Facebook Twitter

კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

23 თებერვალი, 2018 წელი

ბს-178-178(კს-18) ქ. თბილისი

ადმინისტრაციული საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ი. შ-ის კერძო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.11.2017წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

28.11.2016წ. ი. შ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართ. ი. შ-ემ მოითხოვა მოპასუხისათვის აბაშის რაიონული სასამართლოს 31.05.2007წ. გადაწყვეტილების აღსრულების დავალება, სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს №11012680 სააღსრულებო საქმეზე აღმასრულებლის მიერ 06.09.2013წ. განხორციელებული ქმედების უკანონოდ ცნობა, აღსრულების ეროვნული ბიუროს №4901 ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის სააღსრულებო წარმოების განახლების დავალება. თბილისის საქალაქო სასამართლოს 02.12.2016წ. განჩინებით ი. შ-ის სარჩელზე დადგინდა ხარვეზი და მოსარჩელეს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში ხარვეზის შევსება. ხარვეზის შევსების მიზნით, 16.01.2017წ. მოსარჩელემ თბილისის საქალაქო სასამართლოს წარუდგინა დაზუსტებული სარჩელი და სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. საქალაქო სასამართლოს 20.01.2017წ. განჩინებით მიჩნეულ იქნა, რომ დადგენილი ხარვეზი სრულად არ იყო აღმოფხვრილი და ი. შ-ეს 5 დღით გაუგრძელდა ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადა - მოსარჩელეს დაევალა სასარჩელო მოთხოვნების ჩამოყალიბება სასკ-ის 22-25-ე მუხლების გათვალისწინებით. ამავე საფუძვლით მოსარჩელეს ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადა გაუგრძელდა ასევე საქალაქო სასამართლოს 17.02.2017წ. განჩინებით. 13.06.2017წ. მოსარჩელემ ხარვეზის შევსების მიზნით კვლავ წარადგინა დაზუსტებული სარჩელი, თუმცა საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელზე დადგენილი ხარვეზი არ იყო აღმოფხვრილი და 16.06.2017წ. ი. შ-ეს უარი უთხრა სარჩელის წარმოებაში მიღებაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 16.06.2017წ. განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ი. შ-ემ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 22.11.2017წ. განჩინებით არ დაკმაყოფილდა ი. შ-ის კერძო საჩივარი, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 16.06.2017წ. განჩინება. კერძო საჩივრის ავტორს განემარტა, რომ სააპელაციო სასამართლოს 22.11.2017წ. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება. ი. შ-ემ 07.02.18წ. თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინა განცხადება, რომელიც თავისი შინაარსით წარმოადგენს კერძო საჩივარს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 22.11.2017წ. განჩინებაზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

კერძო საჩივრისა და გასაჩივრებული განჩინების გაცნობის შედეგად საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ი. შ-ის კერძო საჩივარი დაუშვებელია, შემდეგ გარემოებათა გამო:

ასკ-ის 1.2 მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სსკ-ის 414.1 მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. 419.1 მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის თაობაზე განჩინება გამოაქვს ზემდგომ სასამართლოს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 16.06.2017წ. განჩინებაზე მოსარჩელეს წარდგენილი ჰქონდა კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 22.11.2017წ. განჩინებით არ დაკმაყოფილდა ი. შ-ის კერძო საჩივარი, ამასთანავე, მხარეს განემარტა, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება, აღნიშნულის მიუხედავად, განჩინებაზე წარმოდგენილია კერძო საჩივარი, რაც სსკ-ის 419.3 მუხლიდან გამომდინარე, დაუშვებელია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 419-ე 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი. შ-ის კერძო საჩივარი დატოვებულ იქნეს განუხილველად.

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ. როინიშვილი