№ბს-786-782(კ-17) 7 დეკემბერი, 2017 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ... საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2016 წლის 4 ოქტომბერს ... სასარჩელო განცხადებით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის - სსიპ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენის №1 საჯარო სკოლის მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისთვის სხვა პირის პერსონალური მონაცემების დაცვით ელექტრონული ფორმით, ადმინისტრაციულ ორგანოში დაცული შემდეგი საჯარო ინფორმაციის გაცემის დავალება: ა)2011, 2012, 2013, 2014, 2015, 2016 წლებში გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების ასლები; ბ) 2011, 2012, 2013, 2014, 2015, 2016 წლებში გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების შესრულების ანგარიშები, მიღება-ჩაბარების აქტების და მომსახურეობის ღირებულების ანაზღაურების დოკუმენტების ასლები; გ) 2011, 2012, 2013, 2014, 2015, 2016 წლებში სკოლის დირექტორის მიერ გაცემული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების (ბრძანება, ოქმი, აქტი, წერილი) ასლები; დ) 2011, 2012, 2013, 2014, 2015, 2016 წლებში სკოლის ადმინისტრაციის, ასევე სკოლის პედაგოგთა და დამხმარე პერსონალის უფლებებისა და სამსახურებრივი მოვალეობების განაწილების, საათობრივი დატვირთვის შესახებ შესაბამისი სამართლებრივი აქტების ასლები; ე) 2011, 2012, 2013, 2014, 2015, 2016 წლებში მიღებული ფინანსური შემოსავლების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები (ხელშეკრულებები, მიღება-ჩაბარების აქტები ან/და სალაროს შემოსავლის ორდერები); ვ) 2011, 2012, 2013, 2014, 2015, 2016 წლებში გამოცხადებული ტენდერების სატენდერო დოკუმენტაცია; ზ) 2011, 2012, 2013, 2014, 2015, 2016 წლებში სამეურვეო და პედაგოგიური საბჭოს სხდომის ოქმების ასლები; თ) 2011, 2012, 2013, 2014, 2015, 2016 წლებში მოსწავლეთა თვითმმართველობის სხდომის ოქმების ასლები; ი) 2011, 2012, 2013, 2014, 2015, 2016 წლებში დამტკიცებული შესყიდვების გეგმების ასლები; კ) 2011, 2012, 2013, 2014, 2015, 2016 წლებში გამოცხადებული კონკურსების (შრომითი პერსონალის და თანამშრომლების მიღების თაობაზე) დოკუმენტების ასლები; ლ) 2011, 2012, 2013, 2014, 2015, 2016 წლებში სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის შემადგენლობის არჩევის/გადარჩევის დოკუმენტების ასლები; მ)სკოლის შენობა-ნაგებობის უზურფრუქტით მიღების თაობაზე არსებული შესაბამისი ხელშეკრულებების ასლი; ნ) 2013 და 2016 წლების ანგარიში საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის „ინფორმაციის თავისუფლების“ თავით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების თაობაზე; ო) სკოლის წესდების ასლი; პ) 2011, 2012 და 2013, 2016 წლების სამეურვეო საბჭოს სხდომის ოქმების ასლები.
სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების შედეგად მოსარჩელემ საბოლოოდ მოითხოვა სსიპ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენის №1 საჯარო სკოლისთვის ქმედების განხორციელების დავალება, კერძოდ, სხვა პირის პერსონალური მონაცემების დაცვით ელექტრონული ფორმით, ადმინისტრაციულ ორგანოში დაცული 2011, 2012, 2013, 2014, 2015, 2016 წლებში დამტკიცებული შესყიდვების გეგმების ასლების გაცემა. ასევე მოითხოვა მოპასუხისათვის წარმომადგენლის დახმარების გამო გაწეული ხარჯების - 550 ლარის ანაზღაურების დაკისრება.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით … სარჩელი დაკმაყოფილდა; სსიპ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენის №1 საჯარო სკოლას დაევალა უზრუნველყოს ... მიერ გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის 2011, 2012, 2013, 2014, 2015, 2016 წლებში დამტკიცებული შესყიდვების გეგმების ასლების ელექტრონულად გაცემა. ა(ა)იპ … მოთხოვნა წარმომადგენლობითი მომსახურების ხარჯის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ..., რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარჩელის დაუკმაყოფილებლობის ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილებით … სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სსიპ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენის №1 საჯარო სკოლას … სასარგებლოდ დაეკისრა ამ უკანასკნელის მიერ წარმომადგენლისათვის გაწეული ხარჯის - 50 ლარის ანაზღაურება; დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ..., რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად იმსჯელა წარმომადგენლის დახმარების გამო გაწეული ხარჯების ანაზღაურების ნაწილში და ასევე არასწორად განმარტა კანონი „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“.
კასატორის განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლით განსაზღვრულია ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობის გამოთვლის წესი, რომელიც უნდა იყოს გონივრული და შეესაბამებოდეს დავის საგნის ღირებულებას. კერძოდ, დადგენილია, რომ ქონებრივი დავის დროს ადვოკატი მიიღებს ანაზღაურებას დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტამდე ოდენობით, ხოლო არაქონებრივი დავის დროს განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით ადვოკატი მიიღებს ანაზღაურებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან - 2000 ლარამდე ოდენობით. ამრიგად, მითითებული ნორმა განსაზღვრავს მხარის მიერ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების იმ ოდენობის მაქსიმუმს, რომელიც შეიძლება დაეკისროს მეორე მხარეს ქონებრივი და არაქონებრივი დავის დროს. ამ მაქსიმუმის ფარგლებში სასამართლოს შეუძლია, თავისი შეხედულებით, გონივრულ ფარგლებში განსაზღვროს წარმომადგენლობის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობა, რომელიც მეორე მხარეს უნდა დაეკისროს. იმისათვის, რომ მხარისათვის მისი დაკისრება მოხდეს, აუცილებელია, შეფასება მიეცეს ამგვარი ხარჯის გაწევის აუცილებლობას და საჭიროებას, პირის სამართლებრივ მდგომარეობას, რომელიც ამგვარი ხარჯის ანაზღაურებას მოითხოვს ე.ი. უნდა შეფასდეს ფაქტობრივი საფუძველი, რაც განაპირობებს წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურების აუცილებლობას, მით უფრო იმ ოდენობით, რომელსაც მხარე მოითხოვს. საკითხისადმი ამგვარი მიდგომა ქმნის, როგორც წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობის ხელოვნურად გაზრდის დაბრკოლებას, ასევე, კანონისმიერი ბოჭვის ფარგლებში აქცევს (ზღუდავს) სამართალწარმოების ხარჯზე, მეორე მხარისაგან სარგებლის მიღების შესაძლებლობას, რაც იცავს იმ მხარის ინტერესებს, რომელსაც ამ ხარჯის ანაზღაურება უნდა დაეკისროს.
კასატორის მითითებით, საქმეში წარმოდგენილია მინდობილობები, რომლითაც ა(ა)იპ … რწმუნებულებას აძლევს სამართლებრივი დახმარების ცენტრს (წარმომადგენელი გ. ტ-ი) დაიცვას ა(ა)იპ-ის ინტერესები სასამართლოში. ამასთან, წარმოდგენილია ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტები და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რითაც დასტურდება თანხის გადახდა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 28 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ... საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ... საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ გასაჩივრებული ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილებით სსიპ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენის №1 საჯარო სკოლას ... სასარგებლოდ დაეკისრა ამ უკანასკნელის მიერ წარმომადგენლისათვის გაწეული ხარჯის - 50 ლარის ანაზღაურება.
აღსანიშნავია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ..., რომელმაც გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოპასუხისთვის მის მიერ წარმომადგენლის დახმარების გამო გაწეული ხარჯის - 550 ლარის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა, ხოლო სსიპ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენის №1 საჯარო სკოლას სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია.
ამდენად, მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს თავად წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურების დაკისრების საფუძვლიანობაზე, ვინაიდან აღნიშნული გადაწყვეტილება სსიპ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენის №1 საჯარო სკოლას არ გაუსაჩივრებია.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ა(ა)იპ ... თავმჯდომარე - გ. ტ-ი და სამართლებრივი დახმარების ცენტრის წარმომადგენელი - გ. ტ-ი ერთი და იგივე პიროვნებაა. ამასთან, საქმეში წარმოდგენილია ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომლის თანახმად, გ. ტ-ი .... ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს წარმოადგენს.
განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო სასამართლო შეზღუდულია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფარგლებით, ძალაში უნდა დარჩეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება სსიპ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენის №1 საჯარო სკოლისთვის ... სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ წარმომადგენლისათვის გაწეული ხარჯის - 50 ლარის ანაზღაურების დაკისრების თაობაზე.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ... საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი