვლილება ამოქმედდება 2017 წლის 1 იანვრიდან. ამ ცვლილებამდე საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი იყო შემდეგი შინაარსის: „დასაბეგრი ქონების ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“- „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული აფასება არ ვრცელდება: საწარმოზე, თუ იგი მის ბალანსზე რიცხულ უძრავ ქონებას აღრიცხავს გადაფასების მეთოდის გამოყენებით და აქვს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული პირების მიერ აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება“. აქედან გამომდინარე, 2017 წლის პირველი იანვრიდან უქმდება, როგორც საქართველოს მთავრობის 2012 წლის 5 სექტემბრის №360 დადგენილება, ისე მისი სამართლებრივი საფუძველი. საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათით სარგებლობისთვის საწარმოებს აღარ მოეთხოვებათ საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული პირების მიერ აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება. ვინაიდან, 2017 წლის 1 იანვრიდან უქმდება ნორმატიული აქტი, რომელშიც შპს „…“ შეყვანის ინიცირება დაევალათ მოპასუხეებს. ამდენად კასატორები მიიჩნევენ, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილება ვერ იქნება აღსრულებული კანონიერ ძალაში შესვლის შემთხვევაში.
კასატორები მიუთითებენ, რომ სააპელაციო სასამართლომ ერთი მხრივ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ სამინისტროებს აქვთ ფართო დისკრეციული უფლებამოსილება, კანონის საფუძველზე მიიღონ გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობის წინაშე პროექტის ინიცირების თაობაზე. თუმცა სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილება შეზღუდულია კანონის მოთხოვნებით, რაც მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ამ უფლებამოსილების განხორციელების დროს. სასამართლომ იხელმძღვანელა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-7 მუხლით და განმარტა, რომ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა.
კასატორები მიუთითებენ, რომ სააპელაციო პალატას არ უმსჯელია იმ სიკეთეზე/სარგებელზე, რასაც მოსარჩელე აღნიშნული გადაწყვეტილებით მიიღებდა იმ პირობებში, როცა ნორმატიული აქტი უქმდება 2017 წლის პირველი იანვრიდან. კასატორების მოსაზრებით სასამართლომ ვერ დაასაბუთა რა მხრივ შეეზღუდა მოსარჩელეს სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების უფლება.გაურკვეველია საქართველოს მთავრობის 2012 წლის 5 სექტემბრის №360 დადგენილებაში ჩართვაზე უარის თქმით, როგორ შეეზღუდა მეწარმეს სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების უფლება, ვინაიდან, ადმინისტრაციული ორგანოს უარი შპს „...“ არ ართმევდა აუდიტორული საქმიანობის განხორციელების უფლებას.
კასატორებს მიაჩნიათ, რომ სასამართლოს უნდა ემსჯელა მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლიანობაზე, ვინაიდან მოთხოვნის უფლების სამართლებრივი საფუძვლების შემოწმება შესაძლებლობას იძლევა დადგინდეს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება რაიმე მოქმედების განხორციელებაზე ან მოქმედებისაგან თავის შეკავებაზე. არსებული კანონმდებლობის თუ ფაქტობრივი გარემოებების შეფასების გარეშე სასამართლოს არ უნდა დაევალებინა ადმინისტრაციული ორგანოსათვის ქმედების განხორციელება. კასატორების მოსაზრებით სასამართლოს უნდა შეეფასებინა, თუ რამდენად ჰქონდა შპს „...“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 5 სექტემბრის №360 დადგენილებით განსაზღვრულ ნუსხაში მოხვედრის შესაძლებლობა მოქმედი კანონმდებლობის პირობებში.
კასატორები მიუთითებენ, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის განხილვის არც ერთ ეტაპზე არ დაუდგენია, რომ საწარმოებისათვის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების განმახორციელებელ ან/და საექსპერტო და აუდიტრული დასკვნების გამცემ პირთა ნუსხაში მყოფი პირები და მოსარჩელე იყვნენ ანალოგიურ სიტუაციაში მყოფი პირები, არ გამოუკვლევია არსებობდა თუ არა საქმეზე არსებითად ერთნაირი საქმის გარემოებები და ისე დაადგინა ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან დისკრიმინაციის ფაქტი. კასატორების მოსაზრებით, თუ სააპელაციო სასამართლოს აღნიშნულ მსჯელობას გავიზიარებთ, გამოდის, რომ არათუ შპს „...“, არამედ საქართველოში არსებული ყველა აუდიტორული კომპანია უნდა იქნეს შეყვანილი საქართველოს მთავრობის 2012 წლის 5 სექტემბრის №360 დადგენილებით განსაზღვრულ ნუსხაში, რაც ლოგიკას სრულიად მოკლებულია, რამდენადაც სააპელაციო სასამართლოს არ დაუდგენია იყო თუ არა საქმეზე არსებითად იდენტური საქმის გარემოებები, ისე დაადგინა საქმეზე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 მუხლის დარღვევის ფაქტი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 28 თებერვლის განჩინებით საქართველოს მთავრობის, საქართველოს ფინანსთა სამინსიტროსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად; საქმის განხილვა დაინიშნა ზეპირი მოსმენის გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:


საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მათი შესწავლისა და ანალიზის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებისა და წარმოდგენილი საკასაციო საჩივრების მოტივების შემოწმების საფუძველზე მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობის; საქართველოს ფინანსთა სამინსიტროსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მოცემული საქმე ხელახალი განხილვისათვის უნდა დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეზე დადგენილია, რომ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 5 სექტემბრის №360 დადგენილებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „თ“ და „კ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, დამტკიცდა საწარმოებისათვის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების განმახორციელებელ ან/და საექსპერტო და აუდიტორული დასკვნების გამცემ პირთა ნუსხა (დანართი №1). საქართველოს მთავრობის 2012 წლის 5 სექტემბრის №360 დადგენილებით დამტკიცებული „საწარმოებისათვის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების განმახორციელებელ ან/და საექსპერტო და აუდიტორული დასკვნების გამცემ პირთა ნუსხის“ (დანართი №1) მიხედვით, საწარმოებს დასაბეგრი ქონების ღირებულების განსაზღვრის მიზნით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“–„დ“ ქვეპუნქტების მიხედვით გათვალისწინებული აფასების ვალდებულება არ წარმოეშობათ, თუ ბალანსზე რიცხულ უძრავ ქონებას აღრიცხავენ გადაფასების მეთოდის გამოყენებით და აქვთ ქვემოთ ჩამოთვლილი ერთ-ერთი პირის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება. ასევე, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „თ“ და „კ“ ქვეპუნქტებიდან გამომდინარე, პრივატიზების განმახორციელებელი ორგანო უფლებამოსილია, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების დადასტურებასთან დაკავშირებით სახელმწიფო ქონების შემძენ/მმართველ/მოსარგებლე პირებს მოსთხოვოს ექსპერტიზის ან/და აუდიტის ჩატარების მიზნით მიმართონ ქვემოთ ჩამოთვლილ პირებს: ა) სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს; ბ) ... (...); გ) ... (...); დ) ... (...); ე) ... (...); ვ) ... (...); ზ) ... (...); თ) ... (...); ი) ... (...); კ) ... (PKF); ლ) შპს „...“ (...); მ) შპს „...“ (MGI); ნ) შპს ...“ (FMG); ო) შპს „...”.
შპს ,,ა...“ უფლებამოსილმა პირმა რამდენიმეჯერ მიმართა განცხადებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, რომლითაც მოითხოვა შპს ,,ა...“, როგორც „M...“ წევრი კომპანიის, საქართველოს მთავრობის 2012 წლის 5 სექტემბრის N360 დადგენილებით დამტკიცებულ „საწარმოებისათვის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების განმახორციელებელ ან/და საექსპერტო და აუდიტორული დასკვნების გამცემ პირთა ნუსხაში“ ჩართვა. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს პასუხებით შპს ,,ა...“ განემარტა, რომ არც საქართველოს საგადასახადო კოდექსით და არც საქართველოს მთავრობის 2012 წლის 5 სექტემბრის N360 დადგენილებით არ იყო გათვალისწინებული ის კრიტერიუმები, რის საფუძველზეც შესაძლებელი იყო პირი მოხვედრილიყო ამ ნუსხაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, განმცხადებელს ეცნობა, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურთან თანამშრომლობით მიმდინარეობდა ამ კრიტერიუმების განსაზღვრა და საერთო წესის დადგენა, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც მოხდებოდა საწარმოებისათვის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების განმახორციელებელ ან/და საექსპერტო და აუდიტორული დასკვნების გამცემ პირთა ნუსხის დაზუსტება (განსაზღვრა). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განმცხადებელს განემარტა, რომ იმ ეტაპზე სამინისტრო მოკლებული იყო შესაძლებლობას დაეკმაყოფილებინა მისი მოთხოვნა. საქმეზე ასევე დადგენილია, რომ შპს „ა...“ უფლებამოსილმა პირმა 2015 წლის 22 აპრილსაც მიმართა იგივე მოთხოვნით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, რაზეც პასუხი არ მიუღია.
შპს „ა...“ უფლებამოსილმა პირმა რამდენიმეჯერ მიმართა განცხადებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსაც, რომლითაც მოითხოვა შპს „ა...“, როგორც „M...“ წევრი კომპანიის, საქართველოს მთავრობის 2012 წლის 5 სექტემბრის N360 დადგენილებით დამტკიცებულ საწარმოებისათვის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების განმახორციელებელ ან/და საექსპერტო და აუდიტორული დასკვნების გამცემ პირთა ნუსხაში ჩართვა. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს აღნიშნულ განცხადებებზე პასუხი არ გაუცია.
2014 წლის 9 ოქტომბერს შპს „ა...“ უფლებამოსილმა პირმა განცხადებით მიმართა საქართველოს მთავრობასაც, რომლითაც მოითხოვა შპს „ა...“, როგორც „M..“ წევრი კომპანიის, საქართველოს მთავრობის 2012 წლის 5 სექტემბრის N360 დადგენილებით დამტკიცებულ საწარმოებისათვის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების განმახორციელებელ ან/და საექსპერტო და აუდიტორული დასკვნების გამცემ პირთა ნუსხაში ჩართვა. საქართველოს მთავრობის იურიდიული დეპარტამენტის უფროსის 2014 წლის 27 ნოემბრის N40109 წერილით განმცხადებელს განემარტა, რომ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 მარტის N54 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს მთავრობის რეგლამენტის მე–8 მუხლის მეოთხე პუნქტის თანახმად, პარლამენტის სამართლებრივი აქტებით მთავრობისათვის გაცემულ დავალებათა შესრულების მიზნით პროექტის ინიცირებას უზრუნველყოფდა შესაბამის დარგში პოლიტიკის გამტარებელი სამინისტრო(ები), სახელმწიფო მინისტრის აპარატ(ებ)ი. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 5 სექტემბრის N360 დადგენილება მიღებული იყო საქართველოს პარლამენტის შესაბამისი აქტის, კერძოდ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202–ე მუხლით საქართველოს მთავრობისთვის დაკისრებული ვალდებულების საფუძველზე, ხოლო აღნიშნული აქტით დარეგულირებულ საკითხზე პოლიტიკის გამტარებელ სამინისტროს წარმოადგენდა საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. ამდენად, განმცხადებელს ეცნობა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისგან განსხვავებულად, ახალი ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გამოცემის საქართველოს მთავრობის რეგლამენტით განსაზღვრული წესიდან გამომდინარე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს პოზიციის გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობა მოკლებული იყო შესაძლებლობას დაეკმაყოფილებინა განმცხადებლის 2014 წლის 9 ოქტომბრის განცხადების მოთხოვნა.
შპს „ა...“ უფლებამოსილმა პირმა 2015 წლის 9 ივნისს კვლავ მიმართა განცხადებით საქართველოს მთავრობას, რომლითაც შპს „ა...“, როგორც „M...“ წევრი კომპანიის, საქართველოს მთავრობის 2012 წლის 5 სექტემბრის N360 დადგენილებით დამტკიცებული საწარმოებისათვის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების განმახორციელებელ ან/და საექსპერტო და აუდიტორული დასკვნების გამცემ პირთა ნუსხაში ჩართვა მოითხოვა. საქართველოს მთავრობის კანცელარიის იურიდიული დეპარტამენტის უფროსის 2015 წლის 23 ივნისის N49899 წერილით შპს „ა...“ ზემოაღნიშნული განცხადება განუხილველად იქნა დატოვებული საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102–ე მუხლის მე–2 ნაწილის შესაბამისად, ვინაიდან მასში არ იყო მითითებული ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებები, ხოლო ანალოგიურ მოთხოვნაზე განმცხადებელს პასუხი გაეცა საქართველოს მთავრობის კანცელარიის იურიდიული დეპარტამენტის უფროსის 2014 წლის 17 ნოემბრის N40109 წერილით.
საქმეზე ასევე დადგენილია, რომ შპს „ა...“2014 წლის 29 აპრილიდან ფლობს „M...“ წევრობას საქართველოს ტერიტორიაზე სერვისის განხორციელებაზე და ავტორიზებულია იწოდოს როგორც „M...“ დამოუკიდებელი წევრი კომპანია. ამასთან, შპს „ა...“ შეეცვალა საფირმო სახელწოდება და ეწოდა შპს „...“ (ს/ნ: ...).
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნის - საქართველოს მთავრობის 2012 წლის 5 სექტემბრის №360 დადგენილებით დამტკიცებულ „საწარმოებისათვის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების განმახორციელებელ ან/და საექსპერტო და აუდიტორული დასკვნების გამცემ პირთა ნუსხაში“ შეტანის ინტერესს წარმოადგენდა მისთვის საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭება. სარჩელის აღძვრის დროს მოქმედი ნორმის თანახმად, დასაბეგრი ქონების ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“–„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული აფასება არ ვრცელდებოდა საწარმოზე, თუ იგი მის ბალანსზე რიცხულ უძრავ ქონებას აღრიცხავდა გადაფასების მეთოდის გამოყენებით და ჰქონდა საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული პირების მიერ აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება. საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის მე-2 ნაწილში 2016 წლის 8 ივნისის №5387 კანონით (ამოქმედდა 2017 წლის 1 იანვრიდან) განხორციელებული ცვლილების თანახმად, დასაბეგრი ქონების ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“–„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული აფასება არ ვრცელდება საწარმოზე, თუ იგი მის ბალანსზე რიცხულ უძრავ ქონებას გადაფასების მეთოდის გამოყენებით აღრიცხავს და აქვს აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება. ამასთან, 2016 წლის 8 ივნისს მიღებულ იქნა კანონი „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“, რომლის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ეს კანონი ადგენს საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისად საქართველოში ბუღალტრული აღრიცხვის წარმოების, ფინანსური ანგარიშგების, მმართველობის ანგარიშგების და ამ კანონით გათვალისწინებული სახელმწიფოს მიმართ განხორციელებული გადახდების შესახებ ანგარიშგების მომზადებისა და წარდგენის, პროფესიული სერტიფიცირების, აუდიტორული საქმიანობის (მომსახურების) განხორციელების და მისი ხარისხის უზრუნველყოფის, აღნიშნულ სფეროებზე სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელების და პასუხისმგებლობის დაკისრების სამართლებრივ საფუძვლებს. ამავე კანონის 28-ე მუხლის მე-10 პუნქტი ითვალისწინებს, რომ 2017 წლის 1 იანვრიდან გაუქმდეს „საწარმოებისათვის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების განმახორციელებელ ან/და საექსპერტო და აუდიტორული დასკვნების გამცემ პირთა და სახელმწიფო საწარმოთა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 5 სექტემბრის №360 დადგენილება. შესაბამისად, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ნორმატიული აქტის მიღების (გამოტანა) და მასში ცვლილების შეტანის წესს განსაზღვრავს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლი, რომელიც არ იძლევა ძალადაკარგულ ნორმატიულ აქტში ცვლილების შეტანის შესაძლებლობას. ამდენად, საკასაციო პალატის მოსაზრებით ზემოაღნიშნული ცვლილებების გათვალისწინებით საქმეზე დადგენას საჭიროებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული მოსარჩელის კანონიერი ინტერესის არსებობა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ კანონის, კანონის 28-ე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, აუდიტორული ფირმა, რომელსაც ამ კანონის ამოქმედების თარიღისთვის ჰქონდა სავალდებულო აუდიტის ჩატარების უფლებამოსილება, რაც დასტურდება „ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების აუდიტის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 29 ივნისის კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 13.07.2012, სარეგისტრაციო კოდი: 260000000.05.001.016869) შესაბამისად აკრედიტებული ორგანიზაციის სავალდებულო აუდიტის ჩატარების უფლების მქონე პირთა რეესტრით, ან რომელმაც 2013 წლის 1 იანვრიდან ამ კანონის ამოქმედებამდე ჩაატარა სავალდებულო აუდიტი ან 2016 წლის 1 ნოემბრამდე ჩაატარა სდპ-ის ფინანსური ანგარიშგების აუდიტი, უფლებამოსილია სამსახურს არაუგვიანეს 2016 წლის 30 ნოემბრისა მიმართოს სდპ-ის აუდიტის ჩატარების დროებითი უფლებამოსილების მინიჭების თხოვნით. დროებითი უფლებამოსილების მინიჭების წესს ადგენს სამსახური. მინიჭებული დროებითი უფლებამოსილება მოქმედებს ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგის შედეგების გამოვლენამდე. აღნიშნული უფლებამოსილების მინიჭების საფუძველია აუდიტორული ფირმის სარეგისტრაციო განაცხადში მოცემული ინფორმაცია ხარისხის კონტროლის სისტემის შესახებ, სამსახურის მოთხოვნის შესაბამისად აუდიტორული ფირმის მიერ წარდგენილი სხვა ინფორმაცია/დოკუმენტაცია და, საჭიროების შემთხვევაში, იმ მარეგულირებელი/საზედამხედველო ორგანოს მიერ მოწოდებული ინფორმაცია, რომელსაც ჰბარდებოდა აუდიტორული დასკვნა/ანგარიში. სდპ-ის აუდიტის ჩატარების დროებითი უფლებამოსილების მინიჭება ხდება 2016 წლის 31 დეკემბრამდე და მოქმედებს არაუგვიანეს 2017 წლის 31 დეკემბრისა. სამსახური ვალდებულია დაასრულოს აღნიშნული უფლებამოსილების მქონე იმ აუდიტორული ფირმის ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგი, რომელმაც მას ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგის განხორციელების მოთხოვნით მიმართა, და შესაბამისი შედეგები რეესტრში 2018 წლის 1 იანვრამდე ასახოს. სდპ-ის აუდიტის ჩატარების დროებითი უფლებამოსილება უქმდება, თუ აღნიშნული უფლებამოსილების მქონე პირი 2017 წლის 1 ოქტომბრამდე არ მიმართავს სამსახურს ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგის განხორციელების მოთხოვნით. ამასთანავე, იმ ხელშეკრულებით, რომლის მხარეც არის ქონების მმართველი, განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების დადასტურებასთან დაკავშირებული აუდიტორული მომსახურების განხორციელების უფლებამოსილება 2018 წლის 1 იანვრამდე აქვთ „საწარმოებისათვის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების განმახორციელებელ ან/და საექსპერტო და აუდიტორული დასკვნების გამცემ პირთა და სახელმწიფო საწარმოთა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 5 სექტემბრის №360 დადგენილებით დამტკიცებულ „საწარმოებისათვის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების განმახორციელებელ ან/და საექსპერტო და აუდიტორული დასკვნების გამცემ პირთა ნუსხაში“ მითითებულ აუდიტორულ ფირმებს, რომლებსაც ამ მუხლის საფუძველზე მიენიჭებათ დროებითი უფლებამოსილება. ამასთანავე, აღნიშნული დადგენილებით დამტკიცებულ „საწარმოებისათვის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების განმახორციელებელ ან/და საექსპერტო და აუდიტორული დასკვნების გამცემ პირთა ნუსხაში“ მითითებულ პირებს იმ ხელშეკრულებით, რომლის მხარეც არის ქონების მმართველი, განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების დადასტურებასთან დაკავშირებული აუდიტორული მომსახურების განხორციელების უფლებამოსილება უნარჩუნდებათ ამ კანონის ამოქმედების თარიღისთვის დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული აუდიტორული მომსახურების დასრულებამდე, ხოლო ამ კანონის ამოქმედების შემდეგ 2017 წლის 1 იანვრამდე დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული აუდიტორული მომსახურების განხორციელების უფლებამოსილება – 2017 წლის 1 მარტამდე. ამასთანავე, ამ პუნქტით გათვალისწინებულმა აუდიტორულმა ფირმებმა სდპ-ებისათვის შეასრულონ 2016 წლის 1 ნოემბრამდე დადებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტის ხელშეკრულებებით 2016 წლის საანგარიშგებო ან წინა პერიოდთან მიმართებით ნაკისრი ვალდებულებები. ამავე მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, სამსახურმა 2016 წლის 1 ნოემბრამდე უზრუნველყოს ამ მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული დროებითი უფლებამოსილების მინიჭების წესის დადგენა.
ამდენად, საქმეში წარმოდეგენილი საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის N79/08.05.2015 წერილის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ შპს „...“ წარმოადგენს საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის კორპორაციულ წევრს, რომელსაც გავლილი აქვს ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგი „ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და ამავე კანონის მე–6 მუხლის მიხედვით ჩართული იყო სავალდებულო აუდიტის ჩატარების უფლების მქონე აუდიტორთა რეესტრში. ამასთან, საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის ვებგვერდზე (http://gfpaa.ge/site/index.php?tid=42&color=red&lid=39&sid=44) საკასაციო საჩივრების განხილვის მომენტისთვის განთავსებული „სავალდებულო უადიტის ჩატარების უფლების მქონე ფირმების რეესტრის“ თანახმად შპს„...“ აუდიტორთა რეესტრში შეყვანის თარიღია 2015 წლის 28 მაისი, რეგისტრაციის №75/1.09.2014, ხოლო ბაფში გაწევრიანების თარიღია 2014 წლის 1 სექტემბერი. აღნიშნულიდან გამომდინარე დასტურდება, რომ მოსარჩელე წარმოადგენს „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული უფლების მქონე სუბიექტს. შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას უნდა დაადგინოს, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული მოსარჩელის კანონიერი უფლებისა და ინტერესისთვის პირდაპირი და უშუალო ზიანის მიყენების არსებობა და რამდენად არსებობს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლის საფუძველზე ადმინისტრაციული ორგანოებისათვის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის დავალების შესაძლებლობა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ იგი თავად ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, რადგან არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.


ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და


დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს მთავრობის, საქართველოს ფინანსთა სამინსიტროსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. სახელმწიფო ბაჟის საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.


თავმჯდომარე ვ. როინიშვილი



მოსამართლეები: მ. ვაჩაძე


ნ. სხირტლაძე