საქმე # 330310017001780962
საქმე №ბს-1190-1184(კ-17) 13 მარტი, 2018 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ვასილ როინიშვილი (თავჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო
მოწინააღმდეგე მხარე - ე. თ-ა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 27 სექტემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ე. თ-ამ 2017 წლის 27 იანვარს სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხის - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიმართ და მოითხოვა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 15 დეკემბრის №3842 ბრძანების ბათილად ცნობა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დავალებოდა გამოეცა ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც მოხდებოდა დაკლებული სამი ქულის აღდგენა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2076 წლის 29 მარტის გადაწყვეტილებით, ე. თ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 15 დეკემბრის №3842 ბრძანება, დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე და დაევალა მოპასუხეს - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამოეცა ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელე ე. თ-ასთან მიმართებაში. აღნიშნული გადაწვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 27 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება. აღნიშნული გადაწვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ.
კასატორი აღნიშნავს, რომ სამინისტროს მიერ, კომპეტენციის ფარგლებში შესწავლილ იქნა ე. თ-ას განაცხადი და წინასწარი შეფასებით მას მიენიჭა 7,5 ქულა. მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ ე. თ-ა ფაქტობრივად ცხოვრობს ქირით, მისამართზე, ქ.თბილისი, ... ქ.№39. ადგილზე განხორციელდა მონიტორინგი და გადაღებულ იქნა ფოტომასალა, რაც ცალსახად ადასტურებს, რომ დევნილის საცხოვრებელი პირობები არ შეესაბამება მძიმე საცხოვრებელი პირობების იმ განმარტებას, რაც მოცემულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებაში. დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილებით ე. თ-ასათვის წინასწარი შეფასებით მინიჭებულ ქულათა რაოდენობას დააკლდა 3 ქულა და დაგროვებულ ქულათა რაოდენობამ შეადგინა 4,5 ამავე ოქმის შესაბამისად, ქ.თბილისში, ერთოთახიანი ბინებით დაკმაყოფილდნენ ის დევნილი ოჯახები, რომელთაც მინიჭებული ჰქონდათ 6,5 და მეტი ქულა. შესაბამისად, მინისტრის 2016 წლის 15 დეკემბრის №3842 ბრძანებით, მოწინააღმდეგე მხარე ე. თ-ას, კონკრეტულ ეტაპზე, არასაკმარისი ქულების გამო, უარი ეთქვა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე.
კასატორი ასევე აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ჩატარდა სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოება, გამოკვლეულ ინქა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივი გარემოება, გარემოება, რის შედეგადაც გამოცემულ იქნა დასაბუთებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით, შესაბამისად, არ არსებობს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 29 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
საქმეზე დადგენილია, რომ მოსარჩელე - ე. თ-ა არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, რომელზეც გაცემულია იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობა. ე. თ-ამ 2015 წლის 02 თებერვალს შეავსო ფართის მიღების თაობაზე განაცხადი ქ.თბილისში, ასევე საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე - კითხვარი. კითხვარის შესაბამისად, ე. თ-ას ოჯახი შედგება 1 სულისგან (თვითონ). ოჯახის შემოსავლად ფიქსირდება ჯამში 445 ლარი და დადგენილია, რომ არის ქვრივი. შეფასების შედეგად ე. თ-ას ოჯახს მიენიჭა 7.5 ქულა შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით: ქირა (სოციალური კრიტერიუმი) – 1,5 ქულა, სიღარიბის მაჩვენებელი (სოციალური კრიტერიუმი) – 3 ქულა, მძიმე საცხოვრებელი
პირობები - 3 ქულა. 2016 წლის 11 აგვისტოს განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, დაზუსტების ჯგუფის დასკვნით, ე. თ-ას 1 - სულიანი ოჯახის ერთი თვის შემოსავალი შეადგენს 445 ლარს, ქირას - 200 ლარი, იხდის სამინისტრო. განმცხადებლის ინფორმაციით არანაირი საკუთრება არ გააჩნია. ფოტო მასალა გადაღებულია ამჟამინდელ საცხოვრებელ მისამართზე. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2016 წლის 05 დეკემბრის №122 ოქმით მიღებული გადაწყვეტილებით, ე. თ-ას ოჯახს მინიჭებული ქულათა რაოდენობიდან დააკლდა 03 ქულა, მძიმე საცხოვრებელ პირობების კრიტერიუმში. ამავე სამინისტროს 2016 წლის 15 დეკემბრის ბრძანებით, ქალაქ თბილისში არსებული პროექტების ფარგლებში, ე. თ-ას ოჯახს, არასაკმარისი ქულების გამო, უარი ეთქვა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე.
საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციების სასამართლოების შეფასებას, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზი არ იძლევა იმ საფუძველს, რომ დაადასტუროს აპელანტის მითითება საქმის ადმინისტრაციულ ორგანოში დაბრუნების წინაპირობების არარსებობის თაობაზე და მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში გამოკვლეული გარემოებები არ იძლევა საქმის არსებითად გადაწყვეტის შესაძლებლობას. რამეთუ მოსარჩელისათვის მინიჭებული ქულის შემცირების მიზეზი გახდა საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შეფასების კრიტერიუმი.
საკასაციო პალატა მართებულად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ საქმეში წარმოდგენილი მონიტორინგის ფორმა, არ არის ინფორმაციული შინაარსის მატარებელი. მონიტორინგის ფორმაში ასახული არ არის აპლიკანტის საცხოვრებელი პირობები იგი შეიცავს ზოგად მითითებას საცხოვრებელი პირობების თაობაზე. საქმეში წარმოდგენილი ფოტო მასალა კი, არ ქმნის მაძიებლის საცხოვრებელი პირობების რეალურად აღქმის შესაძლებლობას რამდენადაა სახლი საცხოვრებლად ვარგისი და როგორია მისი ავარიულობის სიმძიმე, ამ შეფასების გაკეთება წარმოდგენილი მასალის საფუძველზე შეუძლებელია და არ პასუხობს პასუხს კითხვას, რამდენად მძიმეა მოსარჩელის საცხოვრებელი პირობები.
საკასაციო პალატა მიიჩევს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს სადავო აქტის გამოცემისას არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და კრიტერიუმი მოსარჩელესთან მიმართებაში, არ უმსჯელია, იმის თაობაზე, რომ ე. თ-ას, როგორც ქვრივს, უნდა მიენიჭოს თუ არა დამატებით ქულა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად შეაფასეს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები, ისევე როგორც მართებულად დაადგინეს საქმის ადმინისტრაციულ ორგანოში დაბრუნების საჭიროება შემდგომი შესწავლის მიზნით. პალატა ასევე მიუთითებს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 27 სექტემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე