#ბს-927-923(7კ-17) 18 დეკემბერი, 2017 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ი. კ-ის, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, გ. ჩ-ისა და შპს „...“ საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2013 წლის 22 ნოემბერს ი. კ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ქ. თბილისის საკრებულოს, ქ. თბილისის მერიის, სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის, ქ. თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა კომისიისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა: 1) „დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს 2009 წლის 5 ივნისის #6-17 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ ქ. თბილისის საკრებულოს 2012 წლის 24 თებერვლის #2-3 გადაწყვეტილებისა და 2014 წლის 30 დეკემბრის #20-105 დადგენილების, ქ.თბილისში, ... ქ. #11-ისა და #13-ის მიმდებარე ტერიტორიაზე სარეკრეაციო ზონის სტატუსის ცვლილების ნაწილში ყველა თანმდევ შედეგთან ერთად, ბათილად ცნობა; 2) გაერთიანებული სამეცნიერო მეთოდური საბჭოს 2012 წლის 7 თებერვლის #29520 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; 3) „ქალაქ თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა კომისიის“ 2012 წლის 8 თებერვლის #5 სხდომის ოქმის ბათილად ცნობა; 4) სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის #66172 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; 5) ქ. თბილისის საკრებულოს 2012 წლის 24 თებერვლის #2-3 გადაწყვეტილების გამოცემამდე არსებული მდგომარეობის აღდგენის მიზნით ქ. თბილისის საკრებულოსათვის, ქ. თბილისი, ... ქ. #11-ისა და #13-ის მიმდებარე ტერიტორიაზე სარეკრეაციო ზონის სტატუსის აღდგენისთვის დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმის ცვლილების დავალება; 6) საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 07.09.12წ. #... გადაწყვეტილებისა და 25.10.12წ. #... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. ამასთან, მოსარჩელმ სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოპასუხეებისთვის გასაჩივრებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ცვლილებების შეტანის აკრძალვა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 3 დეკემბრის განჩინებით ი. კ-ის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 18 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმეში მესამე პირად ჩაება შპს „...“.
2014 წლის 9 იანვარს ი. კ-ემ შუამდგომლობით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, რომლითაც შპს „...“ მესამე პირის ნაცვლად საქმეში მოპასუხედ ჩაბმა მოითხოვა. ასევე მოითხოვა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე შპს „...“ აკრძალვოდა უძრავი ქონების (ს/კ ...) გასხვისება და შესაბამისად, დანარჩენ მოპასუხეებს - გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბენეფიციარის (შპს „...“) ცვლილება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 10 იანვრის განჩინებით ი. კ-ის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 5 მაისის განჩინებით ი. კ-ის სარჩელზე გაერთიანებული სამეცნიერო საბჭოს 2012 წლის 7 თებერვლის #29520 გადაწყვეტილების, ქ. თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების საკითხთა კომისიის 2012 წლის 8 თებერვლის #5 სხდომის ოქმის სადავო ნაწილისა და სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2012 წლის 1 მარტის #66172 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ნაწილში შეწყდა საქმის წარმოება.
2014 წლის 23 იანვარს ი. კ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ქ. თბილისის მერიის, სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის, შპს „...“, რ. შ-ისა და გ. ჩ-ის მიმართ და გაერთიანებული სამეცნიერო მეთოდური საბჭოს 2009 წლის 26 მარტის #12 სხდომის ოქმის, სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2009 წლის 1 აპრილის #12/19550 ადმინისტრაციული დაპირების, სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2009 წლის 6 მაისის #01/535 ბრძანების, 2012 წლის 12 ნოემბრის #427384 ბრძანების, 2010 წლის 12 ნოემბრის #5620 ბრძანების, 2011 წლის 27 ოქტომბრის #4375 ბრძანების, 2013 წლის 26 ივლისის #77386 ბრძანების, სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2012 წლის 11 აგვისტოდან 2012 წლის 18 ნოემბრამდე გამოცემული ბრძანებების, რომლებითაც შეიცვალა მშენებლობის ვადები და ქ. თბილისის მერის მოადგილის 2013 წლის 31 დეკემბრის #2955 განკარგულების ბათილად ცნობა მოითხოვა. ამასთან, მოსარჩელემ იშუამდგომლა შპს „...“ აკრძალვოდა უძრავი ქონების (ს/კ ...) გასხვისება და შესაბამისად, სსიპ თბილისის აქტიტექტურის სამსახურს - გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბენეფიციარის (შპს „...“) ცვლილება. მოსარჩელემ ასევე გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მოქმედების შეჩერების თაობაზე იშუალდგომლა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 27 იანვრის განჩინებებით ი. კ-ის შუამდგომლობები არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 23 მაისის განჩინებით ი. კ-ის სარჩელზე გაერთიანებული სამეცნიერო მეთოდური საბჭოს 2009 წლის 26 მარტის #12 სხდომის ოქმის, თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2012 წლის 11 აგვისტოსა და 2012 წლის 18 ნოემბრის ბრძანებების ბათილად ცნობის ნაწილში შეწყდა საქმის წარმოება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 28 მაისის განჩინებით მითითებული ადმინისტრაციული საქმეები გაერთიანდა ერთ წარმოებად.
2014 წლის 8 ივლისს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურისა და ქ. თბილისის მერიის მიმართ.
მოსარჩელემ ქ. თბილისის მერიის 2014 წლის 5 ივნისის #1312 განკარგულების, სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2009 წლის 1 აპრილის #12/19550 ადმინისტრაციული დაპირების, სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2010 წლის 12 ნოემბრის #5620 ბრძანების, სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2009 წლის 6 მაისის #01/535 ბრძანების, სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ გაცემული 2009 წლის 6 მაისის #ნ/527-1 სანებართვო მოწმობის, სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2012 წლის 12 ნოემბრის #427384 ბრძანების, სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2011 წლის 27 ოქტომბრის #4375 ბრძანებისა და სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 26 ივლისის #773816 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა.
მოსარჩელემ სარჩელით ასევე მოითხოვა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლისა და 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება, შპს „...“, საქმის განხილვის დასრულებამდე, ქ. თბილისში, ... ქ. (ამჟამინდელი ...) #11 და #13 (საკადასტრო კოდი: ...) მდებარე მიწის ნაკვეთზე სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების წარმოების აკრძალვა. ასევე, მოითხოვა გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მოქმედების შეჩერება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 9 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმეში მესამე პირად ჩაება შპს „...“.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 9 ივლისის განჩინებით საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს შუამდგომლობა გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მოქმედების შეჩერების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 9 ივლისის განჩინებით საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს შუამდგომლობა, მოთხოვნით: შპს „...“, საქმის განხილვის დასრულებამდე, აეკრძალოს თბილისში, ... ქუჩა (ამჟამინდელი ...) #11 და #13 (საკადასტრო კოდი: ...) მდებარე მიწის ნაკვეთზე სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების წარმოება, არ დაკმაყოფილდა.
მითითებულ განჩინებაზე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ წარადგინა საჩივარი, რომლითაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 22 ივლისის განჩინებით საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 7 ივლისის განჩინების გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდა დაუსაბუთებლობის გამო და იგი საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 14 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 9 ივლისისა და 22 ივლისის განჩინებები და შუამდგომლობა ხელახალი განხილვის მიზნით დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 11 ნოემბრის განჩინებით საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; შპს „...“ აეკრძალა სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიმართ სადავო ადმინისტრაციული აქტებით განსაზღვრული მშენებლობის წარმოებისა და დასრულების ვალდებულების შესრულება, კერძოდ, თბილისში, ... ქ. (ამჟამინდელი ...) #11 და #13 (საკადასტრო კოდი: ...) მდებარე მიწის ნაკვეთზე სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების წარმოება სასამართლოს მიერ სადავო საკითხზე გადაწყვეტილების მიღებამდე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 14 ნოემბრის განჩინებით ადმინისტრაციული საქმე (მოსარჩელე - ი. კ-ე; მოპასუხეები - სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახური, ქ. თბილისის მერია, შპს „...“, რ. შ-ი და გ. ჩ-ე; დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა) და ადმინისტრაციული საქმე (მოსარჩელე - საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო; მოპასუხეები - ქ. თბილისის მერია და სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის; მესამე პირი - შპს „...“; დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა) გაერთიანდა ერთ წარმოებად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ი. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2009 წლის 6 მაისის #01/535 ბრძანება და სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურს დაევალა საქმის არსებითი მნიშვნელობის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი გადაწყვეტილების მიღება; ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მერიის 2013 წლის 31 დეკემბრის #2955 და 2014 წლის 5 ივნისის #1312 განკარგულებები იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ი. კ-ის ადმინისტრაციული საჩივრები სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2009 წლის 6 მაისის #01/535 ბრძანების ბათილად ცნობის შესახებ; ბათილად იქნა ცნობილი „დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს 2009 წლის 5 ივნისის #6-17 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ ქ. თბილისის საკრებულოს 2012 წლის 24 თებერვლის #2-3 გადაწყვეტილება ქ. თბილისში, ... ქ. #11-ისა და #13-ის მიმდებარედ სარეკრეაციო ზონის სტატუსის ცვლილების ნაწილში და 2014 წლის 30 დეკემბრის #20-105 დადგენილება იმავე ტერიტორიის ფუნქციური ზონის განსაზღვრის ნაწილში; მოსარჩელე ი. კ-ის სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა; საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 15 დეკემბრის განჩინებით თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილების მე-5 პუნქტის ძალაში შესვლის შემდეგ ქ. თბილისის საკრებულოს დაევალა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოქვეყნება იმავე წესით, რა წესითაც გამოქვეყნდა ქ. თბილისის საკრებულოს 2012 წლის 24 თებერვლის #2-3 გადაწყვეტილება და 2014 წლის 30 დეკემბრის #20-105 დადგენილება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს - ი. კ-ემ, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა და შპს „...“.
აპელანტი - ი. კ-ე სააპელაციო საჩივრით ითხოვდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილების სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილებას.
აპელანტები - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო და სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური სააპელაციო საჩივრებით ითხოვდნენ გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
აპელანტი - საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო სააპელაციო საჩივრით ითხოვდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების იმ ნაწილის გაუქმებას, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მისი სარჩელი და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
აპელანტმა - შპს „...“ სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელეებისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურისა და შპს „...“ სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; ი. კ-ისა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ი. კ-ისა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს სარჩელები: 1) სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2009 წლის 1 აპრილის #12/19550 ადმინისტრაციული დაპირების, 2) სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2009 წლის 6 მაისის #ნ/527-1 უძრავ ძეგლზე სამუშაოების სანებართვო მოწმობის, 3) სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2010 წლის 12 ნოემბრის #5620 ბრძანების (მშენებლობის დასრულების თარიღში ცვლილების შეტანის შესახებ) და 4) სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2011 წლის 27 ოქტომბრის #4375 ბრძანების (2009 წლის 6 მაისის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის #01/535 ბრძანებასა და #ნ/527-1 მშენებლობის სანებართვო მოწმობაში ცვლილების შეტანის თაობაზე) ბათილად ცნობის მოთხოვნით და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი: 1) სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2009 წლის 1 აპრილის #12/19550 ადმინისტრაციული დაპირება, 2) სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2009 წლის 6 მაისის #ნ/527-1 უძრავ ძეგლზე სამუშაოების სანებართვო მოწმობა, 3) სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2010 წლის 12 ნოემბრის #5620 ბრძანება (მშენებლობის დასრულების თარიღში ცვლილების შეტანის შესახებ) და 4) სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2011 წლის 27 ოქტომბრის #4375 ბრძანება (2009 წლის 6 მაისის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის #01/535 ბრძანებასა და #ნ/527-1 მშენებლობის სანებართვო მოწმობაში ცვლილების შეტანის თაობაზე) და სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს საქმის გარემოებათა სრულყოფილად შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ, კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, ახალი აქტების გამოცემა დაევალა. ხოლო დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ, სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა, ი. კ-ემ, გ. ჩ-ემ და შპს „...“.
კასატორები - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური საკასაციო საჩივრებით ითხოვდნენ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მათი სააპელაციო საჩივრები და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელების დაკმაყოფლებაზე უარის თქმას. კასატორები - საკასაციო საჩივრებს აფუძნებდნენ ძირითადად იმავე გარემოებებზე, რაზეც მიუთითებდნენ სააპელაციო საჩივრებში.
კასატორი - საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო საკასაციო საჩივრით ითხოვდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მისი სააპელაციო საჩივარი და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილებას.
კასატორი - ი. კ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მისი სააპელაციო საჩივარი და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილებას.
კასატორები - ი. კ-ე და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო მიიჩნევენ, რომ სასამართლოს მითითება იმის თაობაზე, რომ იგი ვერ იმსჯელებს 12.11.12წ. #427384 ბრძანების კანონიერებაზე, ვინაიდან ქ. თბილისის მერიის გადაწყვეტილება ამ ნაწილში შეესაბამება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 182-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ და „ზ“ ქვეპუნტებს, ეწინააღმდეგება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნებს. კასატორთა მითითებით, თბილისის არქიტექტურის სამსახურის 06.05.2009წ. #01/535 ბრძანება წარმოადგენს 12.11.2012წ. #427384 ბრძანებისა და სხვა გასაჩივრებული აქტების საფუძველს, შესაბამისად, მითითებული აქტები წარმოადგენენ ცვლილებებს 06.05.2009წ. #01/535 ბრძანებაში და მთლიანად ეფუძნებიან ამ უკანასკნელს. შესაბამისად, 06.05.2009წ. #01/535 ბრძანება წარმოადგენს 12.11.2012წ. #427384 ბრძანების საფუძველს და მისი ბათილად გამოცხადება ავტომატურად იწვევს მის შედეგად გამოცემული ყველა აქტის ბათილობას. ამასთან, კასატორთა მითითებით, იმისათვის, რომ ი. კ-ის ადმინისტრაციულ საჩივარზე მიღებული ქ. თბილისის მერიის 15.01.2013 წლის #60 გადაწყვეტილება ძალაში შესულიყო, ის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე და 58-ე მუხლებით დადგენილი წესით უნდა ჩაბარებოდა ი. კ-ეს, რაც არ განხორციელებულა. კასატორთა მოსაზრებით, სასამართლოს მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ „არსებობდა იმავე საკითხზე მიღებული ქ. თბილისის მერიის კანონიერ ძალაში შესული განკარგულება“ წინააღმდეგობაშია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე და 58-ე მუხლებთან მიმართებაში.
ამასთან, კასატორი - ი. კ-ე მიუთითებს, რომ უპასუხოდ დარჩა მიწის ნაკვეთების რეგისტრაციასთან დაკაშირებით მიღებული გადაწყვეტილებების ბათილობის მთავარი არგუმენტები. კასატორის მტკიცებით, საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებები პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მის კანონიერ უფლებას და ინტერესს, ასევე უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას. კასატორის მითითებით, მშენებლობის ნებართვის მოპოვება ვერ განხორციელდებოდა შპს „...“ მიერ მიწის ნაკვეთის უკანონოდ მიტაცების გარეშე, რაც პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მას. სადავო საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით კასატორი საკასაციო საჩივარში მიუთითებს ძირითადად იმავე გარემოებებზე, რაზეც - სააპელაციო საჩივარში.
კასატორი - გ. ჩ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელების დაკმაყოფილებაზე უარის თქმას. კასატორის განმარტებით, კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელეებს მატერიალურ-სამართლებრივი გაგებით ასეთი დაცვის ღირსი ინტერესი არ გააჩნიათ და შესაბამისად, მათი სარჩელები დაუშვებელია, ვინაიდან, მათ კონკრეტულ მოთხოვნებსა და სამართალწარმოებაზე უფლებას შორის არ არსებობს კავშირი.
ამასთან, კასატორის მითითებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება შეიცავს არსებით დარღვევებს, რომელმაც გამოიწვია საქმის არასწორი გადაწყვეტა, კერძოდ, სასამართლომ ბათილად ცნო „დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს 2009 წლის 5 ივნისის #6-17 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ ქ. თბილისის საკრებულოს 2012 წლის 24 თებერვლის #2-3 გადაწყვეტილება ქ. თბილისში, ... ქ. #11-სა და #13-ის მიმდებარედ სარეკრეაციო ზონის სტატუსის ცვლილების ნაწილში და 2014 წლის 30 დეკემბრის #20-105 დადგენილება, იმავე ტერიტორიის ფუნქციური ზონის განსაზღვრის ნაწილში. კასატორი არ ეთანხმება სასამართლოს აღნიშნულ მოსაზრებას, ვინაიდან, სასამართლოს არგუმენტს აღნიშნულ აქტების მიღებასთან დაკავშირებით წარმოადგენდა აქტების მიღებისას გ. ჩ-ის მონაწილეობა, რომელიც შპს „...“ 70%-იანი წილის მესაკუთრეა. კასატორის მითითებით, სასამართლოსათვის მთავარია ის საკითხი, რომ მან მიიღო მონაწილეობა სხდომაზე. მართალია, შესაბამისი მტკიცებილებით ვერ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ მან თვითაცილება განაცხადა, მაგრამ სასამართლოს ეს არ აძლევს აქტის ბათილად ცნობის საფუძველს. კასატორის მოსაზრებით, ყოველგვარ ლოგიკას სცილდება მიკერძოების ფაქტის შეფასებისას იმის გაუთვალისწინებლობა, რომ სხდომაზე გადაწყვეტილება ხმათა უმრავლესობით მიიღება. კასატორის განმარტებით, სასამართლომ განხრაზ აუარა გვერდი ამ ფაქტს, ვინაიდან, სწორედ ეს გარემოება განაპირობებდა შემდგომ იმის დასაბუთებას, რომ მიუხედავად ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 8.2 მუხლის მოთხოვნის დარღვევისა, ადგილი ვერ ექნებოდა ვერც მიკერძოების ფაქტს და ვერც საკითხის გადაწყვეტის შედეგზე მისი მხრიდან კოლეგებისათვის ირიბად მინიშნების მცდელობას.
კასატორი - შპს „...“ საკასაციო საჩივრით ითხოვდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელების დაკმაყოფილებაზე უარის თქმას. კასატორი საკასაციო საჩივარს აფუძნებდა ძირითადად იმავე გარემოებებზე, რაზეც სააპელაციო საჩივარს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 13 ოქტომბრისა და 13 ნოემბრის განჩინებებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ი. კ-ის, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, გ. ჩ-ისა და შპს „...“ საკასაციო საჩივრები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 17 ნოემბრის განჩინებით სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი. კ-ის, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, გ. ჩ-ისა და შპს „...“ საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებენ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურისა და შპს „...“ სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; ი. კ-ისა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ი. კ-ისა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს სარჩელები: 1) სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2009 წლის 1 აპრილის #12/19550 ადმინისტრაციული დაპირების, 2) სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2009 წლის 6 მაისის #ნ/527-1 უძრავ ძეგლზე სამუშაოების სანებართვო მოწმობის, 3) სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2010 წლის 12 ნოემბრის #5620 ბრძანების (მშენებლობის დასრულების თარიღში ცვლილების შეტანის შესახებ) და 4) სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2011 წლის 27 ოქტომბრის #4375 ბრძანების (2009 წლის 6 მაისის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის #01/535 ბრძანებასა და #ნ/527-1 მშენებლობის სანებართვო მოწმობაში ცვლილების შეტანის თაობაზე) ბათილად ცნობის მოთხოვნით და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი: 1) სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2009 წლის 1 აპრილის #12/19550 ადმინისტრაციული დაპირება, 2) სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2009 წლის 6 მაისის #ნ/527-1 უძრავ ძეგლზე სამუშაოების სანებართვო მოწმობა, 3) სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2010 წლის 12 ნოემბრის #5620 ბრძანება (მშენებლობის დასრულების თარიღში ცვლილების შეტანის შესახებ) და 4) სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2011 წლის 27 ოქტომბრის #4375 ბრძანება (2009 წლის 6 მაისის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის #01/535 ბრძანებასა და #ნ/527-1 მშენებლობის სანებართვო მოწმობაში ცვლილების შეტანის თაობაზე) და სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს საქმის გარემოებათა სრულყოფილად შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ, კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, ახალი აქტების გამოცემა დაევალა. ხოლო დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 06.05.09წ. #01/535 ბრძანებით მოწონებულ იქნა ქ. თბილისში, ... ქ. #11(უძრავი ძეგლი) და #13-ში რ. შ-ის საკუთრების მიწის ნაკვეთზე სასტუმროს პროექტი. გაიცა უძრავ ძეგლზე სამუშაოების ნებართვა და სანებართვო მოწმობა.
ამასთან, საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსა და ქ. თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის გაერთიანებული სამეცნიერო-მეთოდური საბჭოს მიერ 2009 წლის 26 მარტს განხილულ იქნა ქალაქ თბილისში, ... ქ. #11-13-ში სასტუმროს პროექტი. პროექტს მიეცა დადებითი შეფასება. საბჭოს განხილვის საგნად მითითებულია სწორედ უძრავ ძეგლზე განსახორციელებელი სამშენებლო სამუშაოები. თუმცა საბჭოს წევრები უთითებენ მხოლოდ არაარსებით შენიშვნებს და საბჭოს არც ერთი წევრის მხრიდან არ დაფიქსირებულა პოზიცია იმის თაობაზე, რომ მოთხოვნილი სამშენებლო სამუშაოების განხორციელება გამოიწვევს არსებული შენობის დემონტაჟს და მის ადგილას ახალი შენობა-ნაგებობის განთავსებას. საბჭოს წევრები ყურადღებას ამახვილებენ საპროექტო შენობის ტერიტორიასთან შესაბამისობაზე. მათი ყურადღების მიღმაა დარჩენილი არსებული შენობის იერსახე, მისი შენარჩუნება.
სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 06.05.09წ. #01/535 ბრძანება მიღებულია საქმის არსებით გარემოებათა გამოკვლევის გარეშე. გადაწყვეტილების მიღებამდე უნდა დადგენილიყო და გამოკვლეულიყო ძეგლზე ჩასატარებელი სამუშაოების სახე, რომელსაც ითვალისწინებს „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონი. წინააღმდეგ შემთხვევაში, უნდა დადგინდეს და განისაზღვროს უძრავი ძეგლისათვის სტატუსის მოხსნის შესაძლებლობა. მიღებული გადაწყვეტილება შინაარსობრივად არ შეესაბამება ძეგლზე ზემოქმედების კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნო 06.05.2009 წლის აქტი არქიტექტურის სამსახურის მიერ სასტუმროს პროექტის მოწონებისა და სამუშაოების ნებართვის გაცემის შესახებ, თუმცა, ძალაში დატოვა გაბათილებული აქტიდან უშუალოდ გამომდინარე და მასთან ორგანულ-სამართლებრივად დაკავშირებული აქტები, კერძოდ: 1) სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 01.04.09წ. #12/19550 ადმინისტრაციული დაპირება, 2) სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 06.05.2009წ. #ნ/527-1 უძრავ ძეგლზე სამუშაოების სანებართვო მოწმობა, 3) სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 12.11.2010წ. #5620 ბრძანება (მშენებლობის დასრულების თარიღში ცვლილების შეტანის შესახებ) და 4) სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 27.10.2011წ. #4375 ბრძანება (06.05.2009წ. ქალაქ თბილისის მერიის სსიპ - თბილისის არქიტექტურის სამსახურის #01/535 ბრძანებასა და #ნ/527-1 მშენებლობის სანებართვო მოწმობაში ცვლილების შეტანის თაობაზე). თავის მხრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობილი 06.05.2009 წლის #01/535 ბრძანებით არქიტექტურის სამსახურის მიერ მოწონებულ იქნა სასტუმროს პროექტი და გაიცა სამუშაოების ნებართვა. სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ აქტის ბათილად ცნობის სამართლებრივი შედეგი ავტომატურად უნდა გავრცელებულიყო ამ აქტიდან გამომდინარე და მასთან ორგანულად დაკავშირებულ აქტებზეც.
ამასთან, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორების - ი. კ-ისა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს განმარტებებს სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2012 წლის 12 ნოემბრის #427384 ბრძანების ბათილად ცნობასთან მიმართებაში და ამ ნაწილშიც იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას იმის თაობაზე, რომ აღნიშნული აქტის კანონშესაბამისობაზე სასამართლო ვერ იქონიებდა მსჯელობას, ვინაიდან ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული იყო კანონშესაბამისი გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრების განუხილველად დატოვების თაობაზე. სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ ის გარემოება, რომ მითითებული აქტი მოსარჩელეს ჩაბარდა სხვა დოკუმენტებთან ერთად დანართის სახით, ვერ ცვლის ამ აქტის ადრესატისათვის კანონით დადგენილი წესით ჩაბარებულად მიჩნევის ფაქტს. ამასთან, საკასაციო სასამართლო კასატორთა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სასამართლოს მიერ ბათილად იქნა ცნობილი სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2009 წლის 6 მაისის #01/535 ბრძანება და სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურს დაევალა საქმის არსებითი მნიშვნელობის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი გადაწყვეტილების მიღება, ხოლო სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2012 წლის 12 ნოემბრის #427384 ბრძანებით მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2012 წლის 18 ნოემბრიდან 2013 წლის 18 ივლისის ჩათვლით.
რაც შეეხება კასატორის - გ. ჩ-ის საკასაციო საჩივრის მოტივებს, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს და განმარტავს, რომ როგორც საქმის მასალებით დგინდება, 2012 წლის 8 თებერვლის ქალაქ თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა კომისიის მიერ ქალაქ თბილისში, ... ქ. #11 და #13-ში არსებული მიწის ნაკვეთის მიმდებარე ტერიტორიისათვის ფუნქციური ზონის სტატუსის ცვლილების თაობაზე საკითხის განხილვისას კომისიის წევრი იყო გ. ჩ-ე, რომელიც ასევე იყო შპს „...“ 70% წილის მესაკუთრე. კომისიის 2012 წლის 8 თებერვლის #5 ოქმი გაიზიარა ქალაქ თბილისის საკრებულოს ბიურომ და აღნიშნული ოქმის საფუძველზე 2012 წლის 24 თებერვალს მიიღო გადაწყვეტილება „დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის საკრებულოს 2009 წლის 5 ივნისის #6-17 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე. წარმოდგენილი დოკუმენტებით ირკვევა, რომ აღნიშნული საკითხის განხილვაში მონაწილეობდა გ. ჩ-ე, საქმის მასალებიდან ასევე დასტურდება, რომ გ. ჩ-ეს არ განუცხადებია თვითაცილება. კასატორის მითითებით, მან დატოვა სხდომის დარბაზი და საკითხის გადაწყვეტაში მონაწილეობა არ მიუღია, თუმცა აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები მას არ წარმოუდგენია. შესაბამისად, დადასტურებულია გ. ჩ-ის მონაწილეობა სხდომაში, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნებს და ქმნის აქტის ბათილად ცნობის საფუძველს.
საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის - ი. კ-ის მითითებებს გასაჩივრებულ საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ საქმეში დაცული მტკიცებულებებით სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ შპს „...ის“ მიერ წარდგენილ იქნა შემცირებულ ფართზე აზომვითი ნახაზი, რომელიც იდენტური იყო ინვენტარიზაციის გეგმებზე დატანილი ფართისა. აღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს „...“ მიერ გამოსწორებულ იქნა შეჩერების გადაწყვეტილებაში მითითებული ხარვეზი. ამდენად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 07.09.12წ. #... გადაწყვეტილება მართებულად იქნა მიჩნეული კანონშესაბამისად. ამასთან, სადავო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 25.10.12წ. #... გადაწყვეტილებით დაზუსტდა უძრავი ქონების საზღვრები. ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა დადგენილად მიიჩნიეს, რომ საზღვრების დაზუსტებას ფართის გაზრდა არ გამოუწვევია. საზღვრები დარეგისტრირდა ფაქტობრივად განხორციელებული მშენებლობის შესაბამისად. საზღვრების დაზუსტებას მოსარჩელის საკუთრების მიმართ, რომელიც მომიჯნავე მიწის ნაკვეთზე მდებარეობს, არ გამოუწვევია რაიმე სამართლებრივი შედეგი. საქმეში მონაწილე ადმინისტრაციულ ორგანოებს არ მიუთითებიათ ხსენებული რეგისტრაციის შედეგად სახელმწიფო/ადგილობრივი მმართველობის ორგანოების ინტერესის შელახვის თაობაზე. ხოლო კასატორის მიერ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გამომრიცხავი დასაშვები და დასაბუთებული გარემოებები არ წარმოდგენილა (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407.2 მუხლი).
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან ი. კ-ის საკასაციო საჩივარზე თ. ღ-ს 01.11.2017წ. საგადასახადო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, ასევე გ. ჩ-ეს საკასაციო საჩივარზე 25.09.2017წ. საგადასახადო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, ხოლო შპს „...“ საკასაციო საჩივარზე 25.09.2017წ. საგადასახადო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ი. კ-ეს (პ/ნ ...), გ. ჩ-ეს (პ/ნ ...) და შპს „...“ (ს/კ ...) უნდა დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივრებზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ თითოეულს 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი. კ-ის, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, გ. ჩ-ისა და შპს „...“ საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება;
3. ი. კ-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს მის საკასაციო საჩივარზე თ. ღ-ს მიერ 01.11.2017წ. საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150;
4. გ. ჩ-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 25.09.2017წ. საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150;
5. შპს „...“ (ს/კ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 25.09.2017წ. საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150;
6. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი