საქმე # 820310016001616086
საქმე №ბს-1053-1047(2კ-17) 16 იანვარი, 2018 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ვასილ როინიშვილი (თავჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობა; ზ. შ-ე
მესამე პირი - ბ. დ-ე
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება
კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა; გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ზ. შ-ემ 2016 წლის 22 ნოემბერს ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში სარჩელი აღძრა მოპასუხის - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ და მოითხოვა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 24 ოქტომბრის N1158 ბრძანების ბათილად ცნობა ზ. შ-ის გამგეობის ... სამსახურის ... განყოფილების მთავარი სპეციალისტის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, ასევე თანამდებობაზე - ხელვაჩაურის გამგეობის ... სამსახურის ... განყოფილების მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე აღდგენა; მოსარჩელემ ასევე მოითხოვა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაკისრებოდა იძულებითი განაცდურის (შრომითი გასამრჯელოს) ანაზღაურება 2016 წლის 24 ოქტომბრიდან სამსახურში აღდგენამდე პერიოდისათვის ყოველთვიურად შესაბამისი თანამდებობრივი სარგოს ოდენობით, ამავე თანამდებობაზე იძულებითი მოცდენის პერიოდში გასაცემი პრემია დანამატის ჩათვლით.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 2 თებერვლის საოქმო განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა ბ. დ-ე.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 23 მარტის გადაწყვეტილებით ზ. შ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 24 ოქტომბრის N1158 ბრძანება ზ. შ-ის გამგეობის ... სამსახურის ... მთავარი სპეციალისტის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. ზ. შ-ე აღდგენილ იქნა გამგეობის ... სამსახურის ... განყოფილების მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაეკისრა იძულებითი განაცდურის (შრომითი გასამრჯელოს) ანაზღაურება 2016 წლის 24 ოქტომბრიდან სამსახურში აღდგენამდე პერიოდისათვის ყოველთვიურად შესაბამისი თანამდებობრივი სარგოს ოდენობით, ამავე თანამდებობაზე იძულებითი მოცდენის პერიოდში გასაცემი პრემია დანამატის ჩათვლით. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაიო წესით გაასაჩივრა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობამ და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 23 მარტის გადაწყვეტილება ზ. შ-ეზე 2016 წლის 24 ოქტომბრიდან სამსახურში აღდგენამდე პერიოდისათვის გასაცემი პრემიის ანაზღაურების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ზ. შ-ის სასარჩელო მოთხოვნა 2016 წლის 24 ოქტომბრიდან სამსახურში აღდგენამდე პერიოდისათვის გასაცემი პრემიის ანაზღაურების შესახებ არ დაკმაყოფილდა; დანარჩენ ნაწილში ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 23 მარტი გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი; აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობამ და ზ. შ-ემ.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობა საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 24 ოქტომბრის N1158 ბრძანება ზ. შ-ის გამგეობის ... სამსახურის ... განყოფილების მთავარი სპეციალისტის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ არ ეწინააღმდეგება კანონს, გამოცმეულია საკანონმდებლო ნორმების სრული დაცვით და შესაბამისად, არ არსებობს ხსენებული აქტის ბათილად ცნობის საფუძველი.
კასატორი მიუთითებს, რომ მოსარჩელე მხარეს არ წამოუყენებია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია, რაც საფუძვლად შეიძლებოდა დადებოდა მოსარჩელის საჩივრისა და სარჩელის დაკმაყოფილებას. გასაჩივრებული აქტების კანონშესაბამისობა თავისთავად გამორიცხავს ზ. შ-ის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას.
კასატორი ზ. შ-ე საკასაციო საჩვარში აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არსებითად განსხვავდება საკასაციო სასამართლოს ადრე არსებული პრაქტიკისგან. სასამართლომ არასწორად განმარტა საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის 37-ე მუხლი, ასევე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 26 აგვისტოს №14 დადგენილება. სასამართლომ არ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები, კერძოდ, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 2017 წლის 15 თებერვლის წერილი, რომელიც დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე იყო. სასამართლო აქტი საერთოდ არ შეიცავს მსჯელობას სააპელაციო საჩივრის მოტივებზე, არ არის გაქარწყლებული აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის მოსაზრებები პრემიის გაცემის წესთან დაკავშირებით, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლი, მტკიცების ტვირთი გადაანაწილა არასწორად, აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული განჩინების გამოტანისას დაირღვა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები.
კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში, მიუთითა: თანამშრომლებისთვის პრემიის გაცემა წარმოადგენს სამსახურის არა ვალდებულებას, არამედ უფლებამოსილებას. იძულებითი განაცდურის არსი გამორიცხავს ისეთ ანაზღაურებას, როგორიცაა მაგალითად, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების ხარჯების საკომპენსაციო ანაზღაურება და შრომითი შედეგების მიხედვით დაჯილდოების თანხების ანაზღაურება. კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ სწორად მიუთითა, რომ შრომითი შედეგების მიხედვით პრემიის გაცემა არ ექვემდებარება ანაზღაურებას, თუმცა აქვე საერთოდ არ უმსჯელია ზ. შ-ის გათავისუფლებამდე და მას მერე მისი თანამშრომლებისათვის პრემიის გაცემა ხდებოდა, თუ არა შრომითი შედეგების მიხედვით, მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ არ შეაფასა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 2017 წლის 15 თებერვლის წერილი, რომელშიც აღნიშნული იყო, ზ. შ-ის განყოფილებაში, სადაც იგი დასაქმებული იყო, პრემია გაიცა არა შრომითი შედეგების მიხედვით, არამედ ერთნაირად, ერთი დონის თანამშრომლებზე ერთი და იმავე თანხის ოდენობით.
კასატორის მოსაზრებით, აპელანტის მიერ არ ყოფილა არც ერთი მტკიცებულება წარმოდგენილი, რომელიც ხელვაჩაურის გამგეობის თანამშრომლებზე პრემიის ამ წესით გაცემას დაადასტურებდა, ან მიუთითებდა ისეთ გარემოებაზე, რომელიც ზ. შ-ის მუშაობის პერიოდში გამორიცხავდა მის მიერ ამ ფორმით პრემიის გაცემას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 3 ნოემბერის განჩინებით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და ზ. შ-ის საკასაციო საჩივრები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და ზ. შ-ის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
საქმეზე დადგენილია, რომ ზ. შ-ე 2007 წლიდან მუშაობდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში სხვადასხვა თანამდებობებზე. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 6 იანვრის N 01-20/30 ბრძანებით, ზ. შ-ე დაინიშნა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ... სამსახურის, ... განყოფილების მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე. 2016 წლის 03 ოქტომბრიდან 2016 წლის 18 ოქტომბრამდე ზ. შ-ე გადიოდა ამბოლატორიულ მკურნალობას და იმყოფებოდა საავადმყოფო ფურცელზე, დიაგნოზით - მწვავე ბრონქიტი, მწვავე ბრონქოპნევმონია. საავადმყოფო ფურცელი ზ. შ-ემ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელს განცხადებით წარუდგინა 2016 წლის 19 ოქტომბერს. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 24 ოქტომბრის N1158 ბრძანებით, ზ. შ-ე დისციპლინური გადაცდომისათვის გათავისუფლდა გამგეობის ... სამსახურის ... განყოფილების მთავარი სპეციალისტის თანამდებობიდან 2016 წლის 14 ოქტომბრიდან.
საკასაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებსა, და მოწმეთა ჩვენებებზე, და აღნიშნავს, რომ ქვედა ინსტანციის საამართლოებმა მართებულად შეფასეს, საქმისათვის მნიშვნელობის მქონდე ყველა გარემოება, სამსახურიდან გათავისუფლების ნაწილში. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ ასევე მართებულად შეფასდა პრემია დანამატების განსაზღვრის საკითხი.
საკასაცსიო პალატა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივართან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარში მეორდება საპელაციო წარმოების ეტაპზე წარმოდგენილი არგუმენტაცია და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მოხდა აღნიშნული არგუმენტების გაქარწყლება.
საკასაციო სასამართლო ზ. შ-ის საკასაციო საჩივართან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიუთითა ,,ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ’’ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 26 აგვისტოს №14 დადგენილების მე-2 მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, პრემია არის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში დასაქმებულ პირზე გაცემული შრომითი გასამრჯელო, რომელიც გაიცემა მის მიმართ დაკისრებული უფლებამოსილებების ზედმიწევნით და სანიმუშოდ შესრულებისათვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის, ან/და განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელობის დავალების შესრულებისათვის. ამავე დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, პრემია გაიცემა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში დასაქმებული პირების მიერ შესრულებული სამუშაოს შეფასების (საჯარო დაწესებულებაში სამუშაოს შეფასების სისტემის არსებობის შემთხვევაში) ან/და დასაბუთების საფუძველზე. დასაბუთებაში უნდა მიეთითოს გასაცემი პრემიის ოდენობა, მისი პროცენტული მიმართება პირის თანამდებობრივ სარგოსთან, ინფორმაცია მიმდინარე წლის განმავლობაში აღნიშნულ პირზე გაცემული პრემიის შესახებ. მე-2 პუნქტის შესაბამისად, პრემიის მიზნებია საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირთა წახალისებისა და მოტივაციის გაზრდა, აგრეთვე, დასაქმების ბაზარზე არსებული კონკურენციის გათვალისწინებით, საჯარო დაწესებულებებში კვალიფიციური კადრების შენარჩუნება და მოზიდვა.
საკასაციო პალატა საქმის შესწავლისა და ზემოთქმული გარემოებების ანალიზის საფუძველზე აღნიშნავს, რომ ზ. შ-ეს პრემია ერიცხებოდა არა როგორც ხელფასის ყოველთვიური სავალდებულო დანამატი, რომელიც დამოკიდებული არ იყო პირის შრომით შედეგებზე, არამედ როგორც თანამშრომლის წახალისების ზომა. შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ დაუსაბუთებელია მოსარჩელის მოთხოვნა განაცდური პრემიის ანაზღაურების შესახებ, რამეთუ იძულებითი განაცდურის ანაზღაურების არსი გამორიცხავს ისეთ ანაზღაურებას, როგორიცაა შრომითი შედეგების მიხედვით დაჯილდოების თანხების ანაზღაურება, რადგან პირი რეალურად არ ასრულებს მასზე დაკისრებულ სამსახურებრივ მოვალეობებს, რის გამოც ადმინისტრაცია მოკლებულია შრომითი შედეგების მიხედვით პირის წახალისების შესაძლებლობას.
შესაბამისად, კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და ზ. შ-ის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე