Facebook Twitter

საქმე #330310016001571758

#ბს-807-803(კს-17) 7 დეკემბერი, 2017 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ვასილ როინიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) _ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელეები) _ ლ. კ-ე, გ. პ-ი, ხ. პ-ი

მესამე პირი - ახალგორის მუნიციპალიტეტის ბოლის თემის ტერიტორიული ორგანო

დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 31 ივლისის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2016 წლის 26 ოქტომბერს ლ. კ-ემ, გ. პ-მა და ხ. პ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიმართ.

მოსარჩელეებმა ლ. კ-ისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 22 სექტემბრის #2826 ბრძანების, გ. პ-ისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 22 სექტემბრის #2827 ბრძანების, ხ. პ-ისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 22 სექტემბრის #2825 ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსთვის ლ. კ-ისათვის, ხ. პ-ისა და გ. პ-ისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის დავალება და 2014 წლის ნოემბრიდან ყოველთვიურად 45 ლარის ოდენობით ზიანის სახით მიუღებელი დევნილის შემწეობის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 თებერვლის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა ახალგორის მუნიციპალიტეტის ბოლის თემის ტერიტორიული ორგანო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 4 მაისის გადაწყვეტილებით ლ. კ-ის, ხ. პ-ისა და გ. პ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 22 სექტემბრის #2826 ბრძანება ლ. კ-ისათვის იძულებით გადაადგილებული პირის (დევნილის) სტატუსის აღდგენაზე უარის თქმის შესახებ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 22 სექტემბრის #2827 ბრძანება გ. პ-ისათვის იძულებით გადაადგილებული პირის (დევნილის) სტატუსის აღდგენაზე უარის თქმის შესახებ და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 22 სექტემბრის #2825 ბრძანება ხ. პ-ისათვის იძულებით გადაადგილებული პირის (დევნილის) სტატუსის აღდგენაზე უარის თქმის შესახებ; მოპასუხეს კანონით დადგენილ ვადაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა დაევალა, რომლითაც მოსარჩელეებს - ლ. კ-ეს, გ. პ-ს და ხ. პ-ს აღუდგებოდათ იძულებით გადაადგილებული პირის (დევნილის) სტატუსი; მოპასუხეს მოსარჩელეთა სასარგებლოდ მიუღებელი დევნილის შემწეობის ანაზღაურება დაევალა, მისი შეწყვეტიდან აღდგენამდე სრული პერიოდისათვის.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 4 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 31 ივლისის განჩინებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 4 მაისის გადაწყვეტილებაზე, დარჩა განუხილველი.

სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისთვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისთვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-12 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, გასაჩივრების ვადის დინება დაიწყება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პროცესის მონაწილე პირს სასამართლო აქტით განემარტა გასაჩივრების შესაძლებლობა, სასამართლო, სადაც შეიძლება გასაჩივრება, მისი ადგილმდებარეობა, გასაჩივრების ვადა და წესი. თუ მხარეს არ ეცნობა გასაჩივრების უფლების შესახებ ან ეცნობა ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული რომელიმე მოთხოვნის დარღვევით, მაშინ გასაჩივრება შეიძლება სასამართლოს აქტის გამოტანიდან ერთი წლის განმავლობაში.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. ამავე კოდექსის მე-60 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით. წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე, ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. ამავე კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში − ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით. წარმომადგენელი ვალდებულია უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს.

სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 4 მაისის გადაწყვეტილებით მხარეებს განემარტათ მისი გასაჩივრების ვადა და წესი. ხოლო საქმეში არსებული შეტყობინების მიხედვით, აღნიშნული გადაწყვეტილება ჩაბარდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2017 წლის 5 ივლისს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 4 მაისის გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ წარდგენილ იქნა 2017 წლის 20 ივლისს.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი შეფასებების გათვალისწინებით, კერძოდ, იმის გათვალისწინებით, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 4 მაისის გადაწყვეტილება ადრესატს ჩაბარდა 2017 წლის 5 ივლისს, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ გასაჩივრების ვადა დაიწყო 2017 წლის 6 ივლისს, რომელიც დასრულდა 2017 წლის 19 ივლისს, 24 საათზე, ხოლო სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 4 მაისის გადაწყვეტილებაზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ წარდგენილ იქნა 2017 წლის 20 ივლისს.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ აპელანტის მიერ გაშვებულია სააპელაციო საჩივრის სასამართლოში წარდგენის კანონით დადგენილი ვადა (თოთხმეტი დღე), რომლის გაგრძელება არ შეიძლება, რის გამოც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 4 მაისის გადაწყვეტილებაზე დატოვებულ იქნა განუხილველად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 31 ივლისის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება მოითხოვა.

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ სათანადოდ არ გამოიკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოება. კერძოდ ის, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ჩაბარდათ არა 2017 წლის 5 ივლისს, არამედ 2017 წლის 6 ივლისს, რაც დასტურდება სამინისტროში გადაწყვეტილების ჩაბარების მომენტში საქმისწარმოების სამმართველოს თანამშრომლის მიერ შესულ დოკუმენტზე დასმული შტამპით. შესაბამისად, სამინისტროს მიერ არ დარღვეულა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369.1 მუხლის მოთხოვნა, ვინაიდან გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყო 2017 წლის 7 ივლისს და ამოიწურა 2017 წლის 20 ივლისს 24 საათზე.

ამასთან, სამინისტროს განმარტებით, მოცემული გადაწყვეტილების გატარების თარიღად 2017 წლის 6 ივლისის მითითება არის მხოლოდ და მხოლოდ შესაბამისი განყოფილების თანამშრომლის ტექნიკური შეცდომა. დოკუმენტი შემთხვევით შერეულ იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოდან 6 ივლისს შესულ კორესპონდენციაში, რასაც ამტკიცებს ის გარემოება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 4 მაისის გადაწყვეტილების რეგისტრაციის ნომრის წინა და შემდგომი დავალებები ნომრებით რეგისტრირებულია სამინისტროში შესული ის კორესპონდენცია, რომელიც სამინისტროს ჩაბარდა 2017 წლის არა 5, არამედ - 6 ივლისს. აღნიშნული ტექნიკური ცდომილების წინასწარგანზრახული ინტერესი არ არსებობდა, ეს იყო მხოლოდ შემთხვევითი ტექნიკური შეცდომა.

ზემოხსენებული გარემოებების დასადასტურებლად, კერძო საჩივრის ავტორს წარმოდგენილი აქვს სამინისტროს კანცელარიის ჩანაწერები და ელექტრობრუნვის ამონაწერები თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 4 მაისის გადაწყვეტილების რეგისტრაციის ნომრის წინა და შემდგომი ნომრებით გატარებული კორესპონდენციების შესახებ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 28 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს კერძო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

საკასაციო სასამართლოს მითითებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 31 ივლისის განჩინებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 4 მაისის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი, იმ მოტივით, რომ აპელანტის მიერ გაშვებული იყო სააპელაციო საჩივრის სასამართლოში წარდგენის კანონით დადგენილი ვადა.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 4 მაისის გადაწყვეტილება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ჩაბარდა 2017 წლის 5 ივლისს, რაც დასტურდება საქმეში არსებული შეტყობინებით, ხოლო აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ წარდგენილ იქნა 2017 წლის 20 ივლისს, 14-დღიანი ვადის დარღვევით.

აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება სადავოდ გახადა კერძო საჩივრის ავტორმა, რომლის მტკიცებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 4 მაისის გადაწყვეტილების შემცველი გზავნილი სამინისტროს ჩაბარდა არა 2017 წლის 5 ივლისს, არამედ 2017 წლის 6 ივლისს, რაც კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, დასტურდება სამინისტროში საქმისწარმოების სამმართველოს თანამშრომლის მიერ შესულ დოკუმენტზე დასმული შტამპით.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ კერძო საჩივრის ავტორი კერძო საჩივარში მიუთითებს, რომ მოცემული გადაწყვეტილების გატარების თარიღად 2017 წლის 6 ივლისის მითითება არის მხოლოდ და მხოლოდ შესაბამისი განყოფილების თანამშრომლის ტექნიკური შეცდომა. დოკუმენტი შემთხვევით შერეულ იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოდან 6 ივლისს შემოსულ კორესპონდენციაში, რასაც ამტკიცებს ის გარემოება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 4 მაისის გადაწყვეტილების რეგისტრაციის ნომრის წინა და შემდგომი დავალებები ნომრებით რეგისტრირებულია სამინისტროში შესული ის კორესპონდენცია, რომელიც სამინისტროს ჩაბარდა 2017 წლის არა 5, არამედ - 6 ივლისს. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, აღნიშნული ტექნიკური ცდომილების წინასწარგანზრახული ინტერესი არ არსებობდა, ეს იყო მხოლოდ შემთხვევითი ტექნიკური შეცდომა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში; ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადების გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების შესაბამისად.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად, ხოლო მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტულურ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში - ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. მოქალაქეს ან ორგანიზაციას სასამართლო უწყება შესაძლოა ასევე გადაეცეს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესით. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში უწყების ჩაბარება დასტურდება მის მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

საკასაციო სასამარტლო მიუთითებს საქმეში არსებულ შეტყობინებაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსთვის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 4 მაისის გადაწყვეტილების ჩაბარების შესახებ, რომლის მიხედვით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მითითებული გადაწყვეტილება ჩაბარდა 2017 წლის 5 ივლისს.

ამასთან, მართალია, კერძო საჩივრის ავტორის მიერ საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი მასალების მიხედვით თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 4 მაისის გადაწყვეტილების შემცველი გზავნილი სამინისტროში გატარებულია 2017 წლის 6 ივლისს, თუმცა კერძო საჩივრის ავტორიც ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მითითებული გზავნილის 6 ივლისს გატარება შესაბამისი განყოფილების ტექნიკური შეცდომის შედეგად მოხდა.

ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ სამინისტრო კერძო საჩივრით სადავოდ ხდის მათთვის გზავნილის ჩაბარების თარიღს, კერძო საჩივარში მოყვანილი განმარტებებით თავადვე ადასტურებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას - სამინისტროსთვის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 4 მაისის გადაწყვეტილების შემცველი გზავნილის 2017 წლის 5 ივლისს ჩაბარების ფაქტს.

ამდენად, საქმის მასალებით დგინდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 4 მაისის გადაწყვეტილების შემცველი გზავნილი სამინისტროს ჩაბარდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაცვით, ხოლო ის გარემოება, რომ სამინისტროს შესაბამისმა განყოფილებამ გზავნილი ტექნიკური შეცდომის საფუძველზე არასწორი თარიღით გაატარა, ვერ გახდება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილით იმპერატიულად განსაზღვრული სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადის გაგრძელების/აღდგენის საფუძველი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების შესაბამისად, დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის - ამ შემთხვევაში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსთვის ჩაბარება, ხოლო სამინისტროს შიდა განყოფილებებს შორის გზავნილის განაწილების თარიღი გავლენას ვერ მოახდენს კანონით დადგენილ გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლაზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან გასაჩივრებული განჩინება არსებითად სწორია და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 31 ივლისის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი