Facebook Twitter

საქმე #330310015002007646

#ბს-924-920(კს-17) 18 დეკემბერი, 2017 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ვასილ როინიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მესამე პირი) _ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე - დ. მ-ი

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელეები) _ ო. კ-ე და ნ. ი-ე

მოპასუხე - საქართველოს სახალხო დამცველი

მესამე პირი - საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი ნ. კ-ა

დავის საგანი _ საქმეში მესამე პირად ჩაბმა

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 21 ივლისის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2015 წლის 8 მაისს ო. კ-ემ და ნ. ი-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს სახალხო დამცველის მიმართ.

მოსარჩელეებმა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის ნ. ი-ისა და პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ო. კ-ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის 2015 წლის 3 აპრილის #95 ბრძანების ბათილად ცნობა, ნ. ი-ის საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე აღდგენა, ო. კ-ის საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე აღდგენა და საქართველოს სახალხო დამცველისთვის ნ. ი-ისა და ო. კ-ის სასარგებლოდ სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან სამსახურში აღდგენამდე სამსახურში იძულებით არყოფნის მთელი პერიოდის ხელფასის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 4 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი ნ. კ-ა და საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე დ. მ-ი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნ. ი-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; ო. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს სახალხო დამცველის 2015 წლის 3 აპრილის #95 ბრძანება ო. კ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების ნაწილში და ო. კ-ე აღდგენილ იქნა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე; ო. კ-ეს აუნაზღაურდა იძულებითი განაცდური ხელფასი მისი თანამდებობიდან განთავისუფლების დღიდან - 2013 წლის 5 ნოემბრიდან მის სამსახურში აღდგენამდე, შესაბამისი თანამდებობისათვის დადგენილი თანამდებობრივი სარგოს ყოველთვიური ოდენობით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ი-ემ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს სახალხო დამცველმა და დ. მ-მა, რომლებმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 21 ივლისის განჩინებით საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის - დ. მ-ის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე, მიჩნეულ იქნა დაუშვებლად.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 364.1. მუხლის თანახმად, სასამართლოს პირველი ინსტანციით გამოტანილი გადაწყვეტილება სააპელაციო წესით შეიძლება გაასაჩივრონ მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.1. მუხლზე, რომლის თანახმად, სასამართლოს მთავარი სხდომის დამთავრებამდე სასამართლო უფლებამოსილია აცნობოს პირს, რომლის ინტერესებსაც შეიძლება შეეხოს სასამართლოს გადაწყვეტილება, ადმინისტრაციული პროცესის დაწყების შესახებ და ჩააბას იგი საქმეში მესამე პირად. ამ მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მესამე პირი აუცილებლად უნდა იქნეს საქმეში ჩაბმული, თუ იგი არის იმ სამართალურთიერთობის მონაწილე, რომლის თაობაზედაც სასამართლოს მიერ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი. თუ სამართალურთიერთობაში მონაწილეობს 10 პირზე მეტი, მაშინ სასამართლო საქმეში ჩააბამს მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც ამის სურვილს გამოთქვამენ, ხოლო ამავე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული მესამე პირი სარგებლობს მოსარჩელის მოპასუხის ყველა უფლებით და მას ეკისრება მოსარჩელის ყველა მოვალეობა.

პალატამ განმარტა, რომ მესამე პირების ინსტიტუტის საკანონმდებლო საფუძველს ქმნის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლი. აღნიშნული მუხლის თანახმად, კანონმდებელი განასხვავებს მესამე პირების მარტივ და სავალდებულო ჩაბმას. ადმინისტრაციულ პროცესში მარტივი ფორმით ჩაბმული მესამე პირები არ სარგებლობენ იგივე უფლებებითა და მოვალეობებით, როგორც სავალდებულო, აუცილებელი ფორმით ჩაბმული მესამე პირები. ადმინისტრაციულ პროცესში მესამე პირთა მარტივ და სავალდებულო ფორმით ჩაბმას შორის განსხვავებას მნიშვნელობა ენიჭება სწორედ მესამე პირთა ზემოაღნიშნული საპროცესო უფლებაუნარიანობისა და ქმედუნარიანობის მინიჭების თვალსაზრისით. მხოლოდ აუცილებელი ფორმით ჩაბმული მესამე პირები სარგებლობენ მხარის ყველა საპროცესო უფლებითა და მოვალეობით. შესაბამისად, უფლება აქვთ წარადგინონ დამოუკიდებელი სარჩელი, გაზარდონ ან შეამცირონ სასარჩელო მოთხოვნა, წარადგინონ საკუთარი მოთხოვნა, მორიგდნენ, უარი თქვან სარჩელზე, ცნონ სასარჩელო მოთხოვნა, დამოუკიდებლად გაასაჩივრონ სასამართლოს ნებისმიერი გადაწყვეტილება და ა.შ. სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ სასამართლო გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების უფლებამოსილება გააჩნია მხოლოდ, იმ მესამე პირს, რომელიც წარმოადგენს იმ სამართალურთიერთობის მონაწილეს, რომლის თაობაზედაც სასამართლოს მიერ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი ანუ საქმეში ჩაბმულია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2. მუხლის საფუძველზე.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში დ. მ-ი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 4 ნოემბრის განჩინებით წინამდებარე დავაში მესამე პირად ჩაბმული იქნა და მონაწილეობას იღებდა, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.1. მუხლის საფუძველზე.

პალატამ განმარტა, რომ აღნიშნულ დავაში საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი - დ. მ-ი არ წარმოადგენს იმ სამართალურთიერთობის მონაწილეს, რომლის თაობაზედაც სასამართლოს მიერ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი.

ამდენად, ვინაიდან საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი - დ. მ-ი წარმოადგენდა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ, ადმინისტრაციულ პროცესში მარტივი ფორმით ჩასაბმელ მესამე პირს, რომელიც საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და მე-16 მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით არ სარგებლობდა სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების პროცესუალური უფლებით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი - დ. მ-ი არ იყო უფლებამოსილი პირი, რომელსაც შეეძლო გაესაჩივრებინა სასამართლო გადაწყვეტილება სააპელაციო წესით. შესაბამისად, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის - დ. მ-ის სააპელაციო საჩივარი, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე, სააპელაციო სასამართლოს განჩინებით მიჩნეულ იქნა დაუშვებლად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 21 ივლისის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ - დ. მ-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა და მისი არსებითად განხილვა მოითხოვა.

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 21 ივლისის განჩინებაში სხვა ხარვეზებთან ერთად არასწორად არის მითითებული, თითქოს დ. მ-ი იკავებს სახალხო დამცველის აპარატის პრევენციის და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას და მოსამართლეს მთელი მსჯელობა ამაზე აქვს აგებული. სინამდვილეში, პრევენციის და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას იკავებს ნ. კ-ა.

კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ მის მიერ სააპელაციო საჩივრის შეტანა განაპირობა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებამ ინ ნაწილში, რითაც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სახალხო დამცველის აპარატის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე ო. კ-ის აღდგენაზე, ვინაიდან აღნიშნულ თანამდებობაზე იმყოფება თავად კერძო საჩირის ავტორი - დ. მ-ი და ო. კ-ის აღდგენა აზიანებს დ. მ-ის კანონიერ ინტერესებს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 9 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის - დ. მ-ის კერძო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის - დ. მ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: საქართველოს სახალხო დამცველის 2015 წლის 3 აპრილის #95 ბრძანებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 99-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტებისა და საქართველოს სახალხო დამცველის 2015 წლის 9 მარტის #70 ბრძანების საფუძველზე შექმნილი კომისიის 2015 წლის 3 აპრილის დასკვნის შესაბამისად, 2013 წლის 5 ნოემბრიდან საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი ნ. ი-ე და ამავე დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ო. კ-ე განთავისუფლდნენ დაკავებული თანამდებობიდან.

ო. კ-ემ და ნ. ი-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს და საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის ნ. ი-ისა და პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ო. კ-ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის 2015 წლის 3 აპრილის #95 ბრძანების ბათილად ცნობა, ნ. ი-ის საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე აღდგენა, ო. კ-ის საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე აღდგენა და საქართველოს სახალხო დამცველისთვის ნ. ი-ისა და ო. კ-ის სასარგებლოდ სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან სამსახურში აღდგენამდე სამსახურში იძულებით არყოფნის მთელი პერიოდის ხელფასის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 4 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი ნ. კ-ა და საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე დ. მ-ი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნ. ი-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; ო. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს სახალხო დამცველის 2015 წლის 3 აპრილის #95 ბრძანება ო. კ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების ნაწილში და ო. კ-ე აღდგენილ იქნა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე; ო. კ-ეს აუნაზღაურდა იძულებითი განაცდური ხელფასი მისი თანამდებობიდან განთავისუფლების დღიდან - 2013 წლის 5 ნოემბრიდან მის სამსახურში აღდგენამდე, შესაბამისი თანამდებობისათვის დადგენილი თანამდებობრივი სარგოს ყოველთვიური ოდენობით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ. მ-მა, რომლებმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 21 ივლისის განჩინებით დ. მ-ის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე მიჩნეულ იქნა დაუშვებლად, იმ მოტივით, რომ დ. მ-ი წარმოადგენდა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ, ადმინისტრაციულ პროცესში მარტივი ფორმით ჩასაბმელ მესამე პირს, რომელიც საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და მე-16 მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით არ სარგებლობდა სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების პროცესუალური უფლებით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში დამკვიდრებულია როგორც მხარეთა და პოტენციურ მესამე პირთა საპროცესო უფლება – მიმართონ სასამართლოს საქმეში მესამე პირის ან მესამე პირად ჩაბმის მოთხოვნით, აგრეთვე,Oოფიციალობის პრინციპის გათვალისწინებით სასამართლოს გააჩნია, როგორც უფლებამოსილება, ასევე აკისრია პროცესუალური ვალდებულება მესამე პირის ჩაბმის თაობაზე, რაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი დავების მატერიალურ-სამართლებრივი და პროცესუალური თავისებურებებიდან გამომდინარეობს.

მესამე პირთა სამართლებრივი ინტერესის დაცვის მიზნის მიღწევას ადმინისტრაციულ პროცესში მესამე პირთა მოწვევის ინსტიტუტი ემსახურება. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მესამე პირის ინსტიტუტი ადმინისტრაციული პროცესის მნიშვნელოვანი ინსტიტუტია, რომელიც შესაძლებლობას აძლევს მესამე პირებს დაიცვან თავიანთი კერძო, სუბიექტური ინტერესები და რეალიზება განახორციელონ ადმინისტრაციული პროცესის ფარგლებში. მესამე პირების ინსტიტუტის საკანონმდებლო საფუძველს ქმნის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლი. აღნიშნული მუხლის თანახმად, კანონმდებელი განასხვავებს მესამე პირების მარტივ და სავალდებულო (აუცილებელ) ჩაბმას. მესამე პირთა ადმინისტრაციულ პროცესში მოწვევის მარტივი ფორმა შინაარსობრივად განსხვავდება აუცილებელი, სავალდებულო ფორმისაგან. განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ მესამე პირთა ადმინისტრაციულ პროცესში მარტივი ფორმით ჩაბმა საქმის განმხილველი სასამართლოს უფლებაა, ხოლო მესამე პირთა აუცილებელი, სავალდებულო ჩაბმა კი ვალდებულება კონკრეტული გარემოების არსებობისას. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილი სწორედ მესამე პირთა მარტივი ჩაბმის ფორმულირებას შეიცავს, მე-16 მუხლის მე-2 ნაწილი კი - აუცილებელი, სავალდებულო ჩაბმის ფორმულირებას. ადმინისტრაციულ პროცესში მესამე პირთა მარტივ და სავალდებულო ფორმით ჩაბმას შორის განსხვავებას მნიშვნელობა ენიჭება სწორედ მათთვის საპროცესო უფლებაუნარიანობისა და ქმედუნარიანობის მინიჭების თვალსაზრისით. საყურადღებოა, რომ ადმინისტრაციულ პროცესში მესამე პირთა მარტივი ჩაბმის დროს გადამწყვეტია მესამე პირთა სამართლებრივი ინტერესი, ხოლო რაც შეეხება ადმინისტრაცილ პროცეში მესამე პირთა აუცილებელ, სავალდებულო ჩაბმას, ამ დროს სამართლებრივი ინტერესის პარალელურად მნიშვნელოვანია ისიც, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით მესამე პირთა უფლებები და მოვალეობები შეიძლება განისაზღვროს.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლი მე-2 ნაწილი მესამე პირებად საქმეში ჩაბმის აუცილებლობას ადგენს იმ პირების მიმართ, რომლებიც არიან სადავო სამართალურთიერთობის მონაწილეები, რომელთან მიმართებაშიც მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი, ანუ ასეთი პირები იმგვარად არიან დაკავშირებულნი სადავო სამართალურთიერთობასთან, რომ სასამართლოს მიერ ამ დავის გადაწყვეტის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება გავლენას მოახდენს ამ ურთიერთობასთან დაკავშირებულ, კანონით დაცულ მათ უფლებებსა და ინტერესებზე.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, აუცილებელი მოწვევის საფუძველზე ჩაბმული მესამე პირი (ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლი) სარგებლობს მოსარჩელისა და მოპასუხის ყველა უფლებით და ეკისრება მოსარჩელის ყველა მოვალეობა, რაც გულისხმობს, რომ ამგვარი სტატუსის მესამე პირი აღჭურვილია მხარის ყველა საპროცესო უფლებით.

საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ სასამართლოში მესამე პირების მარტივი მოწვევის წინაპირობაა ის, რომ სასამართლოს მოსალოდნელი გადაწყვეტილება შესაძლებელია შეეხოს მოწვეული მესამე პირის სამართლებრივ ინტერესებს. არ არის სავალდებულო, რომ მესამე პირის უფლებებს ნამდვილად შეეხოს გადაწყვეტილება. საკმარისია, მესამე პირის მოწვევის დროს იყოს იმის ვარაუდი, რომ გადაწყვეტილებამ შეიძლება გავლენა იქონიოს მის სამართლებრივ ინტერესებზე. მესამე პირის მოწვევა არ შეიძლება წინასწარ იყოს ორიენტირებული გადაწყვეტილების შედეგზე. სამართლებრივი ინტერესი სახეზეა, თუ მოსაწვევი მესამე პირი მოსარჩელესთან ან მოპასუხესთან, ანდა ორივე მხარესთან, ან მხოლოდ დავის საგანთან ისეთ მიმართებაში იმყოფება, რომ მოსარჩელის ან მოპასუხის წინააღმდეგ გამოტანილ გადაწყვეტილებას შეუძლია გააუმჯობესოს ან გააუარესოს მისი სამართლებრივი მდგომარეობა. არ არის გადამწყვეტი, ეყრდნობა თუ არა მოწვეული მესამე პირის შელახული სამართლებრივი ინტერესი საჯარო ან კერძო სამართალს. ინტერესის არსებობა გულისხმობს მხოლოდ რეალურ, ფაქტობრივად არსებულ და კანონით დაცულ ინტერესს. აღსანიშნავია, რომ მაშინაც კი, როდესაც სახეზეა მესამე პირის „ჩვეულებრივი“ მოწვევის წინაპირობები, გადაწყვეტილებას საქმეში მათი ჩაბმის თაობაზე სასამართლო იღებს თავისი შეხედულებით. სასამართლო უფლებამოსილია და არა ვალდებული, საქმეში ჩააბას „ჩვეულებრივი“ მოწვევის მესამე პირები.

მოცემულ შემთხვევაში ცნობილია, რომ დ. მ-ი საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ დაინიშნა მას შემდეგ, რაც საქართველოს სახალხო დამცველის 2015 წლის 3 აპრილის #95 ბრძანების თანახმად საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის პრევენციისა და მონიტორინგის უფროსის მოადგილე ო. კ-ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.

საკასაციო სასამართლოს განმარტებით, მსგავს, კონკრეტულ შემთხვევებში სასამართლოს მიერ პირის გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, ხშირ შემთხვევაში, აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშნული პირის გათავისუფლებას განაპირობებს, რაც ერთი შეხედვით, შესაძლოა პირდაპირი ზეგავლენის მქონე ქმედებად და შედეგად სავალდებულო წესით ჩაბმის წინაპირობად მივიჩნიოთ. თუმცა, აღსანიშნავია, რომ მოცემულ შემთხვევაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებაში სასამართლო საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის - დ. მ-ის შესახებ არაფერს ამბობს, იგი არ ეხება მას და, შესაბამისად, მასზე ავტომატურ ზემოქმედებას არ ახორციელებს. მოცემული გადაწყვეტილების საფუძველზე, თანამდებობაზე გამწესებული პირი გათავისუფლდება, თანამდებობას შეიცვლის თუ, პირობითად, შტატის გაზრდით თანამდებობას შეინარჩუნებს - ეს ყოველივე ადმინისტრაციული ორგანოს კომპეტენციას, დისკრეციას წარმოადგენს. სასამართლო მსჯელობს მხოლოდ სამართალურთიერთობაში მყოფი ორი მხარის სადავო აქტის კანონიერებაზე, ხოლო მოცემული მესამე პირი არ წარმოადგენს იმ სამართალურთიერთობის მონაწილეს, რომელსაც სასამართლო გადაწყვეტილება ეხება. შესაბამისად, თუკი მესამე პირის ჩაბმის წესის დასადგენად მხოლოდ აღნიშნულ პირზე სასამართლო გადაწყვეტილების ზემოქმედების ხარისხით ვიმსჯელებთ, მე-16 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილით ჩაბმის მექანიზმების განსხვავება ფაქტობრივად შეუძლებელი გახდება. სწორედ ამიტომაა მოცემული 16.2 მუხლში ტერმინი „სამართალურთიერთობა“, რომელშიც მონაწილეობა ჩაბმის ფორმის მთავარ განმსაზღვრელ და განმასხვავებელ ფაქტორს წარმოადგენს.

მოცემული შემთხვევისაგან განსხვავებით, იმ პირობებში, როდესაც საქმე გვაქვს კონკურსის შედეგების გასაჩივრებასთან, საკასაციო სასამართლოს განმარტებით, კონკურსის შედეგად დანიშნული პირი სასამართლოს მიერ საქმეში სავალდებულო მესამე პირად უნდა იქნეს ჩაბმული, რაც განპირობებულია იმით, რომ ის, როგორც კონკურსის მონაწილე და გამარჯვებული, იმ სამართალურთიერთობის მონაწილეს წარმოადგენს, რომელზეც სასამართლოს მიერ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი. ამასთან, მას მოსარჩელის მიერ გასაჩივრებულ აქტთან პირდაპირი, უშუალო შემხებლობა აქვს.

გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე - დ. მ-ი განსახილველ საქმეში წარმოადგენდა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ, ადმინისტრაციულ პროცესში მარტივი ფორმით ჩასაბმელ მესამე პირს, რომელიც საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და მე-16 მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით არ სარგებლობდა სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების პროცესუალური უფლებით, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე - დ. მ-ი არაუფლებამოსილ პირად, რომელსაც არ შეეძლო გაესაჩივრებინა სასამართლო გადაწყვეტილება სააპელაციო წესით. შესაბამისად, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის - დ. მ-ის სააპელაციო საჩივარი, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე, სააპელაციო სასამართლოს განჩინებით მართებულად იქნა მიჩნეული დაუშვებლად. ხოლო სააპელაციო სასამართლოს განჩინებაში დ. მ-ის დეპატრამენტის უფროსად მითითება, ნაცვლად უფროსის მოადგილისა, არ ცვლის სადავო საკითხის არსს.

შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის - დ. მ-ის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან გასაჩივრებული განჩინება არსებითად სწორია და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის - დ. მ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 21 ივლისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი