საქმე №330310016001272119
№ბს-996-992(კ-17) 25 იანვარი, 2018 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ზ. ხ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 12 ივლისის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2016 წლის 7 მარტს ზ. ხ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - საქართველოს პრეზიდენტისა და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელემ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2016 წლის 1 თებერვლის №1000455207 დასკვნისა და ზ. ხ-ისათვის საქართველოს მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილების (ე.წ. ვირტუალური უარი) ბათილად ცნობა და მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსათვის ზ. ხ-ისათვის საქართველოს მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით მინიჭების შესახებ დადებითი დასკვნის გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილებით ზ. ხ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზ. ხ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 12 ივლისის განჩინებით ზ. ხ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 12 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ზ. ხ-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორი მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 და 53-ე მუხლებზე, საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 10 ივნისის №237 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ დებულების მე-17 მუხლზე, 22-ე მუხლის მე-7 პუნქტზე, „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის პირველ პუნქტზე და განმარტავს, რომ სწორედ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან მიღებული სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაცია გახდა მისთვის მოქალაქეობის მინიჭებაზე უარის თქმის საფუძველი. „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულია თუ რას გულისხმობს სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის საფრთხის შექმნა. აღნიშნული გარემოება მოიცავს შემთხვევებს, როდესაც: ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესები მოიცავს ისეთ შემთხვევებს, როდესაც: ა) პირის საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნა საფრთხეს უქმნის საქართველოს სხვა სახელმწიფოებთან ან/და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობას; ბ) არსებობს ინფორმაცია, რომელიც ალბათობის მაღალი ხარისხით მიუთითებს პირის კავშირზე: ბ.ა) საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოებისადმი მტრულად განწყობილი ქვეყნის/ორგანიზაციის შეიარაღებულ ძალებთან; ბ.ბ) სხვა სახელმწიფოს სადაზვერვო სამსახურებთან; ბ.გ) ტერორისტულ ან/და ექსტრემისტულ ორგანიზაციებთან; ბ.დ) ნარკოტიკების, შეიარაღების, მასობრივი განადგურების იარაღის ან მათი კომპონენტების უკანონო ბრუნვასთან, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ან/და სხვა სახის დანაშაულებრივ ორგანიზაციებთან (მათ შორის, ტრანსნაციონალურ დანაშაულებრივ ორგანიზაციებთან). აღნიშნული მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში საუბარია პირის ინდივიდუალურ მონაწილეობაზე მითითებულ ქმედებებში, შესაბამისად, როგორც საქალაქო, ისე სააპელაციო სასამართლოები ვალდებულნი იყვნენ შეეფასებინათ და დაესაბუთებინათ, თუ რეალურად არსებობდა „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, რამდენად ჰქონდა უშუალოდ ზ. ხ-ს შემხებლობა მათთან. აქვე გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ კასატორის ოჯახის ყველა წევრი არის საქართველოს მოქალაქე. იქიდან გამომდინარე, რომ მოპასუხეებს არ აქვთ წვდომა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან მიღებულ ინფორმაციაზე, სწორედ სასამართლო იყო ვალდებული ობიექტურად შეეფასებინა სახელმწიფოსათვის რამდენად საფრთხის შემცველი იყო კასატორისათვის მოქალაქეობის მინიჭება და ავტომატურად არ გაეზიარებინა მოპასუხეებისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პოზიცია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 27 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ზ. ხ-ის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ზ. ხ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე, კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, თანამდებობის პირის (ადმინისტრაციული ორგანოს) დისკრეციული უფლებამოსილება არსებობს მაშინ, როდესაც სამართლის ნორმის ფაქტობრივი შემადგენლობისა და ფაქტის შესაბამისობის დადგენის შემთხვევაში მას აქვს შესაძლებლობა, კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. თანამდებობის პირის (ადმინისტრაციული ორგანოს) დისკრეციულ უფლებამოსილებას ადგენს კანონი. შესაბამისად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში აუცილებელია სამართლის ნორმის შინაარსის სწორი განმარტება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტსა და „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონზე და განმარტავს, რომ საქართველოს პრეზიდენტს მიენიჭა დისკრეციული უფლებამოსილება, კანონის მიზნებისა და კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით, თავად მიიღოს გადაწყვეტილება პირის საქართველოს მოქალაქედ მიღების ან მიღებაზე უარის თქმის შესახებ. ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ თანამდებობის პირის (ადმინისტრაციული ორგანოს) დისკრეციული უფლებამოსილება შეიძლება შეიზღუდოს კანონის საფუძველზე.
„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პირი საქართველოს მოქალაქეობას ნატურალიზაციით ვერ მოიპოვებს, თუ: ა) მას ჩადენილი აქვს საერთაშორისო დანაშაული მშვიდობისა და კაცობრიობის წინააღმდეგ; ბ) იგი მონაწილეობდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ადამიანის, სახელმწიფოს, საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ მიმართულ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში; გ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე, მიზანშეუწონელია მისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება; ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესები მოიცავს ისეთ შემთხვევებს, როდესაც: ა) პირის საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნა საფრთხეს უქმნის საქართველოს სხვა სახელმწიფოებთან ან/და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობას; ბ) არსებობს ინფორმაცია, რომელიც ალბათობის მაღალი ხარისხით მიუთითებს პირის კავშირზე: ბ.ა) საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოებისადმი მტრულად განწყობილი ქვეყნის/ორგანიზაციის შეიარაღებულ ძალებთან; ბ.ბ) სხვა სახელმწიფოს სადაზვერვო სამსახურებთან; ბ.გ) ტერორისტულ ან/და ექსტრემისტულ ორგანიზაციებთან; ბ.დ) ნარკოტიკების, შეიარაღების, მასობრივი განადგურების იარაღის ან მათი კომპონენტების უკანონო ბრუნვასთან, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ან/და სხვა სახის დანაშაულებრივ ორგანიზაციებთან (მათ შორის, ტრანსნაციონალურ დანაშაულებრივ ორგანიზაციებთან).
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული მუხლი ნაწილობრივ ზღუდავს პრეზიდენტის დისკრეციულ უფლებამოსილებას, ვინაიდან, მასში ჩამოყალიბებული საფუძვლების არსებობის შემთხვევაში პრეზიდენტი არ არის უფლებამოსილი პირს მიანიჭოს საქართველოს მოქალაქეობა.
კონკრეტულ შემთხვევაში საქმის მასალებიდან გამომდინარე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2015 წლის 14 დეკემბრის MIA 7 15 02784104 წერილით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ეცნობა, რომ ზ. ხ-ისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება მიზანშეუწონელი იყო. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2016 წლის 1 თებერვლის №1000455207 დასკვნით, „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სააგენტომ მიზანშეწონილად მიიჩნია არ დაკმაყოფილდეს 2015 წლის 26 ნოემბერის №1000455207 განცხადება და რუსეთის ფედერაციის მოქალაქეს – ზ. ხ-ს უარი ეთქვას საქართველოს მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით მინიჭებაზე. მიღებული ინფორმაცია, რომელზე დაყრდნობითაც გადაწყდა საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებაზე უარის თქმის საკითხი, ეფუძნება „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაცია, წარმოადგენდა მოსარჩელისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებაზე უარის თქმის საფუძველს და მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციულმა ორგანომ დისკრეციული უფლებამოსილება განახორციელა იმ მიზნით, რა მიზნითაც მას ჰქონდა მინიჭებული ეს უფლებამოსილება.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან ზ. ხ-ის საკასაციო საჩივარზე ფონდ ... ასოციაციას 05.10.2017წ. საგადასახადო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ფონდ ... ასოციაციას (ს/კ ...) უნდა დაუბრუნდეს ზ. ხ-ის საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ზ. ხ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 12 ივლისის განჩინება;
3. ფონდ ... ასოციაციას (ს/კ ...) დაუბრუნდეს ზ. ხ-ის საკასაციო საჩივარზე 05.10.2017წ. საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი