Facebook Twitter

საქმე №ბს-227-225(კ-17) 21 ნოემბერი, 2017 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - სსიპ შემოსავლების სამსახური (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „…“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 13 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს „...-მა“ 2015 წლის 16 ოქტომბერს სარჩელი აღძრა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მოპასუხე სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ. მოსარჩელემ სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2015 წლის 11 აგვისტოს №30019 ბრძანებისა და სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 22 სექტემბრის №35442 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა.

მოსარჩელის განმარტებით, „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი ნაწილის „ნ“ ქვეპუნქტის თანახმად, ტოტალიზატორში დამონტაჟებულია ვიდეო-მეთვალყურეობის სისტემა, რომელსაც ერთთვიანი მეხსიერების პროგრამა აქვს. 2015 წლის 13 ივნისს, მორიგი შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ ვიდეომეთვალყურეობის მოწყობილობა დაზიანებული იყო, რის თაობაზედაც შს სამინისტროს შესაბამის გვერდზე გაკეთდა შესაბამისი განაცხადი. ვიდეომეთვალყურეობის აპარატურის დაზიანება განმეორდა 2015 წლის 25 ივნისს და 2015 წლის 21 ივლისს, რის შესახებაც ადმინისტრაციამ ასევე აცნობა სამინისტროს და ამასთან, პარალელურ რეჟიმში აღადგინა აპარატურა. შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2015 წლის 4 აგვისტოს ბრძანების საფუძველზე განხორციელდა მოსარჩელის, როგორც ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვის მფლობელის მიერ ორგანიზებულ ობიექტში „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი ნაწილის „კ“, “მ“ და „ნ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების შემოწმება. შემოწმების შედეგად დადგენილ იქნა, რომ დარღვეულია ვიდეომეთვალყურეობის სისტემების ვიდეოჩაწერის შედეგად მიღებული ჩანაწერების შენახვის ვადა. აღნიშნულის გამო კომპანია დაჯარიმდა 6000 ლარით.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 24 მარტის გადაწყვეტილებით შპს „...-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2015 წლის 11 აგვისტოს №30019 ბრძანება და სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 22 სექტემბრის №35442 ბრძანება.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 13 ივლისის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 24 მარტის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ საგადასახადო პასუხისმგებლობა საგადასახადო სამართლებრივი ნორმების დარღვევის შედეგია. იგი ყოველთვის დაკავშირებულია სახელმწიფო იძულებასთან, რომელიც მის შინაარს წარმოადგენს. პასუხისმგებლობა დგება მხოლოდ საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში, რომელიც საგადასახადო პასუხისმგებლობის საფუძველია. მის არსებით ნიშანს მისი რეალიზაციის პროცესუალური ფორმა წარმოადგენს და შინაარსი მდგომარეობს მისი გამოყენებისა და აღსრულების უფლებებში, მოვალეობებში, ასევე რეალურ მოქმედებებში. საგადასახადო პასუხისმგებლობის გამოყენებისთვის აუცილებელია სამი საფუძველი: ნორმატიული (მისი მარეგულირებელი ნორმატიული აქტების სისტემა), ფაქტობრივი (კონკრეტული სუბიექტის ქმედება, რომელიც არღვევს პასუხისმგებლობის ზომებით დაცულ სამართლებრივ ნორმებს) და პროცესუალური (კომპეტენტური ორგანოს აქტი კონკრეტული სამართალდამრღვევის მიმართ კონკრეტული საგადასახადო სანქციის დაკისრების შესახებ).საფუძვლები უნდა წარმოიშვას განსაზღვრული თანამიმდევრობით. უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია არსებობდეს ნორმა,რომელიც ადგენს ვალდებულებას და სანქციას მისი შეუსრულებლობისათვის. შემდეგ უნდა წარმოიშვას ფაქტობრივი საფუძველი-საგადასახადო სამართალდარღვევა. ნორმისა და საგადასახადო სამართალდარღვევის არსებობის შემთხვევაში უფლებამოსილი სუბიექტი, კანონით დადგენილი წესით, განსაზღვრავს საგადასახადო სანქციას საგადასახადო სამართალდარღვევისათვის.საგადასახადო პასუხისმგებლობა არის კონკრეტული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩამდენი პირის ვალდებულება, საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით პასუხი აგოს მის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედებისათვის.

პალატის მოსაზრებით, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის გამომრიცხველი გარემოებების არარსებობის პირობებში შეიძლება პირს შეეფარდოს ადმინისტრაციული სახდელი, რომლის დადების ზოგადი წესების თანახმად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის სახდელი დაედება იმ ნორმატიული აქტით დაწესებულ ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის ამ კოდექსის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ სხვა აქტების ზუსტი შესაბამისობით (მუხლი 33.1). ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით სახდელის დადებისას შეფასების საგანს წარმოადგენს ჩადენილი სამართალდარღვევის ხასიათი, დამრღვევის პიროვნება, მისი ბრალის ხარისხი, ქონებრივი მდგომარეობა, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებანი. აღნიშნული ნორმის საფუძველზე საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის სახდელის დადება უნდა განხორციელდეს ადმინისტრაციული სამართლის უმნიშვნელოვანესი პრინციპის - კანონიერების პრინციპის ზედმიწევნით დაცვის საფუძველზე.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოში ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების ორგანიზებისა და ჩატარების სამართლებრივ საფუძვლებს ადგენს საქართველოს კანონი „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“. აღნიშნული კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ნებართვის გაცემას ექვემდებარება ტოტალიზატორის მოწყობა. კანონის 29-ე მუხლით დადგენილია ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების ორგანიზატორის ვალდებულებები. კერძოდ, მითითებული მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად, იგი ვალდებულია შეასრულოს ამ კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით მისთვის დაკისრებული მოვალეობები; „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის საქმიანობის შეწყვეტამდე/განახლებამდე წერილობით აცნობოს შემოსავლების სამსახურს ამ საქმიანობის შეწყვეტის/განახლების თაობაზე; „ნ“ ქვეპუნქტის თანახმად, სამორინე, აზარტული კლუბი, სათამაშო აპარატების სალონი, ტოტალიზატორისათვის, ლოტოსა და ბინგოსათვის სპეციალურად მოწყობილი შენობა-ნაგებობები უზრუნველყოს მუდმივი დენის წყაროთი, აღჭურვოს დარბაზში, სალაროსთან, შემოსასვლელში და გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული ვიდეომეთვალყურეობის სისტემით.

ვიდეომეთვალყურეობის სისტემა უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დადგენილ მოთხოვნებს. დარბაზში, სალაროსთან და შემოსასვლელში ვიდეოჩაწერა უნდა მიმდინარეობდეს ტოტალიზატორის, ლოტოს, ბინგოს, სამორინეს, აზარტული კლუბისა და სათამაშო აპარატების სალონის მუშაობის მთელ პერიოდში, ხოლო გარე პერიმეტრზე – მუდმივად. ვიდეოჩაწერის შედეგად მიღებული ელექტრონული მატარებლები, შესაბამისი ჩანაწერებით, არანაკლებ 30 დღისა უნდა ინახებოდეს სათანადოდ დაცულ ადგილზე და დასაბუთებული მოთხოვნისთანავე წარედგინება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ან/და სხვა უფლებამოსილ ორგანოებს. სალარო უნდა აღიჭურვოს ჯავშნიანი ფანჯრით და შესაბამის დაცვის სამსახურთან დამაკავშირებელი საგანგაშო სიგნალით.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 23/05/2011წ, №303 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების“ 15.1 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ფუნქციაა აზარტული და მომგებიანი თამაშობების თითოეულ სახეობაზე ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შესრულების კონტროლი.

„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია, კონტროლი დააწესოს სანებართვო პირობების შესრულებაზე. ამ მიზნით შესაძლებელია, ნებისმიერ დროს შემოწმდეს ნებართვის მფლობელის მიერ ამ კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულების მდგომარეობა. შემოწმების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით. აღნიშნული კანონის 37-ე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მომწყობ პირთა მიერ ამ კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა არის სანებართვო პირობების დარღვევა და გამოიწვევს მათ პასუხისმგებლობას „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის შესაბამისად.

„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლი შეეხება პასუხისმგებლობას სანებართვო პირობების დარღვევისათვის. აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ნებართვის მფლობელის მიერ კანონით დადგენილი სანებართვო პირობების შეუსრულებლობა გამოიწვევს ნებართვის მფლობელის დაჯარიმებას კანონმდებლობით დადგენილი წესით. ჯარიმის ოდენობა განისაზღვრება კანონით. ნებართვის გამცემი განსაზღვრავს გონივრულ ვადას სანებართვო პირობების დაკმაყოფილებისათვის და დაადგენს იმ პირობებს, რომელთა დაცვაც აუცილებელია კონკრეტული ქმედების განხორციელებისათვის. საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 14/12/2011წ, №611-№1013 ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული „აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების ნებართვის მფლობელ პირთა მიერ სანებართვო პირობების შესრულების შემოწმების წესი“ (შემდეგში „შემოწმების წესი“) არეგულირებს „ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სანებართვო პირობების შესრულების შემოწმების წესს და პირობებს, განსაზღვრავს შემოწმების წესის განხორციელებაზე უფლებამოსილ პირებს და გამოვლენილ დარღვევებზე რეაგირების ფორმებს.

ამასთან, აღნიშნული წესის შესაბამისად, ვიდეომოწყობილობების დამონტაჟებასა და გამართულობას ამოწმებს სპეციალური სამსახური. პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ ვიდეოკამერების არასწორად დამონტაჟებისა და გაუმართაობის თაობაზე საქმეში რაიმე დოკუმენტაცია არ მოიპოვება და საქმის განხილვის არც ერთ ეტაპზე ადმინისტრაციულ ორგანოს აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ წარმოუდგენია. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელე შპს „...-ის“ მიმართ შემოსავლების სამსახურის ბრძანების საფუძველზე გაცემულია ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვა №19-05/116 (ობიექტის მდებარეობა: ქ. სენაკი, ... ქუჩა №166, შენობა N1, პირველი სართული, დარბაზი №2). აღნიშნული პირზე ვრცელდება ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვით სარგებლობიდან წარმოშობილი ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმები და მის მიერ განხორციელებული ქმედებები შესაბამისობაში უნდა იყოს ზემოაღნიშნულ ნორმებთან.

პალატა განმარტავს, რომ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, ნებართვის გამცემი კანონით დადგენილი წესით ახორციელებს კონტროლს ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შესრულებაზე. აღნიშნული კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შესრულებას აკონტროლებს ნებართვის გამცემი. ნებართვის გამცემი უფლებამოსილია განახორციელოს კონტროლი, თუ აღნიშნული ფუნქცია კანონმდებლობით სხვა ადმინისტრაციული ორგანოს კომპეტენციას არ განეკუთვნება. კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეიძლება ნებართვის გამცემის კონტროლს დაექვემდებაროს ასევე სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული მოთხოვნები და მათი დარღვევისას გამოყენებული იქნეს ამ კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ფორმები. იმავე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, ნებართვის გამცემი კონტროლს ახორციელებს მხოლოდ სანებართვო პირობების შესრულების შერჩევითი შემოწმებით. მე-6 პუნქტის თანახმად, ნებართვის გამცემი ვალდებულია შერჩევითი შემოწმების დასრულების შემდეგ შეადგინოს შესაბამისი შემოწმების აქტი, რომელიც შეიტანება ნებართვის გამცემის მიერ სპეციალურად ამისათვის წარმოებულ რეესტრში.

ამასთან, სასამართლოს აღნიშნავს, რომ იმავე ვალდებულებებს ადგენს „დამონტაჟება-ექსპლუატაციის წესი“, რომლის 2.6 მუხლით, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების ორგანიზატორი ვალდებულია აზარტულ და სხვა მომგებიანი თამაშობების დარბაზში, სალაროსთან და შემოსასვლელებში დამონტაჟებული სისტემით ვიდეოჩაწერა აწარმოოს მუშაობის მთელ პერიოდში, ხოლო გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული სისტემით ვიდეოჩაწერა - მუდმივად. ვიდეოჩაწერის შედეგად მიღებული მაგნიტური ლენტები (ელექტრონული ინფორმაცია), შესაბამისი ჩანაწერებით, არანაკლებ 30 დღისა უნდა ინახებოდეს სათანადოდ დაცულ ადგილზე და დასაბუთებული მოთხოვნისთანავე შესამოწმებლად უნდა წარედგინოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ან/და სხვა უფლებამოსილ პირს.

სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონი არის კანონმდებლის მიზნის განხორციელების საშუალება და ის უნდა განიმარტოს კანონმდებლის მიზნისა და მისი განხორციელების შესაძლებლობის ფარგლებში, რა დროსაც უნდა დადგინდეს კანონმდებლის ნება. კანონის განმარტება ემყარება გარკვეულ პრინციპებს: ობიექტურობის პრინციპს, რაც გულისხმობს, რომ განმარტება უნდა ეფუძნებოდეს კანონის ტექსტს და გამოხატავდეს კანონმდებლის ნებას; ერთიანობის პრინციპს - ყოველი ნორმა წაკითხულ უნდა იქნეს სისტემურად, კანონის ტექსტის ლოგიკურ ჭრილში; გენეტიკური განმარტების პრინციპს-გათვალისწინებულ უნდა იქნეს კანონმდებლის მიზანი და განზრახულობა. ამდენად, კანონი უნდა განიმარტოს აღნიშნული პრინციპების დაცვით. ნორმის, მისი ფაქტობრივი ელემენტებისა და სამართლებრივი შედეგის დაკონკრეტება ხორციელდება ნორმაში გამოყენებული ცნებების განმარტების გზით, რისი საშუალებითაც ხდება სამართლებრივი ნორმის ინტერპრეტაცია და მისი შინაარსის განსაზღვრა.

პალატის განმარტებით მოხსენიებული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, შესაბამისი სუბიექტის ვალდებულებას წარმოადგენს მუშაობის მთელ პერიოდში აწარმოოს ვიდეოჩაწერა- მომგებიანი თამაშობების დარბაზში, სალაროსთან და შემოსასვლელებში. განსხვავებული წესია დადგენილი გარე პერიმეტრზე ვიდეოკონტროლისთვის, რაც ვიდეოჩაწერის მუდმივ რეჟიმში განხორციელებას გულისხმობს. პალატის განმარტებით აღნიშნული ნორმა, მიუხედავად იმისა, რომ ლიცენზიის მფლობელს ავალდებულებს გარკვეული პირობის შესრულებას, თავისი შინაარსით გამორიცხავს ბრალის გარეშე პასუხისგებლობის დაკისრების შესაძლებლობას.

მიუხედავად იმისა, რომ საგადასახადო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს რაიმე სპეციალურ წესს, თუ როგორ უნდა მოიქცეს თამაშობების ორგანიზატორი ტექნიკური საშუალების (ვიდეოჩამწერი მოწყობილობის) დაზიანების შემთხვევაში, ის გარემოება, რომ ორგანიზატორი ვალდებულია აზარტულ და სხვა მომგებიანი თამაშობების დარბაზში, სალაროსთან და შემოსასვლელებში დამონტაჟებული სისტემით ვიდეოჩაწერა აწარმოოს მუშაობის მთელ პერიოდში, ხოლო ვიდეოჩაწერის შედეგად მიღებული მაგნიტური ლენტები (ელექტრონული ინფორმაცია), შესაბამისი

ჩანაწერებით, არანაკლებ 30 დღისა შეინახოს სათანადოდ დაცულ ადგილზე და დასაბუთებული მოთხოვნისთანავე შესამოწმებლად წარუდგინოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ან/და სხვა უფლებამოსილ პირს _ სუბიექტს აკისრებს ვალდებულებას სათანადო გულისხმიერებით მიუდგეს ინფორმაციის შექმნისა (ჩაწერა) და მისი შენახვის პროცესს, რაც გულისხმობს ყველა საჭირო ზომის მიღებას (მაღალხარისხიანი და შესაბამისი გარანტიის მქონე ტექნიკური მოწყობილობით (ვიდეოსისტემის) მონტაჟი, სათადარიგო ტექნიკური აღჭურვილობის მონტაჟი და სხვა) სანებართვო პირობების (კანონით გათვალისწინებული ვალდებულების) შესასრულებლად. აღნიშნული ვალდებულების მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუსრულებლობა თავისთავად ვერ დაადასტურებს ბრალის არსებობას, რაც მეწარმის მიმართ პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების საფუძველია.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ყოველი კონკრეტული საქმის გადაწყვეტა სასამართლოში დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოქმნილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე; ე.ი ისეთი ფაქტების საფუძველზე, რომლებსაც სამართლის ნორმა უკავშირებს გარკვეულ იურიდიულ შედეგს.

სააპელაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ლიცენციის მფლობელმა დაუყოვნებლივ აცნობა შესაბამის ორგანოს ტექნიკური ხარვეზის (დაზიანების) თაობაზე, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს მეწარმის მხრიდან კეთილსინდისიერად მოქცევისა და დაკისრებული ვალდებულების მაღალი თვითშეფასების ფაქტზე. პალატის მითითებით, ზემოთ განმარტებული ნორმების საფუძველზე, ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია გაითვალისწინოს და უზრუნველყოს კანონით დადგენილი პირობების შესრულება, თუმცა პალატის განმარტებით აღნიშნულ საკითხთან მიმართებით მოქმედებს წინდახედულობის გონივრული მასშტაბი: მეწარმეს არ შეიძლება მოეთხოვოს ისეთი გარემოებების ცოდნა, რომელიც სცილდება მისი შესაძლებლობის ფარგლებს. მეწარმე სუბიექტს, კანონის თანახმად, მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში არ ეკისრება დამატებითი წინდახედულობის გამოჩენის ვალდებულება. მართალია მეწარმეს ზოგადად ევალება წინდახედულობის ზომების გამოჩენა, თუმცა დაუშვებელია მხარეს მოეთხოვოს იმგვარი რისკების დაზღვევა და მათი წინასწარი განჭვრეტა, რასაც კანონმდებლობა არ ავალებს. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით მართალია, შპს „...-ის“ მხრიდან სახეზეა „ლიცენზიების და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ქმედების ფორმალური შემადგენლობა, თუმცა სახეზე არ არის მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა ბრალეული მოქმედებით ან უმოქმედობით, კერძოდ იმ პირობებში, როდესაც ვიდეომეთვალყურეობის სისტემის დამონტაჟების ხარისხთან დაკავშირებით რაიმე დასაბუთებული პრეტენზია მეწარმის მიმართ წარმოდგენილი არ არის და არც ვიდეო ჩანაწერის დაზიანების მიზეზი გამხდარა მეწარმის განზრახი ან გაუფრთხილებელი ქმედება (ამგვარი გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის), სახეზე არ გვაქვს სამართალდარღვევის ობიექტური შემადგენლობა-საგადასახადო სამართალდარღვევის ბრალეული ჩადენა, რაც გამორიცხავს შპს „...-ის“ იურიდიულ პასუხისმგებლობას და რა გარემოებებიც მართებულად შეაფასა პირველი ინსტანციის სასამართლომ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 13 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

შემოსავლების სამსახური არ ეთანხმება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 13 ივლისის განჩინებას (საქმე N3/ბ–305–2016წ) და მიიჩნევს, რომ სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა; არასწორად განმარტა კანონი და არასწორად სამართლებრივი შეფასება მისცა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. გადაწყვეტილება არ არის იურიდიულად საკმარისად დასაბუთებული, დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რაც მისი გაუქმების აბსოლუტური საფუძველია.

კასატორის მოსაზრებით საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2015 წლის 4 აგვისტოს N28870 ბრძანების შესაბამისად განხორციელდა ტოტალიზატორის მოწყობის N19-05/116 ნებართვის მქონე შპს „...-ის“ (ს/ნ ...) მიერ კანონმდებლობით გათვალისწინებული სანებართვო პირობების შესრულების შემოწმება. 2015 წლის 9 აგვისტოს განხორციელებული შემოწმების შედეგად დადგინდა, შპს „...-ის“ (ს/ნ ...) მიერ დარღვეულია ვიდეომეთვალყურეობის სისტემების მიერ ჩაწერილი ვიდეოჩანაწერის შენახვის ვადა. გარე პერიმეტრზე დამონტაჟებულ ვიდეომეთვალყურეობის სისტემებიდან მიღებული ჩანაწერები ფიქსირდება 2015 წლის 21 ივლისიდან. „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი ნაწილის „ნ“ ქვეპუნქტის თანახმად, „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების ორგანიზატორი ვალდებულია სამორინე, აზარტული კლუბი, სათამაშო აპარატების სალონი, ტოტალიზატორისათვის, ლოტოსა და ბინგოსათვის სპეციალურად მოწყობილი შენობა-ნაგებობები უზრუნველყოს მუდმივი დენის წყაროთი, აღჭურვოს დარბაზში, სალაროსთან, შემოსასვლელში და გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული ვიდეო მეთვალყურეობის სისტემით. ვიდეომეთვალყურეობის სისტემა უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დადგენილ მოთხოვნებს. დარბაზში, სალაროსთან და შემოსასვლელში ვიდეოჩაწერა უნდა მიმდინარეობდეს ტოტალიზატორის, ლოტოს, ბინგოს, სამორინეს, აზარტული კლუბისა და სათამაშო აპარატების სალონის მუშაობის მთელ პერიოდში, ხოლო გარე

პერიმეტრზე – მუდმივად. ვიდეო ჩაწერის შედეგად მიღებული ელექტრონული მატარებლები, შესაბამისი ჩანაწერებით, არანაკლებ 30 დღისა უნდა ინახებოდეს სათანადოდ დაცულ ადგილზე და დასაბუთებული მოთხოვნისთანავე წარედგინება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ან/და სხვა უფლებამოსილ ორგანოებს“.

ზემოაღნიშნულ ფაქტზე შედგენილ იქნა შემოწმების აქტი N398, რომლის საფუძველზე 2015 წლის 11 აგვისტოს გამოიცა ბრძანება N30019, რომლითაც შპს „...“ (ს/ნ ...) „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 371-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტისა და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე დაჯარიმდა 6000 (ექვსი ათასი) ლარის ოდენობით, რაც სრულიად კანონშესაბამისია.

კასატორი აღნიშნავს, რომ „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია, კონტროლი დააწესოს სანებართვო პირობების შესრულებაზე. ამ მიზნით შესაძლებელია, ნებისმიერ დროს შემოწმდეს ნებართვის მფლობელის მიერ ამ კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულების მდგომარეობა. შემოწმების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით. „აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) ადგილებზე და გარე პერიმეტრზე ვიდეომეთვალყურეობის სისტემებისა და მათი დამონტაჟება-ექსპლუატაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 29 აგვისტოს N1143 ბრძანებით დამტკიცებული წესი, რომელიც განსაზღვრავს აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) ადგილებზე და გარე პერიმეტრზე ვიდეომეთვალყურეობის სისტემებთან, მათ დამონტაჟება-ექსპლოატაციას და კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებს და რომლის მიხედვითაც აზარტული თამაშობების ადგილებია სამორინე და სათამაშო აპარატების სალონი, აღნიშნული წესი ასევე აღნიშნული წესი ასევე ადგენს, რომ აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების ორგანიზატორი აზარტულ და სხვა მომგებიანი თამაშობების დარბაზში, სალაროსთან, შემოსასვლელებში და გარე პერიმეტრზე ახდენს ამ წესის შესაბამისად განსაზღვრული ვიდეომეთვალყურეობის სისტემების დამონტაჟებას. ამასთან, ვიდეომეთვალყურეობის სისტემები აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების დარბაზში უნდა განთავსდეს ისეთი განლაგებით, რომ ერთდროულად მოიცვას დარბაზის მთელი სივრცე და შესაძლებელი იყოს დარბაზში მყოფი პირების ვიზუალურად დანახვა და იდენტიფიკაცია; ვიდეომეთვალყურეობის სისტემები აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების სალაროსთან უნდა განთავსდეს ისეთი განლაგებით, რომ შესაძლებელი იყოს სალაროსთან მისული პირების ვიზუალურად დანახვა და იდენტიფიკაცია; ვიდეომეთვალყურეობის სისტემები აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების შემოსასვლელებში უნდა განთავსდეს ისეთი განლაგებით, რომ შესაძლებელი იყოს ყველა შემსვლელი და გამსვლელი პირის ვიზუალური დანახვა და იდენტიფიკაცია; აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების შენობის გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული ვიდეომეთვალყურეობის სისტემით წარმოებული დაკვირვების ზონა სრულად უნდა მოიცავდეს ფეხით მოსიარულეთა გზის სავალი ნაწილის იმ მონაკვეთს, რომელზედაც განთავსებულია აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების შენობა. ამავე წესის მე-2 მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების ორგანიზატორი ვალდებულია აზარტულ და სხვა მომგებიანი თამაშობების დარბაზში, სალაროსთან და შემოსასვლელებში დამონტაჟებული სისტემით ვიდეოჩაწერა აწარმოოს მუშაობის მთელ პერიოდში, ხოლო გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული სისტემით ვიდეოჩაწერა - მუდმივად. ვიდეოჩაწერის შედეგად მიღებული მაგნიტური ლენტები (ელექტრონული ინფორმაცია), შესაბამისი ჩანაწერებით, არანაკლებ 30 დღისა უნდა ინახებოდეს სათანადოდ დაცულ ადგილზე და დასაბუთებული მოთხოვნისთანავე შესამოწმებლად უნდა წარედგინოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ან/და სხვა უფლებამოსილ პირს, ხოლო 71-ე პუნქტის მიხედვით, გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული ვიდეო მეთვალყურეობის სისტემით მიღებული მონაცემების (ინფორმაციის) ამოღება და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ან/და უფლებამოსილი პირისათვის გადაცემა შესაძლებელი უნდა იყოს ციფრული ვიდეო ჩამწერიდან (DVD, HDD, USB ან Ethernet ინტერფეისით). აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობის ორგანიზატორი ვალდებულია იქონიოს იმგვარი ტექნიკური უზრუნველყოფის საშუალებები, რომლებიც უზრუნველყოფენ ჩაწერილი ინფორმაციის გადატანას ინფორმაციის ელექტრონულ მატარებელზე გამოსახულების ხარისხის დანაკარგის გარეშე.

მითითებული წესი ადგენს, რომ აზარტული თამაშობის ორგანიზატორმა უნდა უზრუნველყოს ვიდეო მეთვალყურეობის სისტემით მიღებული ჩანაწერების ვიზუალურად ნახვის შესაძლებლობა. ამ მიზნით, აზარტული თამაშობის ორგანიზატორმა აზარტული თამაშობების ობიექტზე უნდა განათავსოს არანაკლებ ერთი მონიტორი, რომელიც მუდმივად იქნება მიერთებული ვიდეო მეთვალყურეობის სისტემასთან. უფლებამოსილ პირს მოთხოვნისთანავე დაუყოვნებლივ უნდა მიეცეს ვიდეო მეთვალყურეობის სისტემით მიღებული ჩანაწერების მონიტორზე ნახვის შესაძლებლობა. „აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების ნებართვის მფლობელ პირთა მიერ სანებართვო პირობების შესრულების შემოწმების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრების 2011 წლის 14 დეკემბრის N611-N1013 ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ი“, „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, შემოწმების განხორციელებისას შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილი პირი ამოწმებს აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობებისთვის (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) სპეციალურად მოწყობილი შენობა-ნაგებობის დარბაზში, სალაროსთან, შემოსასვლელში და გარე პერიმეტრზე დამონტაჟებულია თუ არა ვიდეო მეთვალყურეობის სისტემები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად; ტოტალიზატორის, ლოტოს, ბინგოს, სამორინესა და სათამაშო აპარატების სალონის დარბაზში, სალაროსთან და შემოსასვლელში ვიდეო ჩაწერა მიმდინარეობს თუ არა მუშაობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ხოლო გარე პერიმეტრზე – მუდმივად; ვიდეო ჩაწერის შედეგად მიღებული ელექტრონული მატარებლები შესაბამისი ჩანაწერებით ინახება თუ არა სათანადოდ დაცულ ადგილზე არანაკლებ 30 დღის ვადით; „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის თანახმად „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების ორგანიზატორი ვალდებულია სამორინე, სათამაშო აპარატების სალონი, აღჭურვოს დარბაზში, სალაროსთან, შემოსასვლელში და გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული ვიდეო მეთვალყურეობის სისტემით. ვიდეო მეთვალყურეობის სისტემა უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დადგენილ მოთხოვნებს. დარბაზში, სალაროსთან და შემოსასვლელში ვიდეო ჩაწერა უნდა მიმდინარეობდეს, სამორინეს და სათამაშო აპარატების სალონის მუშაობის მთელ პერიოდში, ხოლო გარე პერიმეტრზე – მუდმივად. ვიდეო ჩაწერის შედეგად მიღებული ელექტრონული მატარებლები, შესაბამისი ჩანაწერებით, არანაკლებ 30 დღისა უნდა ინახებოდეს სათანადოდ დაცულ ადგილზე და დასაბუთებული მოთხოვნისთანავე წარედგინება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ან/და სხვა უფლებამოსილ ორგანოებს...“.

შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2015 წლის 4 აგვისტოს N28870 ბრძანების შესაბამისად, ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვის მფლობელის შპს „...-ის“ (ს/ნ ...) მიერ კანონმდებლობით გათვალისწინებული სანებართვო პირობების შესრულების შემოწმების განხორციელებისას გამოვლინდა, რომ ორგანიზატორის მხრიდან სანებართვო პირობები კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით და ფარგლებით არ იყო შესრულებული. „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მომწყობ პირთა მიერ ამ კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა არის სანებართვო პირობების დარღვევა და გამოიწვევს მათ პასუხისმგებლობას „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის შესაბამისად.

კასატორი არ ეთანხმება სასამართლოს მსჯელობას მეწარმის არაბრალეულობასთან დაკავშირებით, რამდენადაც სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია არა ვიდეომეთვალყურეობის სისტემის დამონტაჟების ხარისხთან დაკავშირებით, არამედ იმიტომ, რომ ნებართვის მფლობელის მიერ დარღვეულია ვიდეო მეთვალყურეობის სისტემების მიერ ჩაწერილი ვიდეოჩანაწერის შენახვის ვადა და ეს დარღვევა ყველა შემთხვევაში მხოლოდ და მხოლოდ სწორედ რომ გადამხდელის განზრახი თუ არა გაუფრთხილებელი ქმედებით შეიძლება იქნეს გამოწვეული, რადგან ორგანიზატორი ვალდებულია აზარტულ და სხვა მომგებიანი თამაშობების დარბაზში, სალაროსთან და შემოსასვლელებში დამონტაჟებული სისტემით ვიდეო ჩაწერა აწარმოოს მუშაობის მთელ პერიოდში, გარე პერიმეტრზე კი მუდმივად, ხოლო ვიდეო ჩაწერის შედეგად მიღებული ელექტრონული მატარებლები, არანაკლებ 30 დღისა უნდა შეინახოს სათანადოდ დაცულ ადგილზე და დასაბუთებული მოთხოვნისთანავე წარუდგინოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ან/და სხვა უფლებამოსილ ორგანოებს, აღნიშნული სუბიექტს აკისრებს ვალდებულებას სათანადო გულისხმიერებით მიუდგეს ინფორმაციის შექმნისა (ჩაწერის) და მისი შენახვის პროცესს, რაც გულისხმობს ყველა საჭირო ზომის მიღებას (მაღალხარისხიანი და შესაბამისი გარანტიის მქონე ტექნიკური მოწყობილობით (ვიდეო სისტემის) მონტაჟი, სათადარიგო ტექნიკური აღჭურვილობის მონტაჟი და სხვა) სანებართვო პირობების (კანონით გათვალისწინებული ვალდებულების) შესასრულებლად. აღნიშნული ვალდებულების უგულებელყოფით ტოტალიზატორის ფუნქციონირება (მუშაობა) ცალსახად ადასტურებს ბრალის არსებობას, რაც მეწარმის მიმართ საჯარიმო სანქციის უპირობო გამოყენების საფუძველია.

კასატორი ასევე აღნიშნავს, რომ ანალოგიურ დავაზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ შპს „…“ საქმეზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება (საქმე N3/ბ-307-16), რომლითაც მათ მიერ მითითებული ზემოხსენებული გარემოებებისა და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელად იქნა დატოვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 27 დეკემბრის განჩინებით (საქმე Nბს-757-749(კ-16).

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 13 ივნისის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მიღებულ იქნა არსებითად განსახილველად; საქმის განხილვა დაინიშნა ზეპირი მოსმენის გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მათი შესწავლისა და ანალიზის, გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთებულობისა და წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების საფუძველზე მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც შპს „...-ის“ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ნებართვა არის ამ კანონით გათვალისწინებული, განსაზღვრული ან განუსაზღვრელი ვადით ქმედების განხორციელების უფლება, რომელიც უკავშირდება ობიექტს და ადასტურებს ამ განზრახვის კანონით დადგენილ პირობებთან შესაბამისობას. ამავე მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, ნებართვის მფლობელი არის პირი, რომელსაც ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე მინიჭებული აქვს უფლება, განახორციელოს ნებართვით განსაზღვრული ქმედება, ან სხვა ნებართვის მფლობელის მიერ გადაცემული აქვს სანებართვო ქმედების განხორციელების უფლება. მითითებული კანონის 24-ე მუხლის 39-ე პუნქტის თანახმად, ნებართვის ერთ-ერთი სახეა ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვა.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოში ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების ორგანიზებისა და ჩატარების სამართლებრივ საფუძვლებს ადგენს საქართველოს კანონი „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“. აღნიშნული კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ნებართვის გაცემას ექვემდებარება ტოტალიზატორის მოწყობა. კანონის 29-ე მუხლით დადგენილია ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების ორგანიზატორის ვალდებულებები. კერძოდ, მითითებული მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად, ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების ორგანიზატორი ვალდებულია შეასრულოს ამ კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით მისთვის დაკისრებული მოვალეობები; „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის საქმიანობის შეწყვეტამდე/განახლებამდე წერილობით აცნობოს შემოსავლების სამსახურს ამ საქმიანობის შეწყვეტის/განახლების თაობაზე; „ნ“ ქვეპუნქტის თანახმად, სამორინე, აზარტული კლუბი, სათამაშო აპარატების სალონი, ტოტალიზატორისათვის, ლოტოსა და ბინგოსათვის სპეციალურად მოწყობილი შენობა-ნაგებობები უზრუნველყოს მუდმივი დენის წყაროთი, აღჭურვოს დარბაზში, სალაროსთან, შემოსასვლელში და გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული ვიდეომეთვალყურეობის სისტემით. ვიდეომეთვალყურეობის სისტემა უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დადგენილ მოთხოვნებს. დარბაზში, სალაროსთან და შემოსასვლელში ვიდეოჩაწერა უნდა მიმდინარეობდეს ტოტალიზატორის, ლოტოს, ბინგოს, სამორინეს, აზარტული კლუბისა და სათამაშო აპარატების სალონის მუშაობის მთელ პერიოდში, ხოლო გარე პერიმეტრზე – მუდმივად. ვიდეოჩაწერის შედეგად მიღებული ელექტრონული მატარებლები, შესაბამისი ჩანაწერებით, არანაკლებ 30 დღისა უნდა ინახებოდეს სათანადოდ დაცულ ადგილზე და დასაბუთებული მოთხოვნისთანავე წარედგინება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ან/და სხვა უფლებამოსილ ორგანოებს. სალარო უნდა აღიჭურვოს ჯავშნიანი ფანჯრით და შესაბამის დაცვის სამსახურთან დამაკავშირებელი საგანგაშო სიგნალით. სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების“ მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ფუნქცია იყო აზარტული და მომგებიანი თამაშობების თითოეულ სახეობაზე ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შესრულების კონტროლი.

ამასთან, „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია, კონტროლი დააწესოს სანებართვო პირობების შესრულებაზე. ამ მიზნით შესაძლებელია, ნებისმიერ დროს შემოწმდეს ნებართვის მფლობელის მიერ ამ კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულების მდგომარეობა. შემოწმების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით. აღნიშნული კანონის 37-ე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მომწყობ პირთა მიერ ამ კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა არის სანებართვო პირობების დარღვევა და გამოიწვევს მათ პასუხისმგებლობას „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის შესაბამისად. საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 14 დეკემბრის №611-№1013 ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული „აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების ნებართვის მფლობელ პირთა მიერ სანებართვო პირობების შესრულების შემოწმების წესი“ (შემდეგში „შემოწმების წესი“) არეგულირებს „ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სანებართვო პირობების შესრულების შემოწმების წესს და პირობებს, განსაზღვრავს შემოწმების წესის განხორციელებაზე უფლებამოსილ პირებს და გამოვლენილ დარღვევებზე რეაგირების ფორმებს. „შემოწმების წესის“ მე-2 მუხლის მე- 3 პუნქტის მიხედვით, შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილი პირები ახორციელებენ „ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის ყველა მოთხოვნის და „ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშების მომწყობი (ორგანიზატორი) პირების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესისა და პირობების შესახებ“ დებულების და „სამორინეების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესისა და პირობების შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2004 წლის 28 ივლისის №94 ბრძანების მე-51და მე-61 მუხლების მოთხოვნების შესრულების შემოწმებას. „შემოწმების წესის“ მე-4 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით, შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილი პირის მიერ ნებართვის მფლობელის შემოწმება ხორციელდება სანებართვო პირობების შერჩევითი შემოწმების გზით. შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილი პირი შემოწმებას ახორციელებს „სანებართვო პირობების შესრულების შემოწმების შესახებ“ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.

დადგენილია, რომ მოსარჩელე შპს „...-ის“ მიმართ შემოსავლების სამსახურის ბრძანების საფუძველზე გაცემულია ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვა №19-05/116 (ობიექტის მდებარეობა: ქ. სენაკი, ... ქუჩა №166, შენობა №1, პირველი სართული, დარბაზი №2). აღნიშნულ პირზე ვრცელდება ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვით სარგებლობიდან წარმოშობილი ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმები და მის მიერ განხორციელებული ქმედებები შესაბამისობაში უნდა იყოს ზემოაღნიშნულ ნორმებთან.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, ნებართვის გამცემი კანონით დადგენილი წესით ახორციელებს კონტროლს ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შესრულებაზე. აღნიშნული კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შესრულებას აკონტროლებს ნებართვის გამცემი. ნებართვის გამცემი უფლებამოსილია განახორციელოს კონტროლი, თუ აღნიშნული ფუნქცია კანონმდებლობით სხვა ადმინისტრაციული ორგანოს კომპეტენციას არ განეკუთვნება. კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეიძლება ნებართვის გამცემის კონტროლს დაექვემდებაროს ასევე სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული მოთხოვნები და მათი დარღვევისას გამოყენებული იქნეს ამ კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ფორმები. იმავე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, ნებართვის გამცემი კონტროლს ახორციელებს მხოლოდ სანებართვო პირობების შესრულების შერჩევითი შემოწმებით. მე-6 პუნქტის თანახმად, ნებართვის გამცემი ვალდებულია შერჩევითი შემოწმების დასრულების შემდეგ შეადგინოს შესაბამისი შემოწმების აქტი, რომელიც შეიტანება ნებართვის გამცემის მიერ სპეციალურად ამისათვის წარმოებულ რეესტრში. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლი ითვალისწინებს პასუხისმგებლობას სანებართვო პირობების დარღვევისათვის. აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ნებართვის მფლობელის მიერ კანონით დადგენილი სანებართვო პირობების შეუსრულებლობა გამოიწვევს ნებართვის მფლობელის დაჯარიმებას კანონმდებლობით დადგენილი წესით. ჯარიმის ოდენობა განისაზღვრება კანონით. ნებართვის გამცემი განსაზღვრავს გონივრულ ვადას სანებართვო პირობების დაკმაყოფილებისათვის და დაადგენს იმ პირობებს, რომელთა დაცვაც აუცილებელია კონკრეტული ქმედების განხორციელებისათვის.

სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2015 წლის 4 აგვისტოს №28870 ბრძანება, რომლითაც გადაწყდა შპს „...-ის“ სანებართვო პირობების შერჩევითი შემოწმება, - აკმაყოფილებს „შემოწმების წესის“ მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ – „ლ“ ქვეპუნქტების მოთხოვნებს. ბრძანება არ არის გასაჩივრებული და ის იურიდიული ძალის მქონეა. „შემოწმების წესის“ მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით, შემოწმების განხორციელებისას შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილი პირი ამოწმებს ტოტალიზატორის, ლოტოს, ბინგოს, სამორინესა და სათამაშო აპარატების სალონის დარბაზში, სალაროსთან და შემოსასვლელში ვიდეოჩაწერა მიმდინარეობს თუ არა მუშაობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ხოლო გარე პერიმეტრზე – მუდმივად. „შემოწმების წესის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილი პირი შემოწმების დასრულების შემდეგ ადგენს აქტს, რომელშიც ამ ნორმით განსაზღვრულ სხვა გარემოებებთან ერთად მიეთითება შემოწმების შედეგები. მათ შორის: დარღვევის არსებობის შემთხვევაში - ჯარიმის ოდენობა და „ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისი მუხლი, რომელიც ადგენს პირის პასუხისმგებლობას კონკრეტული სამართალდარღვევისათვის; „შემოწმების წესის” მე-7 მუხლის პირველი პუნქტით, შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილი პირი შემოწმების აქტის საფუძველზე გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომელშიც ამ ნორმით განსაზღვრულ სხვა გარემოებებთან ერთად მიეთითება გამოვლენილი დარღვევების აღწერა „ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამის მუხლზე მითითებით; ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის სამართლებრივი საფუძველი საქართველოს კანონის შესაბამის მუხლზე მითითებით; კანონით გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობა და ჯარიმის გადასახდელად განსაზღვრულ სახელმწიფო ბიუჯეტის ერთიანი ანგარიშის სახაზინო კოდი. მე-7 მუხლის მე-2 პუნქტით, შემოწმების აქტის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განისაზღვრება სანებართვო პირობების გამოსწორების ვადა. აქტში მითითებული ვადის გასვლამდე დაუშვებელია იგივე ობიექტის იმავე მიზნით შემოწმება. „შემოწმების წესის“ მე-11 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილი პირის მიერ პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილ ვადაში ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების გამოუსწორებლობა გამოიწვევს დაკისრებული ჯარიმის გასამმაგებას. ნებართვის მფლობელს ჯარიმის დაკისრებისას ხელახლა განესაზღვრება ვადა და შესაბამისი პირობები დარღვეული სანებართვო პირობების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ გასამმაგებული ჯარიმის დაკისრების და დარღვეული სანებართვო პირობის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ არ იქნა უზრუნველყოფილი სანებართვო პირობების შესრულება, შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილ ვადაში, მაშინ დაკისრებული ჯარიმა გასამმაგდება.

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2015 წლის 4 აგვისტოს №28870 ბრძანების შესაბამისად განხორციელდა ტოტალიზატორის მოწყობის №19-05/116 ნებართვის მქონე შპს „...-ის“ მიერ კანონმდებლობით გათვალისწინებული სანებართვო პირობების შესრულების შემოწმება. შემოწმების ვადა განისაზღვრა 2015 წლის 5 აგვისტოდან - 2015 წლის 5 სექტემბრის ჩათვლით პერიოდი; 2015 წლის 09 აგვისტოს შედგა შემოწმების აქტი №398, რომლის თანახმად, შპს „...-ის“ მიერ დარღვეულია ვიდეომეთვალყურეობის სიტემების ვიდეოჩაწერის შედეგად მიღებული ჩანაწერების შენახვის ვადა. გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული ვიდეომეთვალყურეობის სისტემებით მიღებული ჩანაწერები ინახება 2015 წლის 21 ივლისის 19:16 საათიდან; 2015 წლის 11 აგვისტოს სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის №30019 ბრძანებით, შპს „...“ „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 371-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტისა და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად დაჯარიმდა 6000 ლარით. 2015 წლის 22 ივლისს შპს „...-მა“ შსს სამინისტროს შესაბამის ვებგვერდზე (comera.mia.gov.ge) გააკეთა განაცხადი, რომლითაც აცნობა, რომ ობიექტზე გარე მეთვალყურეობის კამერების ჩამწერი მოწყობილობა გამოვიდა მწყობრიდან, მოხდა შეკეთება, 30 დღის ჩანაწერი არ იყო, ჩაწერა მიმდინარეობდა 2015 წლის 21 ივლისის 19:16:41 საათიდან.

ამდენად, დადასტურებულია „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ” საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „ნ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის ფაქტი. „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის თანახმად, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მომწყობი პირების მიერ ამ კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა არის სანებართვო პირობების დარღვევა და გამოიწვევს პასუხისმგებლობას „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის შესაბამისად. ბრძანებაში მიეთითა ასევე, რომ შპს „...“ (ს/ნ ...) ვალდებულია არ დაუშვას მომავალში „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი სანებართვო პირობების განმეორებით დარღვევა. სანებართვო პირობების შეუსრულებლობა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად გამოიწვევს დაკისრებული ჯარიმის გასამმაგებას.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 29 აგვისტოს №1143 ბრძანებით დამტკიცებული „აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) ადგილებსა და გარე პერიმეტრზე ვიდეომეთვალყურეობის სისტემებისა და მათი დამონტაჟება-ექსპლოატაციის წესი“ (შემდეგში „დამონტაჟება-ექსპლუატაციის წესი“) განსაზღვრავს აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) ადგილებსა და გარე პერიმეტრზე ვიდეომეთვალყურეობის სისტემებთან, მათ დამონტაჟება-ექსპლოატაციასთან და კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებს. პირველი მუხლის მე-2 პუნქტით, აზარტული თამაშობების ადგილებია: სამორინე და სათამაშო აპარატების სალონი, ხოლო სხვა მომგებიანი თამაშობების ადგილებია: ტოტალიზატორი, ლოტო და ბინგო. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების ორგანიზატორი აზარტულ და სხვა მომგებიანი თამაშობების დარბაზში, სალაროსთან, შემოსასვლელებში და გარე პერიმეტრზე ახდენს ამ წესის შესაბამისად განსაზღვრული ვიდეომეთვალყურეობის სისტემების დამონტაჟებას. ამავე წესის მე-2 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების ორგანიზატორი ვალდებულია აზარტულ და სხვა მომგებიანი თამაშობების დარბაზში, სალაროსთან და შემოსასვლელებში დამონტაჟებული სისტემით ვიდეოჩაწერა აწარმოოს მუშაობის მთელ პერიოდში, ხოლო გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული სისტემით ვიდეოჩაწერა - მუდმივად. ვიდეოჩაწერის შედეგად მიღებული მაგნიტური ლენტები (ელექტრონული ინფორმაცია), შესაბამისი ჩანაწერებით, არანაკლებ 30 დღისა უნდა ინახებოდეს სათანადოდ დაცულ ადგილზე და დასაბუთებული მოთხოვნისთანავე შესამოწმებლად უნდა წარედგინოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ან/და სხვა უფლებამოსილ პირს.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კანონი არის კანონმდებლის მიზნის განხორციელების საშუალება და ის უნდა განიმარტოს კანონმდებლის მიზნისა და მისი განხორციელების შესაძლებლობის ფარგლებში, რა დროსაც უნდა დადგინდეს კანონმდებლის ნება. კანონის განმარტება ემყარება გარკვეულ პრინციპებს: ობიექტურობის პრინციპს, რაც გულისხმობს, რომ განმარტება უნდა ეფუძნებოდეს კანონის ტექსტს და გამოხატავდეს კანონმდებლის ნებას; ერთიანობის პრინციპს - ყოველი ნორმა წაკითხულ უნდა იქნეს სისტემურად, კანონის ტექსტის ლოგიკურ ჭრილში; გენეტიკური განმარტების პრინციპს _ გათვალისწინებულ უნდა იქნეს კანონმდებლის მიზანი და განზრახულობა. ამდენად, კანონი უნდა განიმარტოს აღნიშნული პრინციპების დაცვით. ნორმის, მისი ფაქტობრივი ელემენტებისა და სამართლებრივი შედეგის დაკონკრეტება ხორციელდება ნორმაში გამოყენებული ცნებების განმარტების გზით, რისი საშუალებითაც ხდება სამართლებრივი ნორმის ინტერპრეტაცია და მისი შინაარსის განსაზღვრა. ამდენად, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 29 აგვისტოს N1143 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის მე-6 პუნქტის დანაწესიდან გამომდინარე, შესაბამისი სუბიექტის ვალდებულებას წარმოადგენს მუშაობის მთელ პერიოდში აწარმოოს ვიდეოჩაწერა - მომგებიანი თამაშობების დარბაზში, სალაროსთან და შემოსასვლელებში. განსხვავებული წესია დადგენილი გარე პერიმეტრზე ვიდეოკონტროლისთვის, რაც ვიდეოჩაწერის მუდმივ რეჟიმში განხორციელებას გულისხმობს.

განსახილველ შემთხვევაში სადავოა მომგებიანი თამაშობების გარე პერიმეტრზე ვიდეოკონტროლის (ვიდეოჩაწერის) წესის (სანებართვო პირობის) დაცვის (შესრულების) საკითხი. როგორც ზემოთ აღინიშნა, მომგებიანი თამაშობების გარე პერიმეტრზე ვიდეოჩაწერის ვალდებულება არსებობს მუდმივად. შესაბამისად, ორგანიზატორი ვალდებულია უზრუნველყოს თამაშობების გარე პერიმეტრზე ვიდეოჩაწერის უწყვეტობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ითვლება, რომ ის არ ასრულებს კანონით დაკისრებულ ვალდებულებას (სანებართვო პირობას), რაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას წარმოადგენს და იწვევს შესაბამის პასუხისმგებლობას. სამართალდარღვევას წარმოადგენს სანებართვო პირობების შეუსრულებლობა - რაც განსახილველ შემთხვევაში სახეზეა, რამდენადაც ტოტალიზატორის გარე პერიმეტრზე ვიდეოჩაწერა არ მიმდინარეობდა მუდმივად.

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ზ. ხ-მ განმარტა, რომ მას დაუკავშირდა ბ. თ. და თხოვა სასწრაფოდ დახმარება. შემოწმებისას დადგინდა, რომ ჩამწერი მოწყობილობის „ვინჩესტერი“ იყო დაზიანებული და მისი შეცვლა მოხდა დაუყოვნებლივ. მოწმის განმარტებით დაზიანების მიზეზი სხვადასხვა გარემოება შეიძლება ყოფილიყო, მათ შორის ელექტროენერგიის ძაბვის ცვალებადობა. მოცემულ შემთხვევაში დაზიანების მიზეზების კვლევა არ მომხდარა, ვინაიდან ბ. თ. ითხოვდა დაუყოვნებლივ აღდგენას. იმის გათვალისწინებით, რომ „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტი თამაშობების ორგანიზატორს ავალდებულებს შენობა-ნაგებობა უზრუნველყოს მუდმივი დენის წყაროთიც. სასამართლოს არ გააჩნია კანონით გათვალისწინებული შესაძლებლობა იმსჯელოს ზემოაღნიშნული გარემოების პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად მიჩნევის თაობაზე. მით უფრო იმ პირობებში, როდესაც ჩამწერი მოწყობილობის მწყობრიდან გამოსვლის კონკრეტული - უტყუარი საფუძველი სასამართლოსთვის ცნობილი არ არის.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების მიზანი კანონიერი გადაწყვეტილების მიღებაა, რომლის უზრუნველსაყოფად იგი ორ მნიშვნელოვან საფეხურს შეიცავს: 1. საქმის ირგვლივ ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევა - დადგენა - შეფასება; 2. დადგენილი ფაქტების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე ქმედების კვალიფიკაცია. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას, რომ სახეზე არ არის შპს „...-ის“ ბრალი სამართალდარღვევის ჩადენაში და განმარტავს, რომ სამართალდარღვევა გაუფრთხილებლობით ჩადენილად ჩაითვლება თუ მისი ჩამდენი ითვალისწინებდა თავისი მოქმედების ან უმოქმედობის მავნე შედეგების დადგომის შესაძლებლობას, მაგრამ ქარაფშუტულად ვარაუდობდა მათ თავიდან აცილებას ან არ ითვალისწინებდა ასეთი შედეგების დადგომის შესაძლებლობას, თუმცა უნდა გაეთვალისწინებინა ისინი (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-12 მუხლი). მიუხედავად იმისა, რომ საგადასახადო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს რაიმე სპეციალურ წესს, თუ როგორ უნდა მოიქცეს თამაშობების ორგანიზატორი ტექნიკური საშუალების (ვიდეოჩამწერი მოწყობილობის) დაზიანების შემთხვევაში, ის გარემოება, რომ ორგანიზატორი ვალდებულია აზარტულ და სხვა მომგებიანი თამაშობების გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული სისტემით ვიდეოჩაწერა აწარმოოს მუდმივად, ხოლო ვიდეოჩაწერის შედეგად მიღებული მაგნიტური ლენტები (ელექტრონული ინფორმაცია), შესაბამისი ჩანაწერებით, არანაკლებ 30 დღისა შეინახოს სათანადოდ დაცულ ადგილზე და დასაბუთებული მოთხოვნისთანავე შესამოწმებლად წარუდგინოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ან/და სხვა უფლებამოსილ პირს - სუბიექტს აკისრებს ვალდებულებას სათანადო გულისხმიერებით მიუდგეს ინფორმაციის შექმნისა (ჩაწერა) და მისი შენახვის პროცესს, რაც გულისხმობს ყველა საჭირო ზომის მიღებას (მაღალხარისხიანი და შესაბამისი გარანტიის მქონე ტექნიკური მოწყობილობის (ვიდეოსისტემის) მონტაჟი, სათადარიგო ტექნიკური აღჭურვილობის მონტაჟი და სხვა) სანებართვო პირობების (კანონით გათვალისწინებული ვალდებულების) შესასრულებლად. აღნიშნული ვალდებულების უგულებელყოფით ტოტალიზატორის ფუნქციონირება (მუშაობა) ადასტურებს ბრალის არსებობას, რაც მეწარმე სუბიექტის მიმართ საჯარიმო სანქციის გამოყენების საფუძველია.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საკასაციო სასამართლოს პრაქტიკაზე, რომლითაც განმარტებულია, რომ „საგადასახადო სამართალდარღვევა განეკუთვნება ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა სპეციფიკურ სახეს, შესაბამისად, მის მიმართ სრულად ვრცელდება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემადგენლობის მოთხოვნები. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო ეყრდნობა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საქმეზე №ბს-544-535(კ-12) მიღებულ 2013 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებულ სამართლებრივ შეფასებებსა და სასამართლო დასკვნებს, კერძოდ: საკასაციო სასამართლო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-10 მუხლის, რომელშიც დეფინირებულია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ცნება, განმარტავს: ქმედება, რომლითაც გამოხატულია პოზიტიური თუ ნეგატიური ფორმით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად (გადაცდომად) კვალიფიცირდება თუ სახეზეა შემდეგი ერთობლიობა: სახელმწიფო ან საზოგადოებრივი წესრიგის, საკუთრების, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების, მმართველობის დადგენილი წესის ხელმყოფი მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული (განზრახი ან გაუფრთხილებელი) მოქმედება ან უმოქმედობა, რომლისთვისაც კანონმდებლობით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. ამავე კოდექსით განსაზღვრულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის გამომრიცხველი გარემოებები: 1. ადმინისტრაციული ქმედუნარიანობა (მუხლი 13); 2. აუცილებელი მოგერიება (მუხლი 18); 3. უკიდურესი აუცილებლობა (მუხლი 19); 4. შეურაცხადობა (მუხლი 20). ადმინისტრაციული სახდელის შემფარდებელი ადმინისტრაციული ორგანოების მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემთხვევის გამოვლენისას საქმის ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევა, დადგენა, შემთხვევის მონაწილის სამართალდამრღვევად მიჩნევა, ადეკვატური სამართლებრივი კვალიფიკაციის მოხდენა და სამართალდამრღვევისთვის სანქციის შეფარდება აუცილებლად მოიცავს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის გამომრიცხველი გარემოებების, ისევე, როგორც ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ ან დამამძიმებელ გარემოებათა გამოკვლევა-დადგენასა და შეფასებას. სწორედ, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის გამომრიცხველი გარემოებების არარსებობის პირობებში შეიძლება პირს შეეფარდოს ადმინისტრაციული სახდელი, რომლის დადების ზოგადი წესების თანახმად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის სახდელი დაედება იმ ნორმატიული აქტით დაწესებულ ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის ამ კოდექსის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ სხვა აქტების ზუსტი შესაბამისობით (მუხლი 33.1). ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით სახდელის დადებისას შეფასების საგანს წარმოადგენს ჩადენილი სამართალდარღვევის ხასიათი, დამრღვევის პიროვნება, მისი ბრალის ხარისხი, ქონებრივი მდგომარეობა, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებანი. აღნიშნული ნორმის საფუძველზე საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის სახდელის დადება უნდა განხორციელდეს ადმინისტრაციული სამართლის უმნიშვნელოვანესი პრინციპის - კანონიერების პრინციპის ზედმიწევნით დაცვის საფუძველზე.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებული დასკვნა არ გამომდინარეობს მის მიერ მითითებული ზემოაღნიშნული სამართლებრივი დასაბუთებიდან. რამდენადაც, მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2015 წლის 21 აპრილის №12608 ბრძანებით შპს „...“ „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სანებართვო პირობების დარღვევისათვის დაჯარიმდა 2 000 ლარით, დამრღვევს განესაზღვრა ვადა დარღვევის გამოსასწორებლად, მიუხედავად აღნიშნულისა სანებართვო პირობების შერჩევითი შემოწმების შედეგების შესახებ 2015 წლის 9 აგვისტოს შედგენილი №398 შემოწმების აქტის თანახმად დადგინდა, რომ დარღვევას კვლავ ჰქონდა ადგილი, რადგან გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული ვიდეომეთვალყურეობის სისტემებით მიღებული ჩანაწერები ინახებოდა 2015 წლის 21 ივლისის 19:16 საათიდან, რის გამოც 2015 წლის 11 აგვისტოს №30019 ბრძანებით შპს „...“ დაჯარიმდა გასამმაგებული ოდენობით - 6 000 ლარით.

საქმეზე დადგენილია, რომ შპს „...-ის“ მხრიდან არ იყო შესრულებული 2015 წლის 21 აპრილის №12608 ბრძანებით დადგენილი ვალდებულება - არ დაეშვა მომავალში „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი სანებართვო პირობების განმეორებით დარღვევა, რაც დეპარტამენტის მითითებით, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამოიწვევდა დაკისრებული ჯარიმის გასამმაგებას. ამრიგად, მოცემულ შემთხვევაში, არსებობდა შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2015 წლის 11 აგვისტოს №30019 ბრძანების გამოცემისა და კომპანიისათვის ჯარიმის სახით 6000 ლარის დაკისრების საფუძველი.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერსს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მეორე ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2015 წლის 11 აგვისტოს №30019 ბრძანება გამოცემულია კანონის სრული დაცვით, ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებულ აქტის ბათილად ცნობის საფუძვლებს, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან. სადავო გადაწყვეტილება მიღებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის საფუძველზე, აგრეთვე დაცულია ადმინისტრაციული აქტის მომზადებისა და გამოცემისთვის კანონმდებლობით დადგენილი წესი.

იმ პირობებში, როდესაც სასამართლოს კანონიერად მიაჩნია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2015 წლის 11 აგვისტოს №30019 ბრძანება, ასევე კანონიერია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 22 სექტემბრის №35442 ბრძანება შპს „...-ის“ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 13 ივლისის განჩინება;

3. შპს „...-ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

4. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე