საქმე №ბს-1057-1051(კს-17) 25 იანვარი, 2018 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე: ნუგზარ სხირტლაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
მოწინააღმდეგე მხარე - ზ. კ-ი, ა. კ-ი, ნ. ც-ე.
დავის საგანი - სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.09.2017 წ. განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
21.11.2016 წ. მოსარჩელეებმა ზ. კ-მა, ა. კ-მა და ნ. ც-ემ სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ და მოითხოვეს ქ. თბილისში, ... ქ. №13-ის მიმდებარე 940 კვ.მ მიწის ნაკვეთსა და მასზე არსებულ შენობა-ნაგებობაზე სახელმწიფო საკუთრების უფლების დარეგისტრირების ნაწილში სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 27.11.2014 წ. №1/1-2775 ბრძანების ბათილად ცნობა და აღნიშნულ ბრძანებაზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ უმოქმედობით ნათქვამი უარის ბათილად ცნობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 25.05.2017 წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაევალა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 27.11.2014 წ. №1/1-2775 ბრძანებაზე წარდგენილ ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევისა და შეფასების შედეგად ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.09.2017 წ. განჩინებით, სააპელაციო საჩივარი აპელანტის მიერ გასაჩივრების 14 დღიანი ვადის გაშვების საფუძველზე, დატოვებულ იქნა განუხილველად. აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გასაჩივრდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ, რომელმაც მისი გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა მოითხოვა.
კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ გასაჩივრებული განჩინება იურიდიულად არ იყო საკმარისად დასაბუთებული, ასევე, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი, კერძოდ, სასამართლომ არ გამოიყენა სსკ-ის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმადაც, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. სასამართლომ გასაჩივრებული განჩინების სამოტივაციო ნაწილში მიუთითა აღნიშნული ნორმის მხოლოდ პირველ წინადადებაზე და შესაბამისად, არასრულად განმარტა კანონი, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში არ არსებობდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული წინაპირობები. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სასამართლომ ზედაპირულად შეისწავლა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა, ვინაიდან კერძო საჩივარზე თანდართული დოკუმენტაციით დადასტურებულია, რომ სსკ-ის 61.3 მუხლის შესაბამისად, სამინისტროს სააპელაციო საჩივარი შპს „…“ ჩაჰბარდა გასაჩივრების ვადის უკანასკნელ დღეს - 2017 წლის 21 ივლისს 16:49:33 საათზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქმის მასალების გაცნობისა და კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
სასკ-ის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. ამავე კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით ან დროის მონაკვეთით. უკანასკნელ შემთხვევაში საპროცესო მოქმედება შეიძლება შესრულდეს მთელი მონაკვეთის განმავლობაში. განსახილველ საქმეში არსებული საპროცესო მოქმედების, კერძოდ, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა განსაზღვრულია სსკ-ის 369-ე მუხლის პირველი ნაწილით და წარმოადგენს 14 დღეს, ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების შესაბამისად.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ადრესატს ზემოთ მოცემული მუხლებითა და სასკ-ის 12.1 მუხლით გათვალისწინებული წესის დაცვით ჩაჰბარდა 2017 წლის 7 ივლისს (ტ.2, ს.ფ 226). სსკ-ის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით კი საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. ამდენად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადას წარმოადგენდა დროის მონაკვეთი 2017 წლის 8 ივლისიდან 2017 წლის 21 ივლისის 24 საათამდე.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსკ-ის 61-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. განსახილველ შემთხვევაში, კერძო საჩივარზე თანდართული დოკუმენტაციის, კერძოდ, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიისთვის გაგზავნილი წერილის საფუძველზე იკვეთება, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააპელაციო საჩივრის მიმართვის (წერილის) ნომერია №04/4391 (ტ.2, ს.ფ. 228). კერძო საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილი, შპს ,,....“ მიღებული წერილობითი კორესპონდენციის შესახებ №... სიის მონაცემებზე დაყრდნობით, მოცემული დოკუმენტი, ორ სხვა წერილთან ერთად (ნომრებით - №... და №...), გაეგზავნა შპს „...“ ერთი გზავნილის სახით, რომლის კოდიც იყო AP... (ტ.2, ს.ფ. 255). ფოსტის მიერ სამინისტროსგან მიღებული გზავნილების სიის №... რეესტრით კი დასტურდება, რომ გზავნილი კოდით AP... ფოსტას ჩაჰბარდა 2017 წლის 21 ივლისს 16:49:33 საათზე (ტ.2, ს.ფ. 256). ზემოთ ხსენებული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო საჩივარი ფოსტას ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, შესაბამისად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა გასულად არ ჩაითვლება. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობდა გასაჩივრების ვადის დარღვევის მოტივით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების პროცესუალურ-სამართლებრივი წინაპირობა, რადგან კანონით დადგენილ - 14 დღიან ვადაში მხარემ სააპელაციო საჩივარი ფოსტას გადასცა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა თვლის, რომ უნდა გაუქმდეს სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.09.2017 წ. განჩინება და საქმე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხის ხელახლა გადასაწყვეტად გადაეცეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე, 60-ე, 61-ე, 369-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.09.2017.წ. განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ;
3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხის გადასაწყვეტად საქმე დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავჯდომარე: ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ. როინიშვილი