Facebook Twitter

საქმე №150310015001096926

№ბს-1002-998(კ-17) 25 იანვარი, 2018 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 5 სექტემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2015 წლის 18 სექტემბერს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სასარჩელო განცხადებით მიმართა ახალქალაქის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის - გ. ც-ის მიმართ.

მოსარჩელემ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამცხე-ჯავახეთის სამხარეო სამმართველოს 2008 წლის 20 თებერვლის მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი №45 ოქმის ბათილად ცნობა მოითხოვა.

ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 5 სექტემბრის განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 5 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორი არამართებულად მიიჩნევს სააპელაციო პალატის მოსაზრებას სარჩელის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით, ვინაიდან, 2012 წელს სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის მიერ დაწყებული გამოძიების შედეგად დადგენილ იქნა მთელი რიგი ახალი ფაქტობრივი გარემოებები: გამოძიებამ დაადგინა, რომ თ. ა-მა - საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამცხე-ჯავახეთის სამხარეო სამმართველოს ხელმძღვანელმა ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება და „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევით სხვადასხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებს (მათ შორის, გ. ც-ს) საკუთრებაში გადასცა ნინოწმინდისა და ასპინძის რაიონებში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საძოვრის კატეგორიის მიწის ნაკვეთი; თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ თ. ა-მა აღიარა დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან და ჩადენილი ჰქონდა ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა ერთობლიობა, მას შეეთავაზა განრიდება. სამცხე-ჯავახეთის პროკურატურის 2013 წლის 2 დეკემბრის №1-1/355 ბრძანების შესაბამისად, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს მიენიჭა უფლებამოსილება 2013 წლის 31 ივლისის №13/34-78155 წერილში მითითებული 2007-2010 წლებში საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამცხე-ჯავახეთის სამხარეო სამმართველოს მიერ სასოფლო-სამურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების კანონდარღვევით განხორციელებული პრივატიზების საკითხების განხილვასა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებაზე. აღნიშნული უფლებამოსილების მინიჭება კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო არ წარმოადგენს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სამხარეო სამმართველოს სამართალმემკვიდრეს (მისი უფლებამონაცვლე თავად ეკონომიკის სამინისტროა), სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო დაფუძნებულია 2012 წლის 17 სექტემბერს და ამ დროიდან არის უფლებამოსილი და პასუხისმგებელი სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვაზე.

კასატორის განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის შესაბამისად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. კონკრეტულ შემთხვევაში, უფლების დარღვევის შესახებ მოსარჩელისათვის ცნობილი გახდა 2013 წლის 31 ივლისს, განრიდების სახით მიღებული დადგენილების პროკურატურის მიერ სააგენტოსათვის გადაგზავნის შემდეგომ, შესაბამისად, მოსარჩელეს ამ დროიდან წარმოეშვა მოთხოვნის უფლება, რაც განხორციელდა კიდეც 2015 წელს სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით.

ამასთან, კასატორის მითითებით, ანალოგიურ საქმეებზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ხანდაზმულობის საკითხთან დაკავშირებით განსხვავებული გადაწყვეტილებები აქვს მიღებული.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 27 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულად.

საკასაციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრულია სასარჩელო ხანდაზმულობის საერთო ვადები. სასარჩელო ხანდაზმულობაში იგულისხმება დრო, რომლის განმავლობაშიც პირს, ვისი უფლებაც დარღვეულია, შეუძლია მოითხოვოს თავისი უფლებების იძულებით განხორციელება ან დაცვა. ხანდაზმულობა არის დარღვეული უფლების იძულებითი დაცვის ვადა და იგი უშუალოდ უკავშირდება სარჩელის უფლებას. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლა გავლენას ახდენს მოთხოვნის ანუ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლიანობაზე.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამავე კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნა ხანდაზმულია, მიუხედავად იმისა, პირმა იცოდა თუ არა თავისი უფლების დარღვევის შესახებ. ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა ასრულებს სადავო სამართლებრივ ურთიერთობას და გამორიცხავს სადავო სამართალურთიერთობიდან გამომდინარე მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას, წინააღმდეგ შემთხვევაში მოთხოვნის დაკმაყოფილება გამოიწვევს სხვათა უფლების შელახვას.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის შესაბამისად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ამდენად, სასარჩელო მოთხოვნის ვადის დენა დაკავშირებულია სუბიექტურ ფაქტორთან, ანუ იმ მომენტთან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევის შესახებ.

კონკრეტულ შემთხვევაში კი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამცხე-ჯავახეთის სამხარეო სამმართველოს მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი №45 ოქმი, რომლის ბათილად ცნობასაც ითხოვს მოსარჩელე, გამოცემულია 2008 წლის 20 თებერვალს, ხოლო სარჩელი სასამართლოში აღძრულია 2015 წელს.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ხანდაზმულობის ვადის ათვლა უნდა განხორციელდეს სადავო აქტის გამოცემის და არა პროკურატურის წერილის სააგენტოსათვის ჩაბარების დღიდან, რადგან პროკურატურის დადგენილებით ან წერილით არ გამოკვეთილა რაიმე ახალი ფაქტობრივი გარემოება, რაც მანამდე ორგანოსათვის, მისი ფუნქციებიდან გამომდინარე, არ შეიძლებოდა ცნობილი ყოფილიყო. პროკურატურა უთითებს მხოლოდ „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ“ კანონის მოთხოვნების დარღვევაზე.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო უსაფუძვლოდ მიიჩნევს კასატორის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებულ არგუმენტებს სარჩელის დაკმაყოფილებასთან დაკავშრებით.

ამასთან, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას მოცემულ საკითხთან დაკავშირებით განსხვავებული სასამართლო პრაქტიკის არსებობის თაობაზე და აღნიშნავს, რომ კასატორის მიერ მითითებული საქმეებიდან, კერძოდ, სააპელაციო სასამართლოს №3ბ/1899-15 საქმეზე (სადაც მოსამართლე გიორგი ტყავაძემ ჩამოაყალიბა განსხვავებული აზრი) სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 26 იანვრის განჩინებით სარჩელი მიჩნეულ იქნა ხანდაზმულად და სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება საკასაციო სასამართლოს 2017 წლის 2 ნოემბრის №ბს-444-441(კ-17) განჩინებით შესულია კანონიერ ძალაში, კერძოდ, საკასაციო სასამართლოს მიერ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 26 იანვრის განჩინება. ანალოგიურად იქნა გადაწყვეტილი საკასაციო სასამართლოში დავა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივართან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 25 თებერვლის განჩინებაზე №3ბ/1962-15 საქმესთან მიმართებაშიც, კერძოდ, საქმეზე №ბს-364-359(კ-16) საკასაციო სასამართლოს 2016 წლის 12 ივლისის განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 25 თებერვლის განჩინება. ხოლო სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 10 მაისის №3ბ/81-16 გადაწყვეტილება, რაზეც მიუთითებს კასატორი, ჯერ არ არის კანონიერ ძალაში შესული. ამასთანავე, ქვედა ინსტანციის სასამართლოების განმარტებები არ არის სავალდებულო საკასაციო პალატისათვის.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 5 სექტემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი